მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გამოსყიდვის ზნეობრივი თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გამოსყიდვის ზნეობრივი თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე20-08-2022, 21:18 |
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა „თავისუფალ" მოაზროვნეთა კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც „ახალი ქრისტიანული" ხედვების შესახებ ალაპარაკდნენ. მოდერნიზმით შთაგონებულმა თეოლოგებმა მიზანში მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსყიდვის დოგმატი ამოიღეს. მათ მამებისეული ხედვა გამოსყიდვის თეორიისა „იურიდიზმად", „სქოლასტიკად", „მშრალ ერთფეროვნებად", „უსიცოცხლო ლოგიკურობად", საბოლოო ჯამში, დასავლურ ტყვეობად მიიჩნიეს. თავიანთი ხედვები კი უფრო „კომპლექსურ", „სავსე", „პიროვნული გამოცდილებით შემოწმებულ" ღვთისშემეცნებად მონათლეს. საკუთარ ინტუიციურ და ირაციონალურ მიდგომებს ძველი მართლმადიდებლობა და აღმოსავლური საღვთისმეტყველო ტრადიცია დაარქვეს. ასე შეიქმნა პაროდია მართლმადიდებლობისა, რომელიც არა მართლმადიდებლურ, არამედ დასავლურ-ფილოსოფიურ ნიადაგზე აიგო. ამ გზით „იურიდიული" (სინამდვილეში მართლმადიდებლური) თეორიის საწინააღმდეგოდ შეიქმნა „გამოსყიდვის ზნეობრივი თეორია". მას მოჰყვა „იურიდიული თეორიის" „გამოსყიდვის ორგანული თეორია" - ერათგვარი საპირისპირო რეაქცია. ამჯერად, „გამოსყიდვის ზნეობრივ თეორიაზე" ვისაუბროთ. ამ თეორიის მიხედვით, ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლში ძირითადი ყურადღება ექცევა არა ჯვარცმას, არამედ ეთიკურ მხარეს. ქრისტემ მამისადმი მორჩილებით, ყველა განსაცდელის გადალახვით, მიბაძვის უდიდესი მაგალითი მისცა ადამიანებს. არქიმანდრიტმა რაფაელმა (კარელინი) ამ მკრეხელობას შემდეგნაირად უპასუხა: „თუკი საქმე მხოლოდ მაგალითშია, მთელი ძველი აღთქმა სავსეა მაგალითებით. რატომ იყვნენ ქრისტეს მოსვლამდე ადამიანები სიბნელეში, ხოლო მართლები სიკვდილის ჟამს რატომ ჩადიოდნენ ჯოჯოხეთში? თუკი საქმე მარტოოდენ განსწავლასა და მაგალითშია, მაშინ რა საჭიროა ქრისტოლოგიური დოგმატები. ქრისტეს ხომ შეეძლო მოსულიყო მოჩვენების ან ანგელოზის სახით და მოეცა მაგალითი მოქცევისა? მაგრამ მხოლოდ ღმერთკაცს, სრულს ღვთაებითა და სრულს კაცობრივი ბუნებით ერთ ჰიპოსტასში, შეეძლო ჩვენი ხსნა. თუკი ქრისტე არ ჩაენაცვლა ადამიანს, არამედ მხოლოდ სურათივით უჩვენა მოქცევის წესი, მაშინ აზრს კარგავს ყოველგვარი კამათი და დოგმატური მტკიცება იესო ქრისტეს პირის შესახებ. თუკი არ არის გამოსყიდვა, მაშინ ფართო ასპარეზი იშლება ეკუმენიზმისა და თეოსოფიისათვის, მეტიც: კონფესიების, შემდეგ კი რელიგიების გაერთიანება ერთადერთ ქრისტიანულ პრინციპად წარმოჩინდება, ხოლო დოგმატური განსხვავებანი და კრებსითი ოროსები, მყარად რომ ინარჩუნებდნენ ქრისტიანობის არსს, პირიქით - არარსებულ სარწმუნოებითა და სიყვარულით ერთობის დამაბრკოლებელ შეხედულებად გვევლინებიან".1 „ზნეობრივი თეორიის" კერძო აზრი (თეოლოგუმენი) განვითარდა ეტაპობრივად და ბოლოს ერესის - „ზნეობრივი მონიზმის" „გვირგვინი" ერგო. ამ სწავლების ფუძემდებლად მიტროპოლიტი ა. ხრაპოვიცკი არის მიჩნეული. მან გამოსყიდვის დოგმატი შემდეგნაირად განსაზღვრა: „მაცხოვრის ჯვარცმა და სიკვდილი ჩვენი ცხონებისათვის მნიშვნელობას არ არის მოკლებული, ვინაიდან იხსნება გამომსყიდველი მსხვერპლის შინაარსის ნაწილი და ქრისტეს სიყვარულსა და თანაგრძნობაში შეჰყავს ადამიანი. ქრისტეს სხეულებრივი ტანჯვა და სიკვდილი, პირველყოვლისა, საჭიროა იმისათვის, რომ მორწმუნეებმა ქრისტეს სულიერი ტანჯვის ძალა შეაფასონ".2 ა. ხრაპოვიცკის აზრით, გამოსყიდვის დოგმატის არსი თანაგრძნობით სიყვარულშია. გამოხსნა არა ჯვარზე, არამედ გეთსიმანიის ბაღში მოხდა სულიერი ბრძოლის ჟამს, ხოლო ჯვარი არა უმეტეს ილუსტრაციაა იმ საიდუმლოსი, რომელიც გეთსიმანიაში აღსრულდა. ახალი კონცეპტუალური მიმდინარეობა, რომელსაც თავად ა. ხრაპოვიცკიმ „ზნეობრივი მონიზმი" უწოდა, ერთი შეხედვით გამოირჩეოდა ანტიდასავლური პათოსით, „სქოლასტიკასთან ბრძოლით". მეთოდი შემდეგია: რაც უფრო მაგარი ანტიკათოლიკე ხარ, მით უფრო მაგარი „მართლმადიდებელი" გამოდიხარ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შეამჩნიეს, რომ „სქოლასტიკასთან" და „იურიდიზმთან" ბრძოლა წმინდა პროტესტანტულ-ფილოსოფიური პატენტია. ერთი შეხედვით „მამებისკენ დაბრუნებაა", სინამდვილეში - უბრალოდ ერთ-ერთი მოდერნისტული მიმართულებაა. ზნეობრივი მონიზმი თავისი ანტიიურიდიზმით, ამორალიზმითა და ადოგმატიზმით გაცილებით მეტი საფრთხის შემცველი და მზაკვრული აღმოჩნდა, ვიდრე ეკუმენიზმი (უფრო იოლი დასანახი და აღსაქმელი, ვიდრე ზნეობრივი მონიზმი). უნდა აღინიშნოს მთავარი: „გამოსყიდვის ზნეობრივი თეორია", შემდეგში „ზნეობრივი მონიზმი", არ გაჩენილა სპონტანურად. მას საფუძვლად დაედო ისეთი იდეოლოგიები, როგორებიცაა სლავიანოფილობა და „პოჩვენურობა". ამიტომ ზნეობრივი მონიზმის გააზრებისთვის ამ ორი იდეოლოგიის საფუძველთა გაანალიზებაა საჭირო. (გაგრძელება იქნება...)
1 არქ. რაფაელი (კარელინი). გამომსყიდველი მსხვერპლი - ცხონების ერთადერთი იმედი. ციტ. კ. ჯინჭარაძე. გამომსყიდველი მსხვერპლის რაობისათვის. თბ. 2018. გვ. 38. 2 А. Храповицкий. Митр. О догмате искупления.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |