მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, ანტიქრისტე, მთავარი გვედის ფოტო > ანტიქრისტე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ანტიქრისტე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


10-06-2024, 00:09

ანტიქრისტე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   XIX-XX საუკუნეებში დამკვიდრებულმა საერთო სულისკვეთებამ, ახალი რელიგიური შეხედულებებისა და იდეოლოგიების ძიებამ, კაცობრიობა საბოლოო მიზანს მიუახლოვა.

   დაკვირვებული თვალი იოლად დაინახავდა, რომ ეშმაკის „წესრიგის" მიერ შემოთავაზებული მეცნიერული და რელიგიური მიმდინარეობები საოცრად ავსებენ ერთმანეთს. ორივე ასპექტი - ცრურელიგიებიც და ცრუიდეოლოგიებიც ანტიქრისტეს გამეფებას შეუწყობენ ხელს.

   1) ერთი მხრივ: ცრუ სულიერებას, მისტიკას, ახალ რელიგიას შესთავაზებს საზოგადოებას.

   2) მეორე მხრივ: „ანტიქრისტე მოხერხებულად იმოქმედებს და თავისი ხელმწიფების, ძალაუფლების დამყარებისთვის გამოიყენებს ორივე გზას.

   ცრურელიგია, ცრუმეცნიერება და ცრუპოლიტიკა, როგორც წინა თავებში აღვნიშნეთ, განაწყობს ადამიანს საიმისოდ, რომ თაყვანი სცეს ახალ „სულიერ" ხედვას. შესაბამისად, ანტიქრისტე თაყვანისცემასაც სათანადოდ მოითხოვს: როგორც „ზეკაცი", როგორც პოლიტიკური „გენიოსი" და როგორც „ღმერთი".

   ანტიქრისტე ზეცას შეჰპირდება ადამიანებს დედამიწაზე. თუკი ქრისტე მარადიულ ნეტარებას ჰპირდება ადამიანს, ანტიქრისტე ამსოფლიურ დიდებას აღუთქვამს თავის ერთგულთ.

   აღნიშნული იდეოლოგიებით ღვთაებრივ წესრიგს დაცილებული კაცობრიობა მიდის დასკვნამდე, რომ არ სჭირდება მას სხვა სამყარო, გარდა ხილულისა, სხვა ღმერთი, გარდა ამქვეყნიური „სიდიადის" მქონესი, რომელსაც შეუძლია ამქვეყნიური უკვდავების მონიჭება. ასეთი „ღმერთი" კი ანტიქრისტე იქნება.

   ბოლო ჟამსა და ანტიქრისტეს გამეფებაზე საუბრისას საზოგადოების ძირითადი ყურადღება იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადების" მეცამეტე თავზეა გამახვილებული. აქ საუბარია ანტიქრისტეს გამოჩენასა და მის ბეჭედზე.

   წმინდა მამების განსაკუთრებული სიფრთხილით ცდილობდნენ აპოკალიფსური მოვლენების განმარტებას. დღეს მრავალი გამოთქვამს ამ საკითხზე მოსაზრებას. ურთიერთსაპირისპირო შეხედულება იმდენად ბევრია, რომ ძალიან რთული ხდება მართებული ესქატოლოგიური სწავლების შენარჩუნება. ძირითადი სიძნელე ანტიქრისტეს ბეჭედის რაობის საკითხია. ზოგი შტრიხ-კოდებში ხედავს მას, ზოგი სულიერ პლანში განიხილავს ამ მოვლენას, ზოგს კიდევ საერთოდ არ სჯერა, რომ ეს დრო დადგება.

   „გამოცხადების" წიგნის მე-13 თავის ყურადღებით და თანმიმდევრული კითხვის შემდეგ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: თავდაპირველად გამოჩნდება ანტიქრისტე „მხეცი ერთი აღმომავალი ზღვით" (გამოცხად. 13. 1). კაცობრიობის უმრავლესობა უარყოფს ქრისტეს და თაყვანისსცემს ეშმაკს და ანტიქრისტეს: „და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ხელმწიფებაი იგი მხეცსა მას (ანუ ანტიქრისტეს); და თაყვანის-სცეს მხეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მხეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა? (გამოცხად. 13. 4).

   შემდეგი მუხლები (13. 4. – 10) აღწერს ანტიქრისტეს მოქმედებას, მკრეხელობას, ცრუსწავლებას. ვხედავთ, რომ სწორედ ადამიანების ჭეშმარიტი ღვთისაგან განდგომის გამო მიიღებს ის (ანტიქრისტე) დიდ ძალაუფლებას: „მიეცა მას ხელმწიფება ყოველსა ზედა ტომსა და ერსა და ენასა და ნათესავსა" (13. 7). ხოლო როდესაც მას თაყვანს სცემენ ისინი, რომელთა სახელები არა დაწერილა ცხოვრების წიგნში (13. 8), შემდეგ ადამიანი კარგავს თავისუფლებას და იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს (13. 16).

   როგორც ვხედავთ, ჯერ იქნება უარყოფა ქრისტესი, ცრუსწავლებით მოხიბლული კაცობრიობა თაყვანის-სცემს ანტიქრისტეს, ხოლო დასასრულ - „ბეჭედი"; ანუ: ჯერ უარყოფა (ქრისტესი), მერე ბეჭედი (ანტიქრისტესი).

   არ შეიძლება ჯერ იყოს ბეჭედი და მერე გამოჩნდეს ანტიქრისტე, როგორც ამას მრავალი მიიჩნევს დღეს, მოიაზრებენ რა შტრიხკოდებში ანტიქრისტეს ბეჭედს. მაშინ გამოდის ანტიქრისტეს ბეჭედი მის გამოჩენამდე მინიმუმ ოცდაათი წლით ადრე არსებობდა, რაც არ შეესაბამება წმ. მამების სწავლებას.

   წმ. ეფრემ ასური ამბობს: „ანტიქრისტეს ყველას წარწყმედა სურს, ამიტომ ისეთ ღონეს ხმარობს მტარვალი, რომ ყველამ მიიღოს მხეცის ნიშანი ანუ ბეჭედი, როცა თავის დროზე, ანუ ჟამის აღსასრულს მოვა იგი ყველას საცდუნებლად და ნიშნებს იქმს. ვინც მხეცის ბეჭედს მიიღებს, მხოლოდ მას შეეძლება სურსათისა და ყოველგვარი საჭირო ნივთის შეძენა".1 ანუ ჯერ მოვა ანტიქრისტე, ყველა ღონეს იხმარს (ცრუსასწაულებს და ა.შ.), რომ „თავის დროზე", ანუ „ჟამის აღსასრულს", ყველამ მიიღოს მისი ბეჭედი. ცხადია, ცრუსასწაულებთან ერთად ის გამოიყენებს პოლიტიკურ, იდეოლოგიურ თუ ეკონომიკურ იძულებას, რაზეც ვისაუბრეთ სხვა თავებში, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანის თავისუფალ არჩევანს ექნება. ქრისტეს უარყოფის გამომწვევი მიზეზი არა პოლიტიკური, ტექნოლოგიური თუ სხვა სისტემა, (ეს მხოლოდ ხელშემშლელი საშუალებებია), არამედ ადამიანის თავისუფალი ნებაა, ისეთივე, როგორც ედემში გამოავლინა.

   პავლე მოციქული ბრძანებს: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყვარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვანამ ანუ მახვილმან? (რომ. 8. 35). ანუ ვისაც ქრისტეში სურს ცხოვრება და ყოფნა გარემოება (სისტემა) ვერ დააბრკოლებს. ადამიანის გულია ― ადგილი, სადაც ხდება ქრისტეს ან ანტიქრისტეს მიღება. გარეგნული ფაქტორები მეორეხარისხოვანია.

   ანტიქრისტეს ბეჭედი არსებითად გაამყარებს იმ შეთანხმებას, რომელიც ადამიანის გულში არსებობდა. ადამიანის გულის მოგებას კი ის ცრუსწავლებით შეეცდება, ანუ ნებაყოფლობით; სწორედ ცრუსწავლებით მოხიბლული ადამიანი უარყოფს ქრისტეს და მიიღებს ანტიქრისტეს.

   ანტიქრისტე ქრისტეს პაროდისტი იქნება. ნათლისღების ჟამს ვამბობთ, რომ უარვყოფთ ეშმაკს, შემდეგ ვინათლებით და ბოლოს სულიწმიდის ბეჭედს მირონცხებით ვიღებთ. ამის საპირისპიროდ ანტიქრისტე ჯერ ქრისტეს უარყოფას მოითხოვს და შემდეგ დაადებს ბეჭედს.

   დღეს ასეთი სურათი იხატება: ჯერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით ადამიანი იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს და შემდეგ (ჯერ არ ვიცით, როდის) გამოჩნდება თავად ანტიქრისტეც.

   ლოგიკა ასეთია: ადამიანმა შეიძლება უარყოს ქრისტე ისე, რომ თავადაც არ იცოდეს ამის შესახებ. ეს ასე არაა. ყველა ადამიანი მკაფიოდ, ცხადად დადგება ამ არჩევანის წინაშე: ან ქრისტე ან ანტიქრისტეს ბეჭედი. ეშმაკი, ცხადია, მრავალ მექანიზმს გამოიყენებს, რათა აცდუნოს თვით მართლმადიდებლებიც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მაკარი დიდის სიტყვები: „ეშმაკი, როგორც დამორჩილებული ქმნილება ღვთისა, განსაცდელებსა და საცთურებს მოავლენს არა ისე, როგორც თავად სურს, არამედ ისე, როგორც დაშვებული იქნება ღვთისაგან".2

   მე-13 თავის მე-11 მუხლში სატანის სამეულის მესამე წევრზეა საუბარი: „და ვიხილე სხუაი მხეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი" (გამოცხად. 13. 11). ეს არის ანტიქრისტეს წინამორბედი.

   მე-14 და მე-15 მუხლების ტექსტიდან ჩანს, რომ საუბარია სულიერ საცთურებზე „სასწაულთა მათთვის, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მხეცისა მის", „მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მხეცისასა", „ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მხეცისასა, მოიკლნენ" (14. 15), ხოლო ვინც არ ეთაყვანება მხეცს, მოკლავს კიდეც.

   ტექსტიდან ჩანს, რომ ეშმაკს, ანტიქრისტეს და მის წინამორბედს გაცილებით უფრო მძლავრი საშუალებები ექნებათ, ვიდრე ელექტრონული კონტროლი. რაც უნდა ძლიერი იყოს ტექნოლოგიური მარწუხები (ლაზერი, ჩიპები, შტრიხკოდები და ა.შ.), სრული მსოფლიო კონტროლი მაინც ვერ დამყარდება იმიტომ, რომ კაცობრიობას წინ კიდევ დიდი ომები და კატასტროფები აქვს გასავლელი. თუკი მათე მახარებელის მიერ აღწერილი ომები, მიწისძვრები და სხვა განსაცდელები „დასაბამი სალმობათაი არს" (მათ. 24. 7-8), წარმოგვიდგენია, რა იქნება შუაში და ბოლოში? რეალურად მომავალი არა „წესრიგი" და „კონტროლი", არამედ ქაოსია. სწორედ ამ ქაოსში შეძლებს ანტიქრისტე ცრუსასწაულებით ხალხის შეცდენას და „მხსნელად" თავის წარმოჩენას. სინამდვილეში კი ელემენტარულად ხალხის დაპურებასაც ვერ შეძლებს, ვინაიდან მიწა არ მისცემს მოსავალს.

   ამრიგად, ანტიქრისტეს მთავარი კოზირი ცრუმისტიკაა, ერთ პიროვნებაში კონცენტრირებული ყოველი ბოროტება, რომლითაც შეძლებს ის ხალხის ცდუნებას.

   რაც შეეხება შტრიხ-კოდში მოთავსებულ რიცხვ-666: ის, რომ თითქოს ესაა უდავოდ ანტიქრისტეს ბეჭედი ან წინასახე ბეჭდისა, სულაც არ არის დადასტურებული ესქატოლოგიური სწავლება. აქ საუბარია იმაზე, რომ კომპიუტერი (და არა ადამიანი) სამ გრძელ ხაზს ითვლის, როგორც ექვსიანებს. ამასთან, ექვსიანები გაყოფილია და მათ შორის სხვა ციფრებიცაა მოთავსებული. რიცხვი 666 საკმაოდ აბსტრაქტული ხასიათისაა.

   გამოცხადებაში ვკითხულობთ: „რაითა არავის ხელ-ეწიფების სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქონდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვ სახელისა მისისა" (გამოცხ. 13. 17).

   მოციქული ბრძანებს, რომ „აქ არის სიბრძნე; რომელსა აქუს გონება, აღიპრნ რიცხვი იგი მხეცისა, რამეთუ რიცხვი კაცისა არს რიცხვ მისი ექუსას სამეოც და ექუს" (13. 18).

   „სიბრძნე" იმაშია, რომ ანტიქრისტეს სახელი შეადგენს რიცხვს ექვსას სამეოც და ექუსს, რომლის დათვლა გონიერმა ადამიანმა უნდა შეძლოს. ცნობილია, რომ ებრაულ ალფავიტში (ისე როგორც სხვა მრავალში) ყოველი ასო კონკრეტულ ციფრს შეესაბამება. დიდი ალბათობით, ანტიქრისტეს სახელის ასოების შეკრებით მიიღება სწორედ რიცხვი ექვსას სამეოც და ექუსი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოციქული ამბობს: როდესაც გამოჩნდება ანტიქრისტე, შესაბამისად მას სახელიც ერქმევა, რომელიც აღნიშნავს ამ რიცხვს.

   თუკი „სისტემა" (ელექტრომოწყობილობა) ანტიქრისტეს ბეჭედია, მაშინ რატომ ვერ გვეუბნებიან ამ ვერსიის მომხრეები ანტიქრისტეს სახელს? ცხადია, სხვა ნიშან-თვისებებთან ერთად, რომლითაც უნდა მივხვდეთ ანტიქრისტეს გამოჩენას, იქნება მისი სახელიც, რომლის ასოთა შეკრებით მიღებული რიცხვი იქნება ექუსას სამეოც და ექუსი. გავითვალისწინოთ ისიც, რომ წმინდა წერილში ეს რიცხვი არა ციფრებით, არამედ ასოებითაა წარმოჩენილი.

   ამრიგად, ჩვენი სათქმელი ის გახლავთ, რომ ღმერთს განშორებული, ათასგვარი ცრუხედვებითა და ცრუმისტიკით გამსჭვალული საზოგადოება ილუზიური ზესამყაროს შექმნის მოტრფიალე, გაკერპებული ადამიანები თავიანთი „ფუტურული" მიზნების განხორციელების საშუალებას ანტიქრისტეში, მის ცრუსასწაულებში დაინახავენ. ამიტომ თაყვანსსცემენ მას, როგორც ღმერთს. ეს კი იქნება დაცემული კაცობრიობის საბოლოო თავისუფალი არჩევანი, რომლის შედეგი მარადიული სატანჯველია და არა ამქვეყნად უკვდავყოფნა, როგორც განიზრახავენ მავანნი.




1 წმ. ეფრემ ასური. სწავლანი. 2008 წ. გვ. 9-10.

2 Филокалия. Т. 3. Симеон Метафрасм: Перефрады, проповеди Св. Макарий Египетский. Терпение и дискриминация.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება