მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დემონებისთვის ლოცვისა და სიყვარულის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

დემონებისთვის ლოცვისა და სიყვარულის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


18-12-2021, 12:51

დემონებისთვის ლოცვისა და სიყვარულის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   მეუფე, თქვენს ნაშრომებში რამდენიმეჯერ გაიჟღერა ფრაზებმა „ეკლესიის მიერ დემონებისთვის ლოცვისა და სიყვარულის შესახებ". ამ ძალიან მიუღებელი თეზისთვის მეტი დამაჯერებლობის მინიჭების მიზნით იშველიებთ ღირსი ისააკ ასურის ამონარიდებს: „სრულყოფილი სიყვარულის ქონა არ ნიშნავს უბრალოდ სიყვარულს, თანაგრძნობას, პატიებას, არამედ იმას, რომ გული გტკიოდეს ყველა ქმნილებისთვის, არა მხოლოდ ქმნილებისთვის, არამედ ეშმაკებისთვის".1

   „ყოველი ქმნილების მიმართ სიყვარული იმაში ვლინდება, ყოველთვის ვლოცულობდეთ ადამიანების, ცხოველების, ფრინველებისა და თვით ეშმაკებისათვის".2

   მეუფე, ეს ამონარიდები თქვენ დაგჭირდათ საიმისოდ, რომ გაგემყარებინათ თქვენი შეხედულებები:

   „ეშმაკისათვისაც უნდა გვტკიოდეს გული, იმიტომ რომ, ღვთის მსგავს სულს არ ძალუძს სიძულვილი, უკუაგდოს ან განდევნოს ნებისმიერი სხვა არსება, თუნდაც ეს ეშმაკი, ისევე როგორც უყვარს ღვთისმშობელი, წმინდანები და ყველა ადამიანი".3

   იმავე აზრს იმეორებს სხვაგანაც:

   „ღმერთს ყველა უყვარს განურჩევლად - ეს ეკლესიის ძირითადი ჭეშმარიტებაა, არანაირი მცირეოდენი განსხვავება ღვთის სიყვარულში თავისი ქმნილებებისადმი არ არსებობს. როგორც უყვარვართ ჩვენ, ასევე უყვარს დემონებიც. ვინაიდან, თუკი ღმერთს ვინმე მეტად ან ნაკლებად უყვარს, ეს ნიშნავს, რომ მას სიყვარულის საზომი გააჩნია, საკუთარ თავში ცვალებადია და არ არის სრულყოფილი...".4

    „წმინდანის გულში არსებული ჭეშმარიტი სიყვარული იმის უფლებასაც არ იძლევა, რომ ეთქვა - ეშმაკი საუკუნოდ წარწყმდებათ".5 (საუბარია სილუანე ათონელზე).

   მეუფე, დავიწყოთ იმით, რომ ღირსი ისააკ ასურის ციტირებისას ვერ ვიგებთ წყაროს; სად, რომელ ნაშრომში თქვა წმინდანმა მსგავსი აზრი? ეჭვი არ გვეპარება თქვენს გულწრფელობაში, მაგრამ ვიცით, რომ ღირსი მამის შემოქმედება მრავალი ერეტიკოსის მიერ სერიოზული მანიპულირებისა და ინტერპრეტაციის საგანი გახდა. რამდენიმე წლის წინ ყურადღება მიიქცია ღირსი ისააკ ასურის მე-2 ტომად წარმოდგენილმა ნაშრომმა, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა და ჩვენს დროში „სასწაულებრივად" აღმოაჩინეს.

   თუმცა ახალგამოჩენილი ტექსტის გაცნობამ მართლმადიდებელ საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. აღშფოთების მიზეზი გახლავთ ის, რომ ღირსი ისააკ ასური თავის პირველ ტომში ჯოჯოხეთის სატანჯველს მარადიულს უწოდებს, ხოლო მეორე ტომის ავტორი ასეთ გამონათქვამებს ღვთის გმობად ნათლავს. (იხ. Бичом Любви о эсхатологии. Преп. Иссаака Сирииа). ყველაზე შემაშფოთებელ აზრებს მეორე ტომის 194-216 გვერდებზე ვკითხულობთ:

   „იმიტომ კი არ შექმნა ღმერთმა გონიერი არსება, რომ უმოწყალოდ მისცეს მარადიულ სატანჯველს" (II ტ. გვ. 201);

   „არც დემონები დარჩებიან თავის დემონურ მდგომარეობაში, არც ცოდვილები ცოდვებში" (II ტ. გვ. 211).6

   ხომ აშკარაა, ტიპური ორიგენიზმია!

   მეუფე, თქვენს მიერ ციტირებული ნაწყვეტებიც, ცხადია, გვაფიქრებინებს, რომ წმინდანის მორიგი ერეტიკული ინტერპრეტაციაა. თუნდაც ის მონაკვეთი, სადაც ერთ ჭრილშია განხილული ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის და თვით დემონებისთვის ლოცვა, არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას. არ შეიძლება ერთ რიგში დავაყენოთ ადამიანები და ცხოველები. ჩვენ არ ვლოცულობთ ცხოველებისა და ფრინველებისათვის, მათ არ გააჩნიათ ღვთის ხატება და მსგავსება, უკვდავი სული... მით უფრო დაუშვებელია ლოცვა დემონებისთვის.

   ვთქვათ, წმ. მამის ნაშრომებში ნამდვილად აღმოჩნდა მსგავსი ცდომილი შეხედულება, მაგრამ განა ეს გვაძლევს იმის უფლებას, რომ კონკრეტული, კერძო აზრი ეკლესიის კრებსით სწავლებაზე მაღლა დავაყენოთ?! (V-VI მს. კრება). გაგრძელება იქნება...


   


1 Митр. А. Лимасольский. Открытое Сердце Церкви. Дух Церкви. Ст. 130.

2 ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე. ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები.

3 იქვე, Митр. А. Лимасольский. Открытое Сердце Церкви. Дух Церкви. Ст. 130.

4 Митр. А. Лимасольский. Из списка правил не познаешь Бога.

5 ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე. ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები.

6 იხ. ჭეშმარიტი სარწმუნოება. კ. ჯ. „წმ. მამათა დისკრეტიზაციის მცდელობანი". გვ. 35-40. www.xareba.net. რუბრიკა გამოცემები.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება