მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > პენტარქიის ჩამოყალიბების ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პენტარქიის ჩამოყალიბების ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


19-06-2022, 13:23

 

   მოციქულთასწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის დროს ეკლესია, სამსაუკუნოვანი დევნის შემდეგ, როგორც იქნა, გამოვიდა კატაკომპებიდან - ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეკლესიას თავის ცხოვრება, წეს-განგება იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად უნდა მოეწყო. ვინაიდან იმპერია დაყოფილი იყო პროვინციებად, ხოლო პროვინციები, თავის მხრივ, დიოცეზებად, საეკლესიო მმართველობითი სისტემაც ამის შესატყვისად ყალიბდებოდა: მიტროპოლიები, საეპისკოპოები და მოგვიანებით - საპატრიარქოები.

   იმპერიის პროვინციების მიხედვით ეკლესიის მიტროპოლიებად დაყოფა პირველად ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე (325) გაცხადდა. VI კანონის თანახმად, თითოეულ მიტროპოლიასა და საეპისკოპოსოს თავისი, კანონით განსაზღვრული, ტერიტორიები ებარა, რათა რაიმე უთანხმოება არ მომხდარიყო ეკლესიის წიაღში.

   „პატრიარქის" ტიტული პირველად იმპერატორმა იუსტინე I-მა გამოიყენა. ამით, იმთავითვე გაესვა ხაზი მიტროპოლიტებზე გაცილებით აღმატებულ დონეს პატრიარქებისას.

   იმპერიის ძირითადი პროვინციები ხუთ ნაწილად იყო დაყოფილი, შესაბამისად, დაარსდა ხუთი საპატრიარქოც.

   ხუთი პატრიარქის - პენტარქიის სისტემა თანდათან ჩამოყალიბდა იმპერიაში და რამდენიმე ასწლეულის მანძილზე განსაზღვრავდა საეკლესიო მმართველობის სტრუქტურას.

   პენტარქია (Pentarhia „ხუთი" და archien „მართვა") ეკლესიის ორგანიზაციის მოდელია, რომელიც იმპერატორ იუსტინიანე I-ის პერიოდში ჩამოყალიბდა და მის ნოველებში აისახა. ამ მოდელის თანახმად, ქრისტიანულ ეკლესიას ხუთი საეპისკოპოსო საყდრის (რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის) პატრიარქები მართავენ.

   ცხადია, პატივით პირველობა რომის, ვით იმპერიის დედაქალაქის, თავთა მოციქულთა - პეტრესა და პავლეს მიერ დამოწაფებული ქალაქის, საეპისკოპოსო კათედრას ეკუთვნოდა.

   პატივით მეორე ადგილი თავდაპირველად ალექსანდრიის კათედრას ერგო, როგორც სიდიდით მეორე ქალაქს (პროვინციას), რომელიც მარკოზ მახარებელმა დააარსა.

   შემდეგ მოდიოდა ანტიოქია. ის ქრისტიანობის უპირველეს დედაქალაქად ითვლებოდა, ვინაიდან, იქ მაცხოვრის მიმდევრებს ჯერ კიდევ პავლე მოციქულის მოღვაწეობის დროიდან, უკვე „ქრისტიანებს" უწოდებდნენ.

   რაც შეეხება იერუსალიმს, იგი საპატრიარქო საყდრად შედარებით გვიან ჩამოყალიბდა (IV მსოფლიო კრებაზე) და ეს სტატუსი მაცხოვრის მოღვაწეობის (ცხოვრების) გამო მიენიჭა.

   კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის პატივით ამაღლება მხოლოდ 330 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთში გადაიტანა და კონსტანტინოპოლი უწოდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი რიგით (დიპტიხით) მეოთხე უნდა გამხდარიყო, მაგრამ დედაქალაქის გადატანამ რომს პატივით პირველობა დააკარგვინა. შესამაბისად, დაირღვა ალექსანდრიისა და ანტიოქიის სამოციქულო უფლებამოსილებაც.

   კონსტანტინოპოლის მეორე მხოფლიო კრებამ (381 წ.) დაადგინა: „კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს კი აქვს რომის ეპისკოპოსის შემდეგ პატივის პრეროგატივა, რადგან კონსტანტინოპოლი ახალი რომია". „პატივით პრეროგატივა" არ მოიცავდა ეპარქიის გარეთ ტერიტორიას. ეპისკოპოსი არ უნდა გასცდენოდა თავის ეპარქიას, მის საზღვრებს გარეთ რომ მდებარეობდა.

   ქალკედონის IV მსოფლიო კრებაზე მიღებული 28-ე კანონი ამას ადასტურებს. კონსტანტინოპოლს, როგორც პატივით მეორე რომს „თრაკიის გარდა, პონტოსა და აზიის ტერიტორიები გადაეცა", რაც პირდაპირ მიგვანიშნებს რომ კონსტანტინოპოლის საყდარი, პატივით პრივილეგიის მიუხედავად, არ ფლობდა უფლებამოსილებას დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებზე, როგორც ამას დღეს იჩემებს.

   მე-7 და მე-8 საუკუნეებში პენტარქიის მნიშვნელობა გაიზარდა. ეკლესიის ხუთი სვეტის პრინციპი ნიშნავდა, რომ შეუძლებელი იყო ხუთივე ერთდროულად ყოფილიყო ცდომილებაში. ისინი ასევე ადამიანის სხეულის ხუთ გრძნობას შეადარეს - ყველა თანაბარი და სრულიად დამოუკიდებელი ერთმანეთისაგან და არც ერთი არ აღემატება სხვას. (გაგრძელება იქნება...)



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება