მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესია და აპოკალიპტიკა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ეკლესია და აპოკალიპტიკა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


8-02-2022, 11:10

ეკლესია და აპოკალიპტიკა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ინტერესი ბოლო ჟამს მოსალოდნელი მოვლენების განვითარების შესახებ მრავალი ადამიანის გონებას იპყრობს. სულ უფრო ბევრი ადამიანი ცდილობს წარმოაჩინოს თავი ბოლო ჟამის მაუწყებელ „წინასწარმეტყველად", რომლებსაც მართლმადიდებელმა ეკლესიამ აპოკალიპტიკოსები უწოდა.

   „აპოკალიპტიკოსში" მოიაზრება ადამიანი (ადამიანები), რომლებიც მომავალ აპოკალიფსურ პროცესებს წარმოაჩენენ იმგვარად, თითქოს ბოლო ჟამის ნიშნების გამოთვლა, ინფორმაციის მოძიება და სხვისთვის გაზიარება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისათვის, ხოლო არსებულ სულიერ მდგომარეობას, ცხოვრების რიტმს, ამჟამინდელ მოცემულობას უკარგავენ მნიშვნელობას. ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ აღასრულებენ მნიშვნელოვან წინასწარმეტყველურ მისიას - იუწყებიან ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნების, მხეცის რიცხვის შესახებ, მაგრამ ნაკლებად დარდობენ, როდესაც მათი ინფორმაციია, „წინასწარმეტყველება" არ შეესაბამება ხოლმე სიმართლეს.

   ამრიგად მნიშვნელოვანია განვმიჯნოთ ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი აპოკალიპტიკოსისაგან.

   წინასწარმეტყველი იუწყება მოახლოებული საფრთხის შესახებ იმ მოტივით, რომ შეაგონოს და სინანულისაკენ მოუწოდოს ადამიანებს. აქ არა იმდენად წინაგანსაზღვრულობასთან გვაქვს საქმე (არიქა და ყველაფერი უთუოდ განადგურდება), არამედ ღვთის ნების კარნახთან, შეგონებასთან - თუკი არ შეინანებთ, დაიღუპებით. გავიხსენოთ იონას წინასწარმეტყველება ნინევიის განადგურების შესახებ. იონამ განაცხადა: ნინევია განწირულია და მალე დაიღუპება. ნინეველებმა გულისხმაჰყო ეს ნათქვამი, შეინანეს და ღმერთმა შეცვალა განაჩენი. ასევე იუწყებოდნენ სხვა წინასწარმეტყველებიც.

   აპოკალიპტიკი სულ სხვა კუთხით ახორციელებს მოვლენების გაშუქებას. ის გარდაუვალი კატასტროფის (მიწისძვრა, ომები, ოზონური ხვრელების, პლანეტების შეჯახების) მაუწყებელია, რომელიც „ულაპარაკოდ მოხდება". მისი პროპაგანდა ფატალიზმში ყოფნა უფროა, ვიდრე ცოდვილის სინანულისკენ მოქცევის მცდელობა.

   ამიტომ ვამბობთ, რომ წინასწარმეტყველება ადამიანის გულისა და ნებისკენაა მიმართული, ხოლო აპოკალიპტიკა - წარმოსახვის, სტრესის მოგვრისა და შიშისკენ.

   აპოკალიპტური ლიტერატურა სავსეა ტრაგიკული სცენარებით, რაც მრავალ ადამიანს იზიდავს. ის ფიქრობს, რომ ანუგეშებს მკითხველს „მომავალის ცოდნით", ომების, კატასტროფების დაანონსებით. მას მიაჩნია, რომ იცის ის, რაც არ იცის სხვამ და ეს აძლევს სტიმულს კიდევ უფრო ინტენსიურად მოგვაწოდოს სტრესის მომგვრელი ინფორმაცია.

   ნუ დაგვავიწყდება! ჩვენ გამარჯვებულ ომში ვართ ჩაბმული! იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსი არა ანტიქრისტეს, არამედ, ქრისტეს გამარჯვების ჰიმნია! უფალი ბოროტებასაც ადამიანის სასიკეთოდ წარმართავს და იმდენის უფლებას აძლევს, რამდენსაც თავად დაუშვებს ადამიანების შესაგონებლად.




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება