მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენი დამოკიდებულება მიტროპოლიტისადმი (იეროთეოს ვლახოსი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ჩვენი დამოკიდებულება მიტროპოლიტისადმი (იეროთეოს ვლახოსი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


19-10-2021, 09:16

ჩვენი დამოკიდებულება მიტროპოლიტისადმი (იეროთეოს ვლახოსი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ელადის ადგილობრივი ეკლესიის გამოჩენილი მღვდელმთავრის, ნავპაქტისა და წმინდა ვლასის მიტროპოლიტ იეროთეოსის (ვლახოსი) საღვთისეტყველო შემოქმედება ქრისტიანული ლიტერატურის უდავოდ მნიშვნელოვანი შენაძენია. მისი ნაშრომები მრავალ ენაზე ითარგმნა და მრავალი მართლმადიდებელისთვის სამაგიდო წიგნადაც იქცა. ძნელია არ აღფრთოვანდე იმ საღვთისმეტყველო თუ ფილოსოფიურ-ფსიქოთერაპიულ სიღრმეთა წვდომა-ცოდნით, რომელსაც მის თხზულებებში ვეცნობით. პირადად ჩემზე დიდი გავლენა იქონია მიტროპოლიტის ეკლესიოლოგიამ, კრეტის (2016 წ.) კრების ირგვლივ გამართულმა საღვთისმეტყველო პოლემიკამ და დოკუმენტების შეფასებამ. თუმცა, ვერ ავუვლით გვერდს იმ ფაქტს, რომ მის საღვთისმეტყველო შემოქმედებაშიც შეინიშნება დასავლურ რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებათა კვალი. ძირითადად ვგულისხმობთ „პარიზის სკოლის" გამოჩენილ წარმომადგენელთა ნეგატიურ სულიერ-პედაგოგიურ ზეგავლენას, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ასცდა მრავალი მართლმადიდებელი თეოლოგი.

   მიტროპოლიტი იეროთეოსის (ვფიქრობ მეტი წილის) ნაშრომების გაცნობისა და გაანალიზების შემდეგ შევნიშნე, რომ მის ღვთისმეტყველად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი „პარიზის სკოლის" სამმა წარმომადგენელმა შეასრულა:

   1) დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი* (პირველი თაობის წარმომადგენელი);

   2) დეკანოზი იოანე რომანიდისი* (მეორე თაობის წარმომადგენელი);

   3) არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) (მეორე თაობის წარმომადგენელი).

   მიტროპოლიტი სამივეს თავის მოძღვრად და მასწავლებლად მიიჩნევდა. ამ რგოლში ი. ვლახოსი პარიზის სკოლის მესამე თაობის წარმომადგენლად გვევლინება.

   მავანი გვეტყვის: როგორ კადნიერდები (მასთან შედარებით უვიცი და გაუნათლებელი) და აკრიტიკებ ასეთი გამოჩენილი ღვთისმეტყველის შემოქმედებას? ცხადია, ვაღიარებ ჩემს უვიცობას, მაგრამ იმასაც დავძენ:

   1) მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხოა ცალკეული სასულიერო პირის საღვთისმეტყველო შეხედულებათა (ვინც არ უნდა იყოს ის) უცდომელ სწავლებად აღიარება, სანამ მისი სწავლება დადასტურებულად არ აღიარებულა მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის ოფიციალურ დოგმატურ განსაზღვრებად.

   2) სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაშიც (მათ შორის საქართველოს ეკლესიაშიც) ზოგიერთ საღვთისმეტყველო საკითხზე დაგროვდა გამოცდილება, რომელიც შესაძლებელია არ ჰქონდეს ელადის მართლმადიდებელ ეკლესიას, მით უფრო მის ცალკეულ წარმომადგენელს.

   3) ცხადია, არც საკუთარ შენიშვნებს ვანიჭებთ უცდომელი შეფასების კვალიფიკაციას, მაგრამ მიგვაჩნია: სანამ პიროვნების უპირობო, (უდავო ავტორიტეტზე) დავიწყებდეთ საუბარს მართლმადიდებელ ეკლესიაში, („ეს ხომ ვლახოსმა თქვა, ეს ხომ მან გააკეთა და მისთ."), საკითხი საფუძვლიანი ანალიზისა და მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ეკლესიის წიაღში.

   ასე რომ, ჩვენი მიზანი და ინტერესი სულაც არ გახლავთ მიტროპოლიტ იეროთეოსის (ვლახოსი) საღვთისმეტყველო შემოქმედების რაიმე სახით დაკნინება. თუმცა, სამწუხაროდ, მის ნაშრომებშიც შეინიშნება გარკვეული პრობლემები, რომლის მოკრძალებულ შეფასებასაც შევეცდებით.

 

 

 

 

 

 

* დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი - პარიზის სკოლის „ნეოპატრისტიკული სინთეზის" დამაარსებელი. 1926 წლიდან მონაწილეობს ეკუმენისტურ მოძრაობაში ბერდიაევთან ერთად ე.წ. „კოლოკვიუმში". 1937 წ. (ედინბურგში) მონაწილეობს II მსოფლიო ეკუმენისტურ კონფერენციაში. 1948 წ. (ამსტერდამი) ე.მ.ს. I ასამბლეა, აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის წევრად, 1961 წლამდე იმყოფებოდა. ამ წლების მანძილზე: 1944 წ. (ჩიჩესტერი), 1950 წ. (ტორონტო), 1951 წ. (როლდე), 1952 წ. (ლაკნაუ), 1954 წ. (ჩიკაგო) ეკუმენისტურ დიალოგებში მონაწილეობდა. 1954 წ. (ესტონეთი) ე.მ.ს.-ს II ასამბლეაზე განაცხადა: „მთელი ქრისტიანული სარწმუნოება უნდა განიხილებოდეს როგორც ერთი განუყოფელი მთლიანობა" (Г. Флоровский.Его жизнь и участие. Вдвижении за христианское единство. Свят. А. Елисеев).

* დეკანოზი იოანე რომანიდისი - ბიზანტიოლოგი. 1955 წ. „პარიზის სკოლის" წევრი. „ნეოპატრისტიკული სინთეზის" კლასიკური წარმომადგენელი. გ. ფლოროვსკის მოწაფე, ეკუმენისტური მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი. მონაწილეობდა სხვადასხვა სახის დიალოგებში მართლმადიდებლებისა მონოფიზიტებთან, ლუთერანებთან, იუდეველებთან, ანგლიკანებთან. მისი აზრით, დოგმატური განსხვავებები გამოწვეულია ისტორიული ფაქტორების განვითარებით (Pak Christiana). საღვთისმეტყველო მიმართულებები: ეკუმენიზმი, ზნეობრივი მონიზმი.

   1990 წ. ხელი მოაწერა შამბეზის ეკუმენისტურ დოკუმენტს „ორიენტალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან".

   ზეგავლენა იქონია მიტრ. იეროთეოსზე (ვლახოსი).

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება