მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტოლოგიური თუ ტრიოდოლოგიური - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ქრისტოლოგიური თუ ტრიოდოლოგიური - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


29-07-2022, 09:16

 

   ეკუმენისტი თეოლოგები, რამენაირად დასაბუთებული ელფერი რომ მისცენ პაპის პირველობას, შეუდგნენ ახალი საღვთისმეტყველო მიდგომის შემუშავებას ტრიოდოლოგიისა და ეკლესიოლოგიის სფეროში.

   მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, ქრისტიანისთვის ქრისტეს ეკლესიის წევრობა - ქრისტეს სხეულში, ქრისტესთან და მისი მეშვეობით სამპიროვან ღმერთთან ერთობაში ყოფნა უმთავრესი ამოცანაა. ასევე ჩვენი, მართლმორწმუნე ქრისტიანების, როგორც ეკლესიის წევრების, ერთმანეთთან ერთობა გახლავთ მიზეზი ღმერთის განკაცებისა, რათა ჩვენც არა მხოლოდ ქრისტესთან ერთი სხეული, არამედ სამპიროვან ღმერთში ერთი სული უნდა გავხდეთ, როგორც ბრძანებს პავლე მოციქული: „ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისათა" (ეფ. 4, 4). და კვალად იოანე მახარებელი ბრძანებს: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ" (იონ. 17, 21).

   ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა!

   მაგრამ როგორია სამპიროვანი ღმერთის, საღმრთო პირთა ამ საიდუმლო ერთობის შიდა ცხოვრება: მამა - არშობილი, ძე - შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, სულიწმინდა - მამისაგან გამომავალი, იგი არ უნდა აგვერიოს ისეთ საღმრთო განგებულებასთან, როგორიცაა ამა სოფლად ძე ღვთისას მოვლინება, მისი განხორციელება და სულიწმიდის გამოგზავნა. ეს განგებულებითი გამოცხადებანი და ქმედებანი აღესრულა დროში. (მ. პამაზანსკი).

   ეკუმენისტები მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის მეთაურობით შეუდგნენ ტრიოდოლოგიური კონცეფციის შემუშავებას, სადაც ყოვლადწმინდა სამების სამი ჰიპოსტასი არსით არ არის ერთი და იგივე და არასწორია, რომ სამივე ჰიპოსტასი (პირი) თანაბრად დიდებული და თაყვანსაცემია. მათი აზრით, მამა - ღმერთის ჰიპოსტასი უპირატესია ორ დანარჩენ ღვთაებრივ პირებს შორის. სწორედ ამ „უპირატესობის" ანალოგი გადმოაქვთ ეკლესიის ცხოვრებაზე. თუკი ისინი „დაასაბუთებენ" მამის მეთაურობას ძესა და სულიწმინდაზე, მაშინ მათ ინტერპრეტაციით კონსტანტინოპოლის პატრიარქი ადგილობრივი ეკლესიების მეთაურად მოიაზრება. მიტრ. ი. ზიზიულასის სწავლების თანახმად, რეგიონალურ დონეზე მამა - ღმერთის სახეს წარმოადგენს ეპისკოპოსი (მსოფლიო პატრიარქი). ის წერს: „არსებობს გარკვეული წესრიგი სამებაში, ვინაიდან მამა ყოველთვის იმყოფება პირველ ადგილზე, მეორეზე - ძე, ხოლო მესამეზე - სულიწმინდა... ასევე ეკლესიაშიც ეპისკოპოსი განასახიერებს მამას დანარჩენი წევრებისათვის".1 ცხადია, უპირატეს ეპისკოპოსში იგულისხმება მსოფლიო პატრიარქი, რომელიც სხვა ადგილობრივი ეკლესიებისთვის გამაერთიანებელ ცენტრად მოიაზრება. ე.ი. მისგანაა ყველა ქარიზმატული ნიჭი, და მას უნდა ექვემდებარებოდეს ადგილობრივი საეკლესიო თემები. მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი თავისი „ღვთისმეტყველებით" ცდილობს ააგოს ერთგვარი ტოტალური მოდელი საეკლესიო თემისა, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება ლიდერის (მსოფლიო პატრიარქის) მიერ.

   მაგრამ წმინდა სამების დოგმატი მოწმობს ყოვლადწმინდა სამების პირთა ერთარსობაზე, თანასწორობასა და თანადიდებულებაზე. ამას ადასტურებს წმინდა წერილისა და წმინდა მამების მართლმადიდებლური სწავლება.

   წმინდა სამების დოგმატი მოწმობს სრულყოფილი სიყვარულის შესახებ, რომელიც გამორიცხავს ერთი პირის რამენაირ უპირატესობას დანარჩენებზე. ამიტომაც მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს ნებისმიერი სახის სუბორდინაციონიზმი. „არც ერთი მეტი, არც ერთი ნაკლები, არამედ სამივე ჰიპოსტასი თანაბარი, თანასწორი, თანადიდებული" (მ. პამაზანსკი. „დოგმატური ღვთისმეტყველება").

   ეკლესიის ისტორიას ახსოვს ტრიოდოლოგიური სუბორდინაციის გამოვლენის არაერთი მაგალითი. ჯერ კიდევ არიოზმა დაარღვია წმინდა სამების დოგმატი, როდესაც დააკნინა ძე ღმერთის ბუნება. რომაულ-კათოლიციზმში ფილიოკვესეულმა ღვთისმეტყველებამ „თავისებური ქრისტოცენტრიზმი" ჩამოაყალიბა, სადაც სულიწმინდამ დაკარგა მამისა და ძის თანასწორობა და თანადიდებულობა. ეს ტრიოდოლოგიური სობორდინაციონიზმი კათოლიკებმა ეკლესიის სტრუქტურაზე გადმოიტანეს, რაც პაპიზმის სახით არის გამოვლენილი. პაპი გამოყოფილია, განცალკევებულია დანარჩენი ეკლესიის წევრებისაგან და ბატონობს მასზე.

   მართლმადიდებელი ეკლესია კი ასწავლის, რომ ადგილობრივ ეკლესიებს შორის ურთიერთობა, წმინდა სამების მსგავსად, გამორიცხავს რომელიმეს უფლებამოსილ უპირატესობას სხვაზე, დანარჩენზე. ეს არის კრებსითობის გამოვლინება, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის საფუძველია. გარდა ამისა, წმინდა მამები არსად ადარებენ წმინდა სამების პირთა ურთიერთობას ადამიანებს შორის ურთიერთობასთან. პავლე მოციქული ამბობს, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და ადარებს მას (ეკლესიას) წმინდა სამების ურთიერთობასთან: „რამეთუ ღმერთმა, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესო ქრისტესსა" (2 კორ. 4, 6).

   ამრიგად, ეკლესიას აქვს ქრისტოლოგიური და არა ტრიოდოლოგიური საფუძვლები, სწორედ ქრისტეს მეშვეობით ვხდებით წმინდა სამების საღმრთო ენერგიების თანაზიარნი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება წმინდა სამების ყოფას განიხილავს ვით უდიდეს და მიუწვდომელ საიდუმლოს და არ შეიძლება წმინდა სამების შინაგანი ცხოვრება გამოვიყენოთ ეკლესიის პრაქტიკული ცხოვრების ნიმუშად მისი წეს-განგების განმარტებისათვის. ამის შესახებ შესანიშნავი ნაშრომი შემოგვთავაზა ნევპაქტის მიტროპოლიტმა იოროთეოსმა (ვლახოსი)2, სადაც წმინდა მამების სწავლებაზე დაყრდნობით გაბათილებულია ზემოთმითითებული ზიზიულასეულია ცდომილება.

   მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ხაზგასმით ამბობს: „ჩვენ შევიცნობთ მამას ქრისტეს მეშვეობით სულიწმინდაში თვით ქრისტეს სიტყვებისამებრ: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი" (იონ. 14, 9)."

   წმინდა გრიგოლ პალამაც უცხადესად ამბობს: „აბსოლუტურად უცნობია და გამოუხატავია სიტყვით (ყოველივე), რაც ეხება წმინდა სამების დოგმატურ სწავლებას სამების პირთა ურთიერთობის შესახებ".3

   მაგრამ, რატომღაც, ჩვენთვის უცხადესი სულაც არ არის ცხადი ეკუმენისტებისათვის. აქვე იბადება კითხვა: რატომ დაიწყო საღვთისმეტყველო დიალოგი სწორედ ეკლესიის საიდუმლოთი წმინდა სამების ჭრილშუქში (Таина Церкви „Евхаристии в свете тайны троицы"). (მიუნხენი 1982).

   იმიტომ, რომ ეკუმენისტებს სჭირდებათ პაპის აბსოლუტური პირველობის დოგმატურ დონეზე დეკლარირება. მანამდე კი მართლმადიდებლებში „აღმოსავლეთის პაპის" ინსტიტუტის დამკვიდრება. (გაგრძელება იქნება...)








1 ციტ. Прот. В. Леонов. Отступления Константинопольского патриарха от православия. www.pravoslavie.ru.

2 Митр. И. Влахос. Диалог между Православными и римо-католиками. www.apologet.s.p.b.ru.

3 იქვე. მიტრ. ი. ვლახოსთან.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება