მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმ. სილუანე ათონელის წიგნის ერთი ეპიზოდის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

წმ. სილუანე ათონელის წიგნის ერთი ეპიზოდის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


21-12-2021, 10:17

წმ. სილუანე ათონელის წიგნის ერთი ეპიზოდის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   სამწუხაროდ, ცრუსიყვარულის აპოლოგია ამით არ მთავრდება თქვენს შემოქმედებაში. ქართულ ენაზე თარგმნილი წერილი „ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე: ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები", ამ უცნაური სიყვარულის გაგრძელებაა.

   ამჯერად, არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) წიგნს „ბერი სილუანე" - ს იყენებთ თქვენი შეხედულებების გასამყარებლად. სანამ ამ მაგალითის განხილვას შევუდგებით, უნდა ვთქვათ, რომ წიგნში ძნელი გასარჩევია, აზრი ბერ სილუანეს ეკუთვნის თუ არქიმანდრიტ სოფრონის ოსტატური ინტერპრეტაციაა (ეს საკითხი მრავალი ღვთისმეტყველისა და მკვლევარის განხილვის საგანია).

   მეუფე ათანასე, თქვენ გვიყვებით;

   „წმ. სილუანე ათონელის ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ ერთხელ შეკრებილა რამდენიმე ასკეტი მამა, მათ შორის წმ. სილუანეც. ერთ-ერთს, ვინც დიდი მოღვაწე ყოფილა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მიეღწია სანატრელი სულიერი სიმაღლისათვის, საუბარში უთქვამს: „როდის იქნება საშინელი სამსჯავრო, რომ ეშმაკი, უღმერთოები და მათთან ერთად ყოველი მწვალებელი დაისაჯონ საუკუნო ცეცხლშიო". სილუანე ათონელმა, ეს რომ მოისმინა, თავი მწუხარებით გადაიქნია და უთხრა: „მამაო, არ შეიძლება ასე ფიქრი, არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ იარსებებს ერთი ადამიანიც კი, რომელიც ღმრთისაგან განვარდება. ძალიან გთხოვ, მიპასუხე: შენ რომ სამოთხეში მოხვდე და იქიდან ხედავდე, ადამიანი ჯოჯოხეთის ჩაუმქრალ ცეცხლში იტანჯება, განა შეძლებ მშვიდად ყოფნას? რას ვიზამთ, - მიუგო ბერმა, ისინი თავად არიან დამნაშავენი. ჭეშმარიტი სიყვარული ასე ვერ მოიქცევა, ჩვენ ყველას ცხონებისათვის უნდა ვილოცოთ" - მიუგო სილუანემ".

   რა შეიძლება ითქვას ამ ეპიზოდის შესახებ?

   წიგნის („Старец Силуан") ამ მონაკვეთში წერია: „განდეგილმა ბერმა თქვა: „როდის დასჯის ღმერთი უწმინდურებს? ისინი მარადიულ ცეცხლში დაიწვებიან", და იქვე მოსდევს არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) კომენტარი: „მას აშკარად სიამოვნებდა, რომ მათ დასჯიან მარადიულ ცეცხლში".1

   მართლმადიდებლობის დამოწმებას განდეგილი ბერის სიტყვიდან ვგებულობთ, ხოლო ბრალდება განდეგილის მიმართ - რომ კმაყოფილებას განიცდიდა, დიდი ალბათობით, ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. კიდევ ერთხელ ვამბობთ: ძნელია წიგნიდან გაარკვიო რომელი აზრია სილუანეს ნათქვამი და რომელი სოფრონის ინტერპრეტაცია. ასევე, არც განდეგილი ბერის, ამ „აგრესიული" პერსონაჟის ნამდვილობაა დადასტურებული.

   ისმის კითხვა: რა შეუთავსებლობას ვხედავთ ღირსი სილუანეს (თუ სოფრონის) ლოცვასა და მართლმადიდებლურ სწავლებას შორის? პასუხი: საუბარი სიყვარულსა და ლოცვაზე, რომელიც ერთნაირად და განურჩევლად ვრცელდება თურმე მართლმადიდებელზე, ერეტიკოსებსა და უღმერთოებზე. კიდევ: ღირსი სილუანესთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ უღმერთო დაისჯება მარადიულ სატანჯველში მაცხოვრის სიტყვისამებრ: „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხონდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16. 16). ღირსი სილუანე ღვთის სამსჯავროს წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ „სიყვარულს არ ძალუძს აიტანოს ეს, ჩვენ ყველასათვის უნდა ვილოცოთ".2

   რას ვერ იტანს „სიყვარული"? - ღვთის განსაზღვრებას საშინელი სამსჯავროს შესახებ.

   სილუანე ათონელის ბიოგრაფი, არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) კი მიიჩნევს, რომ ეს არის „ლოცვა მთელი მსოფლიოსთვის" და ეს სიყვარული გამომდინარეობს „მტრების სიყვარულისგან".

   მართალია, ჩვენ მოგვეცა მტრების სიყვარულის მცნება, მაგრამ პირადი მტრების: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" (იონ. 13. 35), ანუ ნუ მტრობთო ურთიერთ შორის. მაცხოვარს არსად უთქვამს, რომ გვიყვარდეს, ვაკურთხევდეთ, კეთილს უყოფდეთ და ვლოცულობდეთ მათთვის, ვისაც სძულს ღმერთი, ეკლესია, მართალი სარწმუნოება.

   სილუანე ათონელის სიტყვები „სიყვარულს არ ძალუძს აიტანოს ეს", შემაძრწუნებელია. პრაქტიკულად ეს ნიშნავს: „მე არ ვიღებ შენს სამსჯავროს, უფალო, შენს განსაზღვრებებს წმ. წერილიდან, მსოფლიო კრებების განჩინებებიდან, წმ. მამების სწავლებიდან იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამის ატანა.

   სილუანეს მიერი სიყვარული უგულებელყოფს სამართლიან ღმერთს. ეს მოდერნისტ-განმაახლებლებისათვის დამახასიათებელი თვისებაა. ისინი ერთმანეთისაგან მიჯნავენ სიყვარულსა და სამართლიანობას. ამგვარ „ყოვლისმომცველ სიყვარულს" მანიქეველური ყაიდის შეხედულებამდე მივყავართ: „თუკი ღმერთი უსაზღვრო სიყვარულია, მაშინ მას შეუძლებელია არ უყვარდეს სატანა".

   მოდით, წმ. მამებთან ვეძებოთ მსგავსი დიალოგის მაგალითი.

   ასეთ მაგალითს ვპოულობთ წმ. გრიგოლ დიოლოღოსის წიგნში „Беседы о жизни италянских отцов „бесмертнии души"." აქ არის ერთი დიალოგი - წმ. გრიგოლი პასუხობს ვინმე პეტრეს.

   სილუანე ათონელის მსგავსი პოზიციიდან გამოდის რომ, ისიც (პეტრე) ეწინააღმდეგება ღვთის განჩინებას ცოდვილებისთვის მარადიული სატანჯველის შესახებ:

   პეტრე: „... თუკი უწმინდურთ, მარადიულ სატანჯველს მიცემულთ არ ძალუძთ გამოსწორება, მაშინ რატომ უნდა დაიწვან მარადიულად?"

   გრიგოლი: „ბოროტი ადამიანები, განწირულნი მარადიული ტანჯვისთვის, თუნდაც რომ არ დაისაჯონ საკუთარი ბოროტმოქმედებისთვის, სულ სხვა მიზეზის გამო დაისჯებიან. დაე, ყველა მართალმა დაინახოს ღმერთში ნეტარება, რომელსაც მიიღებენ და ტანჯვაც, რომელსაც გადაურჩნენ. რამდენადაც მკაფიოდ ხედავ როგორ აცდი ღვთის შეწევნით მარადიულ სასჯელს, იმდენად შეიგრძნობ თავს მადლიერად ღვთაებრივი მადლის წინაშე".

   პეტრე: „რა ვიფიქრო წმინდანებზე, რომლებიც არ ლოცულობენ მტრებისთვის, ცეცხლში მხედველთათვის, როდესაც ღმერთმა თქვა: „ხოლო მე გეტყვი თქუენ: გიყუარდენ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ"." (მათ. 5. 44).

   გრიგოლი: „ჩვენ უნდა ვილოცოთ ჩვენი პირადი მტრებისთვის იმ დროს, როდესაც მათ ძალუძთ მოაქციონ თავიანთი გულები ნაყოფიერი სინანულისკენ და გადაარჩინონ ამგვარი დამოკიდებულებით. ვინაიდან კიდევ რისთვის უნდა ვლოცულობდეთ ჩვენი მტრებისთვის, თუ არა მოციქულის ანდერძისამებრ: „მშვიდობით მასწავლეთ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო-თუ-სცეს მათ უფალმა სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, და განიფრთხონ საფრთხისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისისა"." (2 ტიმ. 25-26).

   მაგრამ როგორღა ვილოცოთ ცოდვილებისთვის, თუკი ისინი უკვე ვერანაირად ვერ შეცვლიან საკუთარ უწმინდურებას მართალი საქმეებით?

   ამრიგად, მიზეზი იმისა, რომ მაშინ აღარ იქნება ლოცვა მარადიული ცეცხლისთვის განწირული ადამიანებისთვის, არის შემდეგი გარემოება: ჩვენ უკვე აღარ ვლოცულობთ ეშმაკებისთვის და მათი ანგელოზებისთვის, რომლებიც მარადიული სატანჯველისთვის განისაჯენ.3

   წმ. გრიგოლის სიტყვებიდან ვგებულობთ:

   1) ჩვენ ვლოცულობთ არა ღმერთის მტრებისთვის, არამედ პირადი მტრებისთვის, ისიც მაშინ, როდესაც მტერი ავლენს სინანულს.

   2) ცოდვილების ტანჯვის ყურება სულაც არ იწვევს შებრალებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერების განცდას ბადებს მონანულსა და გადარჩენილში.

   3) შეუნანელთათვის და მარადიული ტანჯვისთვის განწირულთათვის ვერ ვლოცულობთ იმიტომ, რომ აღარ ვლოცულობთ ეშმაკებისთვის და მისი ანგელოზებისთვის.

   თქვენ კი, მეუფეო, არქიმანდრიტი სოფრონის (სახაროვი) კვალდაკვალ მთელი მსოფლიოს გასაგონად ამბობთ, რომ უნდა გვიყვარდეს და ვლოცულობდეთ განურჩევლად ყველასათვის - თვით ეშმაკებისათვისაც.

   მაპატიეთ, მაგრამ გააზრებული გაქვთ პასუხისმგებლობა, თუ რამდენად არ შეესაბამება ეს სწავლება მართლმადიდებლობას? და ისიც, თუ რა დიდი ზიანი მიადგება თქვენს მსმენელს მსგავსი ქადაგების შედეგად?!

   მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი) ამბობდა: „ქრისტე სოლიდარულია ჩვენთან ყველაფერში", ანუ ადამიანთან მის დაცემულ მდგომარეობაშიც.

   თქვენც დაახლოებით ამასვე ამბობთ: „ღმერთს ყველა და ყველაფერი უყვარს განურჩევლად - ეს ეკლესიის ძირითადი ჭეშმარიტებაა".

   სინამდვილეში ეს არა ჭეშმარიტება, არამედ ღვთაებრივი სიყვარულისთვის მისი ძირითადი ატრიბუტების - სიწმინდისა და სამართლიანობის წართმევაა. გაგრძელება იქნება...







1 Арх. Софроний Сахаров. Старец Силуан. www.azbuka.ru.

2 იქვე. Арх. Софроний Сахаров. Старец Силуан. www.azbuka.ru.

3 Гр. Двоеслов. Диалоги, интервью о жизни италянских отцов и о бессмертнии души. Т4. Гл. 46. Всегда ли горят грешники, брошенные в ад. Огненный?

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება