მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ი. ზიზიულასის ახალი თეზა - „ეკლესია - წმინდა სამების ხატი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ი. ზიზიულასის ახალი თეზა - „ეკლესია - წმინდა სამების ხატი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


27-07-2022, 21:11

 

   უფრო შემაშფოთებელია მიტროპოლიტი ი. ზიზიულასის თეზა - „ეკლესია - წმინდა სამების ხატი". თავის „ღვთისმეტყველებაში" პერგამელი მიტროპოლიტი ცდილობს კიდევ უფრო გაშალოს, გააღრმავოს პირველობა-პრიმატის საკითხი: „პირველობა თვით სამების ცხოვრებაშიც კი არსებობს, რაკი მამა წმინდა სამების პირთა „მიზეზს" წარმოადგენს როგორც საწყისი ყოველივე ღვთაებრივი ენერგიისა და მოქმედებისა... პირველობა ეკლესიაში წმინდა სამებისა და ქრისტეს შესახებ სწავლებიდან წარმოიშვა, პირველობას ღრმა საღვთისმეტყველო საფუძვლები აქვს. ეს პირველობა წმინდა სამებისა და ქრისტეს შესახებ ღმრთისმეტყველებაშია ასახული და ცხადად ჩანს, როცა primus (ლათ. პირველი), ანუ ეპისკოპოსი ეკლესიაში მამა ღმერთის ადგილმონაცვლედ განიხილება".1

   მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის ეს არამართლმადიდებლური თეზა საფუძვლად დაედო კრეტის კრების დოკუმენტებს.

   წმინდა სამების არსში ცვლილებების შეტანის მიზნით წმ. ბასილი დიდის ავტორიტეტის მოხმობა დასჭირდა. ამიტომ ი. ზიზიულასი წმ. ბასილის მიერ სამების თვისებათა გამომხატველ ტერმინს „общность" - სამივე პირისათვის (მამა, ძე, სულიწმინდა) საერთოს ოსტატურად ცვლის ტერმინ "общение"-თი (ურთიერთობა). ი. ზიზიულასი ამახინჯებს წმ. ბასილი დიდის თხზულებას - „სულიწმიდისათვის" (თავი 26. პუნქტ. 68). ის წერს: „წმ. ბასილი, ნაცვლად იმისა, ისაუბროს, რომ ღმერთი ერთია მისი ბუნების თვალსაზრისით (ე.ი. ესაუბრა ღმერთის ერთბუნებიანობაზე), იგი ამჯობინებს ილაპარაკოს ღმერთზე პირთა ურთიერთმიმართების თვალსაზრისით. „ერთობა" ბასილი დიდისთვის ონტოლოგიური ცნებაა. ღმერთის ბუნება ესაა ერთობა ეს არ ნიშნავს, რომ პირები ონტოლოგიურად წინ უსწრებენ საერთო ღმრთეებრივ არსს, არამედ იმას, რომ ღვთაებრივი არსი ემთხვევა სამი პირის ერთიანობას".2

   თავისთავად ცხადია, რომ ბასილი დიდის სიტყვა სრულიად დამახინჯებულია, რაც წმინდანის ნაწერების ზედაპირული წაკითხვითაც კი ჩანს. წმ. ბასილი დიდი წერს: „ვინაიდან ძე მამაშია, ხოლო მამა ძეში, იმიტომ რომ ძეც ისეთივეა, როგორც მამა და მამა ისეთივე როგორც ძე, და ამაში ისინი ერთიანნი არიან. ამიტომ არა პირების - ერთისა და მეორის განსხვავებულ თვისებებზე, არამედ ორივესთვის საერთო (общность), ერთობლივზე - ერთია.3

   როგორც ვხედავთ, ი. ზიზიულასის სწავლებაში წმ. ბასილი დიდისაგან განსხვავებული საღვთისმეტყველო აზრი ფიქსირდება.

   მსგავსი იდეოლოგიური აფიორა დამახასიათებელია ზოგადად მოდერნისტული ღვთისმეტყველებისთვის. ცხადია, ზიზიულასის ახალ ტერმინოლოგიასაც შორს გათვლილი მიზნები აქვს.

   სწორედ ის „ურთიერთობა", რომელზეც საუბრობს ი. ზიზიულასი, შეუძლებელია გამოვიყენოთ ტრიოდოლოგიაში - წმინდა სამების შიდა ცხოვრების, შინაარსის გამოსახატად, სადაც პირების ერთიანი, ერთობლივი თვისება არ იძლევა მსგავსი ინტერპრეტაციის საშუალებას.

   იოანე დამასკელი ამბობს: „ზეარსება და მიუწვდომელი წმინდა სამების პირთა ურთიერთდამოკიდებულება განსხვავდება ადამიანურისაგან. ვინაიდან აქ საერთოობა, ერთობა (общность) და ერთიანობა (არა გონების), არამედ დანამდვილებითია, პირთა თანამარადიულობის და მათ არსებათა ერთარსების, მოქმედებისა და ნების თანხმობითი შემეცნებითი უნარების, უფლებამოსილებისა და ძალის ერთარსების მიზეზით. მე არ მითქვამს მსგავსების, არამედ ერთარსების გამო...".4

   წმინდა სამების პირთა ურთიერთობის (ურთიერთმიმართების) თეზა ი. ზიზიულასს საიმისოდ სჭირდება, რომ სამების პირთა ურთიერთობის ანალოგი გადმოიტანოს ამ ცხოვრებაში და ადამიანთა შორის ურთიერთობის ანალოგად დაგვისახოს. ამას ადასტურებს კრეტის კრების ტექსტი, სადაც ი. ზიზიულასის იდეოლოგიაზე დაყრდნობით ისმის ასეთი ფრაზა: „როგორც პიროვნებათა საზოგადოების წევრის, რომელიც კაცთა მოდგმის ერთიანობაში მადლის მეშვეობით (მიერ) ასახავს საღმრთო პიროვნებათა ცხოვრებასა და ურთიერთობას წმინდა სამებაში".5

   ასეთი გაიგივება, ანალოგის ძიება დამახასიათებელია პაპისტური სწავლებისთვის, რომელსაც „ყოფის ანალოგია" („analogia entis”) ეწოდება. ამ პრინციპის მიხედვით ქმნილი ბუნება უქმნელის, ანუ ღვთაებრივის ანალოგიურია, მისი ბადალია. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად კი, წმინდა სამების უქმნელი არსება, თავისი არსითა და ხარისხით, სრულიად მიუწვდომელია კაცთა ან ანგელოზთა გონებისთვის. მაგალითად, თუ მხოლოდ კაცობრივი კრიტერიუმით ვიხელმძღვანელებთ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ წმინდა სამება - ესაა კრება ან ერთობა. ი. ზიზიულასი ცდილობს მოძებნოს ღვთაებრივსა და კაცობრივს შორის განსხვავებათა გადალახვის ფორმა, რაც მის მოდერნისტულ მიმართულებაში „საკრალური" მნიშვნელობისაა.

   ამრიგად, „მართლმადიდებელი ეკუმენისტების" (ამ შემთხვევაში ი. ზიზიულასის) სწავლების არსი ასეთია: ეკლესია წმინდა სამების ხატია, წმინდა სამება კი სამი პირის კრება. ამ კრებაში პირველი მამაა და იგი უზრუნველყოფს წმინდა სამების კრების ერთიანობას. მაშასადამე, ეკლესიაც, როგორც წმინდა სამების ხატი, მუდმივმოქმედი კრებაა, რომელიც „საღვთისმეტყველო" მიზეზებით პირველ პირს (ცხადია, მსოფლიო მასშტაბისას) საჭიროებს.

   ეკუმენისტურ წრეებში ნელ-ნელა ყალიბდება თეორია, თითქოს მართლმადიდებლობაში არსებობს ერთგვარი პირველობა, პაპისტების მსგავსი, ოღონდ იგი ეფუძნება არა კათოლიკებისეულ „პეტრეს დოგმატს", არამედ წმინდა სამების დოგმატს. ღვთისმეტყველების დოქტორი, დეკანოზი თეოდორე ზისისი ირონიით შენიშნავს: „ახალმა „ღვთისმეტყველებამ" გააოცა თვით პაპისტებიც კი, რომლებიც პაპის პირველობას პეტრე მოციქულის პირველობაზე აგებდნენ. ჩვენმა „მართლმადიდებელმა" პერგამელმა მიტროპოლიტმა იოანემ მსოფლიო პატრიარქის პირველობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასწია. თავის თეზას მან მკრეხელურად დაუდო ტრიოდოლოგიური საფუძვლები და სწავლება: როგორც წმინდა სამებაში არსებობს პირველი - მამა, ასევე ეკლესიაშიც უნდა იყოს პირველი. წმინდა სამებაში მამის მონარქია თურმე ამართლებს პირველის მონარქიას ეკლესიაშიც. ამიტომ „პირველი" მონარქი არ არის ვალდებული ანგარიში გაუწიოს სხვა ადგილობრივი ეკლესიის პატრიარქებს, სამღვდელოებას და ერთპიროვნულად წყვეტს ყველა არსებულ პრობლემას, თვით სხვა, ადგილობრივი ეკლესიების კანონიკურ ტერიტორიებზე შეჭრითაც კი".6 (გაგრძელება იქნება...)





1 ი. ზიზიულასი. „საყოველთაობა და პრიმატი". 2015. გვ. 29. ციტირება „ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს" (ნაწილი 2).

2 ი. ზიზიულასი. შრომები. ტ. 1. გამომც. „დომოსი". ათენი 2016. გვ. 260.

3 Св. Василий Великий. О Святом духе. 18. II. Творения. 4. III. М. 1993. С. 300. О божьем несложном естестве. единение – в общении Божества.

4 Преп. И. Дамаскин. Точное изложение православной веры. Кн. 1. Гл. VIII. М. 2006.

5 კრეტის კრება (2016). „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში". (თავი 2. I პუნქტი).

6 Ф. Зисис. Обьеденение еретиков (Папистов. Протестантов) с церковью. Apologet.spb.ru. Богословские диалоги.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება