მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პოლიტიკური ისიხაზმი მიტროპოლიტ იეროთეოსის (ვლახოსი) მსოფლმხედველობაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პოლიტიკური ისიხაზმი მიტროპოლიტ იეროთეოსის (ვლახოსი) მსოფლმხედველობაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


30-10-2021, 00:05

 

   XX-XXI საუკუნეებისათვის ზოგადად დამახასიათებელია სულიერი დეგრადაცია - მართლმადიდებლობის მოდერნისტული ტრანსფორმაცია. მასში (მოდერნიზმში) მემარჯვენე და მემარცხენე მიმართულებები შეინიშნება.

   ყურადღებას მემარჯვენე მოდერნიზმის ერთ-ერთ გამოვლინებაზე - „პოლიტიკურ ისიხაზმზე" შევაჩერებთ. საკითხის განხილვამდე კი ორიოდე სიტყვით მემარჯვენე მოდერნიზმის არსის შესახებ.

   „მემარჯვენე მოდერნიზმის" წარმომადგენლები კი ირწმუნებიან მართლმადიდებლური, ტრადიციული, მამებისეული სწავლების ერთგულებას, მაგრამ ამავდროულად ეკლესიაში ამკვიდრებენ უცხო შეხედულებებს. ის არ გახლავთ კონკრეტული საღვთისმეტყველო მიმართულება, რომელიც უპირისპირდება „მემარცხენე მოდერნიზმს". მისთვისაც ასევე დამახასიათებელია ჰუმანისტური, ლიბერალური, რეფორმატორული თუ სხვა მემარცხენე მიმართულებები. განსხვავება ერთია, მემარჯვენე მოდერნიზმი ოსტატურად ინიღბება პოზიტიური (კონსერვატორული) ქრისტიანული შეხედულებებით, სადაც მართლმადიდებლობა ლოზუნგების დონეზეა წარმოჩენილი, შინაგანი არსით კი მასობრივი კულტურის ცნებას უფრო შეესაბამება, ვიდრე ტრადიციულ მიმართულებას.

   „პოლიტიკური ისიხაზმის" იდეას XIII-XIV სს-ში ჩაეყარა საფუძველი. ეს მიმართულება მჭიდრო სულიერ-ინტელექტუალურ კავშირში მოიაზრება ისიხაზმთან (მდუმარების, იესოს ლოცვის ღვაწლი). ისიხაზმმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიის იმპერიის არა მხოლოდ სულიერი მსოფლმხედველობის, არამედ „პოლიტიკური ისიხაზმის", როგორც მოძრაობის განვითარებაში. ვგულისხმობთ იმას, რომ „პოლიტიკური ისიხაზმის" მიმართულებამ მოიცვა კულტურული, სოციალურ-პოლიტიკური სფეროები, გასცდა ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს და უდიდესი ზეგავლენა იქონია სლავური ქვეყნების კულტურულ-პოლიტიკურ განვითარებაზე.

   ისმის კითხვა: რამდენად დასაშვებია ორი პარადოქსული ცნების - „პოლიტიკა" და „ისიხაზმი" - შერწყმა? საქმე ისაა, რომ შინაარსობრივად პოლიტიკური ისიხაზმი არ ემიჯნება ისიხაზმის სულიერ არსს, მათ შორის შინაგანი, იდეური კავშირი არსებობს, რომელიც, ცხადია, არ მოიაზრებს განდეგილურ, მდუმარების, იესოს ლოცვის შინაგან ღვაწლს. ეს არის სხვადასხვა ფენისა და შესაძლებლობების ადამიანთა ერთი იდეით, სარწმუნოებრივი შთაგონებით გაერთიანებული მოძრაობა, რომელიც არ იფარგლება ასკეზითა და სულიერი ჭვრეტით, რომლითაც გამოირჩეოდნენ წმ. გრიგოლ სინაიტი, წმ. გრიგოლ პალამა და მრავალი სხვა. მათთვის საერთო იყო რელიგიურ-საღვთისმეტყველო მტკიცებულებათა პრიმატი, რაც კონსტანტინოპოლის ეკლესიის როლის მთელ მსოფლიოში გაზრდის პოლიტიკას ისახავდა მიზნად. 

   მოგეხსენებათ, XIV ს-ში, პალეოლოგოსების ხანაში, ბიზანტიის იმპერია მეტად დასუსტებული იყო, თურქეთისაგან უკიდურესად დამცირებული. ამ ვითარებაში ის ვერც უზრუნველყოფდა ეკლესიის ავტორიტეტის შენარჩუნებას. პატივი, რომელიც კონსტანტინოპოლის (ახალი რომის) ეკლესიას არგუნა მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებმა (ქალკედონის 28-ე კანონი და სხვა), ბიზანტიის იმპერიის იმჟამინდელ ვითარებაში ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერდა. საჭირო იყო ბიზანტიის პატრიარქის ავტორიტეტისა და პრესტიჟის ამაღლება. საამისოდ XIV ს. ბიზანტიური დიპლომატია მარტოოდენ საეკლესიო დიპლომატიად გამოიკვეთა, რომელიც კონსტანტინოპოლის ეკლესიას „საყოველთაო ხელმძღვანელის" ფუნქციის მქონე ინსტიტუციად მოიაზრებდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იყო აღმოსავლური პაპიზმის იდეა, რომელსაც მის მიერვე დადგენილი ეპისკოპოსებით უნდა ემართა მთელი სამყარო.

   მართალია, „პოლიტიკური ისიხაზმის" ეს იდეა აშკარად ეწინააღმდეგებოდა რჯულის კანონსა და ბიზანტიური კანონის სამართალს, (იხ. ჩვენი ნაშრომი „ეკლესიისა და ოჯახის გამოწვევები". დედაეკლესიაში პირველობის შესახებ. დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე. 2019 წ.) მაგრამ მათ უნდა მოეხდინათ ზეგავლენა და შთაბეჭდილება სლავურ ქვეყნებზე. ამ მიზნის მისაღწევად კი მთელ მსოფლიოში კონსტანტინოპოლის პატრიარქების როლის გაზრდას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

   XIV საუკუნიდან კონსტანტინოპოლის პატრიარქები ბიზანტიური პოლიტიკური ისიხაზმის, აღმოსავლური პაპიზმის იდეის გამავრცელებლებად გვევლინებიან.1

   იმჟამინდელი კონსტანტინოპოლის პატრიარქი თელოთე (1370) (Филофей) წერს:

   „ღმერთმა ჩვენი ღირსება (საზომი, мерность) მთელი მსოფლიოს ქრისტიანთა სულებზე მზრუნველად და მეთვალყურედ დაადგინა. ყველანი დამოკიდებულნი არიან ჩემზე, როგორც საერთო მამასა და მასწავლებელზე... მაგრამ ვინაიდან ადამიანი მარტო ვერ მოიცავს მთელ მსოფლიოს, ამიტომ ჩვენი ღირსება (საზომი, мерность) საუკეთესო და სათნოებით გამორჩეულ პირებს ადგენს მოძღვრებად, მასწავლებლებად და მღვდელმთავრებად და აგზავნის მათ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში სამოღვაწეოდ".2

   იმ პერიოდის კონსტანტინოპოლის პატრიარქთა მიერ მთელ მსოფლიოზე ზეგავლენის იდეა პარალელურად ბერძნული ეთნოსის ასევე მთელ მსოფლიოში სარწმუნოების „ლამპრად" "ღვთის რჩეულად" წარმოჩენასაც მოიაზრებდა.

   „პოლიტიკური ისიხაზმის" იდეოლოგიურ მიმართულებას ახალი ადეპტები ჰყავს. ვგულისხმობთ ისეთ გამოჩენილ პიროვნებებს, როგორებიც არიან: ი. რომანიდისი, ქ. იანარასი, მთ.ეპ. ქრისტოდულოსი, მს. პატრ. ბართლომე, მიტრ. ი. ვლახოსი და სხვები. მათი ძირითადი იდეა გახლავთ ის, რომ ელინიზმი წარმოადგენს ქრისტიანობის საყრდენს. ელინიზმი ფუნდამენტია, რომელზეც აღორძინდა ქრისტიანობა. აქედან გამომდინარე, მათ ნაწერებში ხშირად შეხვდებით განსაზღვრებას - „ელინი (ბერძენი) მამები", „ბერძენი მამები წერდნენ"... (იგულისხმება წმ. მასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვა). მაგრამ სინამდვილეში ელინი ნიშნავს წარმართს. უდიდესი განსხვავებაა ელინიზმსა და ქრისტიანობას შორის. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულდა მიმდინარეობს ქრისტიანული ისტორიის ძალისმიერი ელინიზაცია. ამას ადასტურებს მათი განცხადებებიც.

   პოლიტიკური ისიხაზმის სწორედ ამ გეზის გამტარებლებად მოგვევლინენ ჩვენი დროის ბერძნული ეთნოსის ადგილობრივ ეკლესიათა მაღალი წოდების იერარქები, კონსტანტინოპოლის, ელადისა თუ სხვა ეკლესიები.

   მაგალითად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს:

   „ქალაქ კონსტანტინოპოლის რომაელობა (ромейство) მსოფლიო რომაელობის ნაწილია, რომელშიც ჩვენც შევდივართ. მაგრამ, მე ვიტყოდი, ეს მსოფლიო რომაელობის გამორჩეული ნაწილია, ვინაიდან აქ ეთნოსის გული ძგერს, აქ ეთნოსის აკვანია, აქ მსოფლიო საპატრიარქოა. აქედანაა ჩვენი იდეალები, ჩვენი დიდება, ტანჯვა და მოწამეობა ჩვენი ეთნოსისა. ყოველივეს დასაბამი აქ არის. აქ ვემსახურებით მსოფლიო მართლმადიდებლობას, ვეხმარებით ქრისტიანების გაერთიანებას, ვეხმარებით მშვიდობის დამყარებას მთელ მსოფლიოში.

   ჩვენი ძმები - სლავები არ აღიარებენ იმ პირველობას, რომელიც გააჩნია მსოფლიო საპატრიარქოს, შესაბამისად ჩვენ ერს მსოფლიო მართლმადიდებლობაში. ჩვენ ვამაყობთ ამით, ვნუგეშობთ ამით, ვცდილობთ ყოველდღიური ბრძოლით შევინარჩუნოთ ის უპირატესობა, რომელიც ღვთის განგებამ მსოფლიო კრებების განსაზღვრებათა თანახმად არგუნა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საყდარს".3

   როგორც ვხედავთ, „პოლიტიკური ისიხაზმის" ბერძნული მიმდინარეობის თანამედროვე მაღალიერარქიც მიიჩნევს, რომ კონსტანტინოპოლის პირველობა განუყრელ კავშირშია, ლამის გაიგივებულია თავად ბერძნული ეთნოსის უპირატესობასთან სხვა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიების ეთნოსებთან შედარებით.

   ამ სულისკვეთებისა და იდეის პრინციპული მხარდამჭერია მიტროპოლიტი იეროთეოსიც (ვლახოსი), რომელიც ასევე ხაზგასმით აღნიშნავს: „მსოფლიო პატრიარქი არა უბრალოდ წინამძღოლობს მსოფლიო კრებებს, არამედ გახლავთ ცენტრი და აყალიბებს მათ (ადგილობრივი ეკლესიების) ერთობას... მართალია ეკლესია გამოირჩევა კრებსითობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უგულებელყოფს ეკლესიის იერარქიულ წყობას, ვინაიდან ეკლესიის წყობა არის კრებსითი იერარქიულობით და იერარქიული კრებსითობით. ამგვარად ემიჯნება ის როგორც პაპისტურ „აბსოლუტიზმს", ისე პროტესტანტულ „უსაწყისობას"."4

   მემარჯვენე მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი მიდგომით მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) ახალი დროების კიდევ ერთ მითოლოგიას გვთავაზობს - „მესამე გზას", რომლის მიხედვითაც, თითქოს ემიჯნება როგორც პაპისტურ „აბსოლუტიზმს", ისე პროტესტანტულ „უსაწყისობას", სინამდვილეში კი გვაწვდის არა წმინდა მამებისეულ სწავლებას ეკლესიის კრებსითი ცნობიერების შესახებ, არამედ „მესამე გზას", ანუ მორიგ მოდერნისტულ მიმართულებას, რომელსაც ეკლესიის სისავსემ „აღმოსავლური პაპიზმი" უწოდა.

   მიტროპოლიტი იეროთეოსი, ვით „პოლიტიკური ისიხაზმის" ერთგული მიმდევარი (არ ვეხებით მის პირად ლოცვით მოღვაწეობას), თავისი „ავტორიტეტით", მამებისეული ღვთისმეტყველების (მაოფლიო კრებების დადგენილებებით კონსტანტინოპოლის პატრიარქის პატივით და არა უფლებამოსილებით პირველის) საპირისპიროდ, როგორც „ახალი მამების" წარმომადგენელი, აყალიბებს ანტიღვთისმეტყველებას, რომელმაც „წერტილი" უნდა დაუსვას ყოველგვარ ღვთისმეტყველებას.

   კვლავ გვებადება კითხვა: რატომ უვლის მიტროპოლიტი გვერდს რჯულის კანონის კრებსით განსაზღვრებებს, რომ არც ერთ ადგილობრივ აკლესიას (მათ შორის კონსტანტინოპოლის) არ გააჩნია უფლებამოსილების სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე თავსმოხვევის უფლება (ქალკედონის 28-ე კანონი, ტრულის (გუმბადის) კრების 36-ე კანონის განმარტება)? - გაუგებარია!

   



1 Соборное определение патриарха Калиста 1361. Грамота патриарха Антония, 1393. Грамота патриарха Антония.

2 Грамота патриарха Филофея 1370 г. С увещанием князей повиноваться митрополиту Алексию. РИБ. Т VI. СПБ. 1880. ციტ. И. Меиндорф. О вмзантийском исихазме и его роли в культурном и историческо развитии Европы. XIV в.

3 А. Буздахов. Национал-мистицизм фанара. Антимодернизм.ру.

4 Митр. И. Влахос. Границы и условия для успешного проведения Святого и Великого Всеправословного собора. Apologet. S.p.b. ru.

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება