მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ქადაგებები, მთავარი გვედის ფოტო > იესოს ლოცვის მცდარი პრაქტიკა ჩვენ დროში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

იესოს ლოცვის მცდარი პრაქტიკა ჩვენ დროში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


5-11-2021, 00:03

 

 

   ნაშრომის წინა თავებში აღვნიშნეთ, რომ „პარიზის სკოლის" თეოლოგთა (ი. ფლოროვსკი, ი. მეინდორფი, ი. რომანიდისი, ი. ვლახოსი და ა.შ.) თხზულებები სულისკვეთებითა და შეხედულებებით მართლმადიდებელი ეკლესიის უმწიკვლო სწავლება კი არ არის, არამედ ჭეშმარიტებასთან სიცრუის ნაზავი, თუმცა ავტორებმა მას „სინთეზი" უწოდეს. სინამდვილეში, აქ, ჭეშმარიტების გვერდით, უამრავი ცრუ და ერეტიკული შეხედულება იმალება. კიდევ უფრო საფრთხილოა მათ „ავტორიტეტზე" დაყრდნობა, როდესაც საქმე ლოცვის (იესოს ლოცვა, ისიხაზმი) ღვაწლს ეხება.

   თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ თავადაც მოვუწოდებთ მრევლს იესოს ლოცვის შესრულებისაკენ. არა ერთი წერილიც მივუძღვენით ამ საკითხს (წიგნ. „ჭეშმარიტი მშვიდობისათვის". IV ნაწილი „იესოს ლოცვა მონაზვნებისა და ერისკაცებისათვის".). წმინდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით აღვნიშნეთ, რომ იესოს ლოცვა ერისკაცებისთვისაც არის დასაშვები. ამავდროულად, წმ. მამების უამრავი მკაცრი გაფრთხილებაც შევთავაზეთ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს ლოცვა და რა ლოცვითი საფეხურების წვდომა არის შესაძლებელი ერისკაცებისთვის თანამედროვე პირობებში. (ვგულისხმობთ სულიერ გარემოს, თავად ადამიანის სულიერ მდგომარეობას, ეკლესიურობის ხარისხს და ა.შ.).

   აღვნიშნეთ ისიც, რომ „პარიზის სკოლის" სამივე თაობისთვის (1) ფლოროვსკი, 2) რომანიდისი, 3) სახაროვი, 4) ვლახოსი...) დამახასიათებელია ისიხაზმზე როგორც თეორიული (ფლოროვსკი, რომანიდისი), ისე პრაქტიკული (ვლახოსი) შესრულების მცდელობა. მათი, (ასევე სხვა თანამედროვე მოღვაწეების) სულისკვეთების კვალდაკვალ, შეიძლება ითქვას, ჩამოყალიბდა „მეოთხე თაობის პარიზელების" მიმდინარეობა (როგორც სხვა მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიებში, ისე საქართველოშიც), რომლებმაც ისიხასტური ღვაწლის ერში (ერისკაცებში) დამკვიდრება განიზრახეს. ვგულისხმობთ ამაღლებულ ლოცვით სიმაღლეს, რომელიც კატეგორიულად დაუშვებელია საყოველთაო მოღვაწეობისათვის. 

   ცხადია, იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც ერისკაცებიც აღწევდნენ გონივრული (შინაგანი) ლოცვის მაღალ საფეხურებს, მაგრამ ეს უკიდურესი იშვიათობა გახლდათ. წმინდა მამათა თქმით, ყველას გვაქვს ვალდებულება ვიმოღვაწეოთ იესოს ლოცვის პირველ სტადიაზე, რაც ღირსი იოანე კიბისაღმწერელის თქმით, გულისხმობს „გონების ჩაკეტვას ლოცვის სიტყვებში", რაც არის სინანულითა და ყურადღებით ლოცვის წარმოთქმა. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის განმარტება). მაგრამ ყველას როდი შეუძლია გონივრულ-გულისმიერი (умно-сердечный) ლოცვის ათვისება.

   წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი), XIX ს-ის უდიდესი ისიხასტი, წერს: „სინანულით ლოცვაში ყოფნას ყველა ქრისტიანი უნდა ესწრაფოდეს. ამისკენ წმინდა მამები ყველას მოუწოდებენ, მაგრამ ისინი მკაცრად კრძალავენ ნაადრევად, საკუთარი ძალისხმევით გონებით გულის სიწმინდეებში აღსვლის მადლმოსილ ლოცვას, როდესაც ეს ლოცვა ჯერ არ მოუცია ღმერთს".1 ე.ი. სულიერი ცხოვრება ეტაპობრიობას და თანმიმდევრულობას მოითხოვს. წმ. მამები ამბობდნენ: „ნუ მისცემ ახლად მოსულს მაღალს", - ე.ი. არ შეიძლება იმ ღვაწლის დაკისრება, რომელიც არ შეესაბამება მის სულიერ მდგომარეობას. ჩვენ კი, ახლანდელები, მაშინდელ ახალმოსულებზე გაცილებით დაბალ დონეზე ვართ. საერთოდ, ქრისტიანული ტრადიციის კალაპოტშიც კი არ ვართ, მეტიც: ჩვენი ცხოვრების წესი დიდწილად საწინააღმდეგოც კია ამ ტრადიციისა, ამიტომ წმინდა მამათა ნაწერების კითხვისას უნებლიეთ სხვაგვარ ინტერპრეტაციას ვაძლევთ მათ და საკუთარი ფანტაზიების სამყაროში ვიწყებთ ცხოვრებას.2 ასე გვითვალსაჩინოებს ჩვენს სულიერ მდგომარეობას არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი).

   სწორედ ამგვარი ფანტაზიის სამყაროში მყოფნი, კითხულობენ რა წმ. მამათა წერილებს იესოს ლოცვის მაღალ საფეხურებზე, თავადაც ცდილობენ იმის შესრულებას, რაც იქ წერია. არადა, მამები გვაფრთხილებენ, რომ „სწავლებაში გადმოცემულია მხოლოდ გარეგანი მოხაზულობა, ხოლო ყოველივეს მიღმა რას გულისხმობს წმინდანი, რომელიც ხედავს შინაგანი წყობის ყველა თავისებურებას, არ ჩანს".3

   საქმე ისაა, რომ იესოს ლოცვის სწორედ პირველსავე საფეხურზე, ზეპირსიტყვიერი, ბაგეებით (устная) ლოცვა რომ ჰქვია, ხიბლში ჩავარდნის საფრთხე არსებობს. წმ. მამები ხიბლს უკავშირებენ არა იესოს ლოცვას, არამედ ლოცვისადმი არასწორ მიდგომას. სწორი გზიდან გადახვევის ორი მიდრეკილება შეინიშნება:

   1) ლოცვისას მეოცნებეობა;

   2) ცრუ წარმოდგენები.

   1) ხიბლის პირველი სახეობის დროს, - ამბობს წმ. ეგნატე, - მლოცველი თავის წარმოსახვაში თხზავს ოცნებებსა და სურათებს, რომლებსაც თითქოს წმ. წერილიდან იღებს. სინამდვილეში კი ამისი წყარო მლოცველის საერთო მდგომარეობაა, მისი დაცემული ბუნება, ცოდვილობა და თავის მოტყუებისაკენ მიდრეკილებაა".4

   2) მეორე სახის ხიბლი ანუ „ცრუ წარმოდგენა" არ თხზავს მაცთურ სურათებს, იგი იმით კმაყოფილდება, რომ იგონებს ყალბ მადლისმიერ განცდებსა და მდგომარეობას. მათგან იშვება ცრუ, უკუღმართი მოსაზრება საერთოდ მთელ სულიერ მოღვაწეობაზე: „წარმოდგენის", „აზრის" (мнение) ხიბლით შეპყრობილს არასწორი შეხედულება ექმნება ყველაფერზე, რაც კი გარს აკრავს, იგი მოტყუებულია შინაგანადაც და გარედანაც".5

   „ცრუ წარმოდგენის" ქვეშ მყოფი საკუთარ თავზე ფიქრობს, რომ ის უკვე დიდი მოღვაწეა (თუმცა ამას ოსტატურად მალავს). დიდი წარმოდგენა ყოველთვის დაფუძნებულია მცდარ შეხედულებებსა და განცდებზე, რაც ეშმაკის სფეროში დაგებული მახეა. ამ დროს გვჭირდება სასულიერო პირი, „ისიხაზმის" მასწავლებელი, რომელიც კარგად არჩევს ლოცვაში რომელ სულიერ საფეხურზე იმყოფებიან მისი ქრისტესმიერი შვილები თუ ძმები.

   საქმე ისაა, რომ „მოხიბლული" მლოცველი აღასრულებს მოღვაწეობის გარეგნულ ელემენტებს (სხეულის მდგომარეობა, სუნთქვა, გულის შეგრძნებების მიმართ დადგენილი წესები, მონდომება, ავხორცული ცოდვებისაგან განშორება და ა.შ.). წმ. ეგნატეს თქმით, ასეთ მეთოდებს ბუნებრივად შეუძლიათ ყურადღებისა და სითბოს გარკვეულ ხარისხამდე მიყვანა. ამიტომ არის აუცილებელი საიმედო შემფასებელი, რომელიც ეტყვის ადამიანს, თუ რა ღირებულებებისაა მასში მიმდინარე ცვლილებები. უამისოდ იგი მიდის იმ აზრამდე, რომ ეს არის სწორედ ის, რასაც ეძებს, რომ მას ეწვია მადლი. ამ დროს კი საერთოდ არ გააჩნია იგი".6 სწორედ ესაა ხიბლი, რაც შემდგომში მისი (და მისი მიმდევრების) შინაგანი ცხოვრების მთელ დინებას გაამრუდებს.

   ამრიგად, წმინდა მამები და თანამედროვე მოღვაწენი არ გვირჩევენ ლოცვის მაღალი საფეხურებისკენ ნაადრევად ლტოლვას, - „გონების გულში ჩაკეტვის ნაადრევ მცდელობას", (მით უფრო საფრთხილოა ეს ღვაწლი ერში მცხოვრები ქრისტიანისათვის).

   მისაწვდომი და მისაღებია იესოს ლოცვის ზეპირსიტყვიერი (ყურადღებიანი) ლოცვა, როდესაც „გონება ჩაკეტილია ლოცვის სიტყვებში" (წმ. ი. კიბისაღმწერელი).

   ლოცვის მსურველმა არ უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, თუ რა სულიერ საფეხურზე იმყოფება (მით უფრო არ უნდა შეუფასოს ის სხვას, როგორც უკვე ამ საქმის „ექსპერტმა"), არამედ თავმდაბლობითა და სინანულით ილოცოს, დანარჩენი კი ღვთის ნებას მიანდოს, ვინაიდან შინაგანი ლოცვა სულიწმინდის მოქმედების ნაყოფია და არა ჩენი ძალისხმევის შედეგი.





1 Св. Игнатий (Брянчанинов). წყარო. „Русский Календарь". ციტ. „Исихазм" Модернистов. www.3 rm.ru.

2 არქ. რაფაელი (კარელინი). ისიქიის ზოგიერთი საფრთე თანამედროვე ქრისტიანისათვის.

3 Св. Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты. О иисусовой молитве. წიგნ. სიტყვა ნუგეშისცემისა. 2008. გვ. 176.

4 იქვე. О иисусовой молитве.

5 იქვე. О иисусовой молитве.

6 იქვე. О иисусовой молитве.




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება