მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პროგრესიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პროგრესიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


3-06-2024, 07:24

 

 

   პროგრესიზმში ჩვენ ტექნო პროგრესს ვგულისხმობთ. ტექნიკური ცივილიზაციის საუკუნე, რომელსაც „განთავისუფლების" საუკუნეს უწოდებენ, სინამდვილეში ზნეობრივი პრინციპების, მორალის ნორმებისა და სინდისისაგან ათავისუფლებს ადამიანს. გლობალური სული ერთგვაროვანსა და პრიმიტიულს ხდის მთელ კაცობრიობას. ის შთანთქავს ერის ეროვნულ-კულტურულ-რელიგიურ ფასეულობებს, ადამიანებს ერთ უსახო მასად აყალიბებს. ყოველივე ეს მეცნიერებისა და პროგრესის სახელით ხორციელდება.

   გლობალური ინტეგრაცია ორი მიმართულებით ვითარდება:

   1) მსოფლიო მოსახლეობის ინტეგრაცია ერთიან მსოფლიო საზოგადოებაში, ერთიანი მსოფლიო მმართველობის ქვეშ, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ეკოლოგიაზე. მათი კიბერნეტიკული ეთიკა მოითხოვს მაქსიმალურად დაცული იყოს ეკოსისტემა და გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები ევოლუციური ინტეგრაციისკენ.

   2) ადამიანი ზეარსება უნდა გახდეს. კერძოდ: უნდა მოხდეს ადამიანის ფიზიკური ინტეგრაცია კომპიუტერულ, ციფრულ სამყაროსთან. ევოლუციურ-ბიოლოგიური პრინციპების საფუძველზე უნდა შეიქმნას პოტენციურად უკვდავი ადამიანი.

   სულიერ ხედვას მოკლებული თანამედროვე საზოგადოება ნებისმიერ ცვლილებას პროგრესულად მიიჩნევს. ამ „პროგრესული" ეიფორიის ძირითადი წყარო ტექნოლოგიური სიახლენია. მთავარი საცდური ისაა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის სახელით ადამიანი ექსპერიმენტულ ინსტრუმენტად გამოიყენება, რაც სოციალური სიდუხჭირისაგან ხსნის ერთადერთ ალტერნატივადაა დასახული. ამ ვითარებაში ნებისმიერი საპირისპირო მოსაზრება სიბნელედ, ჩამორჩენილობად და ფანატიზმად ფასდება.

   გლობალისტ-მონდიალისტები იწყებენ თავისი ნამდვილი სახის წარმოჩენას. ისინი სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიური მიღწევები, არამედ სხვადასხვა ბიოტექნოლოგიური საშუალებებით შევცვალოთ თავად ადამიანი. უფრო სწორი იქნება ამას ვუწოდოთ ადამიანის სულიერი და ფიზიკური ხელყოფა. ახალი ტექნოლოგიების მიღმა ნელ-ნელა იკვეთება „კიბერნეტიკული უკვდავების" ილუზია, რომელსაც მისი ადეპტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იქმნება ვირტუალური სამყარო, რომელიც მანიპულირებს ადამიანით, მისი ბუნებით. ამ პროცესებს არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ გნოსტიკური, ოკულტური ხასიათი გააჩნია.

   1989 წ. ამერიკელი მეცნიერის (კ. ჯოსლინი) მიერ შეიქმნა „კიბერნეტიკული მანიფესტი", რომელშიც ნათქვამია: „მსოფლიო კულტურათა ინტეგრაცია (ერთმანეთში აღრევა) მიგვიყვანს ერთიანი მსოფლიო საზოგადოებისა და მსოფლიო მმართველობის შექმნამდე.

   კიბერნეტიკული მანიფესტი პუნქტობრივად აყალიბებს გეგმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ევოლუციური გზით კაცობრიობის სრულიად ახალ, ციფრულ, ბიოტექნოლოგიურ საწყისებზე გადასვლა. ასევე ირკვევა, რომ ის სულაც არ მოიაზრებს კაცობრიობის ნებაყოფლობით გაერთიანებას, არამედ მიზანმიმართული პროექტია - „ძველი", ტრადიციული მოდელის ნაცვლად შეიქმნას ახალი სოციალური რეალობა.

   მათი მიზანია მსოფლიოს ციფრული კონტროლით მიაღწიონ „კიბერნეტიკულ უკვდავებას". შესაძლოა დღეს ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ამ კუთხით დაწყებულია მუშაობა. გაკერპებული საზოგადოებრივი ფენა, რომელსაც, ცხადია, არ სურს ხორციელი სიკვდილი, ცდილობს ტექნოლოგიების მეშვეობით მიაღწიოს „უკვდავებას".

   აკადემიკოსი ვ. ვეინიკი წერს: „კიბერნეტიკული და კომპიუტერული შესაძლებლობები ჭეშმარიტად უსაზღვროა. ახლო მომავალში ადამიანი შეძლებს გადასცეს კომპიუტერს თავისი ცნობიერება, რითაც პრაქტიკულად უკვდავი ხდება. ადამიანი შეიგრძნობს, რომ ის არის ადამიანი, და ამავე დროს მანქანა. ცნობიერების გაორება მოხდება", ანუ ციფრული ცივილიზაციის განვითარებით შეიქმნება „უზენაესი გონი", რომელიც არსებითად კიბორგი იქნება.

   ერთი შეხედვით, საუბარი სულაც არაა რელიგიურ საკითხზე, შეზღუდვებზე და ა.შ. მაგრამ სიღრმისეული ანალიზი ცხადყოფს მის რელიგიურ და ანტიქრისტიანულ ხასიათს. ეს მანიფესტი - დოკუმენტი შეიცავს ტექნოლოგიური კიბერ-რასიზმის ელემენტებს. „ურჩი" საზოგადოება, რომელიც არ დათანხმდება ციფრულ ვაქცინაციასა და ჩიპიზაციას, „არასასურველი მოქალაქე" იქნება. ეს პროცესები, ვფიქრობთ, უკვე ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს.

   ახლა რა არის ჩვენი ამოცანა, როგორმე არ გადავვარდეთ უკიდურესობაში და შევინარჩუნოთ მართლმადიდებლური სწავლება და პოზიცია. საამისოდ:

   1) ფრთხილად მოვეკიდოთ ყოველგვარ ტექნოლოგიურ სიახლეს, მით უფრო, თუ ის ჩვენს პირად ყოფას, ცხოვრებას, სხეულს, სულს ეხება.

   2) ტექნოლოგიურმა ურთიერთობებმა არ უნდა ჩაგვინაცვლოს ადამიანური ურთიერთობები. ტექნიკა მხოლოდ საშუალებაა, რომელიც გვეხმარება.

   3) ადამიანის სხეულში ნებისმიერი ჩანერგვა სხვადასხვა კიბერნეტიკული მოწყობილობისა (ჩიპები) უნდა განიხილებოდეს როგორც ბუნების საწინააღმდეგო ჩარევის მცდელობა ადამიანის ბუნებაში. არადა ისინი ცხადად გვთავაზობენ ადამიანის ორგანიზმში ნანო-რობოტების განთავსებას. ეს ხომ არა მხოლოდ უცხო მოლეკულური, არამედ უცხო ელექტრომაგნიტური ბუნებაა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ რა საშინელი შედეგები შეიძლება ამან გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში.

   მაგრამ მთავარი ამ ტრანსჰუმანისტურ პერსპექტივაში მისი ანტიქრისტიანული ხასიათია. ეს ერთგვარი კვანტური ევოლუციაა, ადამიანის გარდამავალ ინსტრუმენტად წარმოჩენა, რომლის შემდეგ ზეადამიანური, კოსმოსური არსება უნდა ჩამოყალიბდეს. რამდენად დაუშვებს ამას ღმერთი, დრო გვიჩვენებს. ისინი კი ევოლუციურ-რევოლუციური გეგმის ფინიშს უახლოვდებიან.


 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება