მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, გლობალიზმი, მთავარი გვედის ფოტო > გლობალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

გლობალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


6-01-2022, 17:11

გლობალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   ჩვენ მიერ მოკლედ მიმოხილულმა იდეოლოგიებმა ნათლად დაგვანახა, რომ კაცობრიობამ თავისი ცხოვრებიდან უკუაგდო ღმერთი და თავად ადამიანი „გააღმერთა". ეს პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. მსოფლიო სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. თუ რელიგიურად შევაფასებთ მოვლენებს, მივხვდებით, რომ ეს ის ძველი გველია, რომელმაც აცდუნა ადამი, რომელმაც ბაბილონის გოდოლის შენება აფიქრებინა ადამიანს. დღეს სახეცვლილი, ახლებური ბაბილონის გოდოლი შენდება. მას გლობალიზაცია ეწოდება.

   თავიდანვე ვთქვათ, რომ ამ სიტყვის მიღმა ტერმინოლოგიური სიცრუე იმალება. კერძოდ: ერთი სიტყვით ორი პრინციპულად განსხვავებული მოვლენაა სახელდებული. სამეცნიერო ენაზე ტერმინი „გლობალიზაცია" ნიშნავს სოციალური ორგანიზაციის სრულყოფილ, ბუნებრივ პროცესს, ეკონომიკური, კულტურული, სატრანსპორტო ურთიერთობების გაფართოებას, გამოცდილების გაზიარებას; ე.ი. გლობალიზაციაში „ერთიანი ეკონომიკური და ინფორმაციული სივრცე", „მსოფლიო ბაზარი" და „თავისუფალი საზოგადოების" დაარსება იგულისხმება.

   სინამდვილეში გლობალიზაცია არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების ბუნებრივი პროცესი, არამედ „გლობალური პროექტია", რომელსაც თავისი იდეოლოგია, მიზნები და საიდუმლო გეგმა გააჩნია! რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ საუბარია ერთიანი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე. ის სულაც არ გულისხმობს მარტოოდენ საზოგადოებრივი სტრუქტურების სრულყოფას.

   გლობალიზაცია აბსოლუტურად ხელოვნური, ადამიანების გონებითა და ნებით შექმნილი პროდუქტია. ამიტომ მისთვის უინტერესოა ყველაფერი, რაც ამ ტოტალიტარული გლობალური მმართველობის მიღმა ხდება.

   კოვიდიზმის იდეოლოგიამ (როგორც გლობალური პროექტის ნაწილმა) მკაფიოდ დაგვანახა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი არ იქმნება ღიად, განცხადებულად. გლობალისტები არასდროს გვეტყვიან, გვსურს წაგართვათ თავისუფლება და დაგიდგინოთ სისტემური კონტროლიო, ამიტომ მეტად ცბიერი ტაქტიკაა შემუშავებული: ადამიანის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვის, უსაფრთხო ცხოვრების პროპაგანდით თუ ლოზუნგით ყალიბდება სისტემური, ციფრული და ფსიქოლოგიურ-მორალური კონტროლი მთლიანად კაცობრიობისა.

   ამიტომ, თავდაპირველად ისინი იმოქმედებენ დიპლომატიურად და ნელ-ნელა მყარ ნიადაგს მოამზადებენ მაკონტროლებელი სისტემის შემოღებისათვის. იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ერთიანი ზესახელმწიფოებრივი მმართველობითი ორგანო, როგორც იკვეთება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გამოიყენებენ: ამას ხომ ჩვენს „სასიკეთოდ" აკეთებენ!

   გლობალიზმის თანახმად, კაცობრიობა ერთიან ბიოლოგიურ პოპულაციად ცხადდება, რომელიც „პანდემიებისაგან" ერთყალიბიანი „გაიდ-ლაინებით" უნდა განიკურნოს. ამას კი ცალკეული სახელმწიფოები ცალ-ცალკე ვერ გაუმკლავდებიან (გ. კესინჯერი).

   სინამდვილეში გლობალისტები კაცობრიობას „რჩეულთა" ბატონობისთვის ამზადებენ. რჩეულები კი კაცობრიობას მსოფლიო ელიტად და დანარჩენებად ჰყოფენ.

   მმართველი ელიტა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ილუზიას შექმნის, თავად ყველანაირი ამქვეყნიური სიამით დატკბება, დანარჩენები სასტიკი ექსპლუატაციის მსხვერპლნი გახდებიან და არ მიეცემათ ნორმალური ცხოვრების საშუალება. ცხადია, ესეც, მათი (ჩვენი) „კეთილდღეობისთვის" კეთდება! ამის შემდეგ გლობალიზმი ასპარეზს მონდიალიზმს გადაულოცავს. გაგრძელება იქნება...

 

 

 

დეკანოზი კონტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება