მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა და ბიოეთიკური პრობლემა (ნაწილი II) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მართლმადიდებლობა და ბიოეთიკური პრობლემა (ნაწილი II) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


31-08-2021, 12:37

მართლმადიდებლობა და ბიოეთიკური პრობლემა (ნაწილი II) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   თანამედროვე საზოგადოება დგას არა მხოლოდ ეკოლოგიური, ენერგეტიკული თუ ბირთვული... კატასტროფის წინაშე. უპირველესი საშიშროება სულიერ-ზნეობრივი და ფსიქოლოგიური კრიზისია, რაც სამეცნიერო-ტექნოლოგიური რევოლუციის მიღწევებითა და ეთიკური საფუძვლების იგნორირებითაა გამოწვეული.

   დავფიქრდეთ, რითი ამაყობს თანამედროვე ბიომედიცინა: გენური ინჟინერია (ადამიანის გენეტიკაში ჩარევა), უჯრედულ-მოლეკულურ დონეზე ორგანული ქსოვილებისა და ახალი ორგანოების ბიოლოგიური სინთეზი, ადამიანის უჯრედებისა და ორგანოების შენახვა-გაყინვა, პლასტიკური ქირურგია, ხელოვნური (ექსტაკორპორალური) განაყოფიერება, სქესის შეცვლა და ა.შ.

   ყოველივე ეს, ხშირ შემთხვევაში, ბიოეთიკური ნორმების უგულებელყოფით, ღვთის განგებაში უხეში ჩარევითა და ადამიანის სიცოცხლის ჩანასახშივე მოსპობით „მიიღწევა".

   მსგავსი ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიულ „კვლევებში" გამოყენებას მსხვერპლად ეწირება მილიონობით დაუბადებელი სიცოცხლე. ჩვენი ბიოლოგიური, ღვთის მიერ პირველქმნილი მდგომარეობა სინდისგარეცხილი ბიოტექნოლოგებისათვის საექსპერიმენტო მასალად იქცა.

   მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის კი ემბრიონის გამოყენება კვლევითი და თერაპიული მიზნებისთვის უკვე ბიოეთიკური პრობლემაა.

   ჩამოყალიბდა ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება:

   1) ქრისტიანული მორალით ემბრიონული უჯრედების გამოყენება ყოვლად დაუშვებელია.

   2) სხვათა მორალით ემბრიონული უჯრედები მოწონებულია, როგორც სნეულებებისაგან განკურნების საშუალება.

   ემბრიონის რაობის შესახებ მომდევნო თავებში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. მანამდე კი ვიტყვით: მართლმადიდებლური ანთროპოლოგიისა (სწავლება ადამიანის ბუნების შესახებ) და ბიოეთიკის თანახმად, ადამიანის ნაყოფს (ემბრიონს) ჰიპოსტასური სხეული გააჩნია. „ადამიანის დაბადება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არის ჰიპოსტასის შემატება სამყაროში",1 - ამბობს ანასტასი სინელი. ეკლესიის სწავლების თანახმად, ადამიანს ქრისტეს კაცობრივი ბუნების მსგავსი ანთროპოლოგია გააჩნია. ის ჩასახვისთანავე პიროვნებაა, ინდივიდია, ჰიპოსტასია.

   შესაბამისად, ემბრიონის მოკვდინება უდიდესი ბიოეთიკური პრობლემაა. თითოეული ახალი ადამიანი, რომელიც უნდა მოევლინოს დედამიწას, გახლავთ უზენაესი შემოქმედის - ღმერთის მუშაკობის შედეგი. ამიტომ მსგავსი ბიოეთიკური საკითხები საღვთისმეტყველო საფუძვლებზე დაყრდნობით უნდა განვიხილოთ.

   წმინდა მამები ამტკიცებენ, რომ ხატება ღვთისა ადამიანში მისი ჩასახვისთანავე არსებობს, ხოლო მსგავსება უნდა მოვიპოვოთ.

   წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: „ჩასახვისთანავე ჩვილი იღებს სულს და იმავდროულად იწყება მისი სხეულის ფორმირება".2 ამასვე ამბობენ წმ. იოანე დამასკელიც, წმ. სოფრონ იერუსალიმელი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. ათანასე დიდი და მრავალი სხვა.

   ბიოეთიკურ პრობლემებზე საუბარი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ღეროვან უჯრედებზე (стволовые клетки) პირველი კვლევები განხორციელდა.

   მოგეხსენებათ, „სამედიცინო" კვლევებისთვის სხვადასხვა ტიპის (ემბრიონული, ფეტალური, ზრდასრული, ჭიპლარის) ღეროვანი უჯრედები გამოიყენება.

   1. ემბრიონული ღეროვანი უჯრედი* ხუთი დღის განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს (ბლასტოცისტა) ეწოდება.

   ქრისტიანული სწავლების თანახმად, ემბრიონის განაყოფიერებისთანავე, ე.ი. ჩვილის ჩასახვის წამიდანვე წარმოიშვება ცოცხალი ორგანიზმი, სულიერი არსება, რომელიც იმთავითვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი - ზიგოტა წარმოადგენს უნიკალურ ღეროვან უჯრედს, რისგანაც საბოლოო ჯამში წარმოიშობა ორგანიზმის ყველა უჯრედი. მასში კოდირებულია ადამიანის სქესი, ნიჭი, ხასიათი, სიმაღლე, თვალისა და თმის ფერი, სისხლის ჯგუფი, თითების ანაბეჭდი და ა.შ., ყველაფერი, რაც სიცოცხლის სხვადასხვა საფეხურზე მხოლოდ განვითარებას განიცდის.

   სწორედ ამ განაყოფიერებული კვერცხუჯრედების დიდი რაოდენობით მიღების წყარო არის in vitro განაყოფიერება. ამ პროცესის (სინჯარაში განაყოფიერების) დროს ექიმები ყველა დონორ კვერცხუჯრედს ანაყოფიერებენ. ცხადია, ყველა განაყოფიერებული უჯრედის (ანუ ცოცხალი არსების, ადამიანის) ჩანერგვა საშვილოსნოში არ ხდება და აქედან გამომდინარე, რჩება „ზედმეტი" განაყოფიერებული ემბრიონების დიდი მარაგი, (ე.წ. ბლასტოცისტები), - რომელთაც ან უბრალოდ ანადგურებენ (კლავენ), ან სხვადასხვა კვლევებისთვისა და ვაქცინების შესაქმნელად იყენებენ.

   აღნიშნული ფაქტი სერიოზული ბიოეთიკური პრობლემაა საღად მოაზროვნე ქრისტიანისათვის, რადგანაც ასეთი ბლასტოცისტებისაგან (განაყოფიერებული ემბრიონისაგან) ვერასოდეს განვითარდება სრულყოფილი ადამიანის ორგანიზმი და ის განწირულია სიკვდილისათვის.

   2. ფეტალური ღეროვანი უჯრედებიც მიიღება აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებისაგან ან მშობიარობის შემდგომ პლაცენტაში დარჩენილი სისხლისაგან. ეს უკანასკნელი ცნობილია ასევე ჭიპლარის ვენის სისხლის სახელით. (ვიკიპედია).

   ამ ნიშნით ყურადსაღებია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის მიერ განხილული ბიოეთიკური პრობლემების საკითხი:

   „ეკლესიის დაუშვებლად მიგვაჩნია ე.წ. „ფეტალური თერაპიის" მეთოდების გამოყენება, რაც მოიაზრებს ადამიანური ჩანასახის ქსოვილებისა და ორგანოების ამოღება-გამოყენებას, აბორტირებას განვითარების სხვადასხვა სტადიაზე, სხვადასხვა სნეულებათა კურნებისა თუ ორგანიზმის „გაახალგაზრდავების" მიზნით. მივიჩნევთ რა აბორტს მომაკვდინებელ ცოდვად, ეკლესია ვერ მოუძებნის მას გამართლებას იმ შემთხვევაშიც, თუ ჩასახული ადამიანური ცხოვრების განადგურებით ვინმე, შესაძლოა, გამოჯანმრთელდეს. ამით კიდევ უფრო ხელი შეეწყობა აბორტების გავრცელებასა და კომერცირებას. მსგავსი პრაქტიკა (თუნდაც მისი ეფექტურობა ჰიპოტეტურად მეცნიერებით დადასტურდეს) გახლავთ გაუგონარი უზნეობის მაგალითი და დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს".3

   შინაარსობრივად, ზოგიერთი ვაქცინის წარმოება, შესაბამისად თავად ვაქცინირებაც, ფეტალური ღეროვანი უჯრედის გამოყენება, ემბრიონული უჯრედების გამოყენებასთან ერთად „ფეტალური თერაპიის" კატეგორიას მიეკუთვნება. ეს არა მხოლოდ რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის შეუვალი პოზიციაა.

   ასე რომ, „ღეროვანი უჯრედის განაყოფიერებამდე (ბლასტიცისტის სტადიამდე), ნაყოფის მოკვდინებამდე მისი (ღეროვანი უჯრედის) გამოყენება სამკურნალოდ, ქრისტიანული მორალის თანახმად დასაშვებია. ემბრიონული უჯრედი (ემბრიონი) უკვე ნიშნავს განაყოფიერებულ, შესაბამისად ცოცხალი ადამიანის უჯრედს, რომლის გამოყენება კვლევებსა და ვაქცინებში - დაუშვებელია.

   მართლმადიდებელი ეკლესია, რა თქმა უნდა, უარყოფითად არ ეკიდება მეცნიერებას, თუკი მისი მიღწევები ღვთივსათნო პრონციპებს ეფუძნება, თუკი შემოქმედის მიერ ადამიანისთვის ბოძებული თვისებებისა და უნარების განვითარება-სრულქმნას ემსახურება. მაგრამ როცა საქმე „მეცნიერთა" წყალობით, ადამიანის სიცოცხლის (გნებავთ ჩასახვისთანავე) ხელყოფაზეა მიმდგარი, ეკლესიის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მტკიცე და შეუვალია.

  

 

 

 

1Анастаси Синаит. Прп. Путиводитель. С. 263. Гл. II. 8.

2Zneoba.ge. ემბრიონი იგივე ადამიანია.

*ემბრიონული ღეროვანი უჯრედის მიღება ადამიანის ჩანასახიდან ჯეიმს ტომსონმა მოახერხა, რამაც უდიდესი ბიძგი მისცა ამ კუთხით მედიცინის განვითარებას. - ვიკიპედია.

3Социальная концепция Руск. Правосл. Церкви. Проблемы биоэтики XII. 7.

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 


უკან დაბრუნება