მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ეშმაკის „წესრიგი“ ცრუსწავლებებში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ეშმაკის „წესრიგი“ ცრუსწავლებებში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე31-12-2021, 21:37 |
ეკლესიის ისტორია გვიჩვენებს, რომ ღვთის წესრიგის ეშმაკის „წესრიგით" ჩანაცვლების მცდელობა ყველა ეპოქაში არსებობდა. საამისოდ ფორმები და მეთოდები იყო სხვადასხვაგვარი. ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული მცდელობა გახლავთ თავად ქრისტიანულ სარწმუნოებაში ისეთი სწავლებების შემოღება, რომლებიც დოგმატურ დონეზე დააკნინებენ ქრისტე-ღმერთის მნიშვნელობას სამყაროში და ყალბი ღვთისმეტყველებით ჩაანაცვლებენ მის (ღმერთის) ადგილს ადამიანური ნააზრევით, ბოლოს კი თავად ადამიანით. პირველ საუკუნეებში ერეტიკოსები ხდებოდნენ იუდეველები და წარმართები, რომლებიც ქრისტიანდებოდნენ, მაგრამ იმავდროულად არ უარყოფდნენ იუდაიზმიდან და წარმართობიდან ათვისებულ მცდარ შეხედულებებს. გარეგნულად ისინი ქრისტიანებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ქრისტეს ეკლესიის მტრები იყვნენ. პირველი საუკუნეების ერესებში ზოგი უარყოფდა ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას, ზოგი პირიქით - მხოლოდ ღვთაებრივს აღიარებდა და ა.შ. ორივე შემთხვევაში ერეტიკულ სწავლებებს უმთავრესი დოგმის - ადამიანის გამოსყიდვის, ცოდვებისაგან ხსნისა და ცხონების უარყოფამდე მიჰყავდა ადამიანი. გარდა ჭეშმარიტი სწავლების დამახინჯებისა, მტერი (ეშმაკი) ცრუმისტიკურ სწავლებათა ქრისტიანულად გასაღებას ცდილობდა. ასე რომ, ბოროტს რელიგიური მიმართულებით ორი მეთოდი ჰქონდა მომარჯვებული: 1) ცრუსწავლება; 2) ცრუმისტიკა. ცრუსწავლებებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ ასევე ორი მიმართულებით ვითარდებოდა - ან ამცირებდა ქრისტეში ღვთაებრივ ბუნებას ან უარყოფდა მის ადამიანურ ბუნებას. ამ საკითხების განხილვას მივუძღვენით ჩვენი ნაშრომი „კერპთაყვანისცემის სახეობები".1 ცრუსწავლების მიმართულებით გამოვარჩევდით ძირითად ერესებს. ესენია: ებიონელობა, არიოზელობა, მანიქეველობა, ნესტორიანელობა, მონოფიზიტობა, პელაგიანელობა და მრავალი სხვა. როგორც აღვნიშნეთ, ყველა ერესის საბოლოო მიზანი იყო დაემახინჯებინა ღვთის მიერ დადგენილი ღვთაებრივი წესრიგი და ადამიანი აცდენოდა ჭეშმარიტ სწავლებას. ისინი ერთი მეორის მიყოლებით ნელ-ნელა აყალიბებდნენ აზრს, რომ ადამიანს ღმერთკაცის (სრული ღმერთისა და სრული კაცის) გარეშე შეუძლია ცხონება. პელაგიანელობამ ამ თვალსაზრისით საფუძველი ჩაუყარა ისეთ მძლავრ რელიგიურ სწავლებას, როგორიცაა პაპიზმი. პელაგიანელებმა კონცეპტუალურად ჩამოაყალიბეს სწავლება ცოდვით ადამიანის დაუზიანებლობის შესახებ. თუკი ცოდვა ადამიანის ბუნებაში არ არსებობს, შედეგად, ყველა ადამიანი პირველქმნილი ცოდვის გარეშე იბადება, შესაბამისად, მას არც გამოსყიდვა ესაჭიროება. პელაგიანელობამ უძლიერესი ზეგავლენა მოახდინა მთელი დასავლეთის მომდევნო ეპოქათა აზროვნებაზე. ამ მოსაზრების თანახმად, ცხონებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა ღვთის მადლს, წესრიგს, განგებას, არამედ ადამიანის ძალისხმევას ანუ ეშმაკის „წესრიგს" ენიჭება. შედეგად, რომში ქრისტიანულ ფასეულობებს ამქვეყნიური ჩაენაცვლა. პაპებმა დაივიწყეს სასულიერო უფლებამოსილებების არსი, ბუნება და საზღვარი. ისედაც განდიდებულ პონტიფიკებს, კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილების წყურვილით აღვსილებმა ვატიკანის პირველ კრებაზე რომის პაპი უცდომელად აღიარეს. რომაული კათოლიციზმის სწავლების თანახმად, როდესაც რომის პაპი მოგვმართავს სიტყვით კათედრიდან, ის უცდომელია.2 ამდენად, მართებულია რომაულ კათოლიციზმს პაპიზმი ეწოდოს. პაპიზმის მიერ გათავისებული „უცდომელობის დოგმატი" ფარულად შეიცავს ძე ღვთისას ქმნილი ბუნების თეზას. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, უცოდველი მხოლოდ ქრისტე ღმერთია. ამიტომ, თუ ვინმე ადამიანს უცდომელად აღიარებს, უნებლიეთ იმასაც ამბობს, რომ უცდომელობა დამახასიათებელია ადამიანისათვის, არადა ეს ხომ მხოლოდ ღმერთკაც იესო ქრისტეს ბუნებითი თვისება გახლავთ. ამ ლოგიკის თანახმად, თურმე რომის პაპმა შეიძინა თვისება - უცდომელობა. პაპიზმი პელაგიანელობასთან ერთად არიოზელ ერესში ვარდება, ვინაიდან თავისი სწავლებით აცხადებს, რომ ღმერთკაცი იესო ქრისტე არ არის ერთადერთი უცდომელი, აქედან გამომდინარე ის არ არის ღმერთი. ამრიგად, პაპიზმმა უარყო ღვთის დადგენილი წესრიგი დოგმატურ სწავლებაში, გააღმერთა ადამიანი (პაპი). ამით მან გაუხსნა ასპარეზი მცდარი თეზის კიდევ უფრო ფართო გავრცელებას, რაც პროტესტანტიზმის ნაირსახეობაში გამოვლინდა. პროტესტანტიზმი პაპიზმის უცდომელობის იდეის „ღირსეული" გამგრძელებელი გახდა. თუ პაპიზმში მხოლოდ რომის პაპს მიენიჭა უცოდველობის „ქარიზმა", პროტესტანტიზმში ფაქტობრივად ყოველ ადამიანს მიეცა წმინდა წერილისა და დოგმატების თვითნებური განმარტებისა და აღქმის უფლება. აქ, შეიძლება ითქვას, ყველა „პაპია", ყველა უცდომელია. ადამიანის გონებრივ მონაცემებს პროტესტანტიზმმა გაცილებით მეტი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე რწმენასა და წმინდა გარდამოცემას. მან ფაქტობრივად ღმერთი, ღვთის წესრიგი, ადამიანით ჩაანაცვლა. რეფორმაციის შედეგად კი რელიგიის კრიტიკამდე დავიდა პროტესტანტიზმი. პროტესტანტები ეძებენ არგუმენტირებულ მტკიცებულებას და არა რწმენას, სწორედ ამ გარემოებამ მიიყვანა ისინი ბიბლიის ტექსტების კრიტიკამდე. შედეგად, პროტესტანტიზმმაც, ღვთაებრივი წესრიგის სანაცვლოდ ადამიანის გონებრივი ინტელექტის გაღმერთებით, რელიგიის გამეცნიერებით და ა.შ., რაციონალიზმს ჩაუყარა საფუძველი. რაციონალიზმი - რწმენაა იმისა, რომ ადამიანის ცხოვრება უნდა ეფუძნებოდეს გონებასა და ლოგიკას და არა სულიერ განსჯასა და რწმენას. არსებითად ეს ურწმუნოებაა, რელიგიურობით ოსტატურად შენიღბული. რაციონალისტისთვის გაუგებარია ღვთის სასწაულის არსებობა, ის ყოველივეს თავისი „რკინის ლოგიკით" აფასებს. დასავლური რელიგიებისთვის ფასეულობათა გადაფასება საუკუნეებია მიმდინარეობს. იქ გონებას პირველი ადგილი უკავია, ხოლო მართლმადიდებლობაში - რწმენას, სულიერ განსჯას. ამგვარად ჩამოყალიბდა რაციონალიზმი, ვით რელიგიური ხედვა, სინამდვილეში მას მთლიანად ადამიანური ფაქტორი მსჭვალავს. აქ მხოლოდ ადამიანური ბატონობს და სრულიად უცხოა ღვთის რწმენა. სამწუხაროდ, რწმენის უწინარეს ლოგიკის დაყენების მცდელობა მართლმადიდებლებშიც საცნაურია. ეს პროცესი როგორც ღვთისმეტყველებისთვის, ისე ყოფითი ქრისტიანული ცხოვრების რიტმისთვისაც გახდა მისაღები. მაგრამ ლოგიკური მიდგომა ძნელდება, პრობლემური ხდება მაშინ, როდესაც ის ღვთის რწმენის გარეშე გამოიყენება. სარწმუნოებრივი ხედვები კი ხშირად არ ექვემდებარება ლოგიკას (როგორც ამას ცდილობენ რაციონალისტები) და მისი ახსნა მხოლოდ რწმენით შეიძლება. თუკი ყოველივე არ გაითვალისწინა ადამიანმა, მაშინ მართლმადიდებელი ქრისტიანიც კი შეიძლება გახდეს ათეისტი. უარყოს სულიერი სამყაროს არსებობა, როგორც ეს მოხდა პროტესტანტიზმსა და ნაწილობრივ კათოლიციზმშიც. რაციონალიზმის გამოვლინებად მივიჩნევთ სასულიერო პირთა ბრმა მორჩილებას, ქედის მოხრას, მეცნიერებისა (მედიცინის) თუ ხელისუფლების წინაშე, რომელსაც ღმერთზე მაღლა აყენებენ ზოგიერთები. გაგრძელება იქნება...
1 იხ. www.xareba.net - ის საიტის გამოცემების რუბრიკაში. 2 И. Тальберг. „История Христианской Церкви". 1991. გვ. 53. დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |