მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, სიყვარული, მთავარი გვედის ფოტო > უცნაური სიყვარულის აპოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
უცნაური სიყვარულის აპოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე19-12-2021, 20:46 |
მაგრამ, მოდით, თქვენს ამონარიდებს დავუბრუნდეთ. მეუფე, თქვენ ბრძანებთ, რომ „ღმერთს ყველა ქმნილება უყვარს განურჩევლად", რომ „ეშმაკებისთვისაც უნდა გვტკიოდეს გული", რომ „უფალს უყვარს ეშმაკი, როგორც უყვარს ღვთისმშობელი, წმინდანები და ადამიანები" და მისთ. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, ღვთის სიყვარული არ არის ბრმა, განურჩეველი ძალა, რომელიც მიზიდულობის კანონის მსგავსად ათანასწორებს ყველა ქმნილებას. შეიძლება ცოდვილი (უღმერთო, ერეტიკოსი, სოდომიტი და ა.შ.) გადარჩეს ცოდვასთან ბრძოლის, სინანულის გარეშე? შეიძლება ერთდროულად გვიყვარდეს სიცრუე და ჭეშმარიტება, ცოდვა და სათნოება, სატანა და ქრისტე? თუკი ღმერთი განურჩეველი სიყვარულია, უყვარს ღმერთს ბოროტება? ცხადია, არა. ე.ი. საკითხი ასე უნდა დაისვას: „შეუძლია კი ეშმაკს სინანული? ღმერთს უყვარდა დაცემამდელი ეშმაკი, თავისი ქმნილება, ქერუბიმი (იეზ. 28. 14-15). არ შეიძლება ღვთის ქმნილების გაიგივება იმასთან, რადაც ის გარდაიქმნა. ეშმაკი კი ყველაფრით და ყველაფერში ეწინააღმდეგება ღმერთს. ეს მისი არსებითი მდგომარეობაა დაცემის შემდეგ. მისი ხვედრი მარადიული სატანჯველია. ამის გამოსწორება შეუძლებელია. წმ. მამები, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ამბობს, რომ: ღვთის სამსჯავრო ეშმაკზე და დაცემულ ანგელოზებზე იქნება ერთ-ერთი დიდი სიყვარულის გამოვლინება ჩვენდამი. ამიტომ ღმერთს არ უყვარს ეშმაკის დაცემა, მისი ცოდვა და უკიდეგანო ამპარტავნობა; არ უყვარს მზაკვრობა და ცბიერება დაცემული ანგელოზებისა. ღმერთს არ უყვარს ადამიანთა ცოდვები და მათი ბოროტი საქციელები. რა ვიცით ჩვენ ღმერთის სიყვარულის შესახებ? ვიცით იმდენი, რამდენიც თავად განგვიცხადა ჩვენ. ამას ადასტურებს წმინდა წერილი და წმ. გარდამოცემა. ვერაფერს ვპოულობთ იქ დაცემული სულების სიყვარულზე, პირიქით, ყველგან გვესმის, რომ ღმერთს სძაგს დაცემული სულების საქციელი: „მიყვარს ჩემი მოყვარულნი" - ამბობს უფალი (იგავ. 8. 17). „თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა. პირი უფლისა მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი" (ფს. 33. 15-16). „წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიანი სიცრუესა; კაცი მოსისხლე და მზაკვარი სძაგს უფალსა" (ფს. 5. 6). „უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისა მის თანა" (1 იონ. 2. 15). კიდევ რა ვიცით წმ. წერილიდან ეშმაკებზე? „ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდეს ეშმაკი და მოუღოს სიტყუა იგი გულისაგან მათისა, რაითა არა ჰრწმენეს და ცხონდეს" (ლუკ. 8. 12). - ცხონების მოწინააღმდეგე. „თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქმათა მამისა თქუენისასა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებას არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტება არა არს მის თანა. ოდენ იტყვნ ტყუვილსა, თვისისაგან გულისა იტყვნ, რამეთუ მტყუარ არს, და რამეთუ მამაიცა მისი მტყუარი არს" (იონ. 8. 44). - კაცის მკვლელი, მტყუარი, ჭეშმარიტების მოძულე. „განიფრთხვეთ, მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინცა შთანთქა" (1 პეტრე. 5. 8). - ეძებს, ვინ წარწყმიდოს. კიდევ მრავალი მსგავსი ამონარიდის მითითება შეიძლება. ამიტომ ვამბობთ: ღმერთს არ უყვარს ეშმაკი, არც შეიძლება უყვარდეს. გაგრძელება იქნება...
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareb.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |