მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > არასახარბიელო მემკვიდრეობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

არასახარბიელო მემკვიდრეობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


15-12-2021, 14:26

არასახარბიელო მემკვიდრეობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   განმაახლებლობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა ორაზროვანი ფრაზები. ზედაპირულად, თვალის ერთი გადავლებით არანაირი შეუთავსებლობა მართლმადიდებლობასთან არ ჩანს, მაგრამ როგორც კი შეუდგები ფრაზების მნიშვნელობის გააზრებას, დაინახავ, რომ ავტორი საერთოდაც არ საუბრობს მართლმადიდებლობაზე - სულ სხვა განზომილებაშია.

   ჩვენი მოსაზრების დასადასტურებლად მოვიშველიოთ ერთი ამონარიდი დეკანოზ გ. ფლოროვსკის ნაშრომიდან („Соборность Церкви"). ამ მონაკვეთის კითხვის დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ეკლესიის კრებსითობაზე საუბრობს, მაგრამ მოდით, „სხვა თვალით" შევხედოთ ციტატას, თუ რას მოიაზრებს ის ეკლესიის კრებსითობასა, სისავსესა და ერთობაში:

   „ეკლესია თავად სისავსეა, ის გაგრძელება და განხორციელებაა ანთროპოტროპული* კავშირისა. ეკლესია ფერს იცვლის და აღორძინდება კაცობრიობით. არსი ამ აღორძინებისა და გარდაქმნისა იმაშია, რომ ეკლესიაში კაცობრიობა „ერთიან სხეულში" ერთიან ერთობად ყალიბდება. ეკლესიის ცხოვრება - ერთობა და ერთიანობაა. სხეული „იკვრება" და „იზრდება" სულის და სიყვარულის ერთობით. ეკლესიის მეუფება - არის ერთობა. და, რა თქმა უნდა, ეს ერთობა არაა გარეგნული, არამედ შინაგანი, ინტიმური, ორგანულია. ეს ცოცხალი სხეულის, ორგანიზმის ერთობაა. ეკლესია არა მხოლოდ იმ გაგებითაა ერთობა, რომ მხოლოდ ისაა ერთი და უნიკალური: ეს ერთობაა, პირველყოვლისა იმიტომ, რომ თავად მისი ყოფიერება დარღვეულის გამთლიანებასა და გაფანტულის შეკრებაში მდგომარეობს. სწორედ ეს ერთობა არის „კრებსითობა" ან საყოველთაობა ეკლესიისა. ეკლესიაში კაცობრიობა სხვა გეგმაზე გადადის, იწყება ახალი დონე არსებობისა".1

   მოდით, ეტაპობრივად განვიხილოთ ეს აბზაცი. თავიდანვე გვხვდება უცნაური ფრაზა: „ეკლესია ფერს იცვლის და აღორძინდება კაცობრიობით" (возрождается человечеством). ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია თავად ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, სხეული ქრისტესი, მას არანაირი ფერისცვალება და აღორძინება არ სჭირდება. ფერისცვალება დაცემულ ადამიანს სჭირდება ეკლესიაში მადლიან თანაზიარებით. კიდევ უფრო გასულია მართლმადიდებლური სივრციდან, ღვთისმეტყველებიდან. (ქვემოთ მივუთითებთ რომელი მიმართულებით). შემდეგ: „ეკლესიაში კაცობრიობა „ერთიან სხეულში" ერთიან ერთობად ყალიბდება". „კაცობრიობა" ეკლესიაში ერთობად არ ყალიბდება. ეკლესიის ერთობა მხოლოდ მართლმორწმუნე ქრისტიანებისაგან, მცირე სამწყსოსაგან ყალიბდება. ძირითადი კაცობრიობა კი სულ სხვა მიმართულებით მიექანება. ამის შემდეგ გ. ფლოროვსკი აბსტრაქტული ფრაზებიდან კონკრეტიკაზე გადადის: „ეკლესია არა მხოლოდ იმ გაგებითაა ერთობა, რომ მხოლოდ ისაა ერთადერთი და უნიკალური, ამ ერთობამ „დარღვეული უნდა გაამთლიანოს"... ანუ მართლმადიდებლური სწავლება, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა ერთადერთი და უნიკალური" - ეს ერთობა გ. ფლოროვსკის არ აკმაყოფილებს. მან (ეკლესიამ) რაღაც სხვა ფუნქცია უნდა შეასრულოს, ანუ შეეშვას „ერთადერთობის"  კიჟინს მსოფლიოში და „გარღვეული უნდა გაამთლიანოს". ე.ი. სხვა რელიგიებთან და კონფესიებთან „გამთლიანდეს". ბოლოს გ. ფლორივსკი ცხადად ამბობს სათქმელს: „ეკლესიაში კაცობრიობა სხვა გეგმაზე გადადის, იწყება ახალი დონე არსებობისა". აქ უკვე მკაფიოდ ირკვევა, რომ ფლოროვსკი „ეკლესიაში" სულ სხვა ცნებას მოიაზრებს, ვინაიდან მართლმორწმუნეთა ცხონების გარდა ეკლესიას არანაირი „გეგმა" და არანაირი „ახალი დონე არსებობისა" არ გააჩნია.

   აქ მკითხველი გნოსტიკური სიტყვებისა და ფრაზების კორიანტელში ეხვევა: „ეკლესიაში აღორძინება კაცობრიობით" „ეკლესიაში კაცობრიობის ერთიანობით", „ეკლესიაში კაცობრიობა სხვა გეგმაზე და დონეზე გადადის" და ა.შ.

   1) პირველი - გასაგებია, რომ ეს სწავლება არ არის მართლმადიდებლობა.

   2) მაგრამ ის არც ეკუმენიზმია, მისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებებით: „დიალოგი თეზების შეჯერებისთვის ჭეშმარიტებაში", „მინიმალური დოგმატიზმის დონემდე ყველა კონფესიის დაყვანა" და ა.შ.

   3) გ. ფლოროვსკი კიდევ უფრო „ამაღლებაზე", „ახალ დონეზე" გადასვლაზე გვესაუბრება.

   როგორც ჩანს, გ. ფლოროვსკი თავის შეხედულებებს ეკლესიის მიღმა გავრცელებულ ფილოსოფიურ-ეზოთერულ მსოფლმხედველობებზე დაყრდნობით აყალიბებს. XX ს-ში ჩაეყარა საფუძველი იდეოლოგიას სახელწოდებით პერენიალიზმი* (ლათ. Perennis - მარადიული). ამ მსოფლმხედველობის თანახმად ყველა დიდ რელიგიას ერთი და იგივე მისტიური გამოცდილება, უზენაესი რეალობა გააჩნია. იდეა ჰუმანიზმის აღორძინების ეპოქაში ჩაისახა (ვენდეტასა, რენე გენონის, ა. სტეზუსის იდეებზე), მოგვიანებით ის იდეოლოგიურ მიმართულებად - აბსოლუტური ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზიებით ჩამოყალიბდა. ისინი (პერენიალისტები) ამბობენ, რომ მარადიული სიბრძნე (Sophia peennis) გახლავთ ძირითადი რელიგიების საფუძველი. მათი აზრით, არის „ერთადერთი რელიგია", „რელიგიების ცენტრი", ისაა - „გული" რელიგიებისა და მას ზეუნივერსალური სულიერი ბუნება გააჩნია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს „ძირითადი რელიგია" არის ტრანცენდენტური* სხვა რელიგიებთან მიმართებაში.

   თავიდანვე გასაგებია, რაგვარ „ერთობაზე" საუბრობს ავტორი. ე.ი. ცენტრში პერენიალიზმია (მარადიული, აბსოლუტური ცენტრი), ხოლო მისკენ მიმავალი რადიუსები - სხვადასხვა რელიგიებისა, რომლებიც ტრანსცენდენტურად ანუ მიუწვდომელ მისტიკურ დონეზე არიან გაერთიანებულნი.

   ცენტრალური ადგილი ამ მსოფლმხედველობაში ეზოთერიზმისა* და ეგზოთერიზმის* დონეთა განსხვავებაში მდგომარეობს. 

   პერენიალიზმის დოქტრინა ასწავლის, რომ ყველა რელიგიას ფორმალური, გარეგანი ინსტიტუციური ასპექტები გააჩნია (ეგზოთერული). ამ ნიშნით რელიგიები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამავე დროს, ყველა რელიგიას გააჩნია ეზოთერული (ფარული) ასპექტებიც, ანუ ზესულიერ სფეროში რელიგიები ახლოვდებიან და შეუძლიათ მიაღწიონ იდენტურობის წერტილს.

   კაცობრიობა იყოფა რამდენიმე განშტოებად, თავისი განსაკუთრებული თვისებებით, ფსიქოლოგიით, ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ ღმერთმა ძირითად მსოფლიო რელიგიებს განსაზღვრული სექტორები მიაკუთვნა და ყველა მათგანი ფლობს სრულ ჭეშმარიტებას იმ გაგებით, რომ თავის მიმდევრებს აძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა უმაღლესი კაცობრივი მდგომარეობის მისაღწევად.2 ამის შემდეგ უკვე გასაგები ხდება გ. ფლოროვსკის მისწრაფება: „ეკლესიის სხვა გეგმაზე და დონეზე გადასვლის" შინაარსი.

   გ. ფლოროვსკი სწორედ ამ ფილოსოფიის მართლმადიდებლურ წიაღში შემოტანის ფუძემდებლად გვევლინება. თავად ის აზრი, რომ ღმერთმა კაცობრიობას მრავალი განცხადებული რელიგიური სწავლებები გადაუნაწილა, დღეს მსოფლიო რელიგიური ლიდერების კრედოდ იქცა.

   პაპი ფრანცისკი ამბობს: პლურალიზმი და რელიგიების ნაირსახეობა, კანის ფერი, რასა, სქესი და ენა ღვთით ბოძებული სიბრძნის გამოვლინებაა.3

   თანამედროვე მართლმადიდებელი იერარქები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან ამავე პოზიციაზე არიან:

   „როდესაც თქვენ ერთ რელიგიას სხვა დანარჩენზე მეტად აღამაღლებთ, ამით ვამბობთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომელსაც მივყავართ მწვერვალებისკენ. მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ უბრალოდ არ ძალგიძთ დაინახოთ ბილიკების მირიადები, რომლებიც ერთი და იგივე დანიშნულების ადგილამდე მიდიან. ეს იმიტომ, რომ თქვენ გარემოცული ხართ უამრავი ცრურწმენით, რომლებიც გიბნელებთ გონებას".4

   ძნელია წარმოიდგინოთ პერენიალიზმის გამომხატველი რაიმე ნაკლებად შესატყვისი აზრი, ვიდრე ეს ეპ. ელპიდეფორემ გააჟღერა.

   კიდევ უფრო საინტერესოა დეკანოზი ი. რომანიდისის მოსაზრებები ამ მიმართულებით. „ბალამანდის უნიაზე" მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი ეკლესიების დაბნეულმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ლათინურ საიდუმლოებათა მადლმოსილების აღიარებას, ი. რომანიდისმა განაცხადა: „მომავალში ერთადერთი სიმართლის მსგავსი მიზეზი მართლმადიდებლების მხრიდან ურთიერთსაკრებულოებს შორის დღესასწაულის აღნიშვნაზე უარისა, იქნება ფანატიზმი".5

   „ფანატიზმში" რომ მართლმადიდებლური სწავლების დამცველ მორწმუნეებს (სასულიერო პირებსა და ერისკაცებს) გულისხმობს, ვფიქრობ, გასაგებია.

   რა თქმა უნდა, მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი) ამის შესახებ არაფერი იცოდა და მისი მასწავლებლებისაგან მსგავსი რამ არც კი გაუგონია!

   მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს არც მიტროპოლიტის და არც მისი „გულშემატკივრების" ახსნა-განმარტებები.

   ჩვენ უბრალოდ წარმოვაჩინეთ სულიერი პორტრეტი მისი (ი. ვლახოსი) მასწავლებლებისა, რომლებსაც სიამაყით ციტირებს თავის ნაშრომებში. 






* Антропология - ანთროპოლოგია - სწავლება ადამიანის შესახებ.

1 Флоровский. Г. „Соборность Церкви". Orthodoxetos.

* ტრანსცენდენტური - რაც საზღვრის მიღმაა, შემეცნებისთვის მიუწვდომელი, ყოველგვარი შესაძლებელი საზღვრის იქითაა.

* ეზოთერული - „შინაგანი", „დაფარული", საიდუმლო დოქტრინა, საიდუმლო ცოდნა, რომელიც რჩეულთა ხვედრია.

* ეგზოთერული - გარეგანი ცოდნა, რომელიც ადამიანის გამოცდილებაზეა დამოკიდებული, რომლის დადგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

2 Перенниализм: конец экуменизма и трансцендентное единство религий. Прот. П. Хеерс. Джордонвиль. Св. – Троицкая Семинария.

3 2019. Февраль. Папа Франциск и Великий Имам Аль-Азхаря Ахмед. Эль-тайеб. Подписали документ о человеческом братсвя за мир во всем мире.

4 წყარო: Гора Синай. К. А. Б. Эльпидофор: единственная и неповторимая лестница в небеса. – Автор. Hellenisope.

5 Перенниализм: конец экуменизма. П. Хеерс. Orthodoxetos.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება