მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ვითარება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ვითარება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე23-05-2022, 10:03 |
ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ეთნიკურ-სარწმუნოებრივი ნიშნით არსებულ პრობლემებზე საუბარი დღეს რა თქმა უნდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიით უნდა დავიწყოთ. დაუნდობელი ბრძოლა უკრაინის ტერიტორიების პარალელურად ადამიანთა სულების მიტაცებისთვისაც მიმდინარეობს. უბრალოდ, გადავავლოთ თვალი პროცესებს და დავინახავთ, ვინაა დღეს ჯვარცმული - ეს არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. არსებული ვითარების მიუხედავად, მისი მრევლი დღესაც უკრაინელთა უმრავლესობა წარმოადგენს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ორ ცეცხლსშორსაა. მისმა ლიდერმა, მიტროპოლიტმა ონოფრემ ომის დაწყებისთანავე ამხილა რუსეთის აგრესია, მაგრამ ის რჩება და მოიაზრება (ყოველ შემთხვევაში დღემდე) მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. ამავე დროს, ეკლესიის წევრები, როგორც ქვეყნის შვილები, იბრძვიან და ლოცულობენ სამშობლოს მთლიანობის დაცვისა და მშვიდობისათვის. მეორე მხრივ, მათ დევნიან, როგორც მოღალატეებს. მათ წინააღმდეგ მზადდება კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შემთხვევაში უკანონოდ გამოცხადდებიან. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მათ დევნას, ტაძრების წართმევას, ძალადობას და ა.შ. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განვითარებული დრამა გვავალდებულებს კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩავწვდეთ პრობლემის არსს. ეს ხომ არა მხოლოდ გეოპოლიტიკური კონფლიქტია ა.შ.შ.-სა და რუსეთს შორის, არც მხოლოდ ეკლესიის ლიდერების (მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის) ბრძოლა უფლებამოსილებისთვის. პრობლემის სათავე თავად უკრაინელი ხალხის მენტალურ გაყოფაში მდგომარეობს. ეს პრობლემა რამდენიმე ასწლეულია არსებობს. უკრაინელების ერთი ნაწილი მართლმადიდებლური რუსეთისკენ იხრებოდა, მეორე - კათოლიკური პოლონეთისკენ. ამგვარი სულიერი პოლარიზება დროდადრო სხვადასხვა ფორმებს იძენდა და საბოლოო ჯამში ძლიერ ვნებდა უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამდენად, უკრაინელ ერში არსებული ვითარება წმინდა სულიერი განზომილების პრობლემაა - ეხება როგორც სარწმუნოებრივ და დოგმატურ-კანონიკურ, ისე მენტალურ და კულტურულ სფეროებს. ამგვარმა გაორებამ განმსჭვალა უკრაინელი ხალხის ფსიქიკა და ის მეტად მყიფე და მერყევ ნაციონალურ იდენტობამდე მიიყვანა. ამ ისტორიულ ავანტიურაში (ჩვენი აზრით) ყველაზე გადამწყვეტი ნიშა სწორედ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უჭირავს. თავისი განსაკუთრებული ეთნო-პოლიტიკური სტატუსით, მას ბალანსის დაცვის ფუნქცია აკისრია უკრაინაში. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება ან მთლიანი უგულებელყოფა თავად უკრაინას, ვით ერთიან ნაციას, საფრთხის ქვეშ დააყენებს. ეს არაერთგვარ მიზნებისთვის მებრძოლთა ირონიული კატასტროფაა. პრობლემის გააზრებისთვის ახლო წარსულის მოკლე ექსკურსი დაგვჭირდება. 1992 წ. მაშინდელი კიევის მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო) არ აირჩიეს მოსკოვის პატრიარქად და ამის საპასუხოდ მოითხოვა მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, საპატრიარქო სტატუსის ჩათვლით. გარკვეული პერიოდი ეს საკითხი შიდა პრობლემად რჩებოდა. ა.შ.შ.-ს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ უკრაინა მოაჭრას რუსეთს (არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ კულტურულ-მენტალურადაც), ფილარეტის ამბიციებმაც გაიღვიძა. დასავლეთისთვის ეს კარგი პლაცდარმი იყო, რათა ორი მიმართულებით განეხორციელებინა უკრაინის მენტალური სახეცვლილება: 1) გაღვივებულიყო განხეთქილება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, უკანონოდ „ავტოკეფალიის" შექმნით. 2) გაღვივებულიყო უკრაინული ნაციონალიზმი ცნობილი სტეფანე ბანდერას და მის მსგავს პირთა მეშვეობით. ყოველივე ეს ძლიერ იარაღად იქცა გარე ძალების ხელში. გეგმის განხორციელების მიზნით, მოპოვებული იქნა მთელი ამერიკული სახელმწიფოებრივი არსენალი. შედეგად, ყველაფერმა, რაცკი შესაძლოა დარჩენილიყო მარგინალურ გამოვლინებად, ორ-სამ ათწლეულში მთლიანად შეაღწია ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სისტემურად განმსჭვალა უკრაინელების ცნობიერება. ამის მიუხედავად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რჩება ერთადერთ ძირითად სვეტად, ფანატიზმს მოკლებულ და ჭეშმარიტი ნაციონალური ინტერესების დამცველ, მაგრამ რუსეთის ეკლესიასთან სულიერ-კანონიკურ კავშირში მყოფ ინსტიტუციად. ამგვარ დელიკატურ ვითარებაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სამწლიანი უმოქმედობის შემდეგ შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და უხეშად ჩაერია ქვეყნისა და ეკლესიის პროცესებში. დიდი ალბათობით, ეს გარე ძალების წახალისებული პროექტია. ზოგადად ელინურ და სლავურ ეკლესიებს შორის არსებულ უთანხმოებებს დაემატა კრეტის 2016 წლის კრებაზე რუსეთის (და არა მხოლოდ) ეკლესიის არდასწრება, რასაც მოჰყვა უკრაინის „ავტოკეფალური" ეკლესიის (ეპიფანე) დაარსება და მასთან დაკავშირებული სხვა კაზუსები (ალექსანდრიის, მაკედონიის და ა.შ.). პრობლემის გადაწყვეტა მართლმადიდებელი ეკლესიის სამარათლებრივ-კანონიკური წეს-განგების დაცვაშია, რისი უხეში დარღვევები ორივე მხრიდან გამოიკვეთა. ამჟამად საკითხი ასე დგას: რა შეაჩერებს ამ პროცესებს? ძნელია ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ (თუკი ამის სურვილი და რესურსი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია), უკრაინის დრამის მონაწილეებმა გაიაზრონ პრობლემის ძირითადი მიზეზი და გვერდში დაუდგნენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (უ.მ.ე.-ს) და არა ხელოვნურად შექმნილ „მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინაში" (მ.ე.უ.-ს). ეს კი ორმხრივ დათმობებს მოითხოვს: 1) რუსეთის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიისათვის სრული ავტოკეფალიის მინიჭება. 2) უკრაინელი ხალხის მიერ ერთადერთ კანონიკურ ეკლესიად უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესიის აღიარება. მაგრამ...
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |