მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ახალგაზრდებო არ ცდუნდეთ! - დავით ჯინჭარაძე
ახალგაზრდებო არ ცდუნდეთ! - დავით ჯინჭარაძე8-05-2024, 09:37 |
„დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა."
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ახალგაზრდებო! ჩვენ ცნებების და ღირებულებების გაყალბების და მისაკუთრების ეპოქაში ვცხოვრობთ. დღეს ცნებების წარმოთქმის უკან აღარ იგულისხმება მისი ძირითადი მნიშვნელობა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, იგი შეგნებულად არის იგნორირებული,რადგან სწორედ მისი მართებული განმარტება განსაზღვრავს მის ჭეშმარიტ არსს, რომელიც სწორი განმარტების შემთხვევაში ამხელს მის წარმომთქმელს. ამრიგად, ცნების არსებული დეფინიციის გაყალბებით ჩვენ ვღებულობთ - სიცრუეს ჭეშმარიტების ნაცვლად. სწორედ ამიტომ პოზიცია თუ ოპოზიცია, ლიბერალი თუ კონსერვატორი, მორწმუნე თუ ურწმუნო ერთნაირად ომახიანად მიიჩნევს თავს უმაღლესი ღირებულებების მესაკუთრედ. ჩვენ ორ ძირითად ღირებულებაზე შევჩერდებით, რომელნიც განსაკუთრებით გაყალბდა ბოლო დროს: - ღვთის რწმენა და ეროვნული თვალთახედვა. რწმენაში ჩვენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ვგულისხმობთ, რომელიც არის ღვთისგან დადგენილი ერთადერთი ჭეშმარიტება. ანუ ჩვენ გვწამს ისე, როგორც თავად უფალმა დაგვიდგინა ეკლესიის მეშვეობით, თანაც დაგვიწესა მცნებები და საიდუმლოებები, რომელთა შესრულების გარეშე „სარწმუნოება მკვდარია". რწმენაში დაუშვებელია თავისუფალი განმარტება, ადოგმატური მიდგომა, საკუთარი ინტერპრეტირება - ყოველივე ეს დაგმობილია ეკლესიის მიერ და სასჯესლს ექვემდებარება. ამრიგად, ის რასაც ჩვენ მეტწილად ვხედავთ დღევანდელ პოპულისტურ საზოგადოებაში შეიძლება ითქვას, რომ სარწმუნოებასთან არავითარი კავშირი არა აქვს. მას შეიძლება რწმენის თამაშობანა ვუწოდოთ, ან პირდაპირ ურწმუნოება. სამწუხაროდ, ამ „მაღალფარდოვანი" სიტყვებით ტყუვდება ჩვენი საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდები. გამოსავალს ისევ ეკლესია გვთავაზობს: ნაყოფით (ანუ სარწმუნოებრივი საქმეებით) უნდა შევიცნოთ ისინი. ყალბი მორწმუნეებისაგან გამიჯვნით ჭეშმარიტებას ვვერთგულებთ! ეროვნულობა - სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარულია. ალბათ არაფერი ისე არ გაყალბდა ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეს გრძნობა. აქაც გარკვეული კრიტერიუმებია, რომელნიც განსაზღვრავენ ამ ცნების ჭეშმარიტ არსს. ეროვნული თვალთახედვა არ გახლავთ ცვალებადი, დროებითი ცნება. იგი არ არის პოლიტიკა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ისტორიული რეალობიდან გამომდინარე და არც გარკვეული საზოგადოებრივი სეგმენტის მიერ არჩეული ან თავზე მოხვეული იდეოლოგიური მიმართულებაა. ეროვნული თვალთახედვა - მარადიულ ღირებულებებზე, მრავალსაუკუნოვან სარწმუნოებრივ, ტრადიციულ, კულტურულ ფესვებზე, მოყვასის სიყვარულზე აღზევებული და დაფუძნებული ჭეშმარიტი სულისკვეთებაა. დღეს ხშირად გაიგონებთ: ახალგაზრდები ჩვენი მომავალია! არიან ძალები, რომელთაც ახალგაზრდების ძალა და ენერგია მხოლოდ ძველი წესრიგის (ტრადიციების) დასანგრევად სსურთ. შეგახსენებთ წმინდა ილია ჭავჭავაძის სიტყვებს: ,"აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს". წმინდა ილია გვასწავლის: "ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად, პილიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალი ნაწილის გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა....ამ სიკეთეს დიდი ხანია მიაგნეს ჩვენთა ბედის-გამგებელთა და არ არის ჩვენში არც ერთი სახელგანთქმული კაცი, ან მეფე, რომ, სხვათა შორის, ამ თვალით არ ეყურებინა ქრისტეს სარწმუნოებისათვის". ამრიგად, ახალგაზრდებო! ვისწავლოთ და არ შეგვეშინდეს ცნებებისთვის თავისი სახელის დარქმევა, სწორი ანალიზი და სიცრუისგან გამიჯვნა. რაც ყველაზე მთავარია, გვახსოვდეს, რომ მხოლოდ რაციონალისტური გათვლებით არასდროს არ აზროვნებდა ქართველი. ურწმუნოებით კეთილდღეობა არ დამყარდება!
დავით ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |