მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მიტროპოლიტი ი. ვლახოსი "პარიზელების" კვალდაკვალ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მიტროპოლიტი ი. ვლახოსი "პარიზელების" კვალდაკვალ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე21-10-2021, 16:08 |
მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) თავის ნაშრომებში, მოსაზრებისთვის მეტი „წონის" შემატების მიზნით, ხშირად ეყრდნობა „პარიზის სკოლის" პირველი და მეორე თაობის ისეთ გამოჩენილ თეოლოგებს, როგორებიცაა დეკანოზები: გიორგი ფლოროვსკი, იოანე რომანიდისი, იოანე მეინდორფი, სოფრონი სახაროვი და სხვა. თავიდანვე ვიტყვით, რომ რამდენიმე წლის წინ გამოვეცით მცირე ნაშრომი სახელწოდებით „„პარიზის სკოლის" კვალი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში", რათა მკითხველს გარკვეული წარმოდგენა შექმნოდა „პარიზის სკოლის" რაობაზე. ამ „სკოლის" წარმომადგენელთა უმეტესობა (მათ შორის ზემოხსენებული სასულიერო პირები) აქტიურად მონაწილეობდნენ ეკუმენისტურ დიალოგებში სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებთან და რელიგიებთან, თუმცა თავს დასავლური ღვთისმეტყველების მოწინააღმდეგებად მიიჩნევდნენ. სწორედ „კონფრონტაციაში მყოფთა" ბაგეებიდან გაისმა მოწოდებები: დავუბრუნდეთ წმ. მამებს, დავაღწიოთ თავი „დასავლურ ტყვეობას" და მისთ... დეკანოზ გ. ფლოროვსკის „ნეოპატრისტიკული სინთეზი" მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების „დასავლური ტყვეობისაგან" განთავისუფლების საშუალებად ისახებოდა. ზემოხსენებულ ნაშრომში ამ საკითხს ორი ქვეთავი მივუძღვენით: „გ. ფლოროვსკი - „ნეოპატრისტიკული სინთეზის" დამფუძნებელი", „ნეოპატრისტიკული სინთეზი" მომდევნო თაობის პარიზელებში" (ის. Xareba.net-ის გამოცემებში). მრავალი მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი თეოლოგისა და მკვლევარის ნაშრომებიდან ირკვევა, რომ „ნეოპატრისტიკული სინთეზი" სინამდვილეში კი არ აკრიტიკებს დასავლურ რელიგიურ შეხედულებებს, არამედ ერთგვარ საფუძვლებსაც კი უქმნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის რელიგიურ ხედვათა დაახლოებას. მეტიც: გ. ფლოროვსკის იდეა ეკუმენისტური მოძრაობის პროგრამის ნაწილადაც კი იქნა მიჩნეული. ასე დაფასდა მართლმადიდებლობისა და დასავლური რელიგიურ-ფილოსოფიური კულტურის დაახლოების მისეული მცდელობა, რადგან მან თურმე „ჭეშმარიტად ეკუმენისტურ სინთეზს" ჩაუყარა საფუძვლები.1 პროტესტანტი თეოლოგი ჯონ ბერი (John Beri) ირწმუნებოდა, რომ „ნეოპატრისტიკული სინთეზი" ნამდვილად გერმანული იდეალიზმისა და რომანტიზმის შთაგონების შედეგია და არა მამებისეული სწავლების წინააღმდეგობა დასავლური ხედვებისადმი.2 გ. ფლოროვსკი, ვით ახალი ღვთისმეტყველების ტიპიური წარმომადგენელი, გვთავაზობს „ნეოპატრისტიკული სინთეზის" დიალექტიკურ ლოზუნგს „წინ მამებისაკენ": „ახალ სამყაროში შევა ჩვენი სამყაროს ყველა ელემენტი, მხოლოდ სახეცვლილი. არაფერი განადგურდება, არამედ ყველაფერი განათლდება. ჩვენ ვიყურებით წინ, და არა უკან, მომავალი ღვთის სასუფეველისაკენ, და არა დაკარგული სამოთხისაკენ, ჩვენ გვსურს ვიყოთ რელიგიური რევოლუციონერები და არა რეაქციონერები".3 კიდევ უფრო მკვეთრადაა ხაზგასმული ნოვატორული პრინციპების შემოღების აუცილებლობა გ. ფლოროვსკის შემდეგ მსჯელობაში: „ეს არ უნდა იყოს მარტოოდენ წმ. მამათა გამონათქვამებისა და მტკიცებულებების კრებული. ეს უნდა იყოს სწორედ სინთეზი, ძველი დროის წმინდა ადამიანთა შეხედულებების შემოქმედებითი გადაფასება. სინთეზი უნდა იყოს პატრისტიკული, წმ. მამათა სულისკვეთებისა და მჭვრეტელობის ერთგული (ad mentem Patrum). ამავე დროს, ის უნდა იყოს ნეოპატრისტიკული, ვინაიდან ესადაგება ახალ დროებას, მისთვის დამახასიათებელი პრობლემებითა და საკითხებით".4 ეს კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რამდენად არამართლმადიდებლურია მისი სოფისტიკა და რამდენად ტიპიურია მსგავსი შეხედულებები ე.წ. „ახალი მამებისთვის". მოგვიანებით მათ უფრო ძლიერ შეუტიეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. როგორც ვხედავთ, გ. ფლოროვსკის ღვთისმეტყველების „გენიალურობა" ის იყო, რომ მან პატრისტიკისა და თანამედროვე აზროვნების დაკავშირება განიზრახა. მიტროპოლიტი (ი. ვლახოსი) კი გვიმტკიცებს, რომ ფლოროვსკი თავისი „სინთეზით" ძველ და ახალ წმ. მამათა დაკავშირებაზე გვესაუბრება: „მამა გიორგი თავის სტატიებში მოუწოდებდა „მამებისაკენ დაბრუნებაზე" და, ამავდროულად, საუბრობდა „ნეოპატრისტიკულ სინთეზზე", ე.ი., იმაზე, რომ საჭიროა უახლესი დროის მამათა შესწავლა, როგორებიც არიან ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ პალამა და სხვა „სათნოებათმოყვარე" (Добротолюбие) მამები".5 მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) გ. ფლოროვსკის „ნეოპატრისტიკულ სინთეზში" ვერ ხედავს (ან შეგნებულად უვლის გვერდს) ფლოროვსკისეული „სინთეზის" საფრთხეს. მიტროპოლიტი ხედავს „მამებისაკენ დაბრუნების" საჭიროებას, და ამავდროულად, „სინთეზის" მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. თან განმარტავს, თუ რას ნიშნავს ეს: - „ე.ი. საჭიროა უახლესი მამების შესწავლა, როგორებიც არიან ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ პალამა, სათნოებათმოყვარე სხვა მამები და ა.შ." ისმის კითხვა: ნუთუ ეკლესია ღირს სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს, წმ. გრიგოლ პალამას... უახლეს წმინდა მამებად მოიაზრებს და რაიმე ნიშნით (ერთსულოვნება, ერთაზრობა) ძველ მამებთან მათი გაიგივებაში პრობლემას ხედავს? ნუთუ წმ. მამები საჭიროებენ გ. ფლოროვსკის „სინთეზის" თეორიით ამ „დილემის" გადაჭრას? ნუთუ გამოჩენილმა ღვთისმეტყველმა არ უწყის, რომ ეს ახალი საღვთისმეტყველო სკოლების მეთოდოლოგიური პრინციპია, რომელსაც სულ სხვა რეალური შინაარსი გააჩნია? ნუთუ მიტროპოლიტი ამ „სინთეზში" ამსოფლიური და სეკულარული პრინციპების ეკლესიის წიაღში ოსტატურად შემოტანის საფრთხეს ვერ ხედავს? ნუთუ წმინდა მამები საჭიროებენ გ. ფლოროვსკის „სინთეზის" თეორიით ამ „დილემის" გადაჭრას? ნუთუ გამოჩენილმა ღვთისმეტყველმა არ უწყის, რომ ეს ახალი საღვთისმეტყველო სკოლების მეთოდოლოგიური პრინციპია, რომელსაც სულ სხვა რეალური შინაარსი გააჩნია? ნუთუ მიტროპოლიტი ამ „სინთეზში" ამსოფლიური და სეკულარული პრინციპების ეკლესიის წიაღში ოსტატურად შემოტანის საფრთხეს ვერ ხედავს? არადა აშკარაა ცნებების შეგნებული აღრევის, მანიპულირების, „ახალი თეოლოგიის" (მოდერნიზმის) მამებისეული სწავლებად წარმოჩენა. სინამდვილეში, ჭეშმარიტების სანაცვლოდ ფსევდოორთოდოქსული საღვთისმეტყველო სისტემის შექმნაზეა საუბარი. შედეგად კი ვიღებთ ე.წ. „ნეოპატრისტიკულ სინთეზს", რომელსაც წინ უძღვის სოფიოლოგია, ემატება დასავლურ რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემათა ნაირსახეობები, „მართლმადიდებლური ეკუმენიზმი", რაც ჯამში უდრის თეოლოგიური ანარქიის დამკვიდრებას. სწორედ ამის განვითარებას, მრავალი მართლმადიდებელისთვის ძალიან შეუმჩნევლად ქადაგებს ტიტულოვანი მიტროპოლიტი. ამრიგად, მიტროპოლიტ იეროთეოსის შემოქმედების განხილვისთანავე ჩნდება შეკითხვები: 1) ნუთუ ჭეშმარიტად აღმსარებლური სულისკვეთების მიტროპოლიტი არ უნდა ამხელდეს (ან ამჩნევდეს მაინც) გ. ფლოროვსკისა და ი. რომანიდისის ეკუმენისტურ მიდრეკილებას და მხოლოდ დადებითი კონტექსტით საუბრობდეს მათზე? - გაუგებარია! 2) მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის საღვთისმეტყველო აზრის თანახმად, გ. ფლოროვსკის (მისი მიმდევრის, ი. რომანიდისის) „ნეოპატრისტიკულ სინთეზს" ტრადიციული ღვთისმეტყველების განმაახლებლურ ნიადაგზე გადასვლის თეორია ეწოდება, რაც ავტორის (გ. ფლოროვსკის) ზემოთ მითითებული ნათქვამებიდანაც დასტურდება. მიტროპოლიტმა (ი. ვლახოსი) კი უცნაური „გამართლება" მოუძებნა მას. რანაირად აიხსნება ეს გარემოება? - გაუგებარია!
1 Г. В. Флоровский. Путеви русского Богословия. 550. G. Florovsky. "The Doktrine of the Church and the Ecumenical Problem” the Ecumenical Review (1950). 152-156. 2 John Beri. Passing Beyond the Neo-Patristic Synthesis. 20/1. 44. ციტ.Парижская школа, Афонская школа. Американская Православная диаспора. Прот. Г. Флоровский. 3Г. Флоровский. Два Завета. Богословские статьи о Церкви. Изд. Директ-Медия 2011. 4 ციტ. Э. Блеин. Заверщение Флоровского. Вопросы Философии. 1993. №12. С. 84. Курс Флоровского. 5 Митр. И. Влахос. Богословский кризис и случаи его искажения в современной церковной жизни. Apologet.Spb.ru.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |