მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სხვადყოფნა ი. ზიზიულასის კონცეფციაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

სხვადყოფნა ი. ზიზიულასის კონცეფციაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


26-07-2022, 18:56

 

   ახალი საღვთისმეტყველო კონცეფციის ტრენდულ ფილოსოფიურ შეხედულებებს მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი („სხვადყოფნა" (инаковость), „ურთიერთობის ღვთისმეტყველება") მ. ბუბერის, ე. ლევანასის, ჰაიდეგერისა და სარტრის ფილოსოფიას დაესესხა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად მოდერნის ფილოსოფია ახორციელებს მამებისეული ღვთისმეტყველების ფილოსოფიურ ყაიდაზე რეკონსტრუქციას.

   ი. ზიზიულასის „ონტოლოგია" სინამდვილეში გერმანული იდეალისტური ფილოსოფიის ინტერპრეტაციაა.

   ძირითადი ამოცანა, რომელსაც ი. ზიზიულასი ისახავს, არის: ააგოს ისეთი ფსევდოორთოდოქსული სისტემა, სადაც ჭეშმარიტება არა მარადიულობის, არამედ კაცობრივი ისტორიის ატრიბუტად გვევლინება. საამისოდ ი. ზიზიულასს ეკლესიის დოგმატური ცნობიერების დისკრედიტაცია სჭირდება.

   ი. ზიზიულასი წერს: „ამჟამად ისტორია ონტოპოლიურ ჭრილში განიხილება, ხოლო ისტორიის ჭეშმარიტებანი თავად ქმნილების ჭეშმარიტების იდენტურია: ერთიც და მეორეც მომავალზეა ორიენტირებული".1

   თუკი მართლმადიდებლურ საწყისებზე განვიხილავთ ამ ტექსტს, ეს ნიშნავს: „ისტორიის ონტოლოგიური ხედვის" ცნებამ ჭეშმარიტების ადგილი, ხოლო ონტოლოგიამ (ყოფიერებამ) თეოლოგიური ცოდნის ადგილი დაიკავა. არსებითად, ეს რევოლუციაა ღვთისმეტყველებაში, რომელსაც ი. ზიზიულასი კაბადოკიელთა ღვთისმეტყველების რენესანსად სახელდებს: „კაბადოკიურ ღვთისმეტყველებაში ჩვენთვის გადამწყვეტი ის არის, რომ საღმრთო ერთსაწყისობა, ონტოლოგიური გაგებით დაკავშირებულია არა საღვთო სუბსტანციასთან (არსთან), არამედ მამასთან".2

   მისი აზრით, ყველაფერი, ისტორიულად არსებული - ჭეშმარიტებაა, იმიტომ რომ ის თავად ქმნილების იდენტურია და მომავალზეა ორიენტირებული.

   აი რას წერს ი. ზიზიულასი: „თუკი ჭეშმარიტება ურთიერთობის მეშვეობით საბოლოო ჯამში გაიგივებულია ყოფიერებასთან, მაშინ რა გვიშლის ხელს, დავუბრუნდეთ ლოგოსის ბერძნულ ონტოლოგიას და გავაერთიანოთ ღმერთი სამყაროსთან, სწორედ რომ ყოფიერებისა და ურთიერთობის ძალით".3

   აქ, კვლავ რიტორიკული შეკითხვის მანერით, ი. ზიზიულასი თავისი კონცეფციის საბოლოო მიზნის განხორციელებას უახლოვდება, კერძოდ:

   1) ჭეშმარიტებისა და ყოფიერების გაიგივებას.

   2) ქრისტიანულ ლოგოსზე უარის თქმას.

   3) საბოლოო ჯამში ყოფიერების ჭეშმარიტ ფასეულობად გამოცხადებას.

   წმინდა წერილი გვასწავლის: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს".

   როგორც ვხედავთ, ტრადიციულ ღვთისმეტყველებაში ყოველგვარი ურთიერთობა როდი გახლავთ ფასეულობა, არამედ მხოლოდ „ქრისტესა და სახარებისათვის" ურთიერთობა, ანუ სწორედ რომ ჭეშმარიტებაში ურთიერთობაა ფასეულობა და მის მიღმა ურთიერთობა აღარაა ფასეულობა.

   „სხვადყოფნა" „ურთიერთობის ღვთისმეტყველების" მოდერნისტულ მიმართულებაში „სხვაგვარადმადიდებლობის" (ანუ ერესის, თან არა მხოლოდ როგორც ეკლესიოლოგიური, არამედ სარწმუნოებრივი ნორმის, სხვადასხვა დოგმატური სწავლების მშვიდობიანი თანაარსებობა) დაკანონებას ნიშნავს. სწორედ ამ კონცეფციის „წყალობით" ი. ზიზიულასი ფიქრობს ლათინებთან „სწრაფი კავშირების" დამყარებასა და აღდგენას.

   ი. ზიზიულასის ბოლო დროს გამოცემული წიგნი „თანაზიარება და სხვადყოფნა" კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „სხვადყოფნა" როგორც ცნება, ცენტრალურ ადგილს იკავებს ქრისტიანობის გააზრების მისეულ კონცეფციაში. მკითხველებმა, რომლებიც იტანჯებიან ი. ზიზიულასის სოფიზმებით, სინამდვილეში უნდა იცოდნენ, რომ მისი ძირითადი სათქმელი მარტივია (ის შეგნებულად ართულებს სათქმელს ფილოსოფიური ტერმინებით, რათა „აღმატებულ ღვთისმეტყველებად" წარმოაჩინოს თავისი ერეტიკული სწავლებები): ადამიანები სხვა ბუნებებთან მიმართებით არსებული ღვთაებრივი „ლოგოსები", „იდეები" ვართ, რომლებიც ჭეშმარიტებას საზოგადოებასთან (აღმსარებლობის განურჩევლად) და არა ღმერთთან ურთიერთობით ვპოულობთ.

   „სხვადყოფნის" თვალსაჩინო მოდელი, მისი აზრით, წმინდა სამებაა, ხოლო ეკლესია იმისთვის არსებობს, რომ მონაწილეობის ნება მოგცეს ამ „სოციალური (არა სარწმუნოებრივი) ურთიერთობებით", „დიალოგებით", „უნივერსალური" რელიგიის ჩამოყალიბებისათვის. თურმე, „სხვადყოფნის" არსი არა სეკულარიზმსა და მოდერნიზმში, არამედ თვით წმინდა სამების ურთიერთობაში იმალება. „შეიძლება კი ლიბერალმა უარი თქვას თავის უფლებებზე?" - კითხულობს ი. ზიზიულასი. (გაგრძელება იქნება...)





1 И. Зизиулас. Бытие как обшение.

2 ი. ზიზიულასი. „თანაზიარება და სხვადყოფნა". გვ. 58. პოლ. მაკვარტლანის რედაქციით.

3 И. Зизиулас. Бытие как обшение.

4 იქვე. И. Зизиулас. Бытие как общение.








დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება