მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > რატომ არ შეიძლება არამართლმადიდებლებთან ერთად ზიარება? - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

რატომ არ შეიძლება არამართლმადიდებლებთან ერთად ზიარება? - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


3-03-2022, 20:03

რატომ არ შეიძლება არამართლმადიდებლებთან ერთად ზიარება? - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   „მართლმადიდებელ ეკუმენისტებსა" და რომს შორის გაღრმავებული ურთიერთობები კულმინაციურ ნიშნულს უახლოვდება. მათ შორის დამკვიდრებული ერთობლივი ლოცვითი პრაქტიკა დიდი ხანია ტვირთად აწევს მართლმადიდებელ ეკლესიას. საბოლოოდ ყველაფერი ევქარისტიული (ლიტურგიკული) „ერთობით" უნდა დაგვირგვინდეს.

   ეკუმენისტების მორალის თანახმად, სხვაგვარადმადიდებლებიც ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წევრები არიან, ამიტომ უნდა ეზიარებოდნენ მართლმადიდებლური ღვთისმსახურების დროს.

   წმინდა მამები კი საპირისპირო სწავლებას გვთავაზობენ.

   ვიდრე ვინმე თავს წმინდა მამებზე განსწავლულად და ბრძნად მიიჩნევდეს და დასძენდნენ, რომ მათთაც (კათოლიკებს, პროტესტანტებს, მონოფიზიტებს) მართლმადიდებლების მსგავსად სწამთ წმინდა სამების, მანამდე წმინდა მამების სწავლებას მოუსმინონ:

   წმინდა ათანასე დიდი ამბობს: „იმას როდი ეძლევა ნათლისღების უფლება, ვინც უბრალოდ ახსენებს „უფლის" სახელს, არამედ მხოლოდ მას, ვინც სახელთან ერთად ფლობს მართალ სარწმუნოებას. მაცხოვარმა არა პირდაპირ ნათლისღება ბრძანა, არამედ ჯერ თქვა: „მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი", შემდეგ აგრძელებს: „და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (მათ. 22. 19), რათა განისწავლოს მართალ სარწმუნოებაში და შემდეგ განიწმინდოს ნათლისღების მეშვეობით.

   არსებობს უამრავი სხვა ერესიც, რომლებიც სიტყვიერად აღიარებენ წმინდა სამებას, მაგრამ არა მართლმადიდებლური სწავლებისამებრ. როგორც უკვე გითხარით, მართალი სარწმუნოების გარეშე, მათ მიერ წყალში განბანა უსარგებლოა".1

   წმინდა იოანე ოქროპირი წერს: „შეიძლება კი ითქვას, რომ მათი რწმენა ჩვენის მსგავსია, ისინიც ორთოდოქსებია, როგორც ჩვენ? თუ ასეა, მაშინ რატომ არ არიან ჩვენთან ერთად? არსებობს მხოლოდ ერთი უფალი, ერთი სარწმუნოება, ერთი ნათლისღება. თუკი მათი რწმენა მართალია, ჩვენი არ ყოფილა მართალი. ნუთუ საკმარისია ითქვას, რომ ისინიც მართლმადიდებლებია? არის კი მათი ხელთდასხმა ჭეშმარიტი?... თუკი მათაც ჩვენნაირი დოგმატები აქვთ, ჩვენნაირი საიდუმლოებები, მაშინ ერთი ეკლესიის მეთაური რატომ იჭრება მეორეს ფარგლებში? ამიტომ ვამბობ: ეკლესიაში განხეთქილების მომწყობი, ერესში ჩავარდნაზე არანაკლები ბოროტებაა...".2

   წმ. იოანე დამასკელიც ბრძანებს: „ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარების მეშვეობით, ჩვენ უფლის ღვთაებრიობის თანაზიარნი ვხდებით. დიახ, ქრისტეს თანაზიარებით ერთმანეთთან ვერთიანდებით, რადგან ვეზიარებით ერთ ღვთაებრივ პურს, ყველანი ერთ ქრისტეს სხეულად გარდავიქმნებით... ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ ვეზიაროთ ერეტიკოსებისაგან და არ ვაზიაროთ ერეტიკოსები. „ნუ მისცემთ სიწმინდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა" (მათ. 7. 6), რათა არ გავხდეთ მათი უწმინდურებისა და ბრალეულობის თანამონაწილე. ვინაიდან, თუკი ქრისტესთან ურთიერთკავშირი ჭეშმარიტია, მაშინ უთუოდ კავშირში ვართ სხვა დანარჩენ თანამაზიარებელთან, იმიტომ რომ იმავე ღვთაებრივ პურს იღებს საკურნებლად, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს". (1 კორ. 10. 17)".3

   წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი დასძენს: „ჩვენ არ ვიღებთ ღვთაებრივ ზიარებას მანამდე, ვიდრე ურწმუნოებიდან რწმენაში არ გადავალთ. ამის შემდეგ გვმართებს ნათლისღება. ნათელღებული ეკლესიაში მართლებთან ერთად დგას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ზიარება".4

   მოციქულთა კანონი ბრძანებს: „თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა მიიღოს ერეტიკოსის მონათვლა ნათლისღებად ან მის მიერ შეწირული მსხვერპლი, მის განკვეთას ვბრძანებთ, რადგან რა აქვს საერთო ქრისტეს ბელიართან (სატანასთან)? ან რა აქვს საერთო მორწმუნეს ურწმუნოსთან?"5






1 Св. Афанасий Александрийский. Беседа II. Против Ариан.

2 Св. Иоанн. Злотоуст. Проповеди 11. К. Ефесянам.

3 Св. Иоанн Дамаскин. Изложение православной веры. Книга 4. Гл. 13.

4 Св. Феофилакт Болгарский. Обияснение святого Евангелия от Иоанна. Гл. 7. 1-7.

5 მოციქულთა კანონები. კანონი 46. დიდი სჯულისკანონი.





მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება