მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მიტროპოლიტი ი. ვლახოსი უცვლელი თვისებების წინააღმდეგ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მიტროპოლიტი ი. ვლახოსი უცვლელი თვისებების წინააღმდეგ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


8-11-2021, 21:30

მიტროპოლიტი ი. ვლახოსი უცვლელი თვისებების წინააღმდეგ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მიტროპოლიტი იეროთეოსის (ვლახოსი) მსოფლმხედველობაში „პარიზის სკოლის" თეოლოგებისთვის დამახასიათებელი ანტინომიური* აზროვნება შეინიშნება. ერთი მხრივ, ის საუბრობს დოგმატების, მამებისეული სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, მეორე მხრივ, უპირისპირდება მის (ღვთისმეტყველების) სისტემატიზაციას (სქოლასტიკა), გარკვეულ თეორიაში (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში) „უცვლელი და მარადიული თვისებების არსებობას" (ესენციალიზმი*).

   მიტროპოლიტის (ი. ვლახოსი) ნაშრომში (Богословский кризис и случаи его в современной жизни) ქვეთავში (онтологическое и сушностное) ვკითხულობთ:

   „ჩემს მიერ მამებისეული, ასევე დასავლურ-სქოლასტიკური, ესენციალიზმის ფილოსოფიისა და რუსული ღვთისმეტყველების შესწავლის წყალობით დავასკვენი, რომ ეს ტერმინები ტრადიციული მართლმადიდებლურ-პატრისტიკული თვალსაზრისით პრობლემატურია. სინამდვილეში, ვინც მათ ეყრდნობა, ემიჯნება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას ან დიფერენცირდება მისგან".

   იგივე შინაარსი იკვეთება კრეტის კრების დოკუმენტების განხილვისას:

   „დოკუმენტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ისეთმა იერარქებმა და ღვთისმეტყველებმა, რომლებიც შეძლებენ სათანადო ტერმინოლოგიების შემოწმებას, რათა ტექსტი არ იქნეს ჩამოყალიბებული ნეოსქოლასტიკური, ესენციური და მეტაპატრისტული სულისკვეთების მიხედვით".1

   სქოლასტიკისადმი (მთლიანად და არა მხოლოდ დასავლურის) მიტროპოლიტის (ი. ვლახოსი) არამართლმადიდებლურ მიდგომებზე ვისაუბრეთ (იხ. გვ.).

   ასევე გაუგებარია, რატომ ებრძვის მიტროპოლიტი ესენციალიზმს (თეორიაში უცვლელი და მარადიული თვისებების არსებობას)? როგორ მოვიქცეთ, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმეტყველება თავიდან (მსოფლიო კრებები, წმ. მამების დოგმატური განსაზღვრებანი) ბოლომდე (მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლური წიგნები და კატეხიზმოები*) მთლიანად ესენციურია ანუ უცვლელი მახასიათებლების მქონეა? ნუთუ ის, რომ ღმერთი არის არსებითი (сушность), არ უნდა ვახსენოთ? (იგივე საღვთისმეტყველო ტენდენცია მიტრ. ათანასეს (ლიმასოლელი) შემოქმედებაშიც შეინიშნება).

   ამ ნიშნით კრეტის კრებაზე მას (ი. ვლახოსს) მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის სახით არა ოპონენტი, არამედ ძლიერი მოკავშირე ჰყავდა, ვინაიდან მისი (ი. ზიზიულასის) „ურთიერთობის ღვთისმეტყველების" (იხ. ჩვენი ნაშრომი. XX-XXI სს. მოდერნისტი ღვთისმეტყველები. გვ. 185. Xareba.net) თეორიაც სწორედ რომ მთლიანად ანტიესენციურია - აქ ღმერთის არსი ურთიერთობასთანაა გაიგივებული.

   გარდა ამისა, მიტროპოლიტი ი. ვლახოსი ზემოთ მითითებულ სტატიაში იმედოვნებს, რომ კრეტის კრების დოკუმენტის - „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" - დამუშავებისას ნათქვამი იქნება ყოფიერების ანალოგიასა (analogia entis) და რწმენის ანალოგიის (analogia fidei) შესახებ - მისი აზრით, ეს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პაპიზმის ღვთისმეტყველებებს შორის ყველაზე საკვანძო განსხვავებას ასახავს.2

   სინამდვილეში, არც ეს ორი თეორია გახლავთ ორიგინალური ან მართლმადიდებლური, ვინაიდან იმეორებს კარლ ბარტის ანტიკათოლიკურ პოლემიკას, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობოდა სერენე კიერკეგორის ათეისტურ სწავლებას „ღმერთზე, როგორც ბსოლუტურად სხვაზე" (Абсолутно другом).

   მიტროპოლიტი აქაც „პარიზის სკოლის" (მოდერნისტების) ნაცად ხერხს მიმართავს: კათოლიციზმისაგან მართლმადიდებლობის დაცვის ეგიდით, პროტესტანტულ-ათეისტურ თეორიებს გვთავაზობს.

   ისმის კითხვა: რატომ აღელვებს მიტროპოლიტს ასე ძალიან სქოლასტური და ესენციური ღვთისმეტყველება? იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარი კერძო აზრის გავრცელებაში სწორედ ამგვარი ღვთისმეტყველება უშლის ხელს?

   ცნობილია, რომ „პარიზის სკოლის" თეოლოგებისთვის დამახასიათებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლური წიგნებისა და კატეხიზმოების, როგორც სქოლასტიკისა და ესენციალიზმის გამოვლინების კრიტიკა. სწორედ ამ სიმბოლური წიგნების მეშვეობით გასცა პასუხი მართლმადიდებელმა ეკლესიამ დასავლური რელიგიების ცრუსწავლებას. სიმბოლური წიგნების წინააღმდეგ თავის დროზე „პარიზის სკოლის" გამოჩენილმა წარმომადგენელმა არქიმანდრიტმა ვ. კრივოშეინმა გაილაშქრა (იხ. ჩვენი ნაშრომი არქ. ვ. კრივოშეინი სიმბოლური წიგნების წინააღმდეგ. www.xareba.net). კრიტიკის მიზეზთა ძიებაში აღმოვაჩინეთ, რომ სწორედ სიმბოლური წიგნებისთვის დამახასიათებელი სქოლასტიკა, იურიდიზმი, ესენციალიზმი ანუ საღვთისმეტყველო აზრის მაქსიმალური დალაგებისთვის გამოყენებული ეს სისტემები უშლიდა ხელს „პარიზელებს" დოგმატური საკითხების თვითნებურ გამოხატვაში.

   მაგალითად, „პირველქმნილი ცოდვის" თვითნებურ, მოდერნისტულ ინტერპრეტაციაში პროტოპრესვიტერებს ი. მეინდორფსა და ი. რომანიდისს, ხოლო მათ კვალდაკვალ მიტროპოლიტ ი. ვლახოსს, სწორედ სიმბოლურ წიგნებში დაუნჯებული მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი განსაზღვრებები უშლის ხელს. ამიტომ, ვფიქრობთ, დასავლური სქოლასტიკის, კათოლიკური ტყვეობის, და ა.შ. ბრალდებებით, „პარიზელებმა" ეკლესიის დოგმატურ სწავლებაზე გაილაშქრეს.

   მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ორიგინალური. ის სიტყვასიტყვით იმეორებს ი. რომანიდისის მოსაზრებებს ამ თემაზე. ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით. მანამდე ისმის კითხვა:

   „რატომ აღელვებს მიტროპოლიტ ი. ვლახოსს ასე ძალიან სქოლასტური და ესენციური ღვთისმეტყველება? იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარი, კერძო აზრის დამკვიდრებაში სწორედ ამგვარი ღვთისმეტყველება, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლური წიგნები უშლის ხელს?






* ანტინომია - წინააღმდეგობა ორ ურთიერთგამომრიცხავ დებულებას შორის, რომლებიც ცალ-ცალკე თანაბრად ჭეშმარიტად მიიჩნევა.

* ესენციალიზმი - (ლათ. Essention. არსებითი, ყოფიერი. თეორიულ-ფილოსოფიური ტერმინი, როდესაც გარკვეულ არსს (сушность, ყოფიერს, ყოფას, არსებულს) თვისებებისა და ხარისხის უცვლელი ერთიანობა (ერთობა) აკავშირებს. კონცეფცია, რომ გარკვეულ საგანს თავისი სიღრმისეული რეალობა, ჭეშმარიტი ბუნება გააჩნია, რომელსაც პირდაპირ ვერ განჭვრეტ და მნიშვნელოვანია მისი დაფარული არსი.

   სქოლასტურ ფილოსოფიაში წარმოქმნილი ტერმინი „ესენცია", „ესენციალიზმი" გამოიყენება იმ თეორიებთან, რომლებიც გარკვეული წარმომავლური მახასიათებლების ერთობით, ირწმუნებიან მასში უცვლელი და მარადიული თვისებების არსებობას. (Wikipedia.org).

1 Митр. И. Влахос. Границы и условия для успешного проведения святого и великого всеправославного собора. Apologet.spb.ru.

2 იქვე. Границы и условия для успешного проведения святого и великого всеправославного собора. Apologet.spb.ru.

* სიმბოლური წიგნებია:

   1) აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიის მართლმადიდებლური აღმსარებლობა. (Православное исповедение Кафолической и Апостольской Церкви восточной.

   2) მართლმადიდებელი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის პატრიარქების ეპისტოლე მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ. (Послание патриархов Православной Церкви о православной иере).

   3) აღმოსავლეთის მართლმადიდებელი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის ვრცელი კატეხიზმო. (Православной Христианский Катахизис Православной Кафоличической Восточной Церкви).




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება