მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ვაქცინაში ემბრიონის გამოყენება საღვთისმეტყველო საკითხია (ნაწილი III) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ვაქცინაში ემბრიონის გამოყენება საღვთისმეტყველო საკითხია (ნაწილი III) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე1-09-2021, 11:43 |
მართლმადიდებელი ეკლესია, ოთხი მსოფლიო საეკლესიო კრების (III, IV, V და VI) თანახმად, ადამიანს სრულფასოვნად მიიჩნევს მისი ჩასახვისთანავე. მხოლოდ ეკლესიის სწავლების (საეკლესიო სამართალი, რჯულის კანონი) გათვალისწინებით არის შესაძლებელი იმის დადგენა, როდის ეძლევა ადამიანს სული, რა დროიდან მიიჩნევა ნაყოფი ცოცხალ არსებად. დღეს ზოგიერთი ვაქცინის სახით ჩვენ წინაშე დადგა მწვავე ბიოეთიკური დილემა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ემბრიონული ხაზების (HEK 293; wI – 38 და MRC-5-ის, PEP.C6-ის) ანუ მოკვდინებული ნაყოფის ერთ-ერთ უჯრედად გამოყენება უმძიმესი ცოდვაა. შესაბამისად, ვაქცინებში ემბრიონული უჯრედის გამოყენების საკითხი დოგმატური, საღვთისმეტყველო ხასიათისაა. ეკლესია არ ასხვავებს ჩამოყალიბებულია თუ ჩამოუყალიბებელი ნაყოფი. კიდევ უფრო შემზარავია ის ფაქტი, რომ თავად ემბრიონული უჯრედების შემქმნელი პირები ღიად საუბრობენ, თუ როდის, რა მიზნით, აბორტის შედეგად მოკლული ადამიანის რომელი ორგანოს (თირკმელი, ფილტვი) გამოყენება იყო ხელსაყრელი უჯრედის ტრანსფორმირებისთვის, ანუ ემბრიონული უჯრედის შექმნისთვის, მისი ვაქცინაში და სხვა ექსპერიმენტების წარმოებისთვის. ბატონი ალექს ვან დერ ები (Alex Van Der Eb), მოლეკულური ბიოლოგიის ჰოლანდიელი სპეციალისტი, ვირუსოლოგი, 1979-2002 წ.წ. ლეიდინის უნივერსიტეტში ემბრიონული უჯრედული HEK 293 და PEP.C6-ის ხაზის შექმნისთვის ახორციელებდა კვლევებს.1 ის, ვინც გააზრებულად, მიზანმიმართულად აწარმოებს მსგავს ვაქცინებს და ისინიც, ვინც არაფრად მიიჩნევენ მკვლელობის ცოდვის შემცველი ვაქცინის გაკეთებას, რჯულის კანონის მიხედვით შემდეგ სასჯელს ექვემდებარებიან: 1. წმ. ბასილი დიდის მე-2 კანონი, რომელიც მოიწონა V-VI მსოფლიო კრებამ და ამიტომაც ოფიციალურად და ავტორიტეტულად ასახავს ეკლესიის სწავლებას, გვეუბნება: „გამხრწნელს (ნაყოფისას) კაცისკვლის სასჯელი უნდა დაედოს; ჩვენ არ განვასხვავებთ, ჩამოყალიბებულია თუ ჩამოუყალიბებელი ნაყოფი... აბორტის დროს დედის სიკვდილის საფრთხეს ემატება ნაყოფის გახრწნაც; მეორე მკვლელობა წინასწარ განიზრახა მან, ვინც ეს გაბედა". 2. VI მსოფლიო კრების 91-ე კანონი: „ქალებს, რომლებიც ჩვილების მოსაკვდინებელ წამალს მისცემენ (ორსულებს) და რომლებიც თვითონ მიიღებენ მათ მოსაშორებენ საწამლავს, კაცისმკვლელთა კანონით განვაკანონებთ". უფრო თუ ჩავუღრმავდებით და მართლმადიდებლური ანთროპოლოგიის თვალსაზრისით განვიხილავთ საკითხს, შევნიშნავთ: რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ვით სრულმა კაცმა, ადამიანური ბუნების განვითარების სტადია ჩვენსავით გაიარა. გამონაკლისი მხოლოდ მისი უთესლოდ ჩასახვა და უცდომელობაა. შესაბამისად, უფლის ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი განსაზღვრებები, მსოფლიო კრებებზე განსაზღვრულ-გადმოცემული, ასევე გვახასიათებს ჩვენც, ადამიანებს. ამრიგად, მსოფლიო კრებების განჩინებებში ვკითხულობთ: 1. „ვაღიარებთ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს... სრულ ღმერთსა და სრულ კაცს გონიერი სულითა და ხორცით. მამის თანაარსს ღვთაებრივი ბუნებით და ჩვენს თანაარს კაცობრივი ბუნებით; რამეთუ მოხდა შეერთება ორი ბუნებისა... ვაღიარებთ წმინდა ქალწულს ღმრთისმშობელს, რამეთუ სიტყვა ღმრთისა განხორციელდა და განკაცნა და ჩასახვისთანავე შეიერთა მისგან (ქალწულისაგან) მიღებული ტაძარი (კაცობრივი ბუნება)". (III მს. კრ.). 2. „ჩვენ ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღიარებას: სრული ღმერთისა და სრული კაცისა, ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი კაცისა, გონიერი სულითა და ხორცით. მამის ერთარსს ღვთაებრივი ბუნებით და ჩვენს ერთარს ადამიანური ბუნებით, ყოვლითურთ ჩვენს მსგავს, თვინიერ ცოდვისა"... (IV. მს. კრ.). 3. VI მსოფლიო კრების მე-11 საქმე შეიცავს იერუსალიმის პატრიარქის სოფრონის კათოლიკე ეპისტოლეს, სადაც წერია:
"მსგავსი ჩვენისა ხორცნი შეისხნა უხორცომან და იქმნა კაც ჭეშმარიტ, რომელი მარადის თაყვანის-იცემების, ვითარცა ღმერთი. სრულად მიიღო ჩვენი ბუნება. მე ვგულისხმობ ხორცს, რომელიც ჩვენი ხორცის თანაარსია და სულს გონიერს, მსგავს ჩვენი სულებისა, და ყოვლადწინდა ქალწულში საკვირველი ჩასახვის შემდგომ გახდა ჭეშმარიტი კაცი ისე, რომ არ შეერწყა ჩასახულ ხორცს და არ შეუერთდა არსებულ სულს. არამედ შეიერთა ხორცი და სული, რომლებმაც მყოფობა შეიძინეს, რადგან თავად სიტყვა და ღმერთი შეუერთდა მათ ბუნებითად. მყოფობის შეძენა და (ბუნებათა) შეერთება ერთდროულად მოხდა... სიტყვასთან შეერთებას დაემთხვა მყოფობის დასაწყისი... რამეთუ ხორცი - იმავდროულად სიტყვა ღმრთისას ხორციც არის. გონიერი განსაკუთრებული სხეულია... რამეთუ ისინიც სიტყვა ღმერთის ჩასახვის თანადროულად შეიქმნენ და ჰიპოსტასურად შეუერთდნენ მას". 4. ბოლოს გავიხსენოთ V მსოფლიო კრების ანათემა: „თუ ვინმე... არ აღიარებს, რომ სიტყვა ღმერთისას შეერთება გონიერი სულის მქონე ხორცთან მოხდა შეკრების საშუალებით, ანუ ჰიპოსტასურად... შეჩვენებულ იყოს!" ამრიგად, ადამიანის ნაყოფი ჩასახვისთანავე, როგორც პიროვნება, ჰიპოსტასი რამენაირი კვლევითი (თუნდაც საჯანმრთელო) მიზნებისთვის, განადგურებას, არ უნდა ექვემდებარებოდეს. პრინციპული განსხვავება ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა მკვლელობებს შორის არ არსებობს. გვესმის, რომ თანამედროვე ტრანსჰუმანური საზოგადოება მეტად ოსტატურად, „კაცობრივი გადარჩენის" მოტივაციით ნიღბავს ამ პროცესებს (ემბრიონის მკვლელობას). მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანი არ შეიძლება გულგრილი დარჩეს, არ დაარქვას თავისი სახელი ყოველივეს, ვინაიდან ჩვენთან მიზანიც და საშუალებებიც ღვთივსათნო უნდა იყოს.
1https://tasthyras wordpress.com /2021.07.25. რუს. თარგმნა. Apologet.spb.ru 2021.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
უკან დაბრუნება |