მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, ჰუმანიზმი, დარვინიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მსოფლმხედველობების მოკლე მიმოხილვა (ჰუმანიზმი, ათეიზმი, დარვინიზმი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მსოფლმხედველობების მოკლე მიმოხილვა (ჰუმანიზმი, ათეიზმი, დარვინიზმი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე25-12-2021, 16:51 |
ეს ტექსტი, რა თქმა უნდა, XVII-XVIII საუკუნეებში გავრცელებული იდეოლოგიით უნდა დავიწყოთ, რომელსაც ჰუმანიზმი ეწოდება. მისი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ სამყაროს გამგებელი, ყოველი საგნის (ცნების), მოვლენის საზომი არა ღმერთი, არამედ ადამიანია. „იქნებით ვითარცა ღმერთი" ჰუმანიზმისა და მის შემდგომ განვითარებული იდეოლოგიების ლოზუნგი გახდა. აი ამ მსოფლმხედველობრივ ფუნდამენტზე აღმოცენდა თანამედროვე კერპთაყვანისცემა, თაყვანისცემის საგანი კი თავად ადამიანი გახდა. ძველი დროის წარმართებში კერპთაყვანისცემა უფრო მოკრძალებულად გამოიყურება. ვგულისხმობთ დამოკიდებულებას თაყვანისმცემელსა და კერპს შორის. თანამედროვე ჰუმანისტურმა სულისკვეთებამ გაცილებით ამბიციური დამოკიდებულება ჩამოაყალიბა. უარყოფს რა ღმერთს, ახლანდელი წარმართი ვერ გრძნობს საკუთარ თავს ზემოთ ვერანაირ ძალას, ის მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს უმაღლეს, უზენაეს არსებად. უღმერთობით გამოწვეული სულიერი შიმშილის ანაზღაურებას კი ის (გაღმერთებული ადამიანი) ახალ-ახალი ცრუიდეოლოგიების შექმნით ფიქრობს და ლამობს. წმინდა იუსტინე (პოპოვიჩი) წერს: „ჰუმანიზმი თავისი განვითარებისას უთუოდ გადაიზრდება ათეიზმში, გაივლის ანარქიზმის სტადიას და ნიჰილიზმით დასრულდება".1 ჩვენი მხრივ, არ შევცდებით თუ ვიტყვით: „ჰუმანიზმის, ათეიზმის, ნიჰილიზმის შემდეგ... გაივლის კოვიდიზმს და ტრანსჰუმანიზმით დასრულდება". ჰუმანიზმმა ჩაუყარა საფუძველი ადამიანის გაღმერთების იდეას და ესტაფეტა ათეიზმს გადააბარა. ათეიზმის იდეებმა, ჩვენდა საუბედუროდ, ყველა სფერო მოიცვა. ათეიზმი - უღმერთობა პირდაპირი გაგებით არ არსებობს, ადამიანს ღვთისადმი შინაგანი მიდრეკილება გააჩნია და თუ იგი თავისი ზედაპირული მსჯელობით არ აღიარებს შემოქმედ ღმერთს, მაშინ ცდუნებული თავის რელიგიურ განცდებს სხვადასხვა მცდარი იდეებისაკენ წარმართავს. ბუნებრივად შემზადდა ნიადაგი და სამი საშინელი თეორია გაჩნდა: დარვინიზმი, მარქსიზმი, ნიჰილიზმი. დარვინიზმს, როგორც ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის ევოლუციურ თეორიას, სამართლიანად შეიძლება ეწოდოს ანტიცოდნა. ჩვენთვის უფრო საინტერესო არის შემდეგი: დარვინის თეორიაზე დაყრდნობამ ტერმინ „ევოლუციის" ფართო გაგებამ მავანს მეტისმეტად და ხელოვნურად დააჩქარებინა სამყაროში მიმდინარე გარდაქმნები და განვითარების პროცესები. ევოლუციონიზმის მიხედვით, კაცობრიობა, როგორც ბიოლოგიური სახეობა და ადამიანი, როგორც მისი კერძო წევრი, პროგრესირებს. ეს უნდა აისახებოდეს ფილოსოფიის, ხელოვნების, მეცნიერების განვითარებაზე. 1860 წელს დარვინის ბიძაშვილმა ფ. გალტონმა დაიწყო ადამიანის რიცხობრივი შეფასება. 1908 წელს შემუშავდა გონებრივი უნარის კოეფიციენტების კონვენცია. მიიჩნიეს, რომ ადამიანის ინტელექტს იმთავითვე განსაზღვრავდა რასობრივი წარმომავლობა, მემკვიდრეობით მიღებული რესურსები. შესაბამისად შეიძლებოდა ერის ინტელექტის გაუკეთესება - დახვეწა. საამისოდ, კონცეფციის თანახმად, გენეტიკური პროცესიდან უნდა გაეძევებინათ ის, ვინც ათბალიანი სისტემის ქვედა საფეხურზე აღმოჩნდებოდა. გალტონის კანონის განხორციელება კაცობრიობას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს ადამიანის ევოლუცია და გამოიყვანოს ზერასა (სუპერ რასა, ზეადამიანი). გაგრძელება იქნება...
1 წიგნ. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. გ. აროშვილი. ტ. 5. გვ. 108. დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |