მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ურთიერთობის ღვთისმეტყველება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„ურთიერთობის ღვთისმეტყველება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე25-07-2022, 17:17 |
XX საუკუნის დამდეგს ეკლესიის წიაღში მრავალმა მოდერნისტულ-განმაახლებლურმა მიმართულებამ („ზნეობრივი მონიზმი", „ნეოპატრისტიკული სინთეზი", „მართლმადიდებლური სოციალიზმი", „სოფიოლოგი"... და ა.შ.) იჩინა თავი. მათ შორის ერთ-ერთი „საპატიო" ადგილი მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის „ურთიერთობის ღვთისმეტყველებამ" დაიკავა.
მოდერნისტულ საღვთისმეტყველო მიმართულებებს ბევრი აქვთ საერთო: მექანიზმები, მეთოდები... ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი „სინთეზია". ე.ი. კონკრეტული მოდერნისტული მიმართულება სხვადასხვა საერო-ერეტიკულ, რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებათა „სინთეზით", ურთიერთაღრევით აყალიბებს საკუთარ საღვთისმეტყველო კონცეფციას. ამ გზით მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, პატრისტიკა, წმინდა მამებისეული სწავლება მათ ხელში მხოლოდ სინთეზის „წყალობით" მივყავართ „ურთიერთობის ღვთისმეტყველების" კონცეფციასაც პოსტღვთისმეტყველებამდე ანუ ყალბ თეოლოგიურ დასკვნამდე, რაც მთლიანად აცდენილია ტრადიციულ მართლმადიდებლურ ხედვას. არსებითად, ეს გახლავთ გნოსტიკური შეხედულებებით გამსჭვალულ ადამიანთა ურთიერთმიმართება და არა ღმერთთან ურთიერთობა. მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი საკუთარი საღვთისმეტყველო კონცეფციის მამებისეულად გასაღების მიზნით იძულებულია მიმართოს შეგნებულ მანიპულაციას, არაკორექტულ თარგმანს და ა.შ. მისი ნაშრომების დაკვირვებული (მართლმადიდებლური ინტუიციის, ალღოიანი და გემოვნებიანი) მკითხველი დაინახავს, რომ წმინდა მამათა სწავლებასა და მის „ღვთისმეტყველებას" შორის საერთო არაფერია. იმასაც კი ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ნაწილი მართლმადიდებლური დოგმატებისა (ვთქვათ ოციდან ათი) არამართებულად აქვს გააზრებული, არა - მთლიანად მისი „თეოლოგია" საფუძველშივე აცდენილია მართლმადიდებლურს. არსებითად, ეს გახლავთ ცალკე ფილოსოფიური მიმდინარეობა და ავტორი, საკუთარი კონცეფციის შექმნა-ჩამოყალიბების მიზნით, ხელთ არსებულ ყველა წყაროს (წმ. მამას, ლათინ, პროტესტანტ თეოლოგს, სხვადასხვა ფილოსოფოსს და ა.შ.) სრულიად უყოყმანოდ, უპრობლემოდ იყენებს მიზნის მისაღწევად. ისმის კითხვა: აქვს კი მართლმადიდებელ ავტორს ამის უფლება?! ჩვენი პასუხია: მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის სწავლება არაა მართლმადიდებლობა. ის, როგორც საკუთარი (და არა მართლმადიდებლური) ფილოსოფიური მიმდინარეობის ავტორი მიიჩნევს, რომ ყველაფრის გამოყენების უფლება აქვს, რაც მის კონცეფციას მოერგება. (მაგალითები იხილეთ მომდევნო თავებში). ისეთ სტაჟიან ეკუმენისტ-მოდერნისტს, როგორიცაა ი. ზიზიულასი კარგად ესმის, რომ მართლმადიდებლები არასდროს დაიხევენ უკან თავიანთ შეხედულებებში, ამიტომ კონფესიათაშორისი „დიალოგის" ფარგლებში მუდმივად წამოსწევენ ხოლმე ახალ-ახალ თეორიებს. ერთ-ერთი ასეთი თეზის ავტორი ი. ზიზიულასია, რომლის თანახმადაც თავად დიალოგს, ურთიერთობას ენიჭება ონტოლოგიური შინაარსი მისი პოსტმოდერნისტულ-ფილოსოფიური სწავლების თანახმად, ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის ურთიერთობა. მაგალითად, კათოლიკემ და მართლმადიდებელმა დიალოგი დაიწყო. მისი აზრით, ამ დიალოგს უკვე გააჩნია გარკვეული ჭეშმარიტება და ფუნდამენტურობა. მისთვის ყველაფერი, რაც არსებობს, განპირობებულია ურთიერთობით, რომელსაც არ გააჩნია ყოფიერება თავის თავში. მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი ცდილობს შექმნას ისეთი სისტემა, სადაც „ნებისმიერი ურთიერთობა" ქმნილ სამყაროსთან აღქმულია ვით „ღმერთთან ურთიერთობის საფუძველზე" არსებული. ის წერს: „მეთოდი, რომლითაც ბერძენი მამები ისტორიისადმი მიდგომით განსხვავდებიან, იმაშია, რომ ისინი ონტოლოგიასთან* მჭიდრო კავშირში განიხილავენ. საპირისპირო მიდგომა დასავლეთში ავგუსტინეს დროიდან იწყება. აქ ჭეშმარიტებისა და ისტორიის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემა დროის მარადიულობასთან მიმართების თვალსაზრისით განიხილება, და არა ყოფიერებისა და კრიტიკული მიდგომის თვალსაზრისით, მაგრამ ყოფიერების მოძრაობის იდეისამებრ: შესაძლებელია კი ჭეშმარიტება ყოფიერების მოძრაობაში იყოს მაშინ, როცა ისტორიაში ეს მოძრაობა სიკვდილთან და ხრწნადობასთან ასოცირდება?"1 მოდით, ეს მზაკვრული საღვთისმეტყველო სიახლე გასაგებ ენაზე გადმოვიტანოთ. „ავგუსტინიზმი", რომელსაც ი. ზიზიულასი უწევს ოპოზიციონერობას (თითქოს ბერძენი მამების პოზიციიდან), სინამდვილეში არის ჭეშმარიტი ორთოდოქსული ხედვა („ჭეშმარიტებისა და ისტორიის ურთიერთდამოკიდებულება მარადიულობასთან მიმართებით უნდა განიხილებოდეს") და არა სახელდობრ „დასავლური", „სქოლასტიკური", რომლის დამკვიდრების მცდელობაცაა. სახეზეა ჭეშმარიტი ღვთისმეტყველებიდან „ონტოლოგიურ" ღვთისმეტყველებაზე გადასვლა, სადაც ეკლესიის დოგმატური და კანონიკური ცნობიერება ბათილდება, რაც საერთო მართლმადიდებლურ ცნობიერებაზე უარის თქმას ნიშნავს. მის „ღვთისმეტყველებაში" თავად ჭეშმარიტება აღიქმება თავისუფალი მოძრაობის სუბიექტად, რაც მოდერნისტული იდეოლოგიის ფრთების გაშლისთვის სჭირდება, სადაც საკუთარ ფილოსოფიურ სწავლებაში (და არა მართლმადიდებლობაში) ნებისმიერი თეზა გამოსადეგი და ხელსაყრელია. ი. ზიზიულასი და მასთან ერთად ყველა მოდერნისტ-განმაახლებელი და ადოგმატისტი უარყოფენ ჭეშმარიტების კატეგორიას, როგორც ასეთს. (გაგრძელება იქნება...)
* ონტოლოგია - ფილოსოფიური მოძღვრება ყოფიერების, ანუ არსების არსის სტრუქტურისა და კანონზომიერების შესახებ. 1 И. Зизиулас. Бытие как обшение. Очерки о личности и церкви. М. 2006.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |