მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > სულიერი რეალობის აღქმა - დავით ჯინჭარაძე
სულიერი რეალობის აღქმა - დავით ჯინჭარაძე6-08-2022, 17:14 |
ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ ზედაპირულად მსჯელობას, რომ ძირეული, სიღრმისეული საკითხები გაუაზრებელი და შეუმჩნეველი გვრჩება. დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გაუაზრებლობა გახლავთ ჩვენი ყოფიერების ძირითადი ტრაგედია. საუბარია სულიერი რეალობის უგულებელყოფაზე. სულიერ საკითხებში ვგულისხმობთ სულიერი თვალით სამყაროს ხედვას. იმას, რომ ჩვენ ვიმყოფებით სულიერ რეალობაში, ვდგავართ ღვთის სამსჯავროზე, ღვთის წინაშე, მოცემული გვაქვს თავისუფლება მცნებების შესრულებაში და ამ რეალობას, ანუ ჭეშმარიტებას ვერ გავექცევით, გვწამს ეს ჩვენ თუ არა. ყურადღებიანი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მორწმუნესთვის, ეს ცხადზე უცხადესია. ნებისმიერ სფეროში უთანხმოება და კონფლიქტი, ეს იქნება: სახელმწიფოებრივი, პარტიული, იდეოლოგიური თუ ოჯახურ დონეზე - პრობლემა სულიერი ხასიათისაა. მისი მიზეზი ღვთაებრივი წესრიგისაგან განდგომაა. მაგალითისთვის: ლიბერალსა და კონსერვატორს შორის შეურიგებლობის საგანი ზედაპირულად წმინდა იდეოლოგიური ხასიათისაა, თუმცა იდეოლოგია აქ მხოლოდ ინსტრუმენტია, პრობლემის არსი კი სულიერია - ლიბერალი ცდილობს (გააზრებულად თუ გაუაზრებლად) დაანგრიოს ღვთაებრივი წესრიგი; კონსერვატორი კი პირიქით, მის შენარჩუნებას (კონსერვაციას) ცდილობს. თანამოაზრე ეროვნულებს (კონსერვატორ-ტრადიციონალისტებს) შორის ურთიერთობას პირადი სულიერი პრობლემების გარდა, რაც გამოიხატება აშკარა თუ შეუმჩნეველი ამპარტავნებით, ქედმაღლობით, სიცრუით ემატება მართლმადიდებლურ დოგმატიკურ საკითხებში ძირეული უთანხმოება, რაც ასევე გამორიცხავს ერთობას. მაგალითისთვის, საყოველთაო გადარჩენის, მოუნათლავი ჩვილების ცხონების თუ არამართლმადიდებლებთან ლოცვა-გალობის საკითხები, ეკუმენიზმი... ზოგჯერ ერთი ფეისბუკ პოსტით მჟღავნდება ადამიანის მსოფლმხედველობა. მართლმადიდებელი ეკლესიური ადამიანისთვის აქ კომპრომისი დაუშვებელია. სულიერი საკითხი აქ ჭარბობს ეროვნულზე. მეტიც, სარწმუნოების მოღალატისგან ეროვნული ერთგულებაც დიდად საეჭვოა. სამსახურეობრივ, ოჯახურ თუ პირადი ურთიერთობის გაფუჭების და ნგრევის ძირითადი საფუძველიც არსით მხოლოდ სულიერია, რადგან ცოდვების გამოვლინებების გამო, რომელთა არსებობის შესახებ უმატესობას არავითარი ცოდნა არა აქვს, ხდება უბედურებების მიზეზი. მაგალითად ადამიანი შესაძლოა იმდენად იყოს დატყვევებული ვერცხლისმოყვარეობით, რომ მოხვეჭის ეს დაუოკებელი ლტოლვა პრობლემებს უქმნის არ მხოლოდ თავის ოჯახს და მიზნებს, არამედ უნგრევს ურთიერთობას მეგობრებთან . ზოგჯერაც, ადამიანი იმდენად არის სეკულარიზირებული (გაამსოფლიურებული), მხოლოდ რაციონალისტურად მოაზროვნე და მხოლოდ საკუთარ ცოდნაზე მინდობილი, რომ ვერც კი ხედავს თავისი განსაცდელების და წარუმატებლობის მიზეზს სულიერ უვიცობაში, რაც არსობრივად ჭეშმარიტების (ღვთის) მიმართ წინააღმდეგობაში ყოფნას ნიშნავს. ამ მსჯელობით ჩვენ მივედით უმნიშველოვანეს საკითხამდე - ჭეშმარიტების შემეცნების აუცილებლობასთან, რომლის არ ფლობა პრობლემის სათავეა. იმისთვის რომ შეიცნო ჭეშმარიტება სულიერ რეალობაში უნდა აღიარო. ჭეშმარიტების შემეცნებაში ორი პოზიცია იკვეთება: ჭეშმარიტების მასწავლებლის და მოსწავლის. ჭეშმარიტების მასწავლებელი არასდროს არ მოკლებია ეკლესიას მადლმოსილ მსახურთა სახით. ასეთი ადამიანები დღესაც არიან ეკლესიაში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მათი რიცხვი კლებულობს. ცრუმასწავლებელთა რიცხვი კი სულ უფრო მატულობს. „მასწავლებელთა", რომელთა ძირითადი საზრუნავი მხოლოდ ამქვეყნიური კეთილდღეობაა, სარწმუნოების ფალსიფიცირებაა, არაამსოფლისაგანის სოფელთან შერწყმაა, არა მართლმადიდებლობით ცხოვრება, არამედ მისი ადამიანის კომფორტზე მორგებაა. მასწავლებლის როლში თითოეულ ჩვენთაგანსაც ვგულისხმობ, რადგან პასუხისმგებელნი ვართ ვასწავლოთ და ზნეობის მაგალითნი ვიყოთ შვილებისთვის. ასევე ვალდებულნი ვართ როგორც ნათლიები, ნათლულების წინაშეც მათ სარწმუნოებრივ და ზნეობრივ აღზრდაში. თუმცა ამ პასუხისმგებლობას არ ვასრულებთ. მოსწავლის პოზიციაშიც ყველანი ვართ. უფრო სწორად უნდა ვიყოთ და არ გვსურს ამ პოზიციაში ყოფნა. აქ ჩვენ ორი ძირითადი პრობლემა გვაქვს: არ გვსურს სწავლა ან სწორად არ ვსწავლობთ. სხვა სიტვებით შეგნებულად ვაყენებთ თავს ჭეშმარიტების წინააღმდეგ. შეგნებულად ვირჩევთ მეორე რეალობას და სირაქლემის პოზით ვეფლობით მასში. ამრიგად, რასაც ვთესავთ იმ ნაყოფს ვღებულობთ. ჭეშმარიტების უცოდინარობა ყალბ ჭეშმარიტებებს და ურწმუნოებას ბადებს როგორც ერში, ასევე ეკლესიაში. მოდერნისტისთვის ეს სანატრი გარემოა, რადგან სწორედ ამ გარემოში ანიჭებენ წმინდა მატერიალურ საგანს სულიერ მნიშვნელობას. მცნობელი და უცნობი ჭეშმარიტებისა ორივე პასუხისმგებელი რჩება. მცნობელი (მორწმუნე) ხდება პასუხისმგებელი მის დაცვაზე. უცნობი, მოგონილ სულიერებაში მყოფი, პასუხისმგებელი „უმეცრებაზე", რაც სინამდვილეში თავის მოტყუებაა, რადგან ჭეშმარიტება განცხადებულია. ამ მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა: ჩვენ შეგნებულად ვიმყოფებთ თავს სიცრუეში - არასწორი სწავლების შეთავაზებით ან შეგნებული უსწავლელობით. ამიტომაც მივიღეთ ეკლესიაში ურწმუნო თაობა და მატერიალისტი სასულიერო პირები. საბოლოოდ კი ხრწნადი თავის მაქსიმალურ სიხრწნადეს აღწევს და იპყრობს სამყაროს. მცირედნი კი ვიწრო (ჭეშმარიტ) გზას ირჩევენ არაამსოფლიური, მარადიული ნეტარების იმედად.
დავით ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |