მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ზნეობრივი მონიზმი - მოდერნისტული ერესი
ზნეობრივი მონიზმი - მოდერნისტული ერესი16-03-2022, 10:46 |
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსულ ღვთისმეტყველებაში გაჩნდა მძლავრი კონცეფტუალური მიმდინარეობა, რომელიც ქრისტიანობის ჰუმანისტურ-ლიბერალურ „გადაწყობაზე" იყო მიმართული. ამ კონცეფციის თანახმად, ადამიანი უნდა „განთავისუფლებულიყო" ღვთის შიშის ჯანსაღი განცდისაგან. ძირითდი დარტყმა განმაახლებლებმა მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსყიდვის დოგმატზე განახორციელეს. ახალი თეოლოგებისათვის ძირითად დაბრკოლებას წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებაში იმ ტერმინებისა და სისტემური მიდგომების გამოყენება წარმოადგენდა, როგორებიცაა: საშინელი სამსჯავრო, დოგმატური განსაზღვრება, კანონი, მცნება, გამოსყიდვა, უკანონობისათვის ღვთის სასჯელი და ა.შ. შესაბამისად, განმაახლებელ-მოდერნისტების მთელი ძალისხმევა მიმართული იყო რაიმენაირად გაებათილებინათ იურიდიზმის გამოვლინება წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებაში. განმაახლებლებმა თავის ნაშრომებში მთლიანად დაამახინჯეს ღვთის თვისებანი, „გამოაცალეს" რა მას ადამიანის ხვედრის - დასჯის ან შეწყალების საშუალება. ამგვარი გამოვლინებანი „იურიდიზმად", „სქოლასტიკად" ცხადდება, რითად მიზანმიმართულად ანადგურებენ გამოსყიდვის დოგმატს. იდეამ, რომ ღმერთი არის მხოლოდ სიყვარული, რომელიც მხოლოდ სიხარულითა და სიტკბოებით „ამარაგებს" ადამიანს; სიყვარული, რომელიც „ართმევს" ღმერთს მართლმსაჯულებას, სამართლიანობას ცოდვილთან მიმართებით, მრავალი თეოლოგის გონება მოიცვა. ყოველივე ამის შედეგად, შეიქმნა ახალი კონცეფტუალური მიმდინარეობა, რომელსაც „ზნეობრივი მონიზმი" ეწოდება. ზნეობრივი მონიზმის ერესი, რომლის ფუძემდებელი მიტროპოლიტი ანტონი ხრაპოვიცკი გახლდათ, სლავიანოფილობისა და პოჩვენიზმის (почвенничество) ნიადაგზე აღმოცენდა. სლავიანოფილობა, თავის მხრივ, შელინგიზმის* რუსულ-ნაციონალური იდეის ინტერპრეტაცია გახლდათ, ანუ გერმანული რასის „უპირატესობა" რუსულ-სლავური (სლავიანოფილური) ტომებით უნდა ჩანაცვლებულიყო. ამ კონცეფციის თანახმად, „გამორჩეულმა" რასამ კაცობრიობის გადარჩენა უნდა შეძლოს. აქ საღვთისმეტყველო კუთხითაც ვაწყდებით პრობლემას: თუკი რომელიმე ეთნოსს შეუძლია გააერთიანოს ყველა ერი და „გამოიხსნას ბოროტებისაგან" (როგორც ამას სლავიანოფილები ამბობენ, რუსული მართლმადიდებლობის ქვეშ. თ. დოსტოევსკი)1, შესაბამისად ირღვევა გამოსყიდვის დოგმატის არსი - ხსნა არა ქრისტეს, არამედ რომელიმე ეთნოსის მიერ ხორციელდება. დოსტოევსკის თანახმად, რომელსაც თავის საღვთისმეტყველო კონცეფციაში მთლიანად ეყრდნობა მიტროპოლიტი ანტონი ხრაპოვიცკი, „გოლგოთის მსხვერპლი" რუსულმა ეთნოსმა უნდა იტვირთოს, რათა ყველა და ყველაფერი „მართლმადიდებლურ" ნიადაგზე მოაქციოს. გამოდის, რომ ძალა, რომლითაც ხორციელდება კაცობრიობის ხსნა - ადამიანების (ადამიანთა ჯგუფის, ეთნოსის და ა.შ.) ნების და არა ღვთის წყალობის შედეგია. დოსტოევსკი წერდა: „ის გადარჩება, ვინც სიყრმიდანვე თავის თავში ზნეობრივი მუხტი გამოიმუშავა. ეს ერთადერთი ზნეობრივი იდეაა, როდესაც ყველაფერი პირად, ინდივიდუალურ თვითგანსრულყოფილებას ეფუძნება".2 დოსტოევსკის კონცეფციაში არა დოგმატს, არამედ ზნეობას ენიჭება უპირატესობა. მთ. ეპისკოპოსი ანტონი ხრაპოვიცკიც პრაქტიკულად იმავეს იმეორებს: „ჩვენ ვადგენს იმ ჭეშმარიტებას, რომ ზნეობრივი აღორძინების საწყისები და ძალა თანაგრძნობის სიყვარულშია. ის კი, გარკვეულწილად, აუღორძინებელი ადამიანის ბუნებისთისაცაა დამახასიათებელი".3 ეს ნიშნავს, რომ მღველმთავარი ა. ხრაპოვიცკი უპირატესობას არა ღვთის მადლის მოქმედებას, არამედ თავად ადამიანის ნებელობას ანიჭებს. ე.ი. ზნეობრივ მონიზმში ცხონება ადამიანის ზნეობრივ, ბუნებრივ სრულყოფილებაზეა დამოკიდებული. ა. ხრაპოვიცკი წერს: „გავიმეორებ დოსტოევსკის ფორმულას ერთი ადამიანის ნების მეორეზე ზეგავლენის მოხვევის შესახებ. ადამიანი მაღლდება, ყველასთან ერთად უბრუნდება პირველქმნილ მდგომარეობას, ერთის მიერ ღმერთთან ურთიერთობის ათვისებული სიწმინდე სხვებსაც მარტოოდენ ნების თანხმობით მოეფინა. აღორძინება ერთგვარად მათ ნაცვლად აღსრულება. მთავარია არ შეეწინააღმდეგონ მას ბოროტი სიჯიუტითა და სიძულვილით".4 თვითგადარჩენის ეს „ჰუმანური", სლავიანოფილური იდეა პელაგიანური ერესის აღორძინებად უნდა მივიჩნიოთ, რომელშიც უარყოფილია პირველქმნილი ცოდვის შედეგი და ღვთაებრივი მადლის საჭიროება ცხონებისათვის. სწორედ ამ საღვთისმეტყველო საფუძველზე ჩამოაყალიბა თავისი სწავლება მღვდელმთავარმა, თითქოს ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოხსნა არა ჯვარზე, არამედ გეთსემანიის ბაღში განხორციელდა. ამ თეზის თანახმად გამოდის, რომ ქრისტემ მარტოოდენ კაცობრივი ნებით გამოისყიდა კაცობრიობა, ვინაიდან გეთსემანიის ბაღში სწორედ რომ ქრისტეს კაცობრივი ბუნებისთვის დამახასიათებელ უყვედრელი ვნებების გამოვლინებას ვხედავთ და არა ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების გამოვლინებას, რაც არსებითად დოგმატური შეუთავსებლობაა".5 ამ თეზის თანახმად გამოდის, რომ ადამიანის ბუნებაში არსებული „თანაგრძნობითი სიყვარული" სავსებით საკმარისია ცხონებისათვის, რამაც გამოსყიდვის დოგმატის უგულებელყოფამდე მიიყვანა ხრაპოვიცკის კვალდაკვალ განმაახლებლები. შედეგად, მოდერნისტულ ღვთისმეტყველებაში დამკვიდრდა აზრი, რომ ორთოდოქსული გამოსყიდვის დოგმატი ტრანსცენდენტური (გარეგნული გამოვლინებაა) და ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის „იურიდიზმისა" და „სქოლასტიკის" გამოვლინებაა. ხოლო ცხონებისთვის იმანენტური (შინაგანი), პირადი გამოცდილება (განცდები, შეხედულებები და მისთ.) უფრო მნიშვნელოვანია. მათთვის ეს „ორგანული პროცესია", რომელიც არა ღვთის, არამედ უშუალოდ ადამიანის მიერ „კონტროლირდება". არსებითად, ეს იგივე პელაგიური ერესის რეციდივია, რომელიც მავანს „მართლმადიდებლობა" ჰგონია. ამავე დროს, ზნეობრივი მონიზმი იგივე შელინგიზმიცაა ღვთისმეტყველებაში, რომლის ძირითადი პრინციპი სწორედ ტრანსცენდენტურიდან (გარეგნულიდან, მიღმისეულიდან) იმანენტურში (შინაგანში) გადასვლაში მდგომარეობს. ერთი შეხედვით, ამაში საპრობლემოც არაფერია: ცხონება არა ადამიანის მიღმა (ტრანსცენდენტურად), არამედ ადამიანის შინაგანით (იმანენტურად) ხორციელდება. მაგრამ შელინგიზმი არაა მართლმადიდებლობა. ჩვენთან ძალა, რომლითაც ადამიანი ღვთაებრივის თანამონაწილე (განღმრთობილი) ხდება, მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებებში თანამონაწილეობით ეძლევა, ხოლო შელინგიზმში (მანამდე პელაგიონიზმში), შემდგომ სლავიანოფილიზმში, მის შემდეგ ზნეობრივ მონიზმში და საბოლოოდ მოდერნიზმში გადარჩენის საშუალება ადამიანს ბუნებრივად გააჩნია. ადამიანის ბუნება, მათი აზრით, დაუზიანებელია პირველქმნილი ცოდვით. შედეგად, კერძო საღვთისმეტყველო აზრი, შეფასება, განცდა, პირადი გამოცდილება და ა.შ. აპრიორი ნებისმიერ დოგმატურ განსაზღვრებაზე უპირატესია. ამიტომ მოდერნიზმში, ზნეობრივ მონიზმში რეალურად არაა საუბარი ქრისტეში ადამიანის ფერისცვალებაზე, არამედ ადამიანი, როგორც ონტოლოგიური „არსება" თავის თავში ჰპოულობს აღორძინებისა და ცხონების ძალას. აქედანაა აზრიც, რომ ნათლისღების გარეშეც შესაძლებელია ცხონება, იმიტომ რომ პირველქმილ ცოდვას მათთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ის ავგუსტინისეულ სქოლასტიკად ირაცხება მოდერნისტების მიერ. მთ. ეპ. ანტონი ხრაპოვიცკი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს: „ზნეობრივი მონიზმის თვალსაზრისით, უფლის ჯვარცმა და სიკვდილი გამომსყიდველი მსხვერპლის მხოლოდ ერთი ნაწილია, ქრისტეს სულიერი ტანჯვა შეუდარებლად უფრო ძლიერია, ვიდრე მისი სხეულის ტანჯვა".6 როგორც ვხედავთ, ქრისტეს ჯვარცმას არა კაცობრიობის გამოსყიდვის, არამედ თავგანწირული სიყვარულის მნიშვნელობა ენიჭება, ავიწყდებათ რა პავლე მოციქულის სიტყვა: „ქრისტემან ჩვენ მოგვიყიდნა წყევისა და მისგან შჯულისა" (გალ. 3. 13). სამწუხაროდ, ზნეობრივი მონიზმის ერესი მრავალმა გამოჩენილმა სასულიერო პირმა თუ ღვთისმეტყველმა, რომლებიც ანტიეკუმენისტებად და ანტიპაპისტებად მიიჩნევიან, არ მიაქცია სათანადო ყურადღება და გაითავისა კიდეც. ეს პროცესი არა მხოლოდ სლავური, არამედ ბერძნული ეკლესიებისთვისაცაა დამახასიათებელი. პირველქმნილი ცოდვისადმი არამართებული, მოდერნისტული ანალიზის გამო, ისეთ ღვთისმეტყველებს, როგორიცაა მიტროპოლიტი ი. ვლახოსი, დეკანოზი ი. რომანიდისი და მათი მრავალი მიმდევარი და თაყვანისმცემელი ჩვენს ქვეყანაშიც სწორედ რომ ზნეობრივი მონიზმის მიმდევრებად გვევლინებიან. ეს ეკუმენიზმზე არანაკლებ საშიში ერესია. ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ერთი ერესის მხილებით, ხოლო მეორეს გათავისებით, პიროვნება ეკლესიის ავტორიტეტი ვერ გახდება. ზნეობრივი მონიზმი მოდერნისტული ერესის საფუძველია. ის სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს და სათანადო ადგილი უნდა მიენიჭოს ერესების კვალიფიკაციაში. ჩვენ კი დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ სენით შეპყრობილ „ახალ მამებს", რომლებსაც დაუმსახურებლად მიენიჭათ მსოფლიო ავტორიტეტი.
* შელინგიზმი - გერმანული კლასიკური ფილოსოფიის იდეა, რომლის თანახმადაც, „მსოფლიო სულის", „საერთოსაკაცობრიო გაერთიანების იდეა" გერმანული რასის ფრთებქვეშ უნდა განხორციელებულიყო. 1 Ф. Достоевский. Дневники Писателя. 1877. XXIII. გვ. 45. 2 Ф. Достоевский. Дневники Писателя. 1877. XXIII. გვ. 46. 3 Арх. Еп. А. Храповицкий. Догмат Искупления. Богословский вестник. Т2. С. 192. 4 А. Храповицкий. Пастырское изучение жизна и людей по сочинениям Ф. Достоевского. Историе идей.ru. 5 Арх. Еп. Ф. Полтавский. Доклад об учении Арх. Еп. Митрополита А. Храповицкого. О догмате искупления. О нового Ересях. Антимодернизм.ру. 6 Арх. Еп. А. Храповицкий. Догмат Искупления. Богословский вестник. Т2. С. 286.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |