მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პირველქმნილი ცოდვა მიტროპოლიტ ი. ვლახოსის ღვთისმეტყველებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პირველქმნილი ცოდვა მიტროპოლიტ ი. ვლახოსის ღვთისმეტყველებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


10-11-2021, 20:16

პირველქმნილი ცოდვა მიტროპოლიტ ი. ვლახოსის ღვთისმეტყველებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   მიტროპოლიტ იეროთეოსის (ვლახოსი) ნაშრომების გაცნობის შედგად შევიტყვეთ, რომ მისი მრავალი საღვთისმეტყველო შეხედულება ზუსტად ემთხვევა და გამოხატავს „პარიზის სკოლის" სულისკვეთებასა და მიმართულებას.

   ნაშრომში („პარიზის სკოლის" კვალი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში. კ. ჯ. 2017) ვისაუბრეთ ადამის ცოდვის შესახებ ი. მეინდორფის არამართლმადიდებლურ შეხედულებებზე (გვ. 48), ვ. კრივოშეინის მიერ სიმბოლური წიგნების კრიტიკაზე (გვ. 52). ანალოგიური სწავლება ამ საკითხზე აქვს ი. რომანიდისსაც, რომელსაც მუდმივად ეყრდნობა მიტროპოლიტი ი. ვლახოსი თავის ნაშრომებში.

   ისიც აღვნიშნეთ, რომ მიტროპოლიტ ი. ვლახოსის შეხედულებები სქოლასტიკასა და ესენციალიზმზე ბადებს ეჭვს, რომ ეს თეზები თავისი მოსაზრებების განვითარებაში უშლის ხელს.

   1) სქოლასტიკის კრიტიკით მან ნეტარი ავგუსტინეს პირველქმნილი ცოდვის სწავლება გააკრიტიკა, თითქოს პირველქმნილი ცოდვის შესახებ ნეტარი ავგუსტინეს სწავლება დასავლური სქოლასტიკაა და არა მართლმადიდებლური სწავლება.

   2) ესენციალიზმის კრიტიკით კი სიმბოლურ წიგნებში დასავლური შეხედულებების კვალი დაინახა.

   ყოველივე ეს მის (ი. ვლახოსი) ნაშრომში „Смерть и первородный грех" აისახა.

   მიტროპოლიტი (ი. ვლახოსი) პროტოპრესვიტერ ი.რომანიდისზე დაყრდნობით წერს:

   „დასავლურ ღვთისმეტყველებაში, ნეტარი ავგუსტინეს ზეგავლენით, სიკვდილი გააზრებულია როგორც ღვთის გადაწყვეტილება მთელი კაცობრიობა მიიჩნიონ ბრალეულად, ე.ი. სიკვდილი გააზრებულია, ვით საყოველთაო სასჯელი ცოდვისათვის, რომელიც მხოლოდ ადამმა ჩაიდინა...

   დასავლური შეხედულებების თანახმად, სიკვდილის მემკვიდრეობა ადამიას ცოდვის მემკვიდრეობაა, ამასთან იმგვარად, თითქოს ყოველმა ადამიანმა შესცოდა მისი სახით, გამოდის რომ, ყოველი ადამიანი თავად არის ბრალეული თავის სიკვდილში".1

   როგორც ვხედავთ, მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, რომ - ყველამ შევცოდეთ ადამში - „რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12) – „პარიზული" ინტერპრეტაციით განმარტავს „თითქოს ყოველმა ადამიანმა შესცოდა მისი (ადამის) სახით" (ი. ვლახოსი).

   შევადაროთ მისი სწავლება სიმბოლურ წიგნებში გადმოცემულ მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით გადაწყვეტილებებს:

   1) აღმოსავლეთის კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება:

   „ეს პირველშობილი ცოდვა ადამისაგან მთელს კაცობრივ ბუნებაზე გადავიდა, რადგან ჩვენ ყველანი მაშინ ადამში ვჰგიებდით, და ამგვარად ერთი ადამის მიერ ცოდვა ყველა ჩვენგანზე გავრცელდა. ამიტომაც ჩვენ ჩავისახებით კიდეც და ვიშვებით კიდეც ამ ცოდვით, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის: „ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვის ძლით - სიკვდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია რომლითა ყოვლითა შესცოდეს" (რომ. 5. 12).

   2) აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლეში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ წერია:

   „გვრწამს, რომ ღვთის მიერ შექმნილი პირველი ადამიანი სამოთხეში დაეცა, როდესაც არ დაემორჩილა ღვთის მცნებას და გველის მზაკვრულ რჩევას დაექვემდებარა. აქედან - პირველქმნილი ცოდვა მემკვიდრეობით მთელ შთამომავლობაზე ისეთნაირად გავრცელდა, რომ ხორცში შობილთა შორის არავინაა თავისუფალი ამ ტვირთისაგან, არავინაა, ვინც არ შეიგრძნო დაცემის შედეგი თავის ცხოვრებაში".

   წმინდა გარდამოცემის საფუძველზე, მრავალი წმინდა მამის სწავლებაზე დაყრდნობით დასტურდება უტყუარი ჭეშმარიტება „ადამის ცოდვაში ყველას ბრალეულობის შესახებ".

   ჩვენ არა ერთი ნაშრომი მივუძღვენით ამ საკითხს („ადამის ცოდვა ი. მეინდორფის სწავლების მიხედვით"; „ადამის ცოდვა (არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) წიგნის მიხედვით)"; „ადამის ცოდვის რაობისათვის". (იხ. www.xareba.net - ის რედაქცია)).

   გარდა ამისა, ჩვენ არა სახელდობრ ამ საკითხს („პირველქმნილი ცოდვა"), არამედ მიტროპოლიტ ი. ვლახოსის შეხედულებებს განვიხილავთ, ვისი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სწავლებისაგან აცდენის ფაქტი ამ ამონარიდებით დასტურდება.

   მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს განმარტებასაც დავამატებთ:

   „პირველ ადამში ყველამ შესცოდა იმიტომ, რომ ყველა ადამიანი მასში იმყოფება. თუ როგორ შესცოდა ყველა ადამიანმა ერთ ადამიანში, მარტივად განიმარტა: სულითა და სხეულით ყველა ადამიანი ერთისაგან წარმოიშვა... ადამი ჩანასახშივე განასახიერებდა მთელ კაცობრიობას, და როგორც თავად ადამი, ასევე მისი შთამომავალი - „თავისი მსგავსი და თავისი ხატი" (დაბად. 5. 3) იურიდიულ (სამართლებრივი) თვალსაზრისით ერთი ადამიანისაგან წარმოიშვა. მთელ კაცობრიობაზე ცოდვის გადაცემა იმით აიხსნა, რომ ადამი ყველა ადამიანის წარმომადგენელი გახლდათ - მისი სახით ღმერთმა თავისი აღთქმა კაცობრიობის მთელ მოდგმას დაუდო, მისცა".2

   ზემოთქმულიდან გამომდინარე, კვლავ გვიჩნდება მიტროპოლიტისადმი (ი. ვლახოსი) კითხვები:

   1) აღნიშნული საკითხის განხილვისას რატომ აკრიტიკებს ნეტარი ავგუსტინეს მართლმადიდებლურ სწავლებას?

   2) რატომ უვლის გვერდს სიმბოლური წიგნების მართლმადიდებლურ აღმსარებლობას? გაუგებარია!





1 И. Влахос. Смерть и периородный грех. www.azbuka.ru.

2 Гр. Дьяченко. Уроки и примеры христианской веры. Т. 1. Стр. 242.









დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება