მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ელინური და სლავური ამბიციები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ელინური და სლავური ამბიციები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


21-04-2022, 20:31

 

   1686 წლიდან მოსკოვის საპატრიარქომ მიიღო ავტოკეფალია და იმავდროულად კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმის უფლებაც. ნუ დაგვავიწყდება, რომ კიევის რუსეთი, ვლადიმერის რუსეთი და მოსკოვის რუსეთი ერთი და იგივე რუსეთია. ამდენად, შეუძლებელია იმ პერიოდისთვის გამიჯნო კიევის რუსეთი მოსკოვის ან ვლადიმერის რუსეთისაგან.

   ამას ემატება პანსლავიანური და რუსული ნაციონალიზმის იდეის გაძლიერებაც, რომელიც ბევრი არაფრით განსხვავდებოდა ელინური ეთნოსის უპირატესობის იდეისაგან. მეცხრამეტე საუკუნიდან გამოჩენილმა რუსმა მოაზროვნეებმა (თ. დოსტოევსკი, ვ. სოლოვიოვი, ხომიაკოვი, კირიევსკი და სხვა) განავითარეს სლავიანოფილური და ე.წ. „პოჩვენური" იდეოლოგია რუსული იდეის თანახმად, „სულიერი ელიტის", „გამორჩეულობისა" და „მედროშის" როლს სლავები (სლავიანოფილები) ტვირთულობენ. აქაც, როგორც ელინებში, ეთნოსის უპირატესობა, „გამორჩეულობა" განსაზღვრავდა მართლმადიდებლობის ხარისხს. დოსტოევსკის დღიურებში ვკითხულობთ: „ყალიბდება ძლიერი ნაცია. მან თავისი სიმრავლით, ნიადაგით უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს ლამის მხეცად ქცეული კაცობრიობა. ამ ნიადაგში არის რაღაც საკრალური. ის ეფუძნება ქრისტიანული ცხოვრების იდეალს, ხოლო რუსი ხალხი, რომელმაც გამოიმუშავა რუსული მართლმადიდებლობა - უპირატესია".1

   აქ ჩვენ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ვაწყდებით პრობლემებს: თუკი რომელიმე ეთნოსს (სლავებს, ელინებს, ქართველებს და ა.შ.) შეუძლია „შუქურის", „ბოროტებისაგან გამოხსნის" ფუნქცია შეასრულოს, ეს ხომ გამოსყიდვის დოგმატის ერთგვარი დამახინჯებაა, ე.ი. ხსნა არა ქრისტეს, არამედ რომელიმე ეთნოსის მიერ ხორციელდება. (ზნეობრივი მონიზმი).

   ორივე უკიდურესობის (ელინური და სლავური), საკუთარი ეთნოსის სხვაზე უპირატესად წარმოჩენის ნიმუშია კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის პატრიარქების განცხადებები.

   კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე წერს:

   „ქალაქ კონსტანტინოპოლის რომაელობა მსოფლიო რომაელობის ნაწილია, რომელშიც ჩვენც შევდივართ. მაგრამ, მე ვიტყოდი, ეს მსოფლიო რომაელობის გამორჩეული ნაწილია, ვინაიდან აქ ეთნოსის გული ძგერს, აქ ეთნოსის აკვანია, აქ მსოფლიო საპატრიარქოა... აქ ვემსახურებით მსოფლიო მართლმადიდებლობას, ვეხმარებით ქრისტიანების გაერთიანებას, ვეხმარებით მშვიდობის დამყარებას მთელ მსოფლიოში.

   ჩვენი ძმები - სლავები არ აღიარებენ იმ პირველობას, რომელიც გააჩნია მსოფლიო საპატრიარქოს, შესაბამისად ჩვენ ერს მსოფლიო მართლმადიდებლობაში. ჩვენ ვამაყობთ ამით, ვნუგეშობთ ამით, ვცდილობთ ყოველდღიური ბრძოლით შევინარჩუნოთ ეს უპირატესობა".2

   რუსეთის პატრიარქი კირილე აცხადებს:

   „რუსეთის ცივილიზაცია იმაზე ფართო გაგების ცნებაა, ვიდრე რუსეთის ფედერაცია. რუსული სამყარო (Русский мир) განსაკუთრებული ცივილიზაციაა. მასში ამჟამად სხვადასხვა სახელმწიფოს ადამიანები (რუსები, უკრაინელები, ბელარუსები) მოიაზრებიან. ამ სამყაროს მიეკუთვნებიან ისინიც, რომლებიც არ წარმოადგენენ სლავურ ეთნოსს, მაგრამ ამ კულტურული და სულიერი შემადგენლობის ნაწილად მიიჩნევენ თავს: რუსული სამყაროს რელიგიური განსხვავებულობა არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობისმოყვარეობის მანიშნებელი".3

   ორივე შემთხვევაში საკუთარი ეთნოსებისა და ცივილიზაციების განსაკუთრებულობა, პირველობა, გამორჩეულობაა ხაზგასმული, რაც ლამის უტოლდება საკუთარი ეთნოსების უპირატესობის დაჩემებას სხვა, დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიების ეთნოსებთან შედარებით.

   ამრიგად, მეორე რომისთვის - ბიზანტიისთვის (კონსტანტინოპოლისთვის), მით უფრო ჩვენ დროში, ისევე როგორც რუსეთის - მესამე რომისთვის რაღაც „საკრალური" „ზენაციონალური ქრისტიანობის" მინიჭება, ამ „დიადი იდეების" „ღვთაებრივ" რანგში აყვანა, სადაც „ნაციონალური გამორჩეულობა" რელიგიირ ხარისხში აიყვანება, ეთნოფილიტიზმის უცხადეს გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ დანამდვილებით. არსებითად, მტრობისა და უთანხმოების მიზეზიც ამაშია.

   საქმე ისაა, რომ დღესდღეობით არც ბიზანტიის, არც რუსეთის იმპერია აღარ არსებობს. თანამედროვე მოცემულობა განსხვავებულია. ცხადია, სათანადო პატივი უნდა მივაგოთ იმ ეპოქებს, მაგრამ რეალობა ასეთია: პირველი რომი განუდგა ჭეშმარიტებას (1154), მეორე რომი დაეცა (1453), მესამე რომიც დასრულდა რუსეთის ბოლო მეფის ნიკოლოზ II-ს მოკვლით (1918).

   ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია, რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ეთნოსს, ვერ იხელმძღვანელებს წარსულით. კონსტანტინოპოლისა და რუსეთის იმპერიების პოლიტიკური ვითარება საეკლესიო პროცესებზეც ახდენდა ზეგავლენას. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საწყის (იმპერიამდელ) მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს, იმ დროს, როდესაც არც ერთ ადგილობრივ ეკლესიას იმპერიული დედაქალაქის ან ცენტრის პატივი რეალურად არ გააჩნია. მხოლოდ თანასწორობისა და კრებსითობის პრინციპებზე შეიძლება ერთობის დამყარება, მაგრამ... (გაგრძელება იქნება...)





1 Ф. Достоевский. Дневники писателя. 1877. XXIII.

2 А. Буздалов. Национал-мистицизм фанара. Антимодернизм.ru.

3 Митр. Кирил. Русский мир – особая цивилизация, которую необходимо сберечь.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება