მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > პენტარქიის კონცეფცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პენტარქიის კონცეფცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


20-06-2022, 00:02

პენტარქიის კონცეფცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   პენტარქიის, იგივე ხუთმმართველობის, საღვთისმეტყველო კონცეფცია ბიზანტიაში ეტაპობრივად შემუშავდა. მის საფუძველზე მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული საჭირბოროტო, სადაო საკითხები ხუთი კათედრის (რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი) მიერ განიხილება.

   პირველი, ვინც ხუთი პატრიარქის არსებობასა და მნიშვნელობაზე საუბრობდა, იყო იმპერატორი იუსტინიანე. დიახ, იმპერატორი თავის ნოველებში საუბრობს ხუთი პატრიარქის (და არა პენტარქიის) როგორც მისი ეპოქის ისტორიული მოცემულობის შესახებ. ამასთან, არსად ჩანს, რომ იმპერატორი უარყოფდა ახალი საპატრიარქოების გაჩენის შესაძლებლობას. ეს არც იყო მისი კომპეტენციის საგანი. თავის ნოველებში ის წერდა, რომ ეკლესიაში არსებობდა ხუთი პატრიარქი, რომლებსაც მართვა-გამგეობა გადანაწილებული ჰქონდათ იმპერიის ტერიტორიაზე და რომლებიც, ერეტიკოსებისაგან განსახვავებით, კანონიკურ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან.

   N123 ნოველაში (თავი 22) ნათქვამია, რომ ხუთივე პატრიარქს საკუთარ ოლქებში (ეპარქიებში), ეპისკოპოსებს შორის დავის შემთხვევაში, გააჩნიათ უზენაესი აპელაციის (განსჯის) უფლება.

   N131 ნოველაში ნათქვამია: II და IV მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს ეკლესიების თანმიმდევრობის შესახებ სახელმწიფოებრივი სტატუსი მიენიჭა.

   N137 ნოველაში ნათქვამია: პატრიარქები უნდა აწარმოებდნენ სასამართლო პროცესებს საკუთარი საპატრიარქოების ფარგლებში.1

   როგორც ვხედავთ, იუსტინიანე სულაც არ ახდენს ხუთი პატრიარქის კონცეფციის საკრალიზებას, თითქოს მეორედ მოსვლამდე მხოლოდ ისინი უნდა არსებობდნენ. ცხადია, რომ აქ საუბარია ხუთ პატრიარქზე, როგორც ისტორიულ ფაქტზე, მოცემულობაზე და არა პენტარქიის კონცეფციაზე.

   პენტარქიის კონცეფციის იდეოლოგიური დატვირთვა ეკლესიაში მოგვიანებით გაჩნდა. ერთ-ერთი გამოჩენილი იდეოლოგი ანტიოქიის პატრიარქი პეტრე (105 წ.) გახლდათ. მისი თეორიის თანახმად, „ღვთაებრივმა მადლმა მსოფლიოში ხუთი პატრიარქი დაადგინა და მათი რიცხვი ქრისტეს სხეულში - ეკლესიაში - უცვლელია. ხუთი პატრიარქი ადამიანის ხუთი გრძნობის მანიშნებელია. ხუთივე თანასწორნი და თანაბარუფლებრივნი არიან".2

   ამ კონცეფციის მომხრე იყო ასევე გამოჩენილი კანონმცოდნე პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XII ს). ისიც საუბრობს ხუთი პატრიარქის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. მისი აზრით, მართალია, რომი განუდგა ჭეშმარიტებას, მაგრამ ის იმედოვნებს, რომ კათოლიკები დაუბრუნდებიან ქრისტეს ეკლესიას და აღდგება პენტარქიული მმართველობა, რაც ცხადია, არადამაჯერებლად ჟღერს დღევანდელი გადასახედიდან.

   ორივე შემთხვევაში იბადება კითხვები:

   1) ნუთუ ქრისტეს სხეული - ეკლესია, იმ პერიოდისთვის, როდესაც ჯერ არ იყო ხუთი პატრიარქი, ნაკლულოვანი იყო რაიმეთი?

   2) ნუთუ მართლმადიდებლები უნდა ველოდოთ, როდის შეინანებს რომის ეკლესია და დაუბრუნდება „ხუთეულს", რათა კონსესუსმა იზეიმოს?

   3) და ბოლოს: რა ბრალი მიუძღვით დანარჩენ ავტოკეფალურ ეკლესიებს, რითი ვერ „ავმაღლდით" მათ „დონემდე", რა ასეთი უპირატესობა გააჩნიათ პატივით პირველობის გარდა?

   ცხადია, დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიებისთვის (და არა მხოლოდ) მსგავსი კონცეფციის განვითარება კაზუსია, რომელსაც არა აქვს დასაყრდენი კანონიკურ სამართალში. ვ. ციპინმა „ხუთმგრძნობელობიანი პენტარქიის კონცეფციას კურიოზული სწავლება უწოდა, რომელიც კანონიკური თვალსაზრისით უპასუხისმგებლოა".3

   ამრიგად, პენტარქიის კონცეფცია, ვით ერთგვარი განსაკუთრებული უფლებამოსილების ორგანო, არც ერთ კომპეტენტურ განსაზღვრებაში არ იძებნება. ვერსად იპოვით მსოფლიო კრებების კანონებში, რომ ეკლესიის უფლებამოსილი ორგანო, მხოლოდ ხუთი პატრიარქისაგან შედგება, ხოლო დანარჩენი პატრიარქები უნდა ემორჩილებოდნენ მათ.

   ცხადზე უცხადესია, რომ მსოფლიო ეკლესიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესზე ზეგავლენას ახდენდა როგორც საეკლესიო, ისე სამოქალაქო ფაქტორებიც. ხუთ საპატრიარქოში იმთავითვე იგულისხმებოდა საერთომართლმადიდებლური კონსესუსი - ქრისტეს ეკლესია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომის დაცემის შემდეგ არა პენტარქია, არამედ ტეტრარქია უნდა დარქმეოდა. ბიზანტიის არსებობის დროს მოვიპოვეთ ავტოკეფალია და მის შემდეგ ისტორიული პროცესების განვითარებამ მრავალი ადგილობრივი ეკლესია შესძინა წმინდა ეკლესიას. თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით. (გაგრძელება იქნება...)






1 Новелы Императора Иустиниана.

2 Прот. А. Новиков. О пентархии. Исторический фонд стратегии и культуры.

3 В. Цыпин. Церковное право. С.48.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება