მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა მამები ქრისტეში ბუნებათა შეერთების შესახებ
წმიდა მამები ქრისტეში ბუნებათა შეერთების შესახებ1-03-2021, 11:33 |
1. ქრისტე, ერთი ჰიპოსტასი, სრული ღმერთი და სრული კაცია1. სრული ღმერთი, ანუ საღმრთო ბუნების უკლებლივ ყველა თვისების მქონე; სრული კაცი, ანუ კაცობრივი ბუნების უკლებლივ ყველა თვისების მქონე2 (გარდა ცოდვისა), ნებაყოფლობით მიღებული უყვედრელი ვნებებითურთ3;
2. ბუნებათა შეერთებისას არც ერთ მათგანს არ განუცდია არანაირი ცვალებადობა4 და ისინი დარჩნენ სწორედ იმგვარნი, როგორებიც შეერთდნენ5. ამიტომაც ბუნებებისა და მათი თვისებების განსხვავება შენარჩუნებულია შეერთების შემდეგაც6 და მათ, ჰიპოსტასის გარდა, არაფერი ჰქონდათ საერთო7;
3. ჰიპოსტასური შეერთების შედეგად არც საღმრთო ბუნებას შეუძენია ადამიანური ბუნების თვისებები და არც ადამიანურს – საღმრთო ბუნებისა8, რადგან ბუნებანი შეურევნელნი დარჩნენ, ხოლო მათი თვისებანი – უვნებელნი9. მაშასადამე, ადამიანურმა ბუნებამ შეინარჩუნა შეზღუდულობა ყველა თვისებაში, საღმრთო კი, ცხადია, შეუზღუდავია;
4. ჰიპოსტასური შეერთებისას ადამიანური ბუნება საღმრთო თვისებებითა და მოქმედებებით გამდიდრდა, თუმცა ადამიანურ ბუნებას საკუთრივ თავის თავში არ შეუძენია საღმრთო თვისებები და მოქმედებები10, რადგან ბუნება სწორედ თვისებებითა და მოქმედებებით შეიცნობა11. თუ მაცხოვრის საკუთრივ კაცობრივი ბუნება გამდიდრებისას შეიძენდა საღმრთო ბუნების თუნდაც რომელიმე თვისებას, იგი დაკარგავდა ადამიანურ შეზღუდულობას და ვერ იქნებოდა სრული კაცი, შესაბამისად, ვერ ევნებოდა ჯვარზე და ვერ გვიხსნიდა.
5. ქრისტეს, თავისი ორი ბუნების შესაბამისად, ყველა ბუნებითი თვისება აქვს ორმაგი12, ამიტომ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, რადგან შეუძლებელია არაფრით განსხვავებულთა აღრიცხვა13.
6. ქრისტეში ორივე ბუნება მოქმედებდა ამ ბუნებათა შესაბამისად14, რაც იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, არც ერთი ბუნება არ იყო მოქმედების გარეშე15, მეორე მხრივ კი, არც ერთი ბუნების მოქმედება არ შეცვლილა თვისობრივად16. თუმცა თითოეული ბუნების თვისებები და მოქმედებები ორივე ბუნებისთვის საზიარო იყო ჰიპოსტასური ერთობის გამო17.
7. ჰიპოსტასური ერთობის გამო საღმრთო ბუნების თვისებები და დიდებულებანი (ღირსებები) ადამიანურ ბუნებას ეძლევა ნაცვალბოძების წესით18 და არა იმ გაგებით, რომ საკუთრივ კაცობრივი ბუნება შეიძენს საღმრთო თვისებებსა და მოქმედებებს19. ამგვარივე წესით მიეკუთვნება საღმრთო ბუნებას ადამიანური თვისებები;
8. ადამიანური და საღმრთო ბუნებანი განუყოფლად განიყოფვიან20, ანუ მარადიულად განუყოფელი ბუნებანი მხოლოდ გონებით იმიჯნება ერთმანეთისაგან21, როგორც განუყოფელი სამების ჰიპოსტასები მხოლოდ გონებით განიყოფა და არანაირად საქმით22. ბუნებათა გონებით გამიჯვნა კი აბსოლუტურად განსხვავდება საქმით გამიჯნულ ბუნებათა გონებით წარმოსახვისაგან23.
9. ქრისტეში გონისეული გამიჯვნით აღქმული კაცობრივი ბუნება რეალური, ჭეშმარიტი, ჰიპოსტასოვანია და არა – ფანტაზიაში წარმოსახული, ცრუ და არაჰიპოსტასოვანი24. მაცხოვრის სწორედ ამგვარად აღქმულ (გონისეული გამიჯვნით, ე. წ. მარტივი აზრისმიერი გამიჯნულობით) კაცებაზე ვამბობთ, რომ მან ღმერთი უწოდა მამას25, რომ ის უმეცარი, მონური26 და არათაყვანსაცემია27.
10. მაცხოვარს მოჩვენებითად არაფერი უმოქმედია და არაფერი უთქვამს28, რადგან მან „ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა" (1 პეტ. 2. 22). ყოვლად დაუშვებელია იმის გაფიქრებაც კი, რომ ქრისტემ რაიმე მოჩვენებითად აღასრულა. თუ მოჩვენებითობას ერთ რამეში დავუშვებთ, ცხადია, სხვა შემთხვევებშიც ვერანაირად ვერ დავასაბუთებთ არამოჩვენებითობას.
11. ქრისტეში ბუნებათა შეერთებისას, განღმრთობილ ადამიანურ ბუნებას არ დაუკარგავს თავისი საზღვრები. ასევე, მაცხოვრის ადამიანურ ნებასა და მოქმედებას განღმრთობის შედეგად არ დაუკარგავს საზღვრები29, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანური ნება ემორჩილებოდა საღმრთო ნებას30, ანუ ის არ გამხდარა ყოვლისშემძლე31 და არ აღასრულებდა საღმრთო მოქმედებებს, რადგან, როგორც საღმრთო ბუნება არ ტირის, ისე კაცობრივი ბუნება არ აღადგენს ლაზარეს.32
12. ძე ღმერთმა მიიღო რა ადამიანური ბუნება (იგივე მონური ბუნება, ანუ „მონის ხატი" (ფილიპ. 2.7)), არ მიუღია მონის ჰიპოსტასი33, ამიტომაც პირდაპირი გაგებით, მაცხოვრის კაცება არ იყო მონა34, რადგან მონობა წარმოაჩენს ერთი ჰიპოსტასის მეორისადმი მიმართებას და არა ბუნების თვისებას35, თუმცა შეერთებას მონის ხატი (მონის ბუნება36) არ განუქარვებია37. მაცხოვრის მონური (კაცობრივი) ბუნება სრულად ემორჩილებოდა საღმრთო ნებას და სწორედ ამ ბუნებით ემონებოდა38 უყვედრელ ვნებებს და გახდა ჩვენი ხსნის მსახური.
1 „თვით ღმერთი-სიტყვის ჰიპოსტასი წარმოჩნდა ხორცის ჰიპოსტასად და ჰიპოსტასი სიტყვისა, თავდაპირველად მარტივად მყოფი, შედგენილი ხდება, ხოლო შედგენილი – ორი სრული ბუნებისაგან, ღმრთეებისა და ადამიანობისაგან" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 389);
„ვაღიარებთ რა ერთსა და იმავე იესო ქრისტეს, ჩვენს უფალს, სრულ ღმერთად და სრულ კაცად, ვამბობთ რომ მასვე, ერთსა და იმავეს, აქვს ყოველივე ის, რაც მამას, გარდა უშობელობისა, და აქვს ყოველივე ის, რაც – პირველ ადამს, გარდა ცოდვისა" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 396).
2 „შეუძლებელია, რომ ნაკლულოვან ბუნებას მყოფობა ჰქონდეს" (წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ.405).
3 „ვაღიარებთ, რომ უფალმა მიიღო ყველა ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულება, რადგან მიიღო მან მთლიანი ადამიანი და ყოველივე ადამიანისეული, გარდა ცოდვისა" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 413).
4 „როგორც ცვალებადობისა და გარდაქმნის გარეშე ვაღიარებთ განკაცებას, ამგვარადვე ვადიდებთ ხორცის განღმრთობასაც" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 409). 5 „დაიცვა რა შეერთებამ შეერთებულნი სწორედ იმგვარნი, რაგვარნიც შეერთდნენ, ვამბობ კი არა მხოლოდ ქრისტეს ღვთიურობას, არამედ – ადამიანობასაც" (წმ. იოანე დამასკელი, „იაკობიტთა წინააღმდეგ", ციტატა „საეკლესიო დოგმატიკა და ერესებიდან", გვ. 602); „შეინარჩუნა რა შეერთებამ შეერთებულნი იმგვარნივე, როგორებიც შეერთდნენ, კერძოდ – არა მხოლოდ ღმერთობა ქრისტესი, არამედ – ადამიანობაც" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", გვ. 396).
6„ვცნობთ ბუნებათა შეერთებასა და ურთიერთში მათ დამტევნელობას, მაგრამ ამით არ უარვყოფთ მათ განსხვავებას, არამედ აღვრიცხავთ კიდეც მათ და განუყოფლადაც ვიცით ისინი, ამგვარადვე ვცნობთ ნებათა და მოქმედებათა შეკავშირებულობასაც და შევიცნობთ მათ განსხვავებულობასაც" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", გვ. 403);
„დაცულია როგორც მისი ერთი ჰიპოსტასი, ასევე ბუნებათა არსობრივი განსხვავებაც. მაგრამ როგორღა შენარჩუნდებოდა განსხვავება, თუკი არ შენარჩუნდებოდნენ ისინი, რომლებსაც ურთიერთში სხვაობა აქვთ? განსხვავება ხომ განსხვავებულთა სხვაობაა!" (იქვე, გვ. 384);
„რაოდენობა განსხვავებულთათვის არის და შეუძლებელია არაფრით განსხვავებულთა აღრიცხვა, აღირიცხებიან კი იმის მიხედვით, რითაც სხვაობენ" (იქვე, გვ.390).
7წმ. მაქსიმე აღმსარებელი პიროსს მიუგებს, რომ ქრისტეში ბუნებებსა და მათ თვისებებს არაფერი აქვთ საერთო, გარდა ჰიპოსტასისა (იხ. წმ. მაქსიმეს პაექრობა პიროსთან).
8„ვამბობთ რა ღმრთეებას, არ ვაკუთვნებთ მას ადამიანობის თვისებებს ... ასევე, არც ხორცს ანუ ადამიანობას განვუჩინებთ ღმრთეების თვისებებს" (წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, გვ. 385);
„არცა კუალად კაცობრივსა ბუნებასა მივაჩემებთ ღმრთეებისა საქმეთა" (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი „წინამძღუარი (სარწმუნოებისათჳს)", 2007, გვ. 200);
„ვითარცა არა იხილვებიან თჳთებანი ჴორცთანი პირველითგანისა სიტყჳსა შორის, ეგრეთვე კუალად არცა თჳთებანი ღმრთეებისანი ბუნებასა შინა ჴორცთასა განიცდებიან" („ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში", ჩანტლაძე ა. 1997, გვ. 191).
9„ჴორცნი იგი საუფლონი დაღაცათუ განღმრთდეს, არამედ თჳსისა ბუნებისაგან არა იცვალნეს, არცა წესთა მათგან ბუნებითთა, რამეთუ შემდგომად შეერთებისაცა ეგნეს ბუნებანი შეურევნელ და თჳთებანი მათნი უვნებელ" (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი, 2007, გვ. 226).
10„უფლის ხორცი გამდიდრდა საღვთო მოქმედებებით სიტყვასთან მისი უანკარესი ანუ ჰიპოსტასური შეერთების შედეგად, არანაირად არ განუცდია რა მას დაცილება იმათგან, რაც ბუნებითად თვისობრივია მისთვის, რადგან არათუ საკუთარი მოქმედების მიხედვით, არამედ მასთან შეერთებული სიტყვის მიზეზით იყო იგი საღვთოთა მოქმედი" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 409);
„ხოლო ჴორცნი უფლისანი საღმრთოთა მოქმედებათა მიერ განმდიდრდებოდეს სრულიადითა მით სიტყჳსამიმართითა შეერთებითა, რომელ არს გუამოვნებითი, არასადა თავსმდებელნი ჴუებულებისანი ბუნებითთა საქმეთა თჳსთაგან, რამეთუ არა თჳსისა მოქმედებისაებრ, არამედ მათდა შეერთებულისა სიტყჳსაებრ მოქმედებდეს საღმრთოთა, რამეთუ მათ მიერ აჩუენებდა სიტყუაჲ მოქმედებასა თჳსსა". (იქვე, გვ. 202-203 (წმ. არსენ იყალთოელის თარგმანი));
„მას თავადსაცა ესევე აქუნდა ბუნებითა კაცობრივითა, რამეთუ დაღაცათუ განემდიდრა კაცობრივი ბუნებაჲ თჳსი შეერთებითა მით ბუნებასა საღმრთოსა და უზესთაესსა, არამედ არავე წარეწყმიდნეს თჳთებანი თითოეულისა ბუნებისანი" (წმ. ანდრია კრიტელი, „სიტყუაჲ ლაზარესათჳს, ოთხ-დღე მომკუდრისა, რომელი-იგი აღადგინა უფალმან", გრაგნილი, VI, 2018, გვ. 48).
11„ყოვლისავე ბუნებისა შემსწავებელობითი და სხუათაგან განმრჩეველობითი არს ბუნებითი მოქმედებაჲ მისი, რომლისა აღებითა უეჭუელად თანა-აღიღებვის და წარწყმდების ბუნებაჲცა. რამეთუ აღიღო რაჲ მწუველობაჲ, დაივსების ცეცხლი" (დოგმატიკონი I, წმ. ანასტასი სინელი, წინამძღუარი, 2015, გვ. 97); „ორნი სახელნი ქრისტეს არსებათანი, რომელ არიან ღმერთი და კაცი, ბუნებითთაგან მოქმედებათა მათთა მქონებელ არიან სახელთა" (იქვე, გვ.99); „აუცილებელია, რომ ბუნების ორმაგობის გამო ორი მოქმედება ვთქვათ ქრისტესთან დაკავშირებით, რადგან რომელთა ბუნებაც სხვადასხვაგვარია, მათი მოქმედებაც განსხვავებულია, და რომელთა მოქმედებაც სხვადასხვაგვარია, მათი ბუნებაც განსხვავებულია" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 403);
„ცხადია, რომ შეუძლებელია მოქმედების გარეშე ბუნების არსებობაც და მისი შეცნობაც, რადგან რითაც მოქმედებს ყოველი [ქმნილება], იმით ამტკიცებს იგი საკუთარ ბუნებას, ეს კი ისაა, რაც უცვლელია" (იქვე, გვ. 405).
12„ორი ბუნების შესაბამისად, ორმაგი აქვს მას ის, რაც ბუნებითია ამ ორი ბუნებისათვის: ორი ბუნებითი ნებელობა, – საღვთო და ადამიანური; ორი ბუნებითი მოქმედება, – საღვთო და ადამიანური; ორი ბუნებითი თვითუფლებრივობა, – საღვთო და ადამიანური; სიბრძნე და ცოდნა, – საღვთო და ადამიანური" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 396).
13„საცოდნელია, რომ რაოდენობა განსხვავებულთათვის არის და შეუძლებელია არაფრით განსხვავებულთა აღრიცხვა, აღირიცხებიან კი იმის მიხედვით, რითაც სხვაობენ. ... ასე რომ, რაოდენობა განსხვავებულთათვის არის და რა სახითაც სხვაობენ განსხვავებულნი, იმ სახით აღირიცხებიან კიდეც" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 390).
14„საჭიროა, რომ ყოვლითურთ ბუნებათა შესაბამისი იყოს ის, რაც ბუნებისეულია" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 405); „ბუნებათა მოქმედებები შეერთებულია და ამ შეერთებაში ორივე მოქმედებს თავისთვის თვისობრივს" (იქვე, გვ. 412).
15„შეუძლებელია მოქმედების გარეშე ბუნების არსებობაც და მისი შეცნობაც" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 405).
16„თუ ვაღიარებთ ქრისტეში ორ ბუნებას, მაშინ უნდა ვაღიაროთ მათგან გამომდინარე ორი მოქმედებაც, ეს მოქმედებები კი ერთი მხრივ, საღმრთო ბუნების მიხედვით, თანასწორი უნდა იყოს მამისა, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანური ბუნების მიხედვით, თანასწორი უნდა იყოს ჩვენი, ადამიანებისა" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 403);
„ბუნებათასა უკუე მოქმედებაყოფასა ვირწმუნებთ, ხოლო ამათსა განყოფილებასა წულილმოგონებით ვხედავთ, არა საქმითისა განკუეთისა ანუ განწვალებისა მათისა მომგონებელნი" („ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში", ჩანტლაძე ა. 1997, გვ. 143).
17„არათუ იმას ვამბობთ, რომ განყოფილია მოქმედებანი ანდა იმას, რომ განყოფილად მოქმედებენ ბუნებანი, არამედ იმას, რომ შეერთებულია ისინი, და რომ თითოეული მათგანი სწორედ მეორესთან ზიარებაში მოქმედებს მისთვის თვისობრივს" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 412); „საერთოა ორივე მათგანი ორივესათვის, ნაცვალბოძების გვარ-წესის კვალობაზე, ნაწილთა (=ბუნებათა) ურთიერთდამტევნელობისა და ჰიპოსტასური შეერთების შედეგად, ვინაიდან თითოეული ხატება მეორესთან თანაზიარებაში მოქმედებს იმას, რაც მას თვისობრივად აქვს" (წმ. იოანე დამასკელი, „იაკობიტთა წინააღმდეგ", ციტირებული „საეკლესიო დოგმატიკასა და ერესებში" (2016), გვ. 507);
„ითქუმიან თჳთებანი თითოეულისანი საკუთრად უკუე და პირველად მისდად, რომლისანი-იგი არიან, ხოლო მეორედ სხჳსაცა ერთგუამისა თჳსისა ბუნებისად არსებისათჳს შეერთებისა" („ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში", ჩანტლაძე ა. 1997, გვ. 128).
18„სიტყუაჲ ... ჴორცთა მათ მისცემს თჳსთა დიდებულებათა სახითა მით ურთიერთას მიცემისაჲთა ერთობისა მისთჳს გუამისა" (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, „წინამძღუარი (სარწმუნოებისათჳს)", 2007, გვ. 197);
„აი, ეს არის ნაცვალბოძების წესი, როდესაც თითოეული ბუნება მეორეს სანაცვლოდ აძლევს საკუთარს, ჰიპოსტასის იგივეობის და მათი ურთიერთდამტევნელობის გამო. ამის მიხედვით ძალგვიძს ქრისტეს შესახებ თქმა: ეს ჩვენი ღმერთი მიწაზე გამოჩნდა (ბარუქ. 3. 36, 38). და აგრეთვე: ეს კაცი შეუქმნელია, უვნებოა და გარეშეუწერელია"(წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 386); „განიკუთვნებს სიტყვა ადამიანურ [თვისებებს], რადგან მისია ის, რაც მისი ხორცისაა, თავისას კი ხორცს გადასცემს, ნაცვალბოძების წესისამებრ, ნაწილთა ურთიერთდამტევნელობისა და ჰიპოსტასისმიერი ერთობის შედეგად და, აგრეთვე, იმიტომ, რომ ერთი და იგივე იყო ის, ვინც მოქმედებდა საღვთოსაც და ადამიანურსაც თითოეულ ხატებაში მეორესთან თანაზიარებით" (იქვე, გვ. 384).
19„არცა კუალად კაცობრივსა ბუნებასა მივაჩემებთ ღმრთეებისა საქმეთა" (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, „წინამძღუარი (სარწმუნოებისათჳს)", 2007, გვ. 200); „შეუძლებელ არს რომლისავე ბუნებისაგან ჴუმევაჲ მის საქმისაჲ, რომლისაჲ არა ბუნებითად მიეღოს ძალი" (დოგმატიკონი, წმ. იოანე დამასკელი, „ქრისტეს შორის ორთა ნებათათჳს და მოქმედებათა და სხუათა ბუნებითთა თჳთებათა გარნა შემოკლებული და ორთა ბუნებათათჳს და ერთისა გუამისა", ხელნაწერი S 1463, 134 r; „რითაც მოქმედებს ყოველი [ქმნილება], იმით ამტკიცებს იგი საკუთარ ბუნებას, ეს კი ისაა, რაც უცვლელია" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 405); „ბუნებითი საქმე (= მოქმედება) არა ოდეს შეიცვალების" (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, „წინამძღუარი (სარწმუნოებისათჳს)", 2007, გვ. 279.
20„უფლის ბუნებანი შეურევლად შეერთებულნი არიან ჰიპოსტასის მიხედვით და განუყოფლად განყოფილნი – განსხვავების ნიშნით და გვარით. ... რა სახითაც განუყოფლად განიყოფვიან ისინი, [იმ სახით] აღირიცხებიან, რადგან ორია ბუნება განსხვავების ნიშნით და გვარით" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 426).
21„გუამოვნებით შეერთებულ არიან ბუნებანი ქრისტესნი და აღირიცხუვიან მის შორის სიტყჳთა და სახითა განყოფისაჲთა, და არარაჲთ სახითა განიწვალებიან, თჳნიერ მოგონებითა ოდენ, რაჟამს გონებამან განყვნის საქმითითა მოქმედებითა განუშორებელნი იგი" („წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მონაზონისა და ხუცისა დამასკელისაჲ სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელებისათჳს და შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსსა", ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები, I, 2010, გვ. 273).
22„გვმართებს ვიცოდეთ, რომ სხვა არის საქმით ჭვრეტა და სხვა –აზრით და გონებით. ყველა ქმნილების შესახებ გვამოვნებათა განყოფა საქმით განიჭვრიტება, ... მაგრამ საერთოობა, შეკავშირებულობა და ერთიანობა აზრითა და გონებით განიჭვრიტება, რადგან გონებით მოვიაზრებთ, რომ პეტრე და პავლე ერთი ბუნებისა არიან ... მაგრამ წმინდა, ზეარსი, ყოვლის მიღმიერი და აღუქმელი სამების შესახებ პი რიქითაა, რადგან იქ საერთოობა და ერთიანობა საქმით განიჭვრიტება ... მეორე მხრივ, გონებით განიჭვრიტება განყოფადობა, რადგან ერთი ღმერთი ვიცით, მაგრამ – მხოლოდ მამობის, ძეობისა და გამომავლობის თვისებებში" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 332-333);
„სხუაჲ არს საქმით ხილვაჲ და სხუაჲ არს გონებით გულისჴმისყოფაჲ. ... ერთობაჲ წმიდისა სამებისაჲ საქმით საცნაურ არს, ხოლო განყოფილებაჲ იგი გუამოვნებისაჲ გონებით გულისჴმა-იყოფების, რამეთუ ერთი ღმერთი ვიცით, ხოლო თჳთებითა ოდენ გუამოვნებისაჲთა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელ თითოეული სრული გუამოვნებაჲ არს, ამით ხოლო სახითა განყოფილებასა გულისჴმა-ვყოფთ" (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, „წინამძღუარი (სარწმუნოებისათჳს)", 2007, გვ. 179-180). 23„უმეცარ არიან, ვითარმედ რაოდენნი-რაჲ არა მხოლოდ ხედვითა ოდენ გონებისაჲთა განიყოფებიან, ესენი უეჭუელად ყოვლითურთ განთჳსებულისა სხუაობისა და თჳსაგანისა ურთიერთას განყოფილებისა მომგებელ არიან. ხოლო იყავნ ჩუენდა მაგალით კუალად ჩუენშორისი კაცი, რამეთუ ორთა გულისჴმა-ვჰყოფთ მის ზედაცა ბუნებათა: ერთსა – სულისასა და სხუასა – ჴორცთასა. არამედ წულილადთა შინა განვჰყოფ მოგონებათა და ვითარცა წულილადთა შინა ხედვათა, ესე იგი არს, ოცნებათა გონებისათა მიმთუალველნი განყოფილებისანი არა კიდეს-კიდე დავსხამთ ბუნებათა, არცა განკუეთილებისა მისთჳს გუსურის ყოვლითურთ განყოფად ძალისა მათისა, არამედ ერთისად გულისჴმა-ვჰყოფთ მათ; ვინაიცა ორნივე იგი არღარა არიან ორ, ვინაჲთგან ორთაგანვე ერთი შეისრულების ცხოველი" („ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში", ა. ჩანტლაძე, 1997, გვ. 92);
„ვითარცა იტყჳს ღმრთისმეტყუელი გრიგოლი, რაჟამს ბუნებანი განითჳსვოდინ წულილმოგონებითა, თანაგანიყოფვიან სახელნიცა, რაჲთა იყოს წულილმოგონებით სათქუმელი იგი განყოფაჲ წინაუკმო მოქმედებითისა განყოფისა" (იქვე, გვ. 143);
„Если кто, исповедуя число естеств в одном и том же Господе нашем Иисусе Христе, т. е. в воплотившемся Боге-Слове, не в представлении только принимает различие этих (естеств), из которых Он и состоит, (различие) не уничтожившееся чрез соединение, но употребляет это в смысле разделения на части: тот да будет анафема". (Деяния Вселенских соборов, Т. 5. Собор Константинопльский, 2-й, Вселенский пятый, Казань 1913, стр. 304;
„Однако они остались в неведении, что предметы, которые принято разделять не только в умозрении, вполне могут отступить друг от друга в такое различие, какое будет всецелым отделением и различием в собственном смысле. И пусть для нас снова примером будет сообразный нам человек. А именно, хотя мы и усматриваем у него две природы, одну – души, другую – тела, однако, разделяя их простыми помышлениями и принимая их отличие только в тонких умозрениях или мысленных представлениях, мы не полагаем эти природы по отдельности и уж конечно не допускаем возможности их совершенного разделения, но понимаем, что принадлежат они одному, так что эти две [природы] уже не две, но через ту и другую образуется одно живое существо" (Богословский вестник издаваемый Московской Духовной Академией и Семинарией, № 10, Сергиев Посад, 2010, стр. 2010).
24„ხოლო ვინაჲთგან ესმოდის რაჲ მბრძოლთა მართლმადიდებლობისათა წმიდისა კჳრილესაგან მეტყუჱლისა, ვითარმედ წულილადთა წულილმოგონებათა მიერ განმყოფელნი და ვითარმედ კუალოვნებითთა ხედვათა შინა, ესე იგი არს, ოცნებათა გონებისათა მიმთუალველნი განყოფილებისანი არა თჳს-თჳსად დავასხამთ ბუნებათა, არცა უტევებთ ურთიერთას განჭრასა მათსა. ამის შემდგომად წმიდისა გრიგოლის მეტყუჱლებაჲ, ვითარმედ „რაჟამს ბუნებანი განითჳსვოდიან წულილმოგონებითა თანაგანიყოფვიან სახელნიცა", იგინი გარდაჰგულარძნიან გონებასა მოძღურეულთა ამათ სიტყუათასა და არღარა განთჳსვასა იტყჳან წულილმოგონებისა მიერ, არამედ თჳთ მათ ბუნებათასა წულილადითა წულილმოგონებითა სახილველყოფასა დაამტკიცებენ, რომელთა ეკითხვოდედ თუ რაჲსა განხილვაჲ ჰნებავს მათთჳს წულილმოგონებასა, რაჟამს შემდგომად შეერთებისა ხედვასა ჰგონებენ მათსა, რომელთაგან არს ქრისტე, ვითარცა იტყჳან, მყოფთა საქმეთა და ქუჱდმდებარეთა ხედვაჲ ქრისტეს შორის ანუ არა მყოფთა, არცა ქუჱდმდებარეთაჲ, ჭეშმარიტთა და მდგომარეთაჲ ანუ მონაპოვნებთა. აწ უკუე, უკუეთუ ჭეშმარიტთა და მდგომარეთა და ქუჱდმდებარეთა საქმეთა ჰხედავს წულილმოგონებაჲ ქრისტესა შორის, უეჭუჱლად – ორთა ქუჱდმდებარეთა შემდგომად შეერთებისა. ხოლო უკუეთუ არაჭეშმარიტთა, არცა მყოფთა წულილმოგონებაჲ მოიპოებს და ჰხედავს, ამაოდ იჩემებენ ორთაგანობასაცა ლიტონთა წულილმოგონებათა მიერ მეშჯულენი შეერთებისანი, რომელსა არარაჲ აქუს ქუჱდმდებარე. რამეთუ უკუეთუ აქუს რაჲმე ქუჱდმდებარე ხედვასა და არა ლიტონი მოპოვნებაჲ არს შეერთებაჲ, არამედ საქმეთა მდგომარეთაჲ, უეჭუჱლად და შემდგომადცა შეერთებისა არასადმე უარ-იქმნეს სახილველობაჲ შეერთებულთაჲ, არათუ უჩინო-ქმნაჲ და შერევნაჲ, შეცვალებაჲ ანუ ქცეულებაჲ შეუდგა შემდგომად შეერთებისა. ხოლო ვინაჲთგან განყოფილებისაცა აღსაარებასა მგონებელ არიან, უწყოდედ, ვითარმედ პირველ ქუჱდმდებარეთა ბუნებათა მიმართ მოიგონებვიან განყოფანი" (დოგმატიკონი, წმ. იოანე დამასკელი, „გამოკრებანი წამებათანი", ხელნაწერი S 1463).
25„არ უთქვამს: „ჩვენი ღმერთის", არამედ: „ჩემი ღმერთის" (თუკი დაწვრილმანებული ჩაძიებით განყოფ ხილულს გონებისეულისგან)" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 426).
26„თუ წარმოდგენაში გავმიჯნავთ ჭეშმარიტად განუყრელთ, ე. ი. [თუ გავმიჯნავთ] ხორცს სიტყვისგან, მაშინ ითქმება იგი „მონადაც" და „უმეცრადაც", რადგან მონური და უმეცრებითი ბუნებისაც იყო და რომ არ შეერთებოდა ღმერთ-სიტყვას ხორცი, მონური იქნებოდა ის და უმეცარი, მაგრამ, ღმერთ-სიტყვასთან ჰიპოსტასური შეერთების გამო, აღარც მონა იყო და აღარც უმეცრებდა. ამგვარადვე უწოდა მან, აგრეთვე, მამას თავისი ღმერთი" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 450).
27„თუ დაწვრილმანებული ჩაძიებით განვყოფთ ხილულს გონებისეულისგან, უფლის ხორცი თავისი ბუნებით არათაყვანსაცემი იქნება, როგორც ქმნილი" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 422).
28„უფალი იმას წარმოაჩენს, რაც ნამდვილია, რადგან არაარსებულს როდი უწოდებდა იგი არსებულად, ისე თითქოს მოჩვენებითად ხდებოდა, რასაც ამბობდა, არამედ ბუნებითად და ჭეშმარიტად მოხდა ყოველივე". და შემდეგ: „მაგრამ ღმრთეება არანაირად არ შეიწყნარებს ვნებულებას ვნებული სხეულის გარეშე, არც შეძრწუნებასა და მწუხარებას ავლენს იგი შეწუხებული და შეძრწუნებული სულის გარეშე, არცთუ მშფოთვარებს და ლოცულობს მშფოთვარე და მლოცველი გონის გარეშე; თუმცა არათუ ბუნების ძლეულობის გამო აღესრულებოდა ეს მოვლენები, არამედ ნამდვილობის წარმოსაჩენად ხდებოდა ის, რაც მოხდა" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 416-417);
29„ისევე როგორც ხორცი განიღმრთო და არ განუცდია მას საკუთარი ბუნების ცვლილება, ამგვარადვე ნებაცა და მოქმედებაც განიღმრთო, არ გადასულან რა ისინი საკუთარ საზღვრებს" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 403).
30„მისი ადამიანური ნება მიჰყვება და არ ეწინააღმდეგება და არ ებრძვის, არამედ ექვემდებარება მის ღვთაებრივ და ყოვლისშემძლე ნებას" (VI მსოფლიო კრების დოგმატიდან, საქართველოს ეკლესიის 1987 წლის კალენდარი, გვ. 125); „მორჩილ იქმნა უფალი მამისა ვიდრე სიკუდილადმდე, და სიკუდილითა ჯუარისაჲთა. აწ უკუე მორჩილებაჲ საქმე არს ნებისაჲ. ხოლო მორჩილ იქმნა უფალი მამისა ვიდრე სიკუდილადმდე. ამას არა ღმრთეებისათჳს იტყჳს, არამედ კაცებისა" (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, „წინამძღუარი (სარწმუნოებისათჳს)", 2007, გვ. 218-219).
31„უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ზედა ვინაჲთგან ორნი ბუნებანი, ორნი არიან ბუნებითნიცა ნებებანი, რაჲთა იყოს ღმერთი სრული და კაცი სრული, არარაჲთ ნაკლულევანი თჳთებათაგან ღმრთეებისათა, არცა კაცებისათა, და ორნი ნებანი და თითოსახენი ნებანი თითოსახეობისაებრ ბუნებათაჲსა, საღმრთოჲ და ყოვლადძლიერი, არამედ უძლურიცა და ვნებული, რამეთუ ვნებულ და უძლურ არს კაცობრივი ნებაჲ" (წმ. იოანე დამასკელი. „ქრისტეს შორის ორთა ნებათათჳს და მოქმედებათა და სხუათა ბუნებითთა თჳთებათა გარნა შემოკლებული და ორთა ბუნებათათჳს და ერთისა გუამისა". თარგმანი არსენ იყალთოელისა. S 1463. დოგმატიკონი. 134r); „ვინაჲცა საჭიროდ უჴმს მათ, რომელნი ორთა იტყჳან ბუნებათა მისთა, ორთა თქუმაჲ ბუნებითთაცა ნებათა მისთაჲ, რომელ არიან მნებებელობითნი ძალნი. რამეთუ აქუს ვითარცა ბუნებით ღმერთსა ნებაჲ საღმრთოჲ ყოვლადძლიერი და ვითარცა ბუნებით კაც ქმნილსა კაცობრივი ნებაჲ, რომლითა ინება დაფარვაჲ შესრულმან სახიდ და ვერ უძლო, რამეთუ არარაჲ, ვითარ ვჰგონებ, შეუძლებელობაჲ წარაწერონ საღმრთოსა ბუნებასა" (წმ. იოანე დამასკელი. „ქრისტეს შორის ორთა ნებათათჳს და მოქმედებათა და სხუათა ბუნებითთა თჳთებათა გარნა შემოკლებული და ორთა ბუნებათათჳს და ერთისა გუამისა". თარგმანი არსენ იყალთოელისა. S 1463. დოგმატიკონი. 137 v); „ქრისტემ… ინება დაფარულიყო, ვერ შეძლო ეს, სათნოიჩინა რა ღმერთმა-სიტყვამ, რომ თავისი თავის მიერ გაეცხადებინა მასში ჭეშმარიტად მყოფი უძლურება ადამიანური ნებისა" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 410).
32„ვის აღმოუჩენია ისეთი მოქმედება, ბუნებითი ძალის მოძრაობა რომ არ იყოს იგი? ნეტარი კირილეს თანახმად, არავინ გონიერთაგანი არ დაუშვებს „ღვთისა და შენაქმნის ერთ ბუნებისეულ მოქმედებას", რადგან არც ადამიანური ბუნება აცოცხლებს ლაზარეს, არც საღვთო უფლებრივობა ღვრის ცრემლს, არის რა ცრემლი თვისება ადამიანობისა, სიცოცხლე კი – ჰიპოსტასური სიცოცხლისა. მაგრამ თითოეული მათგანისთვის ორივე საზიაროა ჰიპოსტასის იგივეობის გამო, ისევე როგორც ხორცის სიმდაბლენი საზიარო იყო ორივესათვის, რადგან ერთი და იგივეა ის, ვინც ესეც არის და ისიც" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 405).
33„Сын Божий, по благоволению Отчему став Человеком, воспринял человеческую природу и естественное человеческое воление, ипостас же человеческую не принял" (Преп. Иоанн Дамаскин. „О свойствах двух природ во едином Христе Господе нашем, а попутно и о двух волях и действиях и одной ипостаси". azbyka.ru
34„ნართაულად ითქუმის მისთჳს მონებაჲ, ხოლო საკუთრებით იგი არა მონა არს" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 213).
35„უნდა ვიცოდეთ, რომ არც მისი მონად თქმა ძალგვიძს, რადგან მონობისა და მეუფეობის სახელი ნიშნეულობაა არა ბუნებისა, არამედ – მიმართებითობათა, როგორც, აგრეთვე – მამობისა და ძეობის სახელი, რამეთუ ესენი გვიცხადებს არა არსებას, არამედ მოთვისეობას" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 414); „ესენი (საუბარია მონობაზე, მამობაზე, ძეობაზე და ა. შ) არა მარტივად სათქუმელთაგანნი არიან, არამედ სხჳსა მიმართად".(იქვე, გვ. 213).
36„რომელი ხატი ღმრთისაჲ იყო, ხატი მონისაჲ მიიღო ჩუენთჳს. ხოლო ხატი ღმრთისაჲ არსებასა ცხად-ჰყოფს ღმრთისასა, ვითარ-იგი ხატი კაცისაჲ ბუნებასა ცხად-ჰყოფს კაცისასა. (დოგმატიკონი, I, წმ. ანასტასი სინელი, „წინამძღუარი", 2015, გვ. 212).
37„ჵ გამოუთქუმელობასა თანაშთამომავალობისასა! ჵ უზომოებასა კაცთმოყუარებისასა! მეუფემან მონაჲ არა განაგდო, მფლობელმან მორეწე არა განსთხია, ღმერთმან თიჴაჲ არა მოიძაგა" (წმ. იოანე დამასკელი, „სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელებისათჳს და შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსსა", ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები, I, გვ. 267); „ვითარ-იგი არა მოსპო ხატი მონისაჲ ხატმან ღმრთისამან, ეგრეთვე ხატი ღმრთისაჲ არა ბიწიან-ყო ხატმან მონისამან" („ეპისტოლე წმიდათაგანისა პაპა ლეონისი წმიდათაგანისა ფლაბიანეს მიმართ კონსტანტინუპოლელ ეპისკოპოსისა", თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები, VII, 2016, გვ. 252);
„სიტყუანი სიმდაბლისანი წერილთა შინა ქრისტესთჳს იპოებიან, ვითარ მონებაჲ და უმეცრებაჲ და წარმატებაჲ და სრულებაჲ და სხუაჲ ესევითარი, ყოველი ბუნებასა მას კაცობრივსა მიეჩემების, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ სრული ღმერთი იყო და სრული კაცი (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, „წინამძღუარი (სარწმუნოებისათჳს)", 2007, გვ. 228).
38„ის, უვნებოდ მყოფი, ჩვენს გამო ვნებულებებს დაემონა და გახდა მსახური ჩვენი ხსნისა" (წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", 2000, გვ. 415). ავტორები: დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე
დეკანოზი ბესარიონ მენაბდე
დეკანოზი გიორგი ბერიშვილი უკან დაბრუნება |