მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ომი, როგორც შინაგანი მშვიდობის არქონის შედეგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ომი, როგორც შინაგანი მშვიდობის არქონის შედეგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


1-04-2022, 21:10

ომი, როგორც შინაგანი მშვიდობის არქონის შედეგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   საზოგადოებებისა და ქვეყნების უუნარობა, იცხოვრონ ურთიერთმშვიდობით, ორი ნიშნით აისახება:

   1) სამოქალაქო პასუხისმგებლობით. საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევით.

   2) რელიგიური პასუხისმგებლობით. ღვთისმიერი მშვიდობისა და სიყვარულის დეფიციტით.

   ეკლესია გვასწავლის: როდესაც ადამიანები (ქვეყნები) უარყოფენ ღვთივბოძებულ მშვიდობის ნიჭს, ღვთისადმი სასოებითა და ლოცვით მონიჭებულს, მაშინ ისინი ეშმაკს აძლევენ ნებას იბატონოს მათ სულებსა და გულებში. ამის შედეგია პიროვნული ან სახელწიფოებრივი ურთიერთობების პრობლემები, რომლებიც კონფლიქტის საბოლოო სტადიაზე ომით გვირგვინდება.

   მაცხოვარმა გვიბოძა თავისი ღვთაებრივი მშვიდობა: „რამეთუ იგი თავადი არს მშვიდობაჲ ჩვენი" (ეფ. 2.14). მშვიდობის მოსაპოვებლად უფალი გვთავაზობს ისეთ სათნოებებს, როგორებიცაა: სიყვარული, სამართლიანობა, მადლი, სიმდაბლე, თავშეკავება, სულიერი განსჯა და ა.შ., რითაც ხორციელდება ადამიანის სულიერი ფერისცვალება.

   მაგრამ ეს ნიჭები არ მოქმედებს ავტომატურად, ისინი პოტენციურად ჩვენშია და საჭიროებენ გააქტიურებას, ე.ი. ჩვენი ცხოვრების წესი მთლიანად ღვთისსათნოდ უნდა წარიმართოს. შედეგად, ისინი (სათნოებები) სულიერი ფარის ფუნქციას აღასრულებენ, არ აძლევენ ბოროტებას ადამიანის სულში შეღწევისა და დამკვიდრების უფლებას. არსებითად, ეს არის მთავარი ამოცანა ადამიანისა, რის უგულებელყოფაც არის მიზეზი ყველა უთანხმოებისა და საომარი მოქმედებებისა.

   სათნოებების არქონის შედეგად, ადამიანი მოყვასთან მიმართებით უმოწყალო და დაუნდობელი ხდება. ეს სიყვარულის დეფიციტის მანიშნებელია. მტრულად განწყობილი სული, თავის შინაგან სიცარიელეს ეშმაკს უთმობს სათარაშოდ. სწორედ ის ავსებს ადამიანს სიძულვილითა და მტრული განწყობებით, რომელიც იწვევს ტკივილს, ტანჯვას, შიმშილს, ნგრევასა და სიკვდილს.

   ამრიგად, პიროვნებები (სახელმწიფოები) ვიდრე შეუდგებიან ურთიერთმტრობას, მანამდე ღმერთს უცხადებენ ომს და უგულებელყოფენ მის ღვთაებრივ მშვიდობას.

   მტრის მიერ შთაგონებული სიძულვილი, მტრობა, შურისძიება, უსამართლობა... ხდება დიალოგზე უარის თქმისა და ომის მაჩაღების მიზეზი.

   სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ „ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქას" (1 პეტ. 5-8).

   ორ მართლმადიდებელ ხალხებს შორის მტრობა ნიშნავს, რომ მათი ხელისუფალნი არ ფლობენ სულიერ სიმშვიდეს, სიბრძნესა და განსჯის უნარს და აძლევენ ბოროტს მათ სულებში მტრობისა და სიძულვილის განვითარების შესაძლებლობას, რაც არა დიალოგით, არამედ ომით სრულდება.

   არსებითად, ომი იმის ნიშანია, რომ საზოგადოებამ დაკარგა სულიწმინდის ნიჭები - მიზანი ცხოვრებისა.

   დაპირისპირებული ქვეყნების ლიდერები ვალდებულნი არიან გაიზიარონ თავიანთი ხალხის ნება. პავლე მოციქული ბრძანებს: „ძმანო... ნუგეშინისცემულ იქმნენით, ნუგეშინის-სცემდით, მასვე ზრახვიდით, მშვიდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყავნ თქუენ თანა" (2 კორ. 13. 11).

   სამწუხაროდ, ეშმაკმა შეძლო მართლმადიდებელ ერებს შორის ომის შეტანა.



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareva.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება