მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ქადაგებები, მთავარი გვედის ფოტო > „ისიხაზმის აღორძინება“ თუ... - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ისიხაზმის აღორძინება“ თუ... - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


1-11-2021, 21:57

„ისიხაზმის აღორძინება“ თუ... - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   ძველი დროის წმინდა მამებისთვის, წმინდა გადმოცემისა და ტრადიციის დაცვის ეპოქებში, იესოს ლოცვის შინაგანი ღვაწლი უწყვეტი ყოველდღიურობა იყო. ისინი, სულიწმინდის შთაგონებით, წერდნენ ამ მადლმოსილი ლოცვის შესახებ. სულიერი ცხოვრების შესუსტებას და მეტწილ ყოფით ყოველდღიურობაზე გადაგებას სახარებისეულ ფასეულობათა ყალბი ღირებულებებით ჩანაცვლება მოჰყვა. ნელ-ნელა ყალიბდებოდა ორგვარი კულტურა და ცივილიზაცია:

   1) ორთოდოქსული, რომელიც წმინდად ინახავდა მართლმადიდებლურ სწავლებასა და ტრადიციას.

   2) ლიბერალური, რომელიც სულ უფრო იხრებოდა მოდერნიზმისკენ.

   ამ ორი ცივილიზაციის დაშორება შუა საუკუნეებში დაიწყო. არსებითად, ეს არის განსხვავება ისიხაზმისა (ქრისტიანული ასკეზა, შინაგანი ლოცვა) და მოდერნიზმს შორის.

   წმ. გრიგოლ პალამამ ისიხაზმის უძველესი ტრადიცია ვარლამ კალამბრიელთან საღვთისმეტყველო პაექრობაში შესანიშნავად ჩამოაყალიბა. წმ. მამის მართლმადიდებლურმა სწავლებამ გაიმარჯვა. ერესში მხილებული ვარლამ კალამბრიელი დასავლეთში გაიქცა და მრავალი საუკუნის მანძილზე მისი სწავლება კათოლიციზმის ოფიციალური სწავლება გახდა. მხოლოდ XX ს-ში შეცვალეს მართლმადიდებლებთან ბრძოლის ტაქტიკა იეზუიტებმა. ისიხაზმის სწავლების სახეცვლილებას ისინი თავად მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეეცადნენ. ფლაგმანებად კი ამ საქმეში „პარიზის სკოლის" თეოლოგები მოგვევლინენ. სწორედ მათ წამოიწყეს ისიხაზმის სახეცვლა თუ განახლება და უზარმაზარი სამუშაო გასწიეს ახალი თეორიის შესაქმნელად - ისინი ხომ საკუთარი ინტერპრეტაციებით ლამობდნენ ტრადიციული საეკლესიო სწავლების ჩანაცვლებას. იმ პერიოდიდან იზრდება ინტერესი ისეთი ისიხასტების მიმართ, როგორებიც არიან ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ პალამა, წმ. გრიგოლ სინელი... შედეგად, გაჩნდნენ ახალი „პროფესიონალი ისიხასტები", რომლებიც დასავლური, მოდერნისტული სულისკვეთებით აღსავსენი შეეცადნენ ისიხაზმის ფალსიფიკაციას.

   მათ შესახებ მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) წერდა: „ისინი მსჯელობენ ისიხაზმზე, იესოს ლოცვაზე, ასკეტურ ცხოვრებაზე, ამაღლებულ ლოცვით მდგომარეობაზე..., მაგრამ: თუ არ გვექნება ძალიან რეალისტური და ძალიან თავმდაბალი გააზრება იმისა, რამდენად შორს ვართ ისიხასტების ცხოვრებისაგან და რამდენად მცირედ ვართ მომზადებულნი საიმისოდ, რომ თუნდ ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ, ინტერესი მისდამი იქნება კიდევ ერთი გამოხატულება ჩვენი ეგოცენტრული, პლასტმასივით მყიფე (ცარიელი) ყოფისა".1

   მამა სერაფიმე ამ სიტყვებით შეგვაგონებს, რომ წმინდა მამათა გაგება მხოლოდ მათ მსგავსად ცხოვრების შედეგად არის შესაძლებელი. ხოლო ზემოთქმულის გააზრების გარეშე, ჩვენი ძალებისა და შესაძლებლობების იმედით, ისიხაზმის სწავლებისა და ცხოვრების გადმოღება მეტად დამღუპველიც კი იქნება ჩვენი სულისათვის.

   „პარიზის სკოლის" თეოლოგთა „პროპაგანდის" შედეგად ორი კატეგორიის „ისიხასტი" ჩამოყალიბდა:

   1) ერთნი, რომლებმაც შეისწავლეს ისიხაზმის სწავლებაზე ლიტერატურა (როგორც მართლმადიდებლური, ისე ერეტიკული) და შექმნეს ახლებური ხედვა, სადაც ჭეშმარიტება გადახლართულია სიცრუესთან.

   2) მეორენი, რომლებიც, წერასთან ერთად, შეუდგნენ ლოცვის ღვაწლის შესრულებას, თუმცა მათი შეხედულებები მაინც „პარიზის სკოლის" ერეტიკული სწავლებებითაა ნასაზრდოები.

   თუკი მოდერნისტულ „ღვთისმეტყველებას" ზიანის მეტი არაფრის მოცემა შეუძლია, მოდერნისტული „ისიხაზმი" („ისიხასტები") საერთოდ დამღუპველია, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით.

   მკითხველის ყურადღება გვსურს უფრო მეტად მეორე კატეგორიის „მოღვაწეებზე" შევაჩეროთ. მიგვაჩნია, რომ მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი), სწორედ ასეთ „პარიზელებს" მიეკუთვნება.

   ეკლესიაში მოდერნისტული შეხედულებებისა და სულისკვეთების დამკვიდრების მიზნით, ე.წ. „პარიზის სკოლის" წარმომადგენლები წმინდა მამათა თხზულებების მოდერნისტულ ინტერპრეტაციას შეუდგნენ. თვალსაჩინო თეოლოგებმა: ა. მეინდორფმა, ლარს კოენმა, ი. რომანიდისმა, მათ კვალდაკვალ მიტროპოლიტმა იეროთეოსმა პირველქმნილი ცოდვის შესახებ მართლმადიდებლური ეკლესიის სისავსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპირისპირო სწავლება ჩამოაყალიბეს, ეჭვქვეშ დააყენეს მართლმადიდებლური სწავლება, რომ „ადამში ყველამ შევცოდეთ" (რომ. 5. 12).

   მიტროპოლიტი იეროთეოსის, აგრეთვე დანარჩენი „პარიზელების" აზრით, დასავლური შეხედულებაა, რომ „თითქოს ადამიანმა შესცოდა მისი სახით".2

   მომდევნო თავებში ჩვენ საფუძვლიანად განვიხილავთ მიტროპოლიტის ამ შეხედულებას. ამჯერად ჩვენი სათქმელი სხვა საკითხს ეხება.

   თუკი პიროვნება პირველქმნილი ცოდვის განსაზღვრებისას შეცდება, ის უთუოდ ქრისტიანული სწავლების სხვა საფეხურზეც აცდება მართებულ გზას:

   1) თეორიულად დასაშვებს გახდის უნათლავი ჩვილების, ბავშვების... ცხონებას.

   2) პრაქტიკულად (ლოცვის ღვაწლში) აცდება წმინდა მამათა სწავლებას და ხიბლის მდგომარეობაში აღმოჩნდება.

   მეორე ცდომილებაზეც ვისაუბროთ. თუკი მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) ნაწილობრივ ამახინჯებს მართლმადიდებლურ სწავლებას და არ აღიარებს ადამის მემკვიდრეობით ცოდვას მთელ კაცობრიობაზე, მაშინ გამოდის, რომ ის უარყოფს წმინდა მამათა სწავლებას იმის შესახებ, რომ „ხიბლი უკლებლივ ყოველი ადამიანის მდგომარეობაა, რომელიც წინაპართა დაცემით გადმოგვეცა". სწორედ ამას ამბობს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. „ყველანი ხიბლში ვართ, - ამას ამბობს სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი (სიტყვა მე-3), ამის ცოდნა ხიბლისაგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, ყველანი მოტყუებულნი ვართ და ხიბლით შეპყრობილნი, ყველანი ყალბ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ყველას საკუთარ თავზე ცრუ წარმოდგენა გვაქვს და ეშმაკეული ხიბლი გვატყუებს".3

   სწორედ წინაპართა დაცემის შედეგად იმყოფება მთელი კაცობრიობა ხიბლში. წმ. ეგნატე ღირსი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვებს ეყრდნობა; „უფალი ჩვენი იესო ქრისტე იმიტომ მოვიდა ქვეყნად, რომ ჩვენი ტყვეობისაგან (ადამის ცოდვისაგან) და უბოროტესი ხიბლისაგან ადამიანი გამოეხსნა".4

   მაგრამ თუკი ადამის ცოდვის მემკვიდრეობას არ ვაღიარებთ, შესაბამისად არც ამ ცოდვის „ტყვეობისაგან და ხიბლისაგან" გამოხსნაც არ გვესაჭიროება. არადა წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ასე გვმოძღვრავს: „ჩვენ ყველანი ვიბადებით ცოდვილებად ადამის გამო".5 ღირსი მაკარი დიდიც წერს: „ადამის ცოდვის, ამ აშკარა ბოროტების შედეგად, ამ შხამნარევი საკვებით შემოსულმა ცოდვამ, ვით გონივრულმა ძალამ, სატანის თვისებამ, დათესა ყოველგვარი ბოროტება: ის ფარულად მოქმედებს ადამიანის შინაგან აზრებსა და გონებაზე".6 „ვინც ვერ იაზრებს ადამიანის ამ შინაგან ცოდვისმიერ მდგომარეობას, მას არ ძალუძს მართებულად ებრძოლოს ცოდვას".7

   როგორც ვხედავთ, ადამის ცოდვის არსის უმართებულო განმარტების შედეგად, ადამიანი ვერ შეძლებს ცოდვასთან ჯეროვნად გამკლავებას.

   მრავალი წმინდა მამის სწავლების თანახმად, პირველი ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგად, (რომელზეც გვექნება საუბარი მომდევნო თავებში) ადამიანის სულის საოცარი ჰარმონია დაარღვია. გული და გონება ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობაში იმყოფება. ყოველგვარი ცოდვილი მოსაზრება (მით უფრო არამართლმადიდებლური სწავლება) და ყველა ბუნებრივი აზრი თუ განცდა, ერთობ ცბიერადაა შენიღბული მოჩვენებითი სიმართლითა და მნიშვნელობა-ავტორიტეტით. ამდენად, ისიხაზმის მასწავლებლად ამგვარი შეხედულებების თეოლოგები, ცხადია, არ გამოდგებიან. წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) გვაფრთხილებდა: „ლოცვის მასწავლებლებად და მოძღვრებად ვირჩევთ ისეთ მოძღვრებს, რომლებიც ამა სოფელმა წმინდანებად აღიარა და რომლებიც ან ღრმა ხიბლში, ან ღრმა უვიცობაში იმყოფებიან".8

   ასე რომ, „პარიზის სკოლის" მეორე თაობის წარმომადგენელთა მცდარი შეხედულებები, გათავისებული მიტროპოლიტი იეროთეოსის მიერ, ვით „უტყუარი ავტორიტეტული სწავლება", უარყოფითად ზემოქმედებს უკვე „მეოთხე თაობის პარიზელებზე. ისინი ის სასულიერო პირები თუ ერისკაცები არიან, რომელთათვისაც მიტროპოლიტი იეროთეოსი „დიდი ავტორიტეტია". არადა ამ „სკოლის" სწავლება სულაც არ არის წმინდა წყარო, იქ ბევრი ჭუჭყია.

   სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს მამათა და არამართლმადიდებლური სწავლების ერთგვარი „კოქტეილია", საკუთარ ინტერპრეტეციაზე აგებული. ადამიანები, რომლებიც ბრმად იკვებებიან ამ ნაზავით, სულიერი სიმაღლის მიღწევის ნაცვლად, თავიანთი ხელმძღვანელების კვლადაკვალ, სულიერ ხიბლში ვარდებიან.

   ამრიგად, მიტროპოლიტი იეროთეოსისადმი (ვლახოსი) კვლავ ჩნდება კითხვები:

   თუკი ადამის ცოდვა მემკვიდრეობით არ მიგვიღია, „მასში ყველას არ შეგვიცოდავს", როგორც ამბობს პავლე მოციქული, მაშინ შესაბამისად, არც ამ ცოდვის ტყვეობისაგან და ხიბლისაგან გვესაჭიროება გამოხსნა. და მაშ რისთვის მოვიდა უფალი ამქვეყნად?

   თუკი, წმინდა მამების თანახმად, ადამის ცოდვას შეუძლია ადამიანის შინაგანი სულიერი რღვევა, ამის შედეგად ის სათანადოდ ვერც შეებრძოლება ცოდვას, მაშინ როგორ უნდა ვენდოთ მიტროპოლიტის „ისიხასტურ" გამოცდილებას? - გაუგებარია!





1 Серафим Роуз: в поисках истины. О святых отцах. О ложной духовной жизни. https//Kursk –izvestia.ru.

2 И. Влахос. Митр. Смерть и первородный грех. www.azbuka.ru.

3 Св. Игнатий Брянчанинов. Аскетические опыты. О прелести. 

4 Духовная жизнь монаха и мирянина по Св. Игнатию. Игум. Марк. Лозинский. Стр. 219.

5 Св. Афанасий Великий. Против Аполинария. Кн. 2. Творения Т. 3. 1994. С. 36.

6 М. Великий. Беседа 15.47/ Духовные беседы. 1994. Стр. 135.

7 იქვე. Стр. 136.

8 Св. Игнатий Брянчанинов. Аскетические опыты. Т. 4. О иисусовой молитве.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება