მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პოჩვენურობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პოჩვენურობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


23-08-2022, 00:00

პოჩვენურობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   თ. დოსტოევსკის ისტოროსოფიოლოგია დამყარებულია „სლავიანოფილობის", „პოჩვენურობის", „რუსული იდეისა და ხალხის" გამორჩეულობის იდეაზე. ჩვენი აზრით, ის უნდა განიხილებოდეს როგორც კლასიკური დიალექტიკური (გერმანული ფილოსოფია) ციკლის განვითარება, სადაც რუსულსა და დასავლურს შორის წინააღმდეგობა „ზოგადკაცობრიული" სინთეზით აისახება.

   მცდარი იქნება აზრი „სლავიანოფილობა" და „პოჩვენურობა" დადებითად მივიჩნიოთ, ხოლო დასავლური ცივილიზაცია - ცალსახად უარყოფით, არსებითად ისინი ერთი ცომისაგან არიან მოზელილნი. მოჩვენებითია მათი ოპოზიციონერობაც, რომ რუსული კონცეფცია დასავლურის ალტერნატივაა, არა, ისიც იგივე სქემებით, იდეებით, სულისკვეთებითა და ტერმინებით ხასიათდება.

   თ. დოსტოევსკი წერს: „ჩვენ, რუსებს ორი სამშობლო გვაქვს: რუსეთი და ევროპა. სლავიანოფილად წოდება შეგნებული რუსისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა. ეს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთლიანად კაცობრიობის მსახურებაა".1

   თ. დოსტოევსკი რომ ეკლესიის წიაღში ადამიანის ბუნების განახლებასა და გადარჩენაზე საუბრობდეს, მისი ფილოსოფიური ხედვის მიმართ არანაირი საღვთისმეტყველო პრეტენზია არ გვექნებოდა, მაგრამ თ. დოსტოევსკის მიერ „რუსი ხალხის" გამორჩეულობა მითიურ რანგშია აყვანილი. მისი აზრით, სწორედ „რუსულ ნიადაგზე" (почва, почвеничество), პირდაპირი გაგებით სწორედ „რუსულ საწყისებზე" უნდა განვითარდეს მსოფლიო, თითქოს რუსეთი „ანაყოფიერებდეს" (სულიერად) მთელ მსოფლიოს. მის კონცეფციაში ყოველივე „ზოგადსაკაცობრიო ძმობით" გვირგვინდება, რაც იმის დასტურია, რომ პოჩვენურობაც, ისევე როგორც სლავიანოფილობა, დასავლური ორიგინალის ცუდი ანალოგიაა.

   თ. დოსტოევსკი დღიურებში წერს: „ყალიბდება და ძლიერდება ნაცია. მან თავისი სიმრავლით, ნიადაგით, რომელზეც პური და მცენარეები იზრდება, უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს ლამის მხეცად ქცეული კაცობრიობა. ამ ნიადაგში არის რაღაც საკრალური. ის დაფუძნებულია ქრისტიანული ცხოვრების იდეალზე, ხოლო რუსი ხალხი, რომელმაც გამოიმუშავა რუსული მართლმადიდებლობა, უპირატესია".2

   რას ნიშნავს: „რუსმა ხალხმა გამოიმუშავა რუსული მართლმადიდებლობა"? განა არსებობს „რუსული", „ბერძნული" ან „ქართული" მართლმადიდებლობა, როდესაც ეთნოსის უპირატესობა, „გამორჩეულობა" განსაზღვრავს მართლმადიდებლობის ხარისხს? სწორედ ეს გახლავთ გნოსტიკური „ხიბლი", ნასაზრდოები გერმანული იდეალიზმით, რასაც ვერანაირად ვერ ვუწოდებთ ქრისტიანულს. საღვთისმეტყველო თვალსაზრისითაც ვაწყდებით პრობლემებს: თუკი რომელიმე ეთნოსს შეუძლია მართლმადიდებლური იმპერიის ქვეშ გააერთიანოს (Всеединство) ყველა ერი და „გამოიხსნას ბოროტისაგან", ე.ი. ხორციელდება გამოსყიდვის დოგმატის პროფანაცია, სადაც ხსნა არა ქრისტეს, არამედ რომელიღაც ეთნოსის (ამ შემთხვევაში რუსების) მიერ აღესრულება (ზნეობრივი მონიზმის საფუძვლები).

   დოსტოევსკი განაგრძობს: „კონსტანტინოპოლი უნდა იყოს რუსების. ის თავდაპირველად პანსლავურ, ხოლო შემდეგ ქრისტიანული სამყაროს ცენტრად, დედაქალაქად უნდა გადაიქცეს".3 ე.ი. გამოდის, რომ რუსი ერი მზად არის „გოლგოთის მსხვერპლის" სატვირთველად, რათა ყველა და ყველაფერი „მართლმადიდებლურ" ნიადაგზე მოაქციოს.

   ასე რომ, პოჩვენურობის თანახმად, რუსეთი, როდესაც სხვა ქვეყანაში შეიჭრება, თურმე კი არ ძალადობს, არამედ „ათავისუფლებს" მას ყალბი იდეებისაგან.

   პოჩვენურობით შენიღბული შელინგიზმი არსებითად არაფრით განსხვავდება დასავლური ანთროპოცენტიზმისაგან, იგივე გნოსტიციზმისაგან. ადრეული გნოსტიციზმისაგან განსხვავებით, ამ სენმა მთელი კაცობრიობა უნდა მოიცვას.

   თ. დოსტოევსკისთვის „ღმერთი არის კაცობრიობის, მასების, ყველას კრებსითი იდეა".4 ეს პროცესი ერთობაში საყოველთაო დაბრუნებით უნდა დასრულდეს. ანუ ქრისტეში ყოველივე იდეალური და ღვთაებრივი ცალკეულ ადამიანში, სუბიექტში, ბუნებაში, შედეგად კი მთელ კაცობრიობაში უნდა დაბრუნდეს. აქ ქრისტიანობა გაიგივებულია მთელ კაცობრიობასთან (ორიგენიზმი, პერენიალიზმი). ეს ნიშნავს ქრისტესა და კაცობრიობის გნოსტიკურ ერთობას: „ღვთაებრივი ძალები ქმნიან ერთიან, უნივერსალურ და ინდივიდუალურ ორგანიზმს, ცოცხალ ლოგოსს, კრებსით ღმერთს".5

   დოსტოევსკისეულ „ერთიან ორგანიზმს" სოფია ეწოდება. შემთხვევითი არაა, რომ დოსტოევსკის გამოჩენილმა მოწაფეებმა (ვ. სოლოვიოვი, ს. ბულგაკოვი) კიდევ ერთი მოდერნისტული მიმართულება დააარსეს სახელწოდებით „სოფიოლოგია".

   დოსტოევსკის კონფესიაში „რუსი ხალხი" ეკლესიის სინონიმია, ეკლესიასთან გაიგივებული. ამიტომ მისეული იდეალი სინამდვილეში გნოსტიკური „ქრისტეა" - ადამიანმა უნდა მიაღწიოს ცნობიერების სრულ განვითარებასა და სრულყოფას. განავითარო საკუთარი „მე", მისცე მას თვითნებურად შემოქმედებითი უნარების განვითარების საშუალება.

   სწორედ ამ ძლიერი, სრულყოფილი „რუსული იდეალის", „რუსული ყოვლისშემძლეობის" შესახებ საუბრობს თ. დოსტოევსკი თავისი ლიტერატურული გმირების სახით. (გაგრძელება იქნება...)






1 Ф. Достоевский. Дневник писателя. Гл. 1. XXIII. C. 30-31.

2 იქვე, Ф. Достоевский. Дневник писателя. Гл. 1. XXIII.

3 იქვე, Ф. Достоевский. Дневник писателя. Гл. 1. XXIII. C. 45.

4 Ф. Достоевский. Социализм и Христианств. Записная тетрадь. 1864. Д. XX. C. 91.

5 იქვე, C. 92.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება