მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წერილი მიტროპოლიტ ათანასეს (ლიმასოლელი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

წერილი მიტროპოლიტ ათანასეს (ლიმასოლელი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


16-12-2021, 19:30

წერილი მიტროპოლიტ ათანასეს (ლიმასოლელი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ გვაკურთხე!


   ამა წლის (2021) ნოემბერს, კიპროსის სიწმინდეების მოლოცვის დროს, მიტროპოლიის ცენტრალურ ტაძარში შედგა ჩვენი ჯგუფის შეხვედრა თქვენთან. მაშინ მოგახსენეთ, რომ დიდი ენთუზიაზმით წავიკითხე თქვენი წიგნი („Открытое сердце Церкви"). მომეწონა ცოცხალი, ახალგაზრდებზე ორიენტირებული ქადაგებები. ასევე მოგახსენეთ, რომ გამიჩნდა შეკითხვები და, თუ თქვენი ლოცვა-კურთხევა იქნებოდა, მოგწერდით, რაზეც თანხმობა მივიღე.

   წიგნის რამდენიმე თავი (განსაკუთრებით „Дух Церкви") არ მოვიდა გულთან. ჩემთვის გავიფიქრე: ეტყობა ცუდი თარგმანია ან შინაარსს ვერ ჩავწვდი-მეთქი. ალბათ, რეაგირების გარეშე დავტოვებდი ამ წერილს (წიგნი იმდენად მომეწონა), მაგრამ მოგვიანებით გავეცანი თქვენს კიდევ ერთ ქადაგებას („Из списка правил не познаешь Бога"), სადაც იმავე პრობლემას შევეჯახე. შემდეგ გავეცანი თქვენს კიდევ ერთ ნაშრომს („Величайший опыт, который может иметь человек") და უკვე გარკვეული წარმოდგენა შემექმნა თქვენი დამოკიდებულების შესახებ.

   თქვენი ბიოგრაფიიდან და პირადი საუბრიდან შევიტყვეთ, რომ სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ათონის წმინდა მთაზე მოსაგრე წმ. მამებთან (პაისი ათონელი, იოსებ ისიხასტი და სხვა) გაქვთ გატარებული. ეს სულიერი გამოცდილება შეინიშნება როგორც თქვენს წიგნებში, ისე პირად საუბარში. თუმცა თანამედროვე ეპოქა იმდენად დატვირთულია ყალბი შეხედულებებითა და სწავლებებით, რომ არც ერთი ადამიანი დაცული არ არის შეცდომისა და მიუღებელი შეხედულების გათავისებისაგან.

   მართალია, თქვენი წიგნები ზეპირი ქადაგებების კრებულებია, როგორც თავად აღნიშნეთ ჩვენთან საუბარში, რაც გარკვეულწილად ართულებს აზრის მართებულად გადმოცემას, მით უფრო თარგმანს სხვა ენაზე. მაგრამ როდესაც ესა თუ ის არამართლმადიდებლური ფრაზა, ტერმინი თუ შეხედულება ავტორის სხვადასხვა ნაშრომში ერთიდაიგივე შინაარსით გვხვდება, ვით ყურადსაღები მოსაზრება, სწავლება, მაშინ ეს უკვე აღარაა უბრალო გაურკვევლობა - ეს უკვე კერძო საღვთისმეტყველო აზრია, თეოლოგუმენი* - თეზა (თეზები), რომელთა დამკვიდრებასაც ცდილობთ მართლმორწმუნე ერში.

   შესაძლოა, არც მიგვექცია ყურადღება ამ შეხედულებებისთვის, მაგრამ თქვენი პიროვნება ზოგადად საკმაოდ ცნობილია მართლმადიდებლურ სამყაროში, ამიტომ თქვენი ნაშრომები პოტენციურად რამდენადაც სასარგებლოა, იმდენად შესაძლოა კორექტირებასაც საჭიროებდეს.

   გადავიდეთ საკითხების დეტალურ განხილვაზე. გაგრძელება იქნება...




* თეოლოგუმენი - კერძო აზრი, თეზა, რომელიც 1) აშკარად არ არის უარყოფილი კრებების მიერ; 2) ლოგიკური განმარტების შემთხვევაში არ მივყავართ მკაფიოდ დადგენილი ეკესიურ-დოგმატური სწავლების წინააღმდეგ; 3) არ ეთანხმება უმრავლესი წმინდა მამის ერთსულოვან აზრს, მაგრამ 4) მაინც გააჩნია ხელჩასაჭიდი ეკლესიის ტრადიციის ზოგიერთ მოწმობებში - მაშინ თეოლოგი მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრებას შეუძლია დაეყრდნოს იმ პირობით, რომ ეს თეზისი არ მიეწოდება საზოგადოებას, ვით ეკლესიის აუცილებელი სწავლება.

 
 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება