მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მოხიბლულთათვის! - დავით ჯინჭარაძე

მოხიბლულთათვის! - დავით ჯინჭარაძე


12-04-2022, 11:01

მოხიბლულთათვის! - დავით ჯინჭარაძე

 

   ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული და ძნელად შესამჩნევი საცდური რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დომინირებს, არის ხიბლი და ხიბლისმიერი მოქმედებები. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი მას შემდეგნაირად ახასიათებს: "ხიბლი არის ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანება...იგი იმთავითვე მოქმედებს აზროვნების წესზე. მისი მიღებისთანავე აზროვნების წესი მრუდდება, ხიბლი მაშინვე გადაეცემა გულს და რყვნის გრძნობებს. ადამიანის არსებას რომ დაიპყრობს, უკვე მთელ მის საქმიანობას მოიცავს .."

   სულიერ ცხოვრებაში ხიბლს დამანგრეველი შედეგი მოაქვს და ეკლესიის ისტორიას ახსოვს მისგან მრავალი წარწყმედილი ადამიანი. თუმცა, როგორც წმინდა ეგნატე გვასწავლის, იგი ადამიანის მთელ არსებას მოიცავს. მოხიბლულ ადამიანს თავისი ცხოვრება და შესაძლებლობები უფრო ძლევამოსილად მიაჩნია, ვიდრე სინამდვილეში არის. იგი მოწყვეტილია სამყაროს რეალურ აღქმას, რადგან ხიბლმა ის სრულიად ჩაახშო. 

   ხიბლი ამპარტავნების შედეგია, ამიტომ მოხიბლულისგან თავდაბლობას ან დათმობას არ უნდა ელოდეთ. მოხიბლული გამუდმებით ტრაბახობს, ბევრს საუბრობს, გმირობანას თამაშობს. მის ფანტაზიით აღსავსე გონებაში ხომ აღარ დარჩა საღი განსჯის ადგილი. სწორ ქრისტიანულ დამოკიდებულებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) თქმით: „რადგან წმინდა  მამათა ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი სწავლება თანდათან მახინჯდება და დავიწყებას ეძლევა. ცდომილება და ხიბლი მიჩნეულია ნორმალურ მოვლენად. ის კი არა, აღტაცებულობის, ფანატიზმის ყოველგვარი გამოვლინება მიღებულია, როგორც ღვთის მადლის მოქმედება, რწმენის აღორძინება, „ახალი ერის" დასაწყისი".

   ასეთ მძიმე სურათს ვაწყდებით ჩვენს საზოგადოებაში ყოველ ნაბიჯზე. ხიბლმა ცრუვაჟკაცების მთელი პლიადა წარმოშვა. პატრიოტიზმის გაგება თავდაყირა დააყენა. მოხიბლულის გონება „გმირული" სცენებით არის გადაჭედილი, სადაც იგი თვითონ არის რეჟისორიც, სცენარისტიც და მსახიობიც. ის ტკბება ამ მდგომარეობით და ამ „ფილმის" რეალურ ცხოვრებაში გათამაშებას ლამობს. 

   თუკი ამ სენით შეპყრობილი ადამიანი ლიდერად გვევლინება, იგი აუცილებლად დაღუპავს სხვა ადამიანებსაც, თანახმად უფლის სიტყვებისა: „ბრმაი ბრმასა თუ წარუძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან" (მათ. 15, 14). მისი სენი გადამდები ხდება, რადგან ხიბლი ზედმეტად ემოციური და მსახიობურია. პერფორმანსი კი იზიდავს საზოგადოებას. ისინი ამ ადამიანში ახლობელ სულს პოულობენ. ამ „ომობანაზე ფილმის" მსახიობები ხდებიან. როლებში შედიან.

   მოხიბლულს არ ჭირდება რჩევა. მან ხომ „ყველაფერი" იცის.  სხვა ადამიანის ცოდნა და გამოცდილება მისთვის არაფერს ნიშნავს. ჭეშმარიტი სულიერება კი საერთოდ არ ესმის, ბოლომდე გულწყფელი რომ იყოს საკუთარ თავთან, აღიარებს რომ სძულს სულიერება.

   მოხიბლულს არ ესმის სიკვდილის ქრისტიანული არსი. მისთვის სიკვდილი ამქვეყნად „გმირობის" ტიტულის მიღების საშუალებაა. ხალხის აზრი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ღვთის სამარადჟამო განსასჯელი. მოხიბლულმა საკუთარ ფანტაზიაში თავი უკვე აცხოვნა. მან ცხონების ჰუმანისტური და ლიბერალური კრიტერიუმები უკვე შეიმუშავა. ღმერთი კი მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის სჭირდება, რომელიც მის „სცენარში" უკვე დიდი ხანია გაწერილია. საგულისხმოა, რომ წმინდანი მისთვის მისაბაძი პიროვნება არ არის, ან თუ რამე მოსწონს მასში, ეს არა მისი ქრისტიანული თავდადებაა, არამედ მისი მოხიბლული ტვინისთვის მაამებელი "გმირული " მოქმედება. 

   მოხიბლულთა გადარჩენა  საუბრით თითქმის შეუძლებელია. მისთვის ღვთის წინაშე ლოცვაა საჭირო იმ იმედით, რომ მადლი გაუხსნის მას გონებას და დაანახებს მის რეალურ მდგომარეობას.

   ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ხიბლმა დააზიანა ჩვენი ბუნება. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიფხიზლე, არ მივიღოთ სიცრუე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხიბლულთა უკონტროლო მასად გადავიქცევით და შედეგიც სავალალო გვექნება.

 

 

 

დავით ჯინჭარაძე 


უკან დაბრუნება