მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ეთნოფილიტიზმი - უთანხმოების საწინდარი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ეთნოფილიტიზმი - უთანხმოების საწინდარი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე19-04-2022, 16:58 |
ჩვენს დროში მრავალი საეკლესიო პრობლემა, ადგილობრივ ეკლესიებს შორის გართულებული ურთიერთობები, გამოწვეულია ეთნიკური უპირატესობის პრეტენზიით. არადა ეკლესიის ერთობა იმთავითვე სხვადასხვა ხალხთა და ეროვნებათა განურჩევლობის პრინციპზე ჩამოყალიბდა. საკმარისია გავიხსენოთ სულიწმინდის გარდამოსვლა მოციქულებზე, რომლებიც მყისიერად სხვადასხვა ენაზე ამეტყველდნენ და მთელ მსოფლიოში ხალხებმა მათთვის გასაგებ ენაზე იქადაგეს ჭეშმარიტება. შემდეგ, მსოფლიო კრებების ეპოქაში (IV-VIII ს.ს.), მსოფლიო ეკლესია ერთხმად ებრძოდა ერესების ნაირსახეობებს, რომლებიც ცდილობდნენ მოერღვიათ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ-კანონიკური წყობა-გამგეობა. ახალ დროებაში (XIX სასუკუნიდან) ეკლესია ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა (თუმცა პრობლემის ღრმად გადგმული ფესვები გააჩნია). იმის ნაცვლად, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში უმთავრეს თვისებებზე (ერთიანობაზე, სიწმინდეზე, კრებსითობაზე, მოციქულეობრიობაზე) ვამახვილებდეთ ყურადღებას, თავიანთი ერის, ეთნოსის ამაო განდიდების პროპაგანდას ეწევიან. მსგავსი ტენდენციის შედეგად ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში საერთო-საეკლესიო ინტერესები, სამართლებრივი მიდგომები დაჩრდილა ნაციონალურ-პოლიტიკურმა საკითხმა. ეს ფაქტი ეკლესიის ისტორიაში ეთნოფილიტიზმის სახელწოდებითაა ცნობილი. ეთნოფილიტიზმის („ეთნოსი" - ხალხი; „უფალი" - ტომი, ერი, ნაცია) განსაზღვრება 1872 წ. კონსტანტინოპოლის ადგილობრივმა კრებამ ჩამოაყალიბა. ამთავითვე გამოვყოფთ მისთვის დამახასიათებელ ორ ნიშანთვისებას: 1) პირველი (შინაგანი) - ამა თუ იმ ეთნოსის ინტერესები დაყენებულია საეკლესიო სწავლებაზე (დოგმატებზე, კანონებზე, ცხოვრებაზე) მაღლა, ე.ი. გამოკვეთილია მიზანი, რომ ამა და ამ ერს (ნაციას, ქვეყანას) ქრისტეს ეკლესიაში მიენიჭოს უპირატესობა სხვა ერებთან შედარებით. არსებითად, ეს გახლავთ გაკერპების, „ღვთაების" რანგში აყვანის მცდელობა. 2) მეორე (გარეგნული) - რომლითაც ეთნოსი, გამორჩეულობის იდეით შეპყრობილი, სხვა ეთნოსების მიმართ მტრულადაა განწყობილი და ცდილობს ამ მისცეს, არ გაუნაწილოს სხვას ის, რაც სინამდვილეში ყველა ადგილობრივი ეკლესიის ლეგიტიმური მოთხოვნილებაა - ავტოკეფალია. ცხადია, სხვადასსხვა ისტორიულ პერიოდში (რომის, ბიზანტიის) პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ხალხებისაგან შემდგარი ეკლესია არა რასობრივი, არამედ გეოგრაფიული, რეგიონული ნიშნით ყალიბდებოდა. შესაბამისად, იმპერიის დედაქალაქებს, ეკლესიის წინამძღოლობის პატივი უპირატესობას ანიჭებდა. იმთავითვე დაარსდა პირველი ადგილობრივი ეკლესიები (იერუსალიმის, რომის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, მოგვიანებით - კონსტანტინოპოლის). ამ პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესია ჯერ კიდევ არ იდგა ეთნოფილიტიზმის დილემის წინაშე, სანამ მრავალნაციონალური ეკლესია ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობდა. იმპერიის ფარგლებში ყალიბდებოდა თეორია, რომ ყველა ნაცია ერთიან რომაელობას განასახიერებდა და ექვემდებარებოდა ბიზანტიის იმპერიას. ვინაიდან რომის იმპერიის ადგილი კონსტანტინოპოლით (ბიზანტიის იმპერიით) შეიცვალა, რომაელობის იდეაც ბერძნულმა ეთნოსმა მოირგო. მათ შეგნებაში არ იყო განსხვავება ბერძნებსა (ელინებს) და რომაელებს შორის. ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ რომაული ცივილიზაცია თავის საფუძვლებში იყო ელინური, ამიტომაც ეს ცივილიზაცია დაუბრუნდა თავის აკვანს, საბერძნეთს, ე.ი. სხვა ეთნოსებიც უნდა გადასულიყვნენ ბერძნულ-ელინური რომაელობის დაქვემდებარებაში.1 ერთი სიტყვით, ბიზანტიის (მეორე რომის) იმპერიაში დეკლარირებულად განცხადებული იყო, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ზენაციონალურია, რომ ნაციონალური ინტერესების გამოვლინება ეკლესიის წიაღში არღვევს ეკლესიის ერთობას და მისთ... სინამდვილეში, რომაელობის (უპირატესობის) ტიტული სწორედ ბერძნულმა ეთნოსმა მიისაკუთრა და ნებისმიერი ქვეყნის დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) ეკლესიისათვის ბრძოლა მათი მხრიდან, როგორც ტრაიმბალიზმის* გამოვლინება, მკაცრად ისჯებოდა. ამრიგად, სანამ ბიზანტიის იმპერია არსებობდა, ბერძნული ეთნოსი ახერხებდა თავისი უპირატესობის შენარჩუნებას. ბერძნული რომაელობა დეკლარირებულად არ ნიშნავდა რასობრივ დისკრტიმინაციას, ზენაციონალური სახელიც კი მოირგო შესანიშნავად, მაგრამ ისტორიული პროცესები დრამატულად განვითარდა - კონსტანტინოპოლი დაეცა. ბიზანტიის იმპერიამ დაასრულა თავისი არსებობა. ბერძნები ახალი სტრატეგიის შემუშავებას შეუდგნენ. (გაგრძელება იქნება...)
1 Митр. И. Влахос. Заговор и раскол расизма. Orthodoxia.info. * ტრაიმბალიზმი - (ინგლ. Tribalizm - ტომური დაჯგუფება, ეთნიკური გამორჩეულობის პრეტენზია). მტრული განწყობა სხვა ეთნოსებისადმი.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |