მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, ჰუმანიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ჰუმანიზმიდან ტრანსჰუმანიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ჰუმანიზმიდან ტრანსჰუმანიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


30-12-2021, 16:33

ჰუმანიზმიდან ტრანსჰუმანიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ვიდრე ტრანსჰუმანიზმის იდეოლოგიას განვიხილავდეთ, ორიოდე სიტყვით დავუბრუნდეთ ჰუმანიზმს. მოკლედ ის ამგვარად განისაზღვრა: ადამიანით ღვთის ჩანაცვლება, ე.ი. საღმრთო წესრიგი, კანონები, ცხოვრების წესი მთლიანად უგულებელყოფილია და მის (ღვთის) ადგილს ადამიანი იკავებს.

   ტრანსჰუმანიზმის შემთხვევაში კი ადამიანის ადგილი ზეადამიანმა რობოტული მონაცემების კიბორგმა უნდა დაიკავოს.

   ტერმინი ტრანსჰუმანიზმი 1957 წ. ინგლისელმა ბიოლოგმა, გენეტიკოსმა და ევოლუციონისტმა ჯულიან ხაქსლიმ გააჟღერა.

   „ტრანს" - არსებულის მიღმა მყოფი, ამ შემთხვევაში ჰუმანიზმის მიღმა მყოფს ნიშნავს. ტრანსჰუმანიზმი განიხილება როგორც „უახლესი იდეოლოგია", „გონების ახალი პოზიცია", „ადამიანის ახალი მდგომარეობა" საფუძვლიანად განსხვავებული იმისაგან, რასაც ადამიანი ჰქვია.

   ნიცშე ამბობდა: ჩვენ მოვკალით ღმერთი, აწ უნდა იარსებოს ზეადამიანმა. ე.ი. ტრანსჰუმანური იდეებით შეპყრობილმა ადამიანებმა უარი განაცხადეს ქრისტიანულ მორალზე, სიკეთისა და ბოროტების განსხვავებაზე.

   თუ ჰუმანიზმმა დარვინიზმისა და ევოლუციონიზმის მხარდაჭერით დაიწყო ხელოვნური უკვდავების გზების ძიება, ტრანსჰუმანისტებმა კოვიდიზმის მეშვეობით გადადგეს პირველი ნაბიჯები.

   რელიგიურ-ფილოსოფიური თალსაზრისით, ტრანსჰუმანიზმი განიხილება როგორც განღმრთობის უსუსური პაროდია. თუკი ადამიანის განღმრთობა ადამიანურისა და ღვთაებრივის სინერგიას, ადამიანის ღვთაებრივ საიდუმლოებებში თანამონაწილეობას, ღვთაებრივი მადლით სულიერ განწმენდას ნიშნავს, ტრანსჰუმანიზმში თავად ადამიანი იკავებს ღვთის ადგილს, ხოლო მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების შედეგად უნდა შეიქმნას უზენაესი არსება, პოსტადამიანი, კიბორგი. საამისოდ თავად გაკერპებული ადამიანი საფუძვლიანად აფართოებს ადამიანის შესაძლებლობებს ინტელექტუალური, ტექნოლოგიური თუ ფსიქოლოგიური საშუალებებით, კერძოდ: გენური ინჟინერიით, ხელოვნური ინტელექტით, რობოტექნიკით, ნანოტექნოლოგიებით, ინფორმაციული ტექნოლოგიებით, მიკრობიოლოგიით და ა.შ. ამ სამეცნიერო „მიღწევებში" უხეში ჩარევის შედეგად შესაძლებელია ადამიანების უნარებისა და მოთხოვნების შეცვლა.

   ამრიგად ტრანსჰუმანიზმი - ადამიანის ღვთივდადგენილი საზღვრებიდან გამოსვლის მცდელობად უნდა შეფასდეს. ტრანსჰუმანისტური არსება - პოსტადამიანია, დაჯილდოებული ზეგონებითა და ზეშესაძლებლობებით, ახალი სხეულითა და ახალი პოტენციალით. ეს იგივე ევოლუციონიზმია, როდესაც ადამიანი თვითევოლუციონირებს.

   მათი მთავარი ამოცანაა: უკვდავების მიღწევა როგორც ბიოლოგიურ, ისე გენეტიკურ (გენოტიპის) დონეზე. ადამიანი პოტენციურად ამქვეყნად უკვდავ არსებად განიხილება. ცხადია, მათ არ ძალუძთ უკვდავი სულის შთაბერვა ადამიანში, მაგრამ ადამიანის ტვინის ინფორმაციის კომპიუტერში ჩატვირთვა არც თუ შორეული პერსპექტივაა. ანუ ნომერ პირველი ამოცანა ციფრული უკვდავების შექმნაა. ე.ი. ადამიანის გონების შენარჩუნება კომპიუტერში ტექნოლოგიების დახვეწით, გაზარდონ ინტერფეისი - „გონება - მანქანა".

   ამრიგად, პოსტადამიანი არის (იმედი აქვთ რომ იქნება) ადამიანისა და ტექნოლოგიის ჰიბრიდი. ეს ორგვარი პროცესია:

   1) ტექნოლოგიები, გენური ინჟინერია (ვაქცინების თუ სხვა საშუალებებით) ინერგება ადამიანში.

   2) ადამიანის გონება შედის კიბერ სივრცეში.

   ა) პირველ შემთხვევაში განხორციელდება სხეულში კომპიუტერული იმპლანტანტების, ჩიპების შეყვანა იმ პერსპექტივით, რომ გონების ნაწილი ჩანაცვლდება ტექნოლოგიური ელემენტებით. დაემატება ამას გენეტიკაში ექსპერიმენტების განხორციელება.

   ბ) მეორე შემთხვევაში, ნანოტექნოლოგიების მეშვეობით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, იქმნება სამგანზომილებიანი ვირტუალური სამყარო მასში ყოფნის სრული სენსორული ილუზიის შექმნით.

   აშკარაა სურვილი მიაერთონ ადამიანი ელექტრონულ (ციფრულ) სისტემას. ყოველივე ეს აქტიურად ინერგება თანამედროვე მედიცინისა და ტექნოლოგიების მეშვეობით. მათი ერთადერთი ალტერნატივაა - ადამიანები შერწყან კიბერსამყაროსთან.

   ტრანსჰუმანისტებს სძულთ ადამიანის ბუნება როგორც თავისუფალი არსება, იმიტომ რომ, ის კავშირშია ღმერთთან, ღვთის დადგენილ წესრიგთან. ამიტომაც სურთ ადამიანის გადაკეთება, საამისოდ ახალი პოსტადამიანის ტიპს აპროექტებენ, ესაა ადამიანი - მანქანა.

   ადამიანის პროგრესირების, ევოლუციის, ტრანსფორმაციის მითი უსაზღრო შესაძლებლობებს სთავაზობს მავანს. სულ სხვა საქმეა, რამდენად განხორციელებადია ყოველივე ეს რეალობაში, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა სულაც არა აქვს ეშმაკისთვის. მისთვის მთავარია ადამიანმა დაიჯეროს მითი მისი პროგრესირების შესახებ - ეს ახალი დროების ზემითია - დროში ღვთისაგან დამოუკიდებლად მოგზაურობის აბსოლუტური თავისუფლების შესახებ.

   სამედიცინო და ფარმაკოლოგიური ექსპერიმენტები ადამიანის სხეულით, ვაქცინებში გენური ინჟინერიის გამოყენებით რომ ხორციელდება, მოსამზადებელი ეტაპია.

   ადამიანის უჯრედებში (გენეტიკაში) უხეში ჩარევით, იმპლანტანტების, ხელოვნური განაყოფიერების და მსგავსი პროცესებით შესაძლებელია ადამიანის მოდიფიცირება. მომავლის მედიცინა ადამიანის გენომში ჩარევით, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებიდან საუკეთესო თვისებების გადანერგვა - გადმონერგვით (სინერგიით) შეეცდება ჩამოაყალიბოს „ნანატრი ზეადამიანი".

   ტრანსჰუმანისტების აზრით, ადამიანი, როგორც ბიოსახეობა, გადაინაცვლებს წარსულში და მომავალი ეთმობა ახალ ტექნოსახეობას - კიბორგს. რეალურ და ვირტუალურ სამყაროებს შორის ზღვარი იშლება.

   საბოლოოდ, ტრანსჰუმანიზმის იდეოლოგია კაცობრიობას სთავაზობს პოსტადამიანურ „სამოთხეს". ეს ღმერთს მოკლებული, სულიერ კავშირს მოწყვეტილი სამყაროა, რომელიც კაცთა მოდგმას „მთავარი ზეადამიანის" - ანტიქრისტეს მისაღებად მოამზადებს.

   საკითხავი მხოლოდ ისაა: დაუშვებს კი ღმერთი ამ გეგმის განხორციელებას თუ გეგმის ჩანასახშივე დაასრულებს ამქვეყნიურ არსებობას?! გაგრძელება იქნება...

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება