მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ნეოპატრისტიკული სინთეზი“ მომდევნო თაობის „პარიზელებში“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„ნეოპატრისტიკული სინთეზი“ მომდევნო თაობის „პარიზელებში“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე5-08-2022, 09:45 |
მ. გ. ფლოროვსკის მიერ შემოთავაზებული „ნეოპატრისტიკული სინთეზი", როგორც აღვნიშნეთ, ღმერთთან ურთიერთობის ახლებური მეთოდი გახლავთ, რომელიც ზოგადქრისტიანული (და არა მხოლოდ მართლმადიდებლური) ღვთისმეტყველების ნაზავი გახლავთ, საღვთისმეტყველო ტერმინით რომ ვთქვათ, ეს არის თეზისა და ანტითეზის შერწყმის მცდელობა. გ. ფლოროვსკი ცდილობდა ღვთისმეტყველება დაეკავშირებინა რეალობასთან, ყოფიერებასთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეტად ემპირული*, თავისი დროის სულიერ გამოცდილებაზე დაფუძნებული უნდა გამხდარიყო. მოდერნისტების აზრით, სინთეზი განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცალკეული საღვთისმეტყველო შეხედულებები თუ მიმართულებები შეერწყმება თავისი დროის სულიერ გამოცდილებას. ე.ი. ყველა სახის ღვთისმეტყველება შეუერთდეს პატრისტიკას. მაგრამ წმიდა მამები აბსოლუტურად განსხვავებული სახის სინთეზს გვთავაზობენ. კლასიკური პატრისტიკა - წმ. მამების ინტელექტუალური საღვთისმეტყველო სინთეზი - ლოცვის (ისიხაზმის) პრაქტიკულ გამოცდილებასთან, განღმრთოებასთან იყო შერწყმული. წმ. მამების გამოცდილება არ გახლდათ ფლოსოფიურ - რელიგიური აზროვნების შედეგი. ის მათი წმინდა, მოღვაწეობრივი, ასკეტური, მადლმოსილი ცხოვრებისაგან ნასაზრდოები იყო. წმინდა მამების საღვთისმეტყველო თხზულებები სულიწმიდის შთაგონებით იწერებოდა. მამები ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ღვთისმეტყველებას ესაჭიროება ისიხასტური კულტურა, შესაფერისი ცხოვრების წესი, რათა თანამედროვე ანტიქრისტიანულ გარემოში დაცულიყო ქრისტიანობა. წმ. მამების ღვთისმეტყველება, ეს არის ღვთისმეტყველებისა და ლოცვის, ევქარისტიის სინთეზის ნაყოფი. ის არ მიიღწევა სხვადასხვა კულტურულ-რელიგიურ-ფილოსოფიურ-მეცნიერულ ტრადიციებთან დიალოგით, სინთეზით, როგორც ამას ცდილობდა გ. ფლოროვსკი. ამრიგად, ფლოროვსკისეული სინთეზი ყველა სახის რელიგიური გამოცდილების ნიადაგზეა შესაძლებელი. მის გარეშე სინთეზი ირღვევა. მეორე თაობის გამოჩენილმა წარმომადგენლებმა: მიტრ. ანტონიმ (სუროჟელი), დეკანოზებმა ა. შმემანმა და ი. მეინდორფმა და მრავალმა სხვამ აიტაცეს ფლოროვსკის მოწოდება. თავიანთ ნაშრომებში მუდმივად ისმის მოწოდებები საკუთარ სულიერი გამოცდილების მნიშვნელობაზე თანამედროვე ღვთისმეტყველების ჩამოყალიბების პროცესში. ამგვარი სულისკვეთებითაა გამსჭვალული მიტრ. ანტონის (სუროჟელი) წერილები, რომლებშიც ის, მუდმივად, მაგალითისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, მიმართავს არამართლმადიდებლურ (ებრაულ, კათოლიკურ, პროტესტანტულ) ტრადიციას. თითქოს მართლმადიდებლური პატრისტიკა მწირი ან გაუგებარი იყოს თანამედროვე ქრისტიანებისათვის, მათი ცნობიერებისათვის. იმავე პათოსს ვამჩნევთ ა. შმემანის შემოქმედებაშიც. ის მუდმივად აკრიტიკებს მართლმადიდებლ ეკლესიას, როდესაც ეკლესია ცხონების საშუალებად მარტოოდენ წმინდა მამათა და მსოფლიო კრებათა განსაზღვრებების ერთგულ დაცვას მოიაზრებს, რაზეც უცილობლივ ვიტყვით მისი (ა. შმემანის) „დღიურების" განხილვისას. მათი (მოდერნისტების) აზრით, წმინდა მამათა და მსოფლიო კრებათა სწავლება ვერ პასუხობს თანამედროვე საღვთისმეტყველო გამოწვევებს, ამიტომ საჭიროა მათი (წმ. მამების) ახლებური განმარტება, რომელიც თანამედროვე თეოლოგებმა უნდა განახორციელონ. ამიტომ მ. გ. ფლოროვსკის მიერ შემოთავაზებული „ნეოპატრისტიკული სინთეზი" თანამედროვე, მესამე თაობის „პარიზელების" აზრით, საბოლოო სახით არ ჩამოყალიბებულა. იღუმენი ილარიონი (ალფეევი) თავის წიგნში (Православное богословие на рубенсе столетии) წერს: „მიმაჩნია, ნეოპატრისტიკული სინთეზი XX ს-ში ვერ განხორციელდა. ჯერ არ დამდგარა დრო. შესაძლოა ეს სინთეზი XXI ს-ში განხორციელდეს... საამისოდ უნდა მოიძებნოს ახალი გზა მამებისაკენ, რომლებიც მოგვცემენ შესაძლებლობას უფრო ფართოდ მოვიაზროთ მამებისეული მემკვიდრეობა. ჩემი აზრით, მამებისადმი ახალი მიდგომის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია: კონტექსტუალური წაკითხვის მეთოდი".1 როგორც ვხედავთ, იღუმენი (აწ მიტროპოლიტი) ილარიონი (ალფეევი) არა მხოლოდ ნეოპატრისტიკული სინთეზის კონცეფციას გვთავაზობს, არამედ ერთგვარ ზენეოპატრისტიკულ პროგრამას. რაში გამოიხატება მისი არსი? პასუხი მარტივია: მამებისეული თხზულებების კითხვის ტექნიკაში. იღუმენი ამბობს, რომ „საამიოდ საჭიროა ჯგუფი ადამიანებისა, ახალი თაობის მეცნიერთა სკოლა. ყოველი მათგანი სპეციალიზებული იქნება პატროლოგიური მეცნიერების ერთი ან რამდენიმე განხრით".2 ამრიგად, ი. ილარიონის (ალფეევი) მიზანი, მამებისეული პატრისტიკის ზენეოპატრისტიკულით ჩანაცვლების პუნქტობრივად ამგვარად ყალიბდება: 1) ცალკეული (და არა ეკლესიის სისავსის) ავტორის საღვთისმეტყველო სისტემის რეალისტური აღქმა - გათავისება; 2) გადაფასდეს როგორც თანამოაზრე, ისე მოწინააღმდეგე აზრების მქონე ავტორები. 3) ამასთან, დროებით გაემიჯნოს მარადიულისაგან, და ბოლოს, 4) შეიქმნას „სისტემური კრებული მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა". ი. ილარიონის (ალფეევი) კონცეფციის თანახმად, ნებისმიერი სახის ღვთისმეტყველებას ეძლევა გასაქანი, ეს იქნება მამებისეული სწავლება თუ ცალკეული თეოლოგის (მათ შორის არამართლმადიდებლის) კერძო აზრი. „ნებისმიერი ღვთისმეტყველება უნდა განიხილოს არა როგორც სისტემა, არამდ როგორც სინთეზი" - გაიძახიან მოდერნისტები. მათი აზრით, ქრისტიანული ჭეშმარიტება შეუძლებლია განისაზღვროს კაცობრივი განსჯით. ე.ი. წმ. მამების დოგმატური განსაზღვრებები არადამაკმაყოფილებელია მათთვის, ხოლო „სინთეზის" საშუალებით ახალი გამოცდილებისა და ახლი საღვთისმეტყველო ხედვების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული პრობლემატიკის განხილვამ საჭირბოროტო საკითხი წამოჭრა; როგორ უნდა შევისწავლოთ წმინდა მამბის, მათი შინაგანი მთლიანობისა და ჰარმონიის შეგრძნება. ამოცანა, რომლიც დგას ჩვენს წინაშე - როგორმე შევუერთდეთ წმ. მამათა გამოცდილებას, არც თუ ისე იოლი ამოსახსნელია, ვინაიდან, წმინდა მამათა თქმით, „გამოცდილება მიიღწევა მხოლოდ გამოცდილებით". მამებისეული სწავლების მდიდარი შინაარსი არ აიხსნება მხოლოდ მათი თეორიული შესწავლით. არქიმანდრიტი რაფაელის მართებული სიტყვით: „თანამედროვე ადამიანი ადეკვატურად ვერ აღიქვამს წმინდა მამებს, არამედ თავისი დამახინჯებული რეფრაქციით. მათი სრული გაგება მხოლოდ ცხოვრების მიმსგავსებით, ღვაწლით არის შესაძლებელი, რომელიც ჩვენს სულში აძლევს მადლს მოქმედების საშუალებას, ხოლო მადლი ადამიანს სხვა პიროვნებად გარდაქმნის, „ცვლის მის აზროვნებასა და ბუნებას".3 იმავე პრობლემას მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) ხედავდა. ის წერდა: „ჩვენს სავალალო დროში არ არის საკმარისი წმინდა მამათა კითხვა, ჩვენ თავად უნდა განვიმსჭვალოთ ძირძველი ტრადიციით. უბრალოდ კი არ ვისმინოთ თანამედროვე სემინარია - აკადემიების ლექციები მათ შესახებ, არამედ უშუალოდ მოვიხვეჭოთ ის სულისკვეთება მამებისეული სიბრძნის ცოცხალი მატარებლებისაგან. ის, ვინც გონივრულად საუბრობს მამებზე, ყოველთვის როდი არის განმსჭვალული მათი სულისკვეთებით. ბრძენი მხოლოდ ისაა, ვინც არ ენდობა საკუთარ მოსაზრებებს, არამედ სისტემატიურად ეკითხება თავის სულიერ მოძღვრებს, თუ როგორ მიუდგეს მამებისეულ სწავლებას".4 ამრიგად, მ. გ. ფლოროვსკის მიერ შემოთავაზებული „ნეოპატრისტიკული სინთეზი" განვითარებული თანამედროვე „პარიზელების" მიერ, არა პრობლემის მოგვარებას, არამედ კიდევ უფრო გართულებას უწყობს ხელს. (გაგრძელება იქნება...)
* ყველანაირ არსებულ რელიგიურ გამოცდილებაზე დაფუძნებული. 1 Игумен Иларион (Алфеев). Святоотеческое наследие и современность. Православное богословие на пороге третьего тысячилетния. М. 2000. 7-9 февраль. Синодальная богословская комисия. с. 85. 2 იქვე. 3 Арх. Рафаил (Карелин). О некоторых опасностях исихии для современного Христианина. 4 С. Роуз. Не от мира сего. стр. 470.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |