მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ღვთაებრივი წესრიგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ღვთაებრივი წესრიგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


26-12-2021, 00:02

 

   თანამედროვე ადამიანი ამქვეყნიური, ისტორიული საზომით აფასებს ყოველივეს და არა ღვთაებრივით. სინამდვილეში მხოლოდ სარწმუნოებრივი გამოცდილებითაა შესაძლებელი გულისხმავყოთ ღვთის განგება ადამიანზე.

   მაცხოვარი რომ ბრძანებს, „ძე კაცისას არა აქვს ადგილი, სადა თავი მიიდრიკოსო", ისტორიული პროცესი იგულისხმება. ამ პროცესში დაცემული კაცობრიობა საკუთარი თავის გაღმერთებითაა დაკავებული, ის, განდგომილი ქრისტეს წესრიგისაგან, განაგრძობს სრბოლას და ეშმაკის „წესრიგის" თაყვანისცემელთა მომრავლებას.

   სინამდვილეში კი ყოველივე ქრისტეს საზომით იზომება სამყაროში. ქრისტე - სრული ღმერთი და სრული კაცი, ჭეშმარიტად ახალი ადამი და მსოფლიო ადამიანია.

   თუკი ქრისტეს არ გააჩნია სრული კაცობრივი ბუნება, თუკი მის ჰიპოსტასში არ იქნებოდა კაცობრივი სული, კაცობრივი გონება, კაცობრივი მოქმედება ან კაცობრივი ნება, როგორც ამბობენ ერეტიკოსები, მაშინ ის არ იქნებოდა სრული კაცი, ის არ იქნებოდა მსოფლიო ადამიანი.

   ქრისტე - ადამიანთა მხსნელია, მან იხსნა ადამიანური ბუნება, მიიღო რა ის თავის ღვთაებრივ ჰიპოსტასში.

   ქრისტეს განკაცების შემდეგ ადამიანის ცხოვრების ცენტრი ეკლესია გახდა.

   ეკლესიის, ქრისტეს ღვთაებრივი სხეულის, წევრი პოტენციურად ქრისტეს მადლის თანაზიარია. სწორედ საყოველთაო ეკლესიის წევრობით და მადლში ცხოვრებით ხდება პიროვნება სრულფასოვანი.

   ქრისტეს სხეულში, ორგანიზმში ყოფნა, ნიშნავს იყო მსოფლიო ადამიანი. ამაზე დიდი პატივი ადამიანისათვის ამქვეყნად არ არსებობს. ისევე, როგორც ბიოლოგიური ორგანიზმის ცალკეული უჯრედი შეიცავს მთელი ორგანიზმის დ.ნ.მ.-ს, როგორც ეს უჯრედები იმყოფება ურთიერთკავშირში ერთმანეთთან და მთელ სხეულთან, ასევევა ქრისტეს სხეულში - ეკლესიაში.

   რატომ ვამბობთ, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია? იმიტომ რომ, ის ფლობს ისტორიულ კავშირს, ეკლესიის მემკვიდრეობას, რომელიც დაფუძნებული იყო თვით ქრისტეზე და მოციქულთა სწავლებაზე. ის (ჭეშმარიტი ეკლესია) შეუცვლელად ფლობს მის სწავლებას, წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის სახით რომ მიემადლა კაცობრიობას.

   წმინდა (საღმრთო წერილი, სახარება) ეწოდება ახალი აღთქმის ისეთ წიგნებს (ოთხთავს, სამოციქულოებს, გამოცხადებას), რომლებიც უცდომელია, რადგან ისინი სულიწმინდის შთაგონებით, უფლის მეთვალყურეობითაა დაწერილი.

   მაგრამ წმინდა წერილი არ უნდა გაიმიჯნოს ეკლესიისაგან, როგორც ამას ერეტიკოსები და სექტანტები აკეთებენ. ნეტარი ავგუსტინე წერს: „მე არ ვირწმუნებდი სახარებას, რომ არ ებიძგა მისკენ ეკლესიის ჭეშმარიტებას. ეკლესიის ჭეშმარიტებაში ყოფნა უცილობელი პირობაა სახარების მართებული განმარტებისთვის".1

   წმინდა წერილის უტყუარი განმმარტებელი წმინდა გარდამოცემა გახლავთ. წმინდა გარდამოცემას წარმოადგენს მრწამსი, მსოფლიო და იმ ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამების თხზულებები, დადგენილებები, რომლებიც მოიწონა ეკლესიის სისავსემ და რომელსაც წმინდა წერილის თანაბარი ავტორიტეტი მიანიჭა.

   ეკლესიის გარდამოცემა არც იდეოლოგიაა და არც ფილოსოფიური თეორია. ის გარკვეული სულიერი პროცესის გამოხატულებაა. ასე რომ, ის, როგორც თეორიული (დოგმატური), ისე პრაქტიკულია (ასკეტურია). გარდამოცემა არა აბსტრაქტული, არამედ წმინდა საიდუმლოებრივია, ვინაიდან ეკლესიის საიდუმლოებების მეშვეობით გადმოგვეცემა.

   გარდამოცემა რომ დავიცვათ, ვით ცხოვრების წესი, ეკლესიამ შექმნა მონაზვნობა. მონაზვნობაში ყოველი დეტალი, ყოველი ნაბიჯი, პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება, არის ლოცვა, ღვთაებრივი ლიტურგიის გაგრძელება, ღვთის წინაშე დგომა.

   ამიტომ გარდამოცემა არ არის რომელიმე რიგითი წიგნი (წიგნები), მართლმადიდებლური გარდამოცემა თავად ეკლესიაა.

   გარეგნულად ადამიანი უბრალო, ბიოლოგიური არსება გვეჩვენება, ისეთივე, როგორც სხვა ცოცხალი არსებები. რა თქმა უნდა, ადამიანიც ქმნილებაა, მაგრამ „განღმრთობისაკენ მოწოდებული". აი, როგორი სიზუსტით დაახასიათა იგი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა: „ის ერთდერთი არსებაა, რომელიც გამოირჩევა სხვა ქმნილებებისაგან, რომელსაც შეუძლია გახდეს ღმერთი მადლით".2

   რადგან ადამიანი „მოწოდებულია განღმრთობისაკენ", რადგან იმისთვისაა შექმნილი, რომ გახდეს ღმერთი მადლით, მაშინ გამოდის, განღმრთოების გზის მიღმა მყოფი - შინაგან სიცარიელეს განიცდის და გრძნობს, რომ არასწორი მიმართულებით მიდის. ამასთან, ამ სიცარიელეს სხვადასხვა ცრუ იდეოლოგიებით ავსებს, რათა ილუზიურ სამყაროში შეიქმნას საკუთარი „სამოთხე".

   ჩვენ არ ვართ ქრისტეს იმგვარი მიმდევრები, როგორც რომელიმე ფილოსოფიისა და იდეოლოგიის მიმდევრები არიან.

   ჩვენ ქრისტეს სხეულის - ეკლესიის წევრები ვართ. შედეგად ქრისტეს ცხოვრება ჩვენი პირადი ცხოვრება ხდება. ამ მადლმოსილებისამებრ განვღმრთოვდებით (გავცოცხლდებით) და ვცხონდებით. ჩვენ ვერ განვღმრთოვდებით, თუ ქრისტე თავის წევრად არ გაგვხდის. მაგრამ განღმრთობა ღვთის ნიჭია, მას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერ დაეუფლები. ცხადია, უნდა გვსურდეს ის, მაგრამ მოღვაწეობისა და ღვთის შეწევნის გარეშე იგი არ მოიპოვება.

   სწორედ თავმდაბლობა, ასკეზა, წმინდა საიდუმლოებებში თანამონაწილეობა და ლოცვა არის წინაპირობა მარადიული ნეტარი ცხოვრებისა. გაგრძელება იქნება...






1 ციტ. წიგნ. ნათელი სოფლისა. არქ. კირილე კოსტოპულოსი. ეკლესია და გარდამოცემა. გვ. 85.

2 Арх. Гиоргий (Капсанис). Бог стал человеком, чтобы человек стал Богом. Обожение как цель человеческой жизни. Стр. 19.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება