მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჰიბრიდული ომი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ჰიბრიდული ომი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


9-02-2022, 17:19

ჰიბრიდული ომი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   თანამედროვე, მართლმადიდებლური სარწმუნოების მაღიარებელ ქვეყნებში, რომლებიც ოდითგანვე გამოირჩეოდა მყარი რელიგიურ-კულტურული და ოჯახური პრინციპებით, დღემდე არნახული შეხედულებების დამკვიდრების ტენდენცია შეინიშნება. ერთი მხრივ, ე.წ. ლ.გ.ბ.ტ. თემების გააქტიურება, მეორე მხრივ, საეკლესიო სტრუქტურებში განხეთქილების საფრთხეების გაძლიერება.

   ცხადია, შეტევა, რომელიც ხორციელდება მართლმადიდებლობაზე და ინდივიდუალურად ადგილობრივ სამოციქულო ეკლესიებზე არ გახლავთ სპონტანური მოვლენა, არამედ მიზანმიმართული პროვოკაციაა. სახეზეა მართლმადიდებელი საზოგადოების სეკულარიზაციის ტენდენცია, როდესაც ეკლესიის მყარი დოგმატურ-კანონიკური ნიშან-თვისებანი რადიკალურად ცხადდება, და რომელიც, მავანის აზრით „დერადიკალიზაციას", გალაითებას საჭიროებს.

   უცხო ძალების ამოცანაა: სამოქალაქო ფორუმების, კონფერენციების, ენჯეოების აქტიური პროპაგანდით მართლმადიდებლობა დაყვანილ იქნეს პოსტმოდერნისტული ელემენტებისაგან შემდგარ რიგით რელიგიურ დენომინაციის დონემდე. ანუ მართლმადიდებლობა გლობალისტების პოლიტიკური ინტერესებისამებრ უნდა შეიცვალოს.

   საამისოდ არაერთი თეორიული თუ პრაქტიკული გეგმაა შემუშავებული:

   1) მიზანმიმართული ზემოქმედება ადგილობრივი ეკლესიების ცალკეულ იერარქებზე, რომლებიც მართლმადიდებელ სამყაროში განხეთქილების გამოწვევას უწყობენ ხელს.

   2) სათანადო (მოდერნისტ-ეკუმენისტი) კადრების მომზადება.

   ახალგაზრდა თეოლოგებისა და სასულიერო პირების უცხოეთში პროტესტანტულ და კათოლიკურ სასწავლებლებში განათღლების მისაღებად გაგზავნა-დაფინანსება.

   3) ადგილზევე მსგავსი სულისკვეთების სასწავლებლების შექმნა.

   4) საინფორმაციო საშუალებების, ჰუმანისტური ტექნოლოგიების ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებზე ზემოქმედებისთვის აქტიური გამოყენება.

   5) სოც-ქსელები იდეალური სივრცეა ეკლესიის წინააღმდეგ „ქსელური ომის" წარმოებისთვის.

   აღნიშნული მექანიზმების მუშაობის შედეგები უკვე სახეზეა. ბერძნულ და სლავურ ადგილობრივ ეკლესიებს შორის ჩამოყალიბებული მძიმე ვითარება ამის მანიშნებელია.

   ნათელია, ყოველივე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის განადგურებისკენაა მიმართული.

   საზოგადოებაზე ზემოქმედება კი სწორედ „ჰიბრიდული", „ქსელური" საინფორმაციო საშუალებებით ხორციელდება, რასაც პოსტმოდერნისტული საინფორმაციო სივრცე ჰქვია.

   ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას გადაუმოწმებელი ინფორმაციის შესაბამისად. ის, რაც უნდა ეხმარებოდეს ადამიანს სიკეთისა და ბოროტების გარჩევაში: გამოცდილება, ზნეობა, მორალი, ლოგიკა და ა.შ. იოლად შეიძლება იქნეს ნეიტრალიზებული ემოციის მეშვეობით. შესატყვისი ტექნოლოგიების (ქცევის ალგორითმების, ხელოვნური ინტელექტის და მისთ.) ეკლესიაზე ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებით, ზიზღის დათესვით, ყოველივე ამის ფონზე ადამიანი იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, ითავისებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც სინამდვილეში ეწინააღმდეგება მის შეხედულებას და ცხოვრების წესს.

   ამას ემატება მართლმადიდებლობისთვის უცნობი „ნეომართლმადიდებლური" სულისკვეთების, გაურკვეველი „სოციალური რელიგიურობის" დამკვიდრების ტენდენცია.

   ყოველივე ზემოთქმულზე ადეკვატური პასუხის გაცემა არც თუ ისე იოლი საქმეა. პირველყოვლისა, საჭიროა რეალისტური ხედვა პროცესებისა, რამდენად ღრმად არის წასული სეკულარიზაციის, განდგომილების პროცესი? თავად როგორ გადავურჩე ამა სოფლის სულისკვეთების ზემოქმედებას? შემდეგ, რა შემიძლია გავაკეთო მოყვასისათვის, ვისაც სურს მართლმადიდებლურად ცხოვრება?

   ერთი სიტყვით, საჭიროა იმის საპირისპირო ცხოვრება და მოქმედება, რაც ეტაპობრივად ინერგება ჩვენს ცნობიერებაში. ცხადია, ეს არ შეცვლის მთლიანობაში სურათს, მაგრამ ალტერნატიული მართლმადიდებლური ტრადიციის გათავისება და ქადაგება ჩვენი პასუხისმგებლობაა.   




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება