მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „რუსული სამყაროს“ კონცეფციის რაობისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„რუსული სამყაროს“ კონცეფციის რაობისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე15-05-2022, 16:26 |
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ერთობ აქტუალური გახდა „რუსული სამყაროს" („Русский мир") კონცეფციის სხვადასხვა (საღვთისმეტყველო, იდეოლოგიურ-ფილოსოფიურ, პოლიტიკურ) ჭრილში განხილვა. საკითხი იმდენად მასშტაბური გახდა, რომ სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიათა სასულიერო პირებმა თუ ღვთისმეტყველებმა არაერთი დეკლარაცია და მიმართვა დაწერეს. თავდაპირველად თავად ტერმინის შესახებ: „რუსული სამყარო" („Русский мир") - სიტყვა „Мир" არ უნდა გავიგოთ, თითქოს „რუსულ მშვიდობაზეა" საუბარი. აქ იგულისხმება რუსული „სამყარო", რომელიც იოლად შეიძლება შეიცვალოს სიტყვებით: „იდეა", „კულტურა", „ცივილიზაცია", „ისტორიული პროექტი", „ფესვი" და ა.შ. სიტყვა „რუსულს" არ გააჩნია მკაცრად ეთნიკური მნიშვნელობა. მასში სხვადასხვა ხალხები მოიაზრება. ძირითადი აქცენტი სიტყვა „World”, „Мир", „სამყარო"-ზე კეთდება. რაც შეეხება თავად კონცეფციის შინაარსს, აქ აზრები იყოფა: ზოგისთვის „რუსული სამყაროს" კონცეფცია ეთნოფილეტიზმის ერესის გამოვლინებაა, ზოგისთვის - სლავიანოფილობის იდეოლოგიისა, ზოგიც კი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს ამ ტერმინში. „რუსული სამყაროს" შინაარსის მიმართ მძიმე ბრალდებები დეკლარაციის სახით დაიწერა: 1) ფინეთის ეკლესიის მიერ ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემიის თაოსნობით. (13. 03. 2022). 2) არქიმანდრიტი კირილეს (გოვორენი) მიერ. (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია). 3) დეკანოზი ანდრეის (პინჩუკი) მიერ (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია). 1) ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემია „რუსულ სამყაროს" განიხილავს როგორც სწავლებას (ცრუსწავლებას, ერესს). სწავლების არსი (მათი აზრით) იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს ერთგვარი ზენაციონალური რუსული გავლენის ან ცივილიზაციის სფერო. სახელწოდებაში რუსეთი, იგულისხმება, „წმინდა რუსეთი", რომელშიც მოიაზრება რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი, ასევე ეთნიკური რუსები და რუსულენოვანი ადამიანები მთელ მსოფლიოში. სწავლების თანახმად, „რუსულ სამყაროს" აქვს ერთიანი პოლიტიკური ცენტრი (მოსკოვში), ერთიანი სულიერი ცენტრი (კიევში), ერთიანი ენა (რუსული), ერთიანი ეკლესია (რუსული მართლმადიდებელი ეკლესია და ჰყავს ერთიანი პატრიარქი (მოსკოვისა და სრულიად რუსეთის)), რომელიც სიმოფნიურად მოქმედებს რუსეთის პრეზიდენტთან ერთად. ისინი ერთობლივად აყალიბებენ განსაკუთრებულ სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ ფასეულობას, საერთოს და ნიშანდობლივს მთელი რუსული სამყაროსათვის. ბრალდების ფორმა მათ მიერ კვალიფიცირდება როგორც ეთნოფილეტიზმის ერესის ერთ-ერთი სახეობა - მართლმადიდებლური ეთნოფილეტური რელიგიური ფუნდამენტალიზმი, რომლის სახელწოდებაა „რუსული სამყარო". მათი აზრით, მოსკოვის პატრიარქი კირილე უკვე ოცი წელია ავრცელებს ამ ცრუსწავლებას და ამ სწავლების საფუძველზე უხეშად არღვევს როგორც სახარებისეულ, ისე საეკლესიო-სამართლებრივ ნორმებს. პუნქტების სახით, სახარებისეული ამონარიდების საფუძველზე, შედგენილია დეკლარაცია.1 მისეული ბრალდება ერესში მიმართულია მთელი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი. „რუსული სამყარო" ბრალდებულია „ეთნოფილეტიზმის რელიგიურ ფუნდამენტალიზმში" ანუ „ეთნოფილეტიზმის ერესში". ბრალდება გასაგებია, მაგრამ: კონკრეტულად რა ცრუსწავლებაში ედება ბრალი მთელ ეკლესიას? რომელია ის კონკრეტული ტექსტი, სადაც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სისავსის სახით დაამტკიცა ერეტიკული სწავლება? აი, სწორედ ეს არ ჩანს. არც მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოებრივი, კომპეტენტური სამართლებრივი წყაროა მითითებული, სადაც ბრალდებული იქნებოდა მთლიანად რუსეთის ეკლესია. ერთადერთი მითითებაა კონსტანტინოპოლის 1872 წლის კრებაზე, რომელიც მხოლოდ სამი ადგილობრივი ეკლესიის მიერაა ხელმოწერილი და რომელსაც არასდროს ჰქონია საერთო-მართლმადიდებლური რეცეფცია. 2) არქიმანდრიტი კირილეს (გოვორუნი) დეკლარაცია „რუსული სამყაროს" შესახებ იმავე პათოსით გამოირჩევა. არქიმანდრიტი კირილეს აზრით, „მოსკოვის საპატრიარქოს მრავალმა იერარქმა მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში, რაც თავისი შინაარსით მართლმადიდებლური ეთნოფილეტური ერესის ერთ-ერთი სახეობაა. როგორც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მოსკოვის საპატრიარქოც შეიჭრა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში" - წერს არქ. კირილე (გოვორუნი). დეკლარაციას მოსკოვის საპატრიარქოს მისამართით ანათემიზმები ახლავს. განსაკუთრებით გამოვარჩევდით მე-3 და მე-6 ანათემიზმებს: N3 ანათემიზმი: „ჩვენ ბრალს ვდებთ და არამართლმადიდებლურად მივიჩნევთ ნებისმიერ სწავლებას, რომელიც გარკვეულ საკრებულოს (ტერიტორიული, ნაციონალური ან ეთნიკური ნიშნით) მიაწერს წარმოდგენას, რომ ის კურთხეულია ღვთისაგან, რომ გააჩნია უფლებამოსილება ღვთისაგან, რომ გააჩნია განსაკუთრებული სიწმინდე, განსაკუთრებით გამორჩეული საღმრთო განგებულება - იქნება ეს ბერძნული, რუმინული, რუსული, უკრაინული თუ ნებისმიერი სხვა".2 N6 ანათემიზმი: „ჩვენ ბრალს ვდებთ ვით არამართლმადიდებლურს და უარვყოფთ ნებისმიერ სწავლებას ან მოქმედებას, რომელმაც უარი განაცხადა სიმართლის თქმაზე, სწავლებასა და მოქმედებაზე, რომელიც ახშობს სიმართლეს ბოროტებით, რაც ქრისტეს სახარებისეული სწავლების წინააღმდეგ ხორციელდება უკრაინაში. ბრალს ვდებთ საუბრებს „ძმათამკვლელი ომის" შესახებ, რაც „კაენის ცოდვის გამეორებაა, რომელმაც შურით მოკლა თავისი ძმა".3 აქაც, როგორც ვოლოსის დეკლარაციაში, ბრალდების საღვთისმეტყველო შინაარსი ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს. გასაგებია იდეოლოგიური და მორალური მხარე ბრალდებისა, მაგრამ კონკრეტულად, რომელი მართლმადიდებლური დოგმატი იქნა დარღვეული, არ ჩანს. 3) მესამე დოკუმენტი, მიმართვა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზ ანდრეის (პინჩუკი). ის „ძველი აღმოსავლეთის ეკლესიებს" (კონსტანტინოპოლს, ალექსანდრიას, ანტიოქიას, იერუსალიმსა და კიპროსს) მიმართავს გაასამართლონ მოსკოვის პატრიარქი კირილე ეკლესიის „უზენაეს" სამსჯავროზე. დეკანოზი ანდრეი (პინჩუკი) წინამორბედების მსგავსად, აკრიტიკებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას. მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი იდეოლოგიური საფუძველი ომისა არის სწავლება „რუსული სამყაროს" შესახებ. ასევე მის მიმართვაში აღინიშნა, რომ „შეუძლებელია დარჩენა და რაიმე ფორმით კანონიკური მორჩილება მოსკოვის საპატრიარქოსი".4 აქაც იბადება კითხვა: რამდენად კანონიერი საეკლესიო სამართლის მიხედვით, პირადი შეხედულების საფუძველზე გაემიჯნო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ონოფრეს და მიმართო „ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების" წინამძღოლებს თავის სამსჯავროზე ბრალი დასდონ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიოლოგიურად ბუნდოვან ბრალდებებში? სინამდვილეში საკითხი ასე დგას: ან რჩები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წიაღში, ან გადადიხარ სხვასთან. ვარიანტი ორია: ან ბართლომესთან, ან ეპიფანესთან კანონების უხეში დარღვევით. საკითხის საფუძვლიანი გააზრებისთვის უამრავი მასალის წაკითხვა დაგვჭირდა. აქ მხოლოდ ძირითადი კონტურები მოვხაზეთ, საიდანაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნა. ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკურ-ლიბერალურ-მოდერნისტული ყაიდის ადამიანები - იერარქები, სამღვდელოება თუ რიგითი პირები, მსოფლიო მასშტაბით ყველა ღონეს ხმარობენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ბრალი დასდონ ეთნოფილეტიზმის ერესში. ბრალდების საგანი „რუსული სამყაროს" კონცეფციაა. მაგრამ აღნიშნული დოკუმენტები ეკლესიოლოგიური ბრალდების საფუძვლებს არ იძლევა. სინამდვილეში ამ ისტოროსოფიურ კონცეფციაში სლავიანოფილობისა და „პოჩვენურობის" ინერციის გამოვლინებასთან უფრო გვაქვს საქმე. ბრალდებაც რეალურად სწორედ იდეოლოგიურ და არა საღვთისმეტყველო საკითხს ეხება, სახელდობრ: 1) რუსეთი „რუსული სამყაროს" იდეოლოგიის საფუძველზე ახორციელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი თავისი ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. 2) უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და სხვა წარმომადგენლები. ამ ბრალდებების საფუძველზე შეგვიძლია გამოვთქვათ შემდეგი შეფასება: ა) ეს სულისკვეთება დამახასიათებელია სლავიანოფილობისთვის (ფ. დოსტოევსკი, ნ. დანილევსკი, კ. ლეონტიევი, ხომიაკოვი და სხვა). ბ) ეს არ არის საღვთისმეტყველო, დოგმატური საკითხი, რომლის გამო მთლიანად ადგილობრივ ეკლესიას ბრალი დასდო ერესში. საქმე ისაა, რომ ცალკეული იერარქების, გნებავთ პატრიარქის განცხადება (ომის მხარდაჭერა, რუსულ ცივილიზაციაში უკრაინის მოაზრება) არ შეიძლება ეკლესიის სისავსის გადაწყვეტილებად მივიჩნიოთ. ეს მხოლოდ სინოდალური განცხადებით, მთლიანი ეკლესიის ოფიციალური ხედვა უნდა იყოს. მაგრამ რამდენად შეიძლება „რუსული სამყაროს" კონცეფციის გაიგივება რუსეთის ეკლესიის იდეოლოგიასთან? მე პირადად ვიცნობ არა ერთ სასულიერო პირსა თუ თეოლოგს რუსეთის ეკლესიაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ მსოფლმხედველობას. გარდა ამისა, „რუსული სამყაროს" ცნება ვერ კვალიფიცირდება ერესად, ვინაიდან ერესი უნდა იყოს რელიგიური და არა ფილოსოფიური მიმდინარეობა თუ სწავლება. აღნიშნულ დოკუმენტებში გამოთქმული ბრალდებები კი მოდერნისტებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებით გამოირჩევა - საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ-მეცნიერული ცნებები გაიგივებულია ერთმანეთთან. ამით არის გამოწვეული უმართებულო ქმედება - სლავიანოფილობის ნაცვლად ერესის დაბრალება. (გაგრძელება იქნება...)
1 Декларация об учении о ,,Русском мире". Финляндская Православная Церковь. Совместно с Волосской Академией Богословских Исследований. https//publicorthodoxy.org. 2 Арх. Кирил Говорун. Декларация о „Русском мире". 3 იქვე. 4 А. Буздалов. Вторая Крымскак. II часть. histori-of-ideos.ru.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |