მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მასობრივი მართლმადიდებლობა და „მცირე სამწყსო“ - დავით ჯინჭარაძე

მასობრივი მართლმადიდებლობა და „მცირე სამწყსო“ - დავით ჯინჭარაძე


10-05-2022, 09:45

მასობრივი მართლმადიდებლობა და „მცირე სამწყსო“ - დავით ჯინჭარაძე

 

   დღეს საზოგადოებაში შესამჩნევი გახდა, რომ  „მართლმადიდებლობა" აღიქმება როგორც ერთგვარი იდეა, ტიტული რომლის უკან ამოფარებულია მრავალი ადამიანი, რომლის  დაკარგვა არ სურთ და რომელიც მათი გაგებით არანაირ პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. მეტიც, დღეს „მართლმადიდებლობას" გვასწავლიან  არამართლმადიდებლურად მცხოვრებნი და უცოდინარი ადამიანები. სამწუხაროდ, ეს ნორმა სიხარულით არის მიღებული საზოგადოების მიერ.

   ერთი სიტყვით ყველას სურს ზედაპირული მართლმადიდებლობა და ამავე დროს  „მცირე სამწყსოს" რანგში ყოფნა. აქ ჩვენ იდეოლოგიურ ინტერესებს ვაწყდებით როგორც შიგნით ეკლესიაში - მოდერნისტების სახით, ასევე პოლიტიკურ ასპარესზე - ეროვნული პარტიების თუ ორგანიზაციების სახით. ორივე მათგანს მასობრივი მართლმადიდებლობა  აინტერესებს.

   მოდერნისტებისთვის მთავარია ეკლესიაში ბევრი ხალხი მოვიდეს. მათთვის მნიშვნელოვანია გარეგნული სახე, „პუბლიკა" და არა მრევლი, ასევე შემოსავალი.  საგულისხმოა, რომ რელიგიურად ინდეფერენტული მრევლი უფრო მისაღებია მათთვის. მთავარია ჰუმანისტური მიდგომა. დოგმატების ცვლილებაც და სიახლის შემოპარებაც იოლად ხდება, რაც მთავარია, მასობრივ მხარდაჭერას ღებულობენ, რომელსაც „მცირე სამწყსოს" არქმევენ.

   ეროვნულებს და მათაც, ვინც ეროვნულებს თამაშობს მასობრივი მართლმადიდებლობა აწყობთ და სჭირდებათ. აქაც, თუნდაც რელიგიურად ინდეფერენტული, არაეკლესიური, ჰუმანისტი, ერესებისკენ მიდრეკილი ან ერესის მატარებლები - ყველანი მისაღებია, ყველა „მცირე სამწყსოა" და ყველანი გადარჩება.

   ბუნებრივია, ადამიანებიც კმაყოფილნი არიან ამ მდგომარეობით, მათ თითქოს საკუთარი თავი იპოვნეს. იდეოლოგიამ „დააკმაყოფილა" მათი სულიერი და ეროვნული ინტერესები.

   მოკლედ, ეს მდგომარეობა ყველას აწყობს, სტატუსი ნაპოვნია და ამიერიდან შესაცვლელი არაფერია. მასობრივი ზედაპირული მართლმადიდებლობა  "მცირე სამწყსოს” კატეგორიაში მოთავსდა.

   გამოდის, რომ ყველა იდეოლოგი უპირველესად იდეოლოგიას ემსახურება! ამას „ჭეშმარიტებისადმი" მსახურება დაარქვეს. აქცენტი კეთდება მასების ძალაზე დაძალის პოლიტიკაზე ხოლო ჭეშმარიტება იდეისადმი მორგებადი ხდება. მათ გონიათ, რომ ჭეშმარიტებას შეიძლება ეზიარო ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობის და მადლის გარეშე.

   ამგვარ იდეების ზეგავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს სიტყვებით ვერაფერს აუხსნი. უნდა აღიარო, რომ უძლური ხარ. ნებისმიერი სწორი მოსაზრება მტრულად და ეჭვით აღიქმება. აქ კედელს ეჯახები, რომელსაც თავად იდეოლოგი „რწმენის სიმტკიცედ" მიიჩნევს.

   სამწუხაროდ, სასულიერო პირებისა ნაწილისთვის და მრევლის უმეტესობისთვის ეს აბსოლუტურად მისაღები მდგომარეობაა. გამოღვიძების, მნიშვნელოვან საკითხებზე რეაგირების, ან მხილების ნებისმიერი მცდელობა - მტრობად აღიქმება, უნდობლობა ჩნდება და ფარული ან პირდაპირი დევნა იწყება.

   ამ სიტუაციაში ჭეშმარიტების მაძიებელი კომფორტში ვერ იქნება, მას არ დაეთანხმებიან, ეჭვს შეიტანენ მის სიტყვაში, შესაძლოა დასაჯონ კიდეც და ამას მადლობით უნდა შეხვდეს. ეს ერთადერთი სწორი მდგომარეობაა!

   ყალბი ჭეშმარიტების მაძიებელი კი პირიქით - გამუდმებით კომფორტს ეძებს, ძირითად საკითხებს გაურბის, გამართლებას ეძებს, შეწუხება არ სურს. ეს კი მისი ბუნებრივი მდგომარეობაა!

   ამ ორ მდგომარეობაში განსხვავების დანახვა იოლი არ გეგონოთ. კომფორტული მდგომარეობა საკმაოდ კარგად არის შენიღბული. ის მუდამ „საქმეში და ღვაწლშია" ოღონდ მთავარზე არ საუბრობს. ვერ ხედავს ან არ ხედავს ამის აუცილებლობას,  თანაც უმრავლესობაშია.

   რას ვღებულობთ? „მართლმადიდებლობას" მართლმადიდებლობის გარეშე. „მორწმუნე" ქრისტიანებს, რომელნიც მართლმადიდებლობასა და პაპიზმის შორის განსხვავებას ვერ ხედავენ, ეკუმენიზმს დადებით მოვლენად მიიჩნევენ...

   ეროვნული კუთხით: ეთნოფელითიზმს. საკუთარი ერის უსაზღვრო განდიდებას, ამპარტავნულ ეროვნულობას  და სხვა ერების სიძულვილს.

   ბოლოს, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ იდეოლოგიების დამანგრეველი ზეგავლენა ჩვენს საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი ლიბერალიზმის. სწორედ ამან მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელსაც მასობრივი მართლმადიდებლობის „მცირე სამწყსოში" მოთავსება ქვია!

 

 

დავით ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება