მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ეპისკოპოსებისა და კატასკოპების შესახებ - მღვდელმოწამე ანდრია, უფას მთავარეპისკოპოსი

ეპისკოპოსებისა და კატასკოპების შესახებ - მღვდელმოწამე ანდრია, უფას მთავარეპისკოპოსი


21-01-2022, 20:24

ეპისკოპოსებისა და კატასკოპების შესახებ - მღვდელმოწამე ანდრია, უფას მთავარეპისკოპოსი

 

   სათაურის წაკითხვის შემდეგ, მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ ხმარებაში შემოგვაქვს აქამდე გაუგონარი და სრულიად უცხო სიტყვა „კატასკოპი".1

   სინამდვილეში, ეს სიტყვა დიდი ხნის წინ დამკვიდრდა საეკლესიო ტერმინოლოგიაში წმ. ათანასე ალექსანდრიელის მიერ. მან მრავალი ტანჯვა-დევნა აიტანა ცრუ ეპისკოპოსებისაგან თავისი საეპისკოპოსო ცხოვრების მანძილზე. სწორედ წმ. ათანასემ ცრუ ეპისკოპოსებს კატასკოპები უწოდა.

   ვიდრე ტერმინ კატასკოპის განხილვას შევუდგებოდეთ, ორიოდე სიტყვით მკითხველს შევახსენებთ, რომ სიტყვა „ეპისკოპოსი" ზედამხედველს ნიშნავს, ანუ საეკლესიო ცხოვრების, სიწმინდის ზედამხედველს. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიტყვა „კატასკოპი", წმინდა ათანასეს ტერმინოლოგიაში, ეპისკოპოსის საპირისპირო ცნებას უნდა აღნიშნავდეს.

   კატასკოპების მოღალატური მოქმედებებიდან დასტურდება: ეპისკოპოსი არის პიროვნება, რომელსაც სურს ეკლესიის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი შეცვალოს ყალბით, როდესაც გულანთებული მღვმდელმთავარი არასასურველია ამასოფლისათვის.

   კატასკოპები ― ეპისკოპოსის ხარისხის მქონე ადამიანებია, რომლებიც სინამდვილეში ანტიესპისკოპოსებად გვევლინებიან. კაიაფას მსგავსად, რომელიც იყო მღვდელმთავარი, მაგრამ სულით ბრბოს ეკუთვნოდა, რომლებსაც საეკლესიო ჰიმნოგრაფია „მართალთა მკვლელებს" უწოდებს.

   სამწუხაროდ, საეკლესიო ისტორიას უამრავი მაგალითი ახსოვს კატასკოპებისაგან მართალი ეპისკოპოსის დევნისა. გახსენით თვენი და პირველსავე გვერდებზე იხილავთ კატასკოპების საქმიანობის შესახებ. წმ. ბასილი დიდის, წმ. ათანასე ალექსანდრიელის, წმ. მაქსიმე აღმსარებელის და მრავალი სხვა წმინდანის ცხოვრებაში ვაწყდებით ამ ფაქტებს. კატასკოპი ყოველთვის იმხილებოდა გულანთებული ეპისკოპოსის მიერ, ამიტომ ცდილობდნენ ჩაექროთ ქრისტიანობის ეს ანთებული ლამპრები. საამისოდ დევნიდნენ ჭეშმარიტ მღვდელმთავრებს და ადგენდნენ მოსყიდულებს.

   ეკლესიის ისტორიას ახსოვს პერიოდები, როდესაც ასობით ეპისკოპოსები განუდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ხოლო ღვთის სამართალი უდაბნოებსა და დევნილობაში შენარჩუნდა. სწორედ კატასკოპების ღალატის, ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად განიდევნა კათედრიდან წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, რომელიც იმ პერიოდში გახლდათ ერთადერთი მნათობი მთელ მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში. წმ. ათანასე მთელი ცხოვრება იდევნებოდა კატასკოპი ეპისკოპოსების მხრიდან. ისინი სამოქალაქო ძალას იყენებდნენ წმინდანის წინააღმდეგ, არბევდნენ, კლავდნენ, ასახიჩრებდნენ ერთგულ მრევლს, რომლებიც იცავდა ტაძრებს უკანონო ეპისკოპოსებისაგან.

   ისმის კითხვა: რატომაა ესოდენ მიუღებელი წმ. ეკლესიაში კატასკოპების არსებობა? უპირველესყოვლისა იმიტომ, რომ კატასკოპი ყველა საკითხს ურწმუნოთაგან გამოწვევის დროს კომპრომისით პასუხობს. ისინი, თავიანთი უპრინციპულობის გამო, არაფრად მიიჩნევენ შიდა საეკლესიო ცხოვრებასა და დოგმატურ სწავლებას.

   რა არის ქრისტიანობა? რა არის ეკლესიური ცხოვრება? 

   ქრისტიანობა არის ქრისტეს გულანთებული სიყვარული. ის არ არის აბსტრაქტული იდეა, არამედ სულის განუწყვეტელი მოხმობაა ღვთისა, ლოცვა, სიხარული, ენთუზიაზმი, ევქარისტიული ლტოლვაა ქრისტესადმი. სწორედ ასეთები იყვნენ ეკლესიის პირველი ეპისკოპოსები, მოციქულები და მათი დიდი მემკვიდრეები, იერარქები, რომლებიც აყალიბებდნენ ქრისტიანულ თემებს. მათთან მუდამ ენთო ჭეშმარიტი სიყვარულის ლამპარი. ქრისტეში ცხოვრება ასეთ თემებში ცხოვრების არსი იყო. ყველა ქრისტიანს შეეძლო ეთქვა, რომ მისთვის სიცოცხლე ― ქრისტეა, სიკვდილი კი ― გამარჯვება.

   ეპისკოპოსის გულანთებული რწმენა ბუნებრივად იზიდავდა ყველას, ვისაც სუფთა გულით სურდა ღმერთში ცხოვრება.

   კატასკოპი ვერაფრით შეედრება ეკლესიის ერთგულ მღვდელმთავარს. მისთვის ეკლესიაა ― მისტიური სხეული ქრისტესი, ხოლო კატასკოპისთვის მხოლოდ რეზიდენცია, ადგილი, საიდანაც შეიძლება სარწმუნოების რეფორმირება.

   მათ „დეპარტამენტებში" გულანთებული რწმენა საერთოდ არ არის საჭირო. აქ მთავარია იერარქიული ავტორიტეტის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად და „მორჩილი" გარემო. სულ ესაა მათი საეკლესიო ცხოვრების არსი! ის უკიდურესი სიცარიელის დემონსტრირებაა.

   კატასკოპი მუდმივად აკნინებს საეკლესიო ცხოვრებას მორწმუნეთა თუ ურწმუნოთა წინაშე. თუ ჭეშმარიტი ეპისკოპოსი იცავს საეკლესიო დოგმატებს, კატასკოპი კი ამბობს: „ამჟამად ჩემი მთავარი დოგმაა არ მოვხვდე ციხეში". ცხადია, ასეთ „დოგმას" არ ძალუძს ვინმეს სიკეთისკენ შთაგონება, პირიქით, განაშორებს ადამიანს ეკლესიისაგან.

   დღესაც იგივე ვითარებაა: ყველგან ღალატი, ცრუჩვენება, კატასკოპებისადმი უპრეცენდენტო მიბაძვაა.

   როგორ განვასხვავოთ ეპისკოპოსი კატასკოპებისაგან?

   ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია! ეპისკოპოსიც და კატასკოპიც მღვდელმთავრის შესამოსელშია, „ერთნაირ მსახურებას" აღასრულებენ. სინამდვილეში უდიდესი განსხვავებაა მათ შორის.

   ჭეშმარიტი ეპისკოპოსისთვის წარმოუდგენელია ცხოვრება თავისი თემის, სამწყსოს, სულიერი გარემოს გარეშე. ის იცნობს მრევლს, მათაც ესმით მისი ხმა. მისთვის სამწყსო ― უსაყვარლესი ძმები და დებია ქრისტეში, რომლებსაც მთელი სულითა და გულით ემსახურება. მას არ შეუძლია გულგრილად „მართვა". ეს სულიერი ოჯახია.

   კატასკოპისთვის სულიერი ოჯახი არ არსებობს. მისთვის ყოველივე ეს სენტიმენტალური წვრილმანებია. აქ მთავარია ბრძანება და ბრძანების მორჩილება. საამისოდ ის ავტორიტარულ „ცენტრს" ქმნის. ამგვარი „ცენტრის" გარეშე კატასკოპი ვერ „ცოცხლობს", ვერ „სუნთქავს". მას ჰაერივით ესაჭიროება ცენტრალიზებული მართვის სისტემა. კატასკოპი შინაგანად „მოწოდებულია" აკონტროლოს დაქვემდებარებულები, მის ირგვლივ არსებული ვითარება. ის უნდა „დომინირებდეს", აგროვებდეს და მიზნობრივად ავრცელებდეს ინფორმაციებს. ამავდროულად, უთუოდ ლაქიობდეს ხელისუფალის (ან გავლენიანი პირის) წინაშე. რისი ძმური სიყვარული! არსებობს მხოლოდ ბრძანება და ცხვრის დუმილი და მათი პარსვა და პარსვა!

   დიახ! დიდი განსხვავებაა ეპისკოპოსსა და კატასკოპს შორის!



მღვდელმოწამე ანდრია, უფას მთავარეპისკოპოსი 

Xareba.net - ის რედაქცია 







1 კატასკოპი (ბერძნ. Katackoпoc - ჯაშუში, დამსმენი) - სამხედრო პერსონალის სახელწოდება, რომელიც ახორციელებს სადამკვირვებლო და სადაზვერვო ფუნქციას როგორც საკუთარ, ისე მტრის ტერიტორიაზე - მოპოვებული ინფორმაციის სამხედრო სარდლობისათვის გადაცემის მიზნით. სიტყვა „ჯაშუში" ყველაზე მეტად შეესატყვისება ამ ბერძნულ ტერმინს.



უკან დაბრუნება