მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მიტროპოლიტის (ი. ვლახოსი) სწავლება უნათლავი ჩვილების საიქიო ხვედრის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მიტროპოლიტის (ი. ვლახოსი) სწავლება უნათლავი ჩვილების საიქიო ხვედრის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


11-11-2021, 19:43

 

   მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყველო (დოგმატური) გამოცდილება ცხადყოფს, რომ თუკი მავანი ერთ ძირეულ, საკვანძო საკითხში აცდენილია სწორ გზას, ის უთუოდ სხვა საკითხებშიც დაუშვებს შეცდომას. თუკი პიროვნება პირველქმნილი ცოდვის განსაზღვრებაში ცდება, ეს უთუოდ მეორე ცდომილებამდე მიიყვანს მას, კერძოდ: რომ ნათლისღების გარეშეც შესაძლებელია ჩვილების, ბავშვების ცხონება... ვინც თქვა „ა", მან, ადრე თუ გვიან, უნდა თქვას „ბ"-ც. ვინც დღეს აშკარად ამბობს, რომ ნათლისღების გარეშე (თუგინდ ჩვილის) შესაძლებელია ცხონება, ის ადრე თუ გვიან იტყვის, (ყოველ შემთხვევაში კარს გაუღებს მოსაზრებას), რომ შეიძლება ცხონდე სხვა ქრისტიანულ კონფესიაში ან საერთოდ ქრისტეს გარეშე.

   მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) თავის ნაშრომში „Смерть младенцев" შემდეგ სწავლებას ავრცელებს:

   „ჩვილი იმთავითვე არ დასნეულებულა და არ საჭიროებს მკურნალობასა და განწმენდას, ცხოვრობს ბუნების თანახმად, ამდენად, როგორც გამოუწვრთნელს ბოროტებაში, სულის ვერანაირი სნეულება ვერ დააბრკოლებს, რომ იგემოს ნათელი და (приобшится) შეუერთდეს მას...

   ადამიანის სული, წმ. გრიგოლ ნოსელის თანახმად, დაბადებისთანავე წმინდაა. ადამიანი იმთავითვე განიცდის გონების განათებას, ამიტომ ვხედავთ, რომ ჩვილებსაც შეიძლება ჰქონდეთ გონივრული ლოცვა, ცხადია თავისი ასაკისთვის დამახასიათებელი...

   ამიტომ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, დასავლურისაგან განსხვავებით, არ ასწავლის, რომ ადამიანს თითქოს მემკვიდრეობით ერგო პირველქმნილი ცოდვა. ამიტომ ჩვენ გვწამს, რომ ადამიანი დაბადებისთანავე ფლობს წმინდა გონებას...

   რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემა: რა ხდება ნათლისღების დროს? თუკი ჩვილი ფლობს წმინდა გონებას, აღასრულებს გონივრულ ლოცვას... მაშინ რატომ ვნათლავთ?

   პასუხი შემდეგშია: წმინდა ნათლისღების დროს ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვის ბრალისაგან, არამედ ქრისტეს სხეულს, ეკლესიას მივეკუთვნებით, რითაც სიკვდილზე გამარჯვების შესაძლებლობას ვიძენთ, ამგვარად აღვიქვამთ ჩვილების ნათლობას. ჩვენ ვნათლავთ მათ, რათა ისინი გახდნენ ეკლესიის წევრები".1

   მიტროპოლიტის სწავლებიდან ვიგებთ, რომ თითქოს:

   1) ჩვილი დაბადებისთანავე (ნათლისღების გარეშე) „დაუბრკოლებლად შეუერთდება ღვთაებრივ ნათელს".

   2) მისი (ჩვილის) გონებაც არ დასნეულებულა პირველქმნილი ცოდვით, შესაბამისად ისიც წმინდაა და შინაგანი ლოცვაც კი შეუძლია.

   3) ნათლისღების დროს, ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვისაგან, არამედ უბრალოდ ქრისტეს ეკლესიის წევრები ვხდებით.

   როგორც ვხედავთ, მიტროპოლიტის (ი. ვლახოსი) აზრით, ნათლისღების გარეშეც ჩვილი შეუერთდება ნათელს.

   წმინდა წერილი ბრძანებს: „უკუეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოან. 3. 5). ციტირებული სწავლება იმდენად მკაფიოდ გამოხატავს ეკლესიის სწავლებას, რომ არც უნდა საჭიროებდეს ზედმეტ განმარტებას, მაგრამ ეკლესიის წიაღში სიახლეების შემოტანის მსურველთათვის საკუთარი, კერძო აზრი (და არა ეკლესიის სისავსის სწავლება) მეტად მნიშვნელოვანია.

   წმინდა წერილის სწავლების უგულებელყოფას მოსდევს ავტორიტეტული კრებების გაუთვალისწინებლობა.

   კართაგენის წმ. ადგილობრივი კრება (419 წ.), რომელიც დამტკიცებულია VI და VII მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ და ამიტომ აქვს საყოველთაო - სავალდებულო მნიშვნელობა, აკანონებს:

   „ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად, ასევე განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორედ შობის საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმომავალი ჭუჭყისაგან განწმენდას, რომ მათი ნათლისღების სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ მოჩვენებითი, შეჩვენებულ უნდა იყოს, ცინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ მოციქულის ნათქვამი, რომ - „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ამით ყველამ შესცოდა" (რომ. 5. 12). [ეს უნდა გავიგოთ ასე] როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით ცოდვათა მისატევებლად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნიც, თუმცა მათ არ შეუძლიათ თვითონ ცოდვის ჩადება, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისაგან (ადამისაგან)".2

   როგორც ირკვევა, სიტყვები - „როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან განფენილ კათოლიკე ეკლესიას", - საპირისპიროდ ესმის მიტროპოლიტ იეროთეოსს (ვლახოსი). მეტიც, მას (ი. ვლახოსს) საკმაოდ მძიმე ბრალდების საფრთხე ემუქრება თავისი სწავლების გამო. კანონი გვეუბნება, რომ ყრმების საიქიო ხვედრი სწორედ პირველქმნილი ცოდვით დაზიანებული ბუნების მიხედვით და ნათლისღებით მისგან (პირველქმნილი ცოდვისაგან) განთავისუფლებით განისაზღვრება. მიტროპოლიტი კი ამბობს, რომ „ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვისაგან", რითაც კართაგენის წმ. კრების (როგორც ყრმათა სულიერი მკვლელები) შეჩვენებას ექვემდებარება.

   ზემოთქმულს ადასტურებენ აღნიშნული კანონის განმმარტებლებიც: ზონარა (VII), ბალსამონე (VII), არისტინი (VII).3

   მოვიშველიოთ სიმბოლური წიგნებიც. „აღმოსავლეთის ეკლესიის აღმსარებლობაში" ვკითხულობთ:

   „...პირველქმნილი ცოდვა შეუძლებელია რაიმე სინანულით იყოს გამოსყიდული, იგი გამოისყიდება მხოლოდ საღმრთო მადლით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განკაცებისა და მისი პატიოსანი სისხლის დაღვრის მეშვეობით. ეს ქმედება აღესრულება წმინდა ნათლისღების საიდუმლოში. ამიტომ, ვინც არ მონათლულა, ის არც განთავისუფლებულა ამ (პირველქმნილი) ცოდვისაგან, არამედ რისხვასა და საუკუნო სასჯელს ექვემდებარება. სიტყვისამებრ წმინდა წერილისა: „ამინ, ამინ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3. 5)".

   აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლეც ამას ადასტურებს:

   „ნათლისღების გარეშე ცხონება არავის შეუძლია..., ამიტომ იგი ესაჭიროებათ ჩვილებსაც, რამეთუ ისინიც ექვემდებარებიან პირველქმნილ ცოდვას და ნათლისღების გარეშე არ შეუძლიათ მიიღონ ამ ცოდვის მიტევება; და უფალმა, აჩვენებდა რა ამას, თქვა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე მარტივად: „უკუეთუ არა იშვეს" ე.ი. ქრისტეს მაცხოვრის მოსვლისას ყოველნი, რომელთაც ეკუთვნით ცათა სასუფეველში შესვლა, მეორედ უნდა იშვნენ, ხოლო თუკი ჩვილებს ესაჭიროებათ ხსნა, მაშასადამე, მათ აქვთ საჭიროება ნათლისღებისაც, ხოლო ვინც მეორედ არ იშვა და არ მიიღო პირველშობილთა ცოდვის შენდობა, ის გარდაუვალად ექვემდებარება მარადიულ სასჯელს ამ ცოდვისათვის... მაშ ასე: ჩვილებს აუცილებლად ესაჭიროებათ ნათლისღება, როგორც თქმულია მახარებელთან, ხოლო მოუნათლავი არ ცხონდება. მაშასადამე, ჩვილნი აუცილებლად უნდა მოინათლონ".4

   სამწუხაროდ, მიტროპოლიტი ი. ვლახოსი ვერ აცნობიერებს რა მძიმე პასუხისმგებლობა აწევს იმის გამო, რასაც მართლმადიდებლურ სწავლებად წარმოაჩენს. ამიტომ შეკითხვებიც მის მიმართ სულ უფრო მძაფრდება: 

   1) ნუთუ ნათლისღების გარეშე შეუერთდებით ნათელს?

   2) ნუთუ სწორედ ნათლისღების შედეგად არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვისაგან?

   3) რის საფუძველზე უგულებელყოფს მიტროპოლიტი კართაგენის (ავტორიტეტული) კრების, (აღარაფერს ვამბობთ უკვე სიმბოლურ წიგნებზე) დოგმატურ განსაზღვრებას? გაუგებარია!

   4) ხომ არ გადავიდა მიტროპოლიტი იმ ზღვარს, რომლის იქით სწავლება უკვე ანათემას ექვემდებარება?...




1 Митр. И. Влахос. Смерть младенцев. www. azbuka.ru.

2 110-ე კანონი. კართაგენის კრება. დიდი სჯულისკანონი.

3 Правила Св. Поместных Соборов с толкованиями. Т. II. Стр. 265. М. 1915 г.

4 Догматическое Послания Православных Иерархов XVII – XIX веков о Православной Вере. Стр. 172. Свято – Троицкая Сергиева Лавра. 1995 г.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება