მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სლავიანოფილობის არსი და მიზანი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

სლავიანოფილობის არსი და მიზანი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


28-02-2022, 19:53

 

   რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ საომარ ვითარებას არა მხოლოდ გეო-პოლიტიკური, არამედ რელიგიური საფუძვლები გააჩნია. სახეზეა „დასავლურ-გლობალისტური მისტიციზმისა" და „რუსული ნაციონალურ-მესიონალური მისტიციზმის" დაპირისპირება.

   მართლმადიდებელი ქრისტიანობისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია დასავლური მენტალობის ფსევდოპატრიოტული ხასიათი, როდესაც სულიერი ფასეულობები ყალბი ინტერპრეტირებითაა ჩანაცვლებული. სინამდვილეში, ადამიანს ჭეშმარიტი პატრიოტული განცდების სანაცვლოდ გნოსტიკური პოლიტიკური აზროვნება უყალიბდება.

   ამ ნიშნით, რუსული ნაციონალიზმის იდეა ბევრი არაფრით განსხვავდება დასავლურისაგან. საქმე ისაა, რომ რუსეთში განვითარებულული სლავიანოფილური და ე.წ. „პოჩვენური" (почвенничество) იდეები გერმანული კლასიკური ფილოსოფიისაგანაა (შელინგი) ნასესხები. ანუ გერმანული კოსმოგენური „მსოფლიო სულის" სანაცვლოდ უპირატესობა სლავურ ტომებს ენიჭება. რეალურად, მეცხრამეტე საუკუნეში ფ. დოსტოევსკის, ვლ. სოლოვიოვის და სხვათა მიერ განვითარებული სლავიანოფილური (რუსული, სლავური ეთნოსის უპირატესობის) დოქტრინა გერმანული იდეალიზმის ცუდი კოპირება გახლავთ. თუკი იქ, „საერთოსაკაცობრიო გაერთიანების იდეა" გერმანული რასის ფრთებქვეშ უნდა განხორციელებულიყო, რუსული იდეის თანახმად, „სულიერი ელიტის", „გამორჩეულობის", „მაგალითის მომცემის", „მედროშის" როლს სლავიანოფილები ტვირთულობენ.

   ფ. დოსტიევსკის დღიურებში ვკითხულობთ: „ყალიბდება და ძლიერდება ნაცია. მან თავისი სიმრავლით, ნიადაგით, რომელზეც პური და მცენარეები იზრდება, ლამის მხეცად ქცეული კაცობრიობა უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. ამ ნიადაგში არის რაღაც საკრალური. ის დაფუძნებულია ქრისტიანული ცხოვრების იდეალზე, ხოლო რუსმა ხალხმა, რომლებმაც გამოიმუშავა რუსული მართლმადიდებლობა, უპირატესია".1

   რას ნიშნავს: „რუსმა ხალხმა გამოიმუშავა რუსული მართლმადიდებლობა? განა არსებობს „რუსული", „ბერძნული" თუ „ქართული" მართლმადიდებლობა, როდესაც ეთნოსის უპირატესობა, „გამორჩეულობა" განსაზღვრავს მართლმადიდებლობის ხარისხს? სწორედ ეს გახლავთ გნოსტიკური „ხიბლი", ნასაზრდოები გერმანული იდეალიზმისაგან, რასაც ვერანაირად ვერ ვუწოდებთ ქრისტიანულს. საღვთისმეტყველო კუთხითაც ვაწყდებით პრობლემებს: თუკი რომელიმე ეთნოსს, მართლმადიდებლური იმპერიის ქვეშ შეუძლია გააერთიანოს (Всеединство) ყველა ერები და „გამოიხსნას ბოროტებისაგან", ე.ი. ხორციელდება გამოსყიდვის დოგმატის პროფანაცია, სადაც ხსნა არა ქრისტეს, არამედ რომელიმე ეთნოსის (ამ შემთხვევაში რუსების) მიერ ხორციელდება. („ზნეობრივი მონიზმი").

   დოსტოევსკი განაგრძობს: „კონსტანტინოპოლი უნდა იყოს რუსების. ის თავდაპირველად პანსლავურ, ხოლო შემდეგ ქრისტიანული სამყაროს ცენტრად, დედაქალაქად უნდა გადაიქცეს".2

   ანუ რუსი „გოლგოთის მსხვერპლს" ტვირთულობს, რათა ყველა და ყველაფერი „მართლმადიდებლურ" ნიადაგზე მოაქციოს.

   ამრიგად, სლავოფილური იდეის თანახმად, რუსეთი, როდესაც სხვა ქალაქებში იჭრება კი არ ძალადობს, არამედ „ათავისუფლებს" ყალბი იდეებისაგან.

   სინამდვილეში, არსებითი განსხვავება „გლობალისტურ მისტიციზმსა" და „სლავურ მისტიციზმს" შორის არ არსებობს.

   როგორც გლობალისტური იდეის თანახმად, სამყარო ერთიანდება ერთი გლობალისტური იდეის ქვეშ, ასევე სლავიანოფილობის თანახმად, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს „რუსული მართლმადიდებლური იმპერიის" ქვეშ. შელინგისეული „ყოველთაერთობის" (Всеединство) იდეა იდენტურია სლავიანოფილური იდეისა. თურმე, „რუსულ საწყისებზე" უნდა გაერთიანდეს მთელი მსოფლიო, სწორედ მათ უნდა შეკრან მსოფლიო „საერთოსაკაცობრიო საძმოში" („Всечеловеческого братства”. Достоевский).

   იდეის თანახმად: სულიერი (რუსული, სლავიანოფილური) ეხმარება „ფშვინვიერს" (დასავლურს, ევროპულს) განავითაროს თავისი პოტენციალი ისე, როგორც ეს რუსებს მიაჩნია მართებულად.

   თანამედროვე რუსეთში სლავიანოფილური და პოჩვენური იდეები ახალი „პატრიოტების" (დუგინი, სტეფანოვი) მიერ იქნა რეაბილიტირებული. მათი აზრით, „მოსკოვი - მესამე რომი" კვლავ რჩება აუღებელ „ბასტიონად".

   ერთი შეხედვით, მშვენივრად ჟღერს: მართლმადიდებლური ქვეყანა თუ განავრცობს მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა ქვეყნებში, ამას რა სჯობია! მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია. თუკი დოსტოევსკი (მართალია დამახინჯებული სახით) მაგრამ მაინც „მართლმადიდებლობას" მოიაზრებს ეტალონად, თანამედროვე სლავიანოფილები აცხადებენ, რომ „მართლმადიდებლური რუსეთისთვის" საჭიროა სინთეზი იუდაიზმთან, ისლამთან, ძველმესტილებთან და სოფიოლოგიასთან.3

   პრინციპში გასაგებია: „რუსეთის დიდი ნაწილი ისლამს აღიარებს, თავად დუგინი იუდაიზმში ხედავს გადარჩენის საწყისებს". ცხადია, მარტო „მართლმადიდებლობით" ვერ გახვალ ფონს, საჭიროა სხვა რელიგიებისა და იდეოლოგიების კონსოლიდაცია სლავიანოფილობის ჭერქვეშ.

   როგორც ვხედავთ, სლავიანოფილური იდეა ბევრი არაფრით განსხვავდება სხვა იდეოლოგიებისაგან: რუსული „მისტიკურ-პატრიოტული მესიანიზმი" და „გლობალისტური კოლექტიური მესიონიზმი" არსობრივად იდენტური და არამართლმადიდებლურია. უბრალოდ, რუსებს სურთ „დასავლური უნივერსალურობა" „რუსული უნივერსალურობით" ჩაანაცვლონ, რაც არსობრივად ერთი და იგივეა.





1 Ф. Достоевский. Дневники писателя. 1877. XXIII.

2 იქვე. დღიურებში. XXIII. გვ. 45.

3 ციტ. А. Буздалов. Москва – Третий Вавилон. История идей.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 




უკან დაბრუნება