მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ზნეობრივი მონიზმი - მოდერნისტული ერესი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ზნეობრივი მონიზმი - მოდერნისტული ერესი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე25-08-2022, 00:00 |
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დამდეგს რუსულ ღვთისმეტყველებაში გაჩნდა მძლავრი კონცეპტუალური მიმდინარეობა, რომელიც ქრისტიანობის ჰუმანისტურ-ლიბერალურ „გადაწყობაზე" იყო მიმართული. ამ კონცეფციის თანახმად, ადამიანი უნდა „განთავისუფლებულიყო" ღვთის შიშის ჯანსაღი განცდისაგან. ძირითადი დარტყმა განმაახლებლებმა მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსყიდვის დოგმატზე განახორციელეს. ახალი თეოლოგებისათვის მთავარ დაბრკოლებად შეიქნა წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებაში მოცემული იმ ტერმინებისა და სისტემური მიდგომების გამოყენება, როგორებიცაა: საშინელი სამსჯავრო, დოგმატური განსაზღვრება, კანონი, მცნება, გამოსყიდვა, უკანონობისათვის ღვთის სასჯელი და ა.შ. შესაბამისად, განმაახლებელ-მოდერნისტები მთელი ძალისხმევით შეეცადნენ რამენაირად გაებათილებინათ იურიდიზმის გამოვლინება წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებაში. განმაახლებლებმა თავიანთ ნაშრომებში მთლიანად დაამახინჯეს ღვთის თვისებანი, რაკი „გამოაცალეს" მას ადამიანის ხვედრის განსაზღვრის - დასჯის ან შეწყალების საშუალება. ამგვარი გამოვლინებანი „იურიდიზმად", „სქოლასტიკად" ცხადდება მათ მიერ, რაც მიზანმიმართულად ანადგურებს გამოსყიდვის დოგმატს. იდეამ, რომ ღმერთი არის მხოლოდ სიყვარული, რომელიც მხოლოდ სიხარულითა და სიტკბოებით „ამარაგებს" ადამიანს, სიყვარული, რომელიც „ართმევს" ღმერთს მართლმსაჯულებას, სამართლიანობას ცოდვილთან მიმართებაში, მრავალი თეოლოგის გონება მოიცვა. ყოველივე ამის შედეგად, შეიქმნა ახალი კონცეპტუალური მიმდინარეობა, რომელსაც „ზნეობრივი მონიზმი" ეწოდება. ზნეობრივი მონიზმის ერესი, რომლის ფუძემდებელი მიტროპოლიტი ანტონი ხრაპოვიცკი გახლდათ, სლავიანოფილობისა და „პოჩვენიზმის" (почвеничество) ნიადაგზე აღმოცენდა. სლავიანოფილობა, თავის მხრივ, შელინგიზმის* რუსულ-ნაციონალური იდეის ინტერპრეტაცია გახლდათ, ანუ გერმანული რასის „უპირატესობა" რუსულ-სლავური (სლავიანოფილური) ტომებით უნდა ჩანაცვლებულიყო. ამ კონცეფციის თანახმად, „გამორჩეულმა" რასამ კაცობრიობის გადარჩენა უნდა შეძლოს. აქ საღვთისმეტყველო თვალსაზრისითაც ვაწყდებით პრობლემას: თუკი რომელიმე ეთნოსს შეუძლია გააერთიანოს ყველა ერი და „გამოიხსნას ბოროტებისაგან" (როგორც ამას სლავიანოფილები ამბობენ რუსული მართლმადიდებლურობის ქვეშ. თ. დოსტოევსკი)1, შესაბამისად ირღვევა გამოსყიდვის დოგმატის არსი - ხსნა არა ქრისტეს, არამედ რომელიღაც ეთნოსის მიერ ხორციელდება. დოსტოევსკის თანახმად, რომელსაც თავის საღვთისმეტყველო კონცეფციაში მთლიანად ეყრდნობა მიტროპოლიტი ანტონი ხრაპოვიცკი, „გოლგოთის მსხვერპლი" რუსულმა ეთნოსმა უნდა იტვირთოს, რათა ყველა და ყველაფერი „მართლმადიდებლურ" ნიადაგზე მოაქციოს. გამოდის, რომ ძალა, რომლითაც ხორციელდება კაცობრიობის ხსნა ადამიანების (ადამიანთა ჯგუფის, ეთნოსის და ა.შ.) ნების და არა ღვთის წყალობის შედეგია. დოსტოევსკი წერდა: „ის გადარჩება, ვინც თავის თავში ზნეობრივი მუხტი გამოიმუშავა. ეს ერთადერთი ზნეობრივი იდეაა, როდესაც ყველაფერი პირად, ინდივიდუალურ თვითსრულყოფას ეფუძნება".2 დოსტოევსკის კონცეფციაში არა დოგმატს, არამედ ზნეობას ენიჭება უპირატესობა. მთავარეპისკოპოსი ანტონი ხრაპოვიცკიც პრაქტიკულად იმავეს იმეორებს: „ჩვენ ვადგენთ იმ ჭეშმარიტებას, რომ ზნეობრივი აღორძინების საწყისები და ძალა თანაგრძნობით სიყვარულშია. ის კი, გარკვეულწილად, აუღორძინებელი ადამიანის ბუნებისთვისაცაა დამახასიათებელი".3 ეს ნიშნავს, რომ მღვდელმთავარი ა. ხრაპოვიცკი უპირატესობას არა ღვთის მადლის მოქმედებას, არამედ თავად ადამიანის ნებელობას ანიჭებს. ე.ი. ზნეობრივ მონიზმში ცხონება ადამიანის ზნეობრივ, ბუნებრივ სრულყოფილებაზეა დამოკიდებული. ა. ხრაპოვიცკი წერს: „გავიმეორებ დოსტოევსკის ფორმულას ერთი ადამიანის ნების მეორეზე ზეგავლენის მოხვევის შესახებ. ადამიანი მაღლდება, ყველასთან ერთად უბრუნდება პირველქმნილ მდგომარეობას, ერთის მიერ ღმერთთან ურთიერთობით ათვისებული სიწმინდე სხვებსაც მარტოოდენ ნების თანხმობით მოეფინა. აღორძინება ერთგვარად მათ ნაცვლად აღესრულება. მთავარია არ შეეწინააღმდეგონ მას ბოროტი სიჯიუტითა და სიძულვილით".4 თვითგადარჩენის ეს „ჰუმანური", სლავიანოფილური იდეა პელაგიანური ერესის აღმორძინებად უნდა მივიჩნიოთ - მასში უარყოფილია პირველქმნილი ცოდვის შედეგი და ღვთაებრივი მადლის საჭიროება ცხონებისათვის. სწორედ ამ საღვთისმეტყველო საფუძველზე ჩამოაყალიბა თავისი სწავლება მღვდელმთავარმა, თითქოს ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოხსნა არა ჯვარზე, არამედ გეთსიმანიის ბაღში განხორციელდა. ამ თეზის თანახმად, გამოდის, რომ ქრისტემ მარტოოდენ კაცობრივი ნებით გამოისყიდა კაცობრიობა, ვინაიდან გეთსიმანიის ბაღში სწორედ რომ ქრისტეს კაცობრივი ბუნებისთვის დამახასიათებელ, უყვედრელი ვნებების გამოვლინებას ვხედავთ და არა ქრისტეს ღვთაებრივი ბუნებისას, რაც არსებითად დოგმატური შეუთავსებლობაა".5 ამ მსგავსი თეზის თანახმად გამოდის, რომ ადამიანის ბუნებაში არსებული „თანაგრძნობითი სიყვარული" სავსებით საკმარისია ცხონებისათვის. სწორედ ამ „რწმენამ" გამოსყიდვის დოგმატის უგულებელყოფამდე მიიყვანა ხრაპოვიცკის კვალდაკვალ განმაახლებლები. შედეგად, მოდერნისტულ ღვთისმეტყველებაში დამკვიდრდა აზრი, რომ ორთოდოქსული გამოსყიდვის დოგმატი ტრანსცენდენტური (გარეგნული გამოვლინებაა) და ნაკლებადმნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის „იურიდიზმისა" და „სქოლასტიკის" გამოვლინებაა, ხოლო ცხონებისთვის იმანენტური (შინაგანი), პირადი გამოცდილება (განცდები, შეხედულებები და ა.შ.) უფრო მნიშვნელოვანია. მათთვის ეს „ორგანული პროცესია", რომელიც არა ღვთის, არამედ უშუალოდ ადამიანის მიერ „კონტროლირდება". არსებითად, ეს იგივე პელაგიური ერესის რეციდივია, რაც მავანს „მართლმადიდებლობა" ჰგონია. ზნეობრივი მონიზმი, ამავდროულად შელინგიზმიცაა ღვთისმეტყველებაში, რომლის ძირითადი პრინციპი სწორედ ტრანსცენდენტურიდან (გარეგნულიდან, მიღმისეულიდან) იმანენტურში (შინაგანში) გადასვლაა. ერთი შეხედვით, ამაში საპრობლემოც არაფერია: ცხონება არა ადამიანის მიღმა (ტრანსცენდენტურად), არამედ ადამიანის შინაგანით (იმანენტურად) ხორციელდება. მაგრამ შელინგიზმი არაა მართლმადიდებლობა. ჩვენთან ძალა, რომლითაც ადამიანი ღვთაებრივის თანამონაწილე (განღმრთობილი) ხდება, მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებებში თანამონაწილეობით გვეძლევა. ხოლო შელინგიზმში (მანამდე პელაგიონიზმში), შემდგომ სლავიანოფილიზმში, მის შემდეგ ზნეობრივ მონიზმში და საბოლოოდ მოდერნიზმში კი გადარჩენის საშუალება ადამიანს ბუნებრივად გააჩნია. ადამიანის ბუნება, მათი აზრით, დაუზიანებელია პირველქმნილი ცოდვით. შედეგად, კერძო საღვთისმეტყველო აზრი, შეფასება, განცდა, პირადი გამოცდილება და ა.შ. აპრიორი უპირატესია ნებისმიერ დოგმატურ განსაზღვრებაზე. ამიტომ მოდერნიზმში, ზნეობრივ მონიზმში რეალურად არაა საუბარი ქრისტეში ადამიანის ფერისცვალებაზე, არამედ ადამიანი, როგორც ონტოლოგიური „არსება" თავის თავში ჰპოულობს აღორძინებისა და ცხონების ძალას. სწორედ ეს მიდგომა კვებავს იმ აზრს, რომ ნათლისღების გარეშეც შესაძლებელია ცხონება - პირველქმნილ ცოდვას ხომ მათთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ის ავგუსტინისეულ სქოლასტიკადაა შერაცხული მოდერნისტების მიერ. მთავარეპისკოპოსი ანტონი ხრაპოვიცკი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს: „ზნეობრივი მონიზმის თვალსაზრისით, უფლის ჯვარცმა და სიკვდილი გამომსყიდველი მსხვერპლის მხოლოდ ერთი ნაწილია, ქრისტეს სულიერი ტანჯვა შეუდარებლად უფრო ძლიერია, ვიდრე მისი სხეულის ტანჯვა".6 როგორც ვხედავთ, ქრისტეს ჯვარცმას არა კაცობრიობის გამოსყიდვის, გამოხსნის, არამედ თავგანწირული სიყვარულის მნიშვნელობა ენიჭება - ავიწყდებათ პავლე მოციქულის სიტყვა: „ქრისტემან ჩვენ მოგვიყიდნა წყევისა მისგან შჯულისა". (გალ. 3. 13). სამწუხაროდ, ზნეობრივი მონიზმის ერესს მრავალმა გამოჩენილმა სასულიერო პირმა თუ ღვთისმეტყველმა ანტიეკუმენისტებად და ანტიპაპისტებად რომ მიიჩნევიან, არ მიაქცია სათანადო ყურადღება - გაითავისეს კიდეც. ეს დამახასიათებელია არა მხოლოდ სლავური, არამედ ბერძნული ეკლესიებისთვისაც. პირველქმნილი ცოდვის უმართებულო, მოდერნისტულმა ანალიზმა ისეთი ღვთისმეტყველებიც კი, როგორცი არიან მიტროპოლიტი ი. ვლახოსი, დეკანოზი ი. რომანიდისი, მათი მრავალი მიმდევარი, თაყვანისმცემელი ჩვენს ქვეყანაშიც კი, სწორედ ზნეობრივი მონიზმის მიმდევრებად აქცია. ეს ეკუმენიზმზე არა ნაკლებ საშიში ერესია. ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ერთი ერესის მხილებით, ხოლო მეორეს გათავისებით, პიროვნება ეკლესიის ავტორიტეტი ვერ გახდება. ზნეობრივი მონიზმი მოდერნისტული ერესის საფუძველია. ის სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს და სათანადო ადგილი უნდა მიენიჭოს ერესების კვალიფიკაციაში. ჩვენ კი დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ სენით შეპყრობილ „ახალ მამებს", რომლებსაც დაუმსახურებლად მიენიჭათ მსოფლიო ავტორიტეტი.
* შელინგიზმი - გერმანული კლასიკური ფილოსოფიის იდეა, რომლის თანახმადაც, „მსოფლიო სულის", „საერთოსაკაცობრიო გაერთიანების იდეა" გერმანული რასის ფრთებქვეშ უნდა განხორციელებულიყო. 1 Ф. Достоевский. Дневник писателя. 1877. Гл. 1. XXIII. C .45. 2 Ф. Достоевский. Дневник писателя. იქვე, გვ. 46. 3 Арх. Еп. А. Храповицкий. Догмат Искупления. Богословский вестник. Т2. С. 192. 4 А. Храповицкий. Пастырское изучение жизни и людей по сочинениям Ф. Достоевского. Историе идей.ru. 5 Арх. Еп. Ф. Полтавский. Доклад об учении Арх. Еп. Митрополита А. Храповицкого. О догмате искупления. О новых Ересях. Антимодернизм.ру. 6 Арх. Еп. А. Храповицкий. Догмат Искупления. Богословский вестник. С. 286.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |