მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


24-03-2023, 18:48

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ავტოკეფალიის მოპოვება საკმაოდ რთული საკითხია. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო თითქმის ყოველთვის მძიმედ ეკიდებოდა სხვა ადგილობრივი ეკლესიების დაარსებასა და ავტოკეფალიის გამოცხადებას. ამას ადასტურებს მათი რეაგირება რუსეთის, ბულგარეთისა თუ სხვა ეკლესიების მოთხოვნაზე.

   მოგეხსენებათ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო (472 წ.). ვახტანგ მეფის დროიდან ქართლის ეკლესიას გააჩნდა საკუთარი საეკლესიო კრება, რომელიც უფლებამოსილი იყო თავისი საშინაო საქმეები, ეპისკოპოსთა ხელთდასხმა-გადაყენება, თვითვე განეგო. მას ანტიოქიის პატრიარქის ანასტასის დროიდან მიეცა კათოლიკოსთა ხელდასხმის უფლება, მაგრამ მირონი ანტიოქიიდან უნდა მიეღო. ამასთან, ქართლის ეკლესიის წირვა-ლოცვაში უპირველესად უნდა მოეხსენებინათ ანტიოქიის პატრიარქი.

   ცოტა მოგვიანებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ღირსი ეფრემ მაწყვერელის ღვაწლით (ხს. წლის 17 აპრილს) მიიღო მირონის კურთხევის უფლება.

   XI საუკუნიდან წმ. გიორგი მთაწმინდელმა საფუძვლიანად გააბათილა ანტიოქიის ეკლესიის პრეტენზიები საქართველოს მიმართ. მან არა მარტო დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის სამოციქულო პატივი, არამედ აჩვენა მისი უპირატესობაც ანტიოქიის ეკლესიასთან შედარებით: „ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი. შუენის ესრეთ, რაითა წოდებული, იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ-არს, რაიღა დაემორჩილოს მწოდებელსა თვისსა და ძმასა ანდრეას და რაითა თქუენ ჩუენ დაგუმორჩილეთ" (ანტიოქიის ეკლესია პეტრე მოციქულის დაარსებულია, რომელიც ძმა იყო ანდრია მოციქულის) (ხს. 27 ივნისს).

   1801 წლიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა. ამას მოჰყვა (1817 წ.) საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაც.

   1917 წ. 25 მარტს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებისა და ქართველი სამღვდელოების დაუღალავი ღვაწლის შედეგად საქართველომ აღიდგინა ეკლესიის ავტოკეფალია.1

   თუკი გავავლებთ პარალელებს ბულგარეთის ეკლესიის მისამართით კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ წაყენებულ ბრალდებებსა და საქართველოს ეკლესიისადმი რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულებას შორის, მრავალ მსგავსებას აღმოვაჩენთ. როგორც კონსტანტინოპოლი საუკუნის მანძილზე არ აღიარებდა ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალიას (ამასვე აკეთებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით 1917-1990 წწ.), ასევე რუსეთის ეკლესია 1945 წლამდე სქიზმატებად მოგვიაზრებდა. 

   მართალია, რუსეთის ეკლესია არ იზიარებდა კონსტანტინოპოლის მიერ ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალურობის სქიზმად გამოცხადებას, მაგრამ საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის მიმართ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მსგავსად იქცეოდა.

   1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას მან მიაკუთვნა ეროვნული ქართული ხასიათი და არ შემოფარგლა იგი განსაზღვრული ტერიტორიით, როგორც ამას კანონები აწესებენ.

   რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებათა აღდგენის თაობაზე გააკეთა სპეციალური განცხადება „დროებითი წესები კავკასიაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობისათვის" („Церковные ведомости”. 1917. N30) და მასში საქართველოს ეკლესიის მოთხოვნა ბულგარეთის სქიზმის ჭრილში განიხილა.2

   საქართველოს ეკლესიის მხრიდან ამას მოჰყვა პროტესტი: „საქართველოს ეკლესიის ცნობას ნაციონალ ეკლესიად (რაც ფილეტიზმის ბრალდებას ნიშნავდა - დეკ. კ. ჯ.) და არა ტერიტორიულ ავტოკეფალიად, ისტორიაში პრეცენდენტი არა აქვს და სავსებით ეწინააღმდეგება მართლმადიდებლებისთვის სავალდებულო ყველა ეკლესიურ კანონს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია უნდა იყოს ცნობილი ტერიტორიულ საფუძველზე ძველი დროის ქართულ საკათალიკოზო საზღვრებში".3

   საქართველოს ეკლესიის მხრიდან  ასევე აღინიშნა: „სადაც V საუკუნიდან მოყოლებული არსებობს ქართული ტფილელი მიტროპოლიტის კათედრა, რუსული სამიტროპოლიტო კათედრის დაწესებით დაირღვია I მსოფლიო კრების მე-8 კანონი: „რაითა არა იყვნენ ორნი ეპისკოპოსნი ერთსა ქალაქსა შინა".4

   წმ. პატრიარქი კირიონი წერდა: „გარდა ათასწლოვანი ავტოკეფალიისა, ქართველ ხალხს ეროვნულ პრინციპზე დაყრდნობით აქვს უფლება ნაციონალური დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობაზე. საკმარისია გავიხსენოთ სულიწმიდის გარდამოსვლა მოციქულებზე, რომლებიც მყის სხვადასხვა ენაზე უქადაგებდნენ სახარებას. წმ. მოციქულთა 34-ე კანონი გვაუწყებს: „ყველა ერის ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს მათ შორის პირველი და თავის ეპისკოპოსი და არაფერი ზედმეტი არ უნდა გაკეთონ მის გარეშე; არამედ ყოველი მათგანი მხოლოდ იმას, უნდა აკეთებდეს, რაც სასარგებლოა მისი ეკლესიისათვის და მისთვის დაქვემდებარებული სოფლებისთვის..." საქართველოში რუსმა ეპისკოპოსებმა არ იციან სამწყსოს ენა და არც სურთ იცოდნენ.

   რუსეთის სინოდის განკარგულება საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის წინააღმდეგ (1811) არღვევს მთელ რიგ საერთო საეკლესიო კანონებს, რომლებიც მკაცრად ზღუდავენ საეკლესიო ოლქების (პატრიარქების, ეპისკოპოსების, პრესვიტერების) უფლებების ხელყოფას. ეს III მსოფლიო კრების მე-8 კანონიდან ჩანს, რომელიც კვიპროსის ეკლესიას შეეხება და XIX საუკუნეში ქართული ეკლესიის მდგომარეობას.5

   ცხადია, ჩვენი წერილის მიზანი არაა ამ საკითხის საფუძვლიანი კვლევა. სხვა ადგილობრივ ეკლესიებში არსებულ მსგავს პრობლემასთან პარალელის გავლებას ემსახურება ეს მიმოხილვა.

   პრობლემის არსი ის არის, რომ „გავლენიანი" ადგილობრივი ეკლესიები ისტორიის მანძილზე ყოველთვის ცდილობდნენ საკუთარი უპირატესობის შენარჩუნებას. ამიტომ იოლად აუქმებდნენ „პატარა" ეკლესიების ავტოკეფალიას და ძნელად ანიჭებდნენ დამოუკიდებლობას. თუმცა, ეკლესიის ისტორიაში არსებული ფაქტები ადასტურებს, რომ ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ (ხანგრძლივი უღიარებლობის მიუხედავად) მაინც მოიპოვა ავტოკეფალია და აღიარება. (გაგრძელება იქნება...)





1 წმინდანთა ცხოვრება. ტ. 1. 25 მარტი (ახ. სტ.). საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917).

2 პატრიარქი კალისტრატე. დიდი ქართველები. თბ. 2011. გვ. 120-130.

3 იქვე გვ. 125.

4 იქვე გვ. 126.

5 იქვე გვ. 129.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება