მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > გამომსყიდველი მსხვერპლის რაობისათვის

გამომსყიდველი მსხვერპლის რაობისათვის


11-01-2021, 19:29

 

 

 

   1. წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა ერესი ამა თუ იმ სახით უარყოფს ან ამახინჯებს გამოსყიდვის დოგმატს. გამომსყიდველი მსხვერპლის გარეშე მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლება კარგავს თავის აზრს. ვინაიდან კაცობრიობის გამოსყიდვა მხოლოდ ღმერთკაც იესო ქრისტეს ძალუძდა. ამიტომაც მართლმადიდებელი ეკლესია (წმინდა მამები და ღვთისმეტყველები) იბრძოდა და ახლაც იბრძვის ერესებთან გამოსყიდვის დოგმატის დასაცავად.

   თავის წერილში „გამომსყიდველი მსხვერპლი - ცხონების ერთადერთი იმედი" („Искупительная жертва – единственная основа спасения" (karelin.ru)) არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) სხვადასხვა რელიგიასა თუ კონფესიაში (იუდაიზმი, ისლამი, ბუდიზმი, ინდიუზმი, გნოსტიციზმი, მონოფიზიტობა, ნესტორიანელობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი) გამოსყიდვის დოგმატის დამახინჯებასა ან არ არსებობაზე საუბრობს.

   ცნობილია, რომ მოდერნისტ თეოლოგებს ძალიან აღიზიანებთ მართლმადიდებელი ეკლესიის ეს დოგმატი, მით უფრო აღიზიანებთ ის ღვთისმეტყველები, რომლებიც თავიანთ თხზულებებში დაუღალავად იცავენ ამ მართლმადიდებლურ სწავლებას.

   სოციალურ ქსელებში ვრცელდება არა ერთი ცილისმწამებლური წერილი არქიმანდრიტ რაფაელის მისამართით. ამის მიზანი, რა თქმა უნდა, პატივცემული მოძღვრის ნაშრომების დისკრედიტაციაა. პორტალ "gregory-gr” - ს რედაქციის ერთერთ სტატიაში „არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მიერ მონოფიზიტობისა და ნესტორიანობის მცდარი გაგების შესახებ" მამა რაფაელს მონოფიზიტობისა და ნესტორიანელობის ერესების მხილებას უწუნებენ შემდეგი სიტყვებით: „კარგად არ იცნობს ამ არამართლმადიდებლურ სწავლებას", „ფანატიზმის ზღვარზე მდგარი ბანალური მხილება", „ავტორის წარმოდგენიდან გამომდინარე ეს სწავლება საკმაოდ პრიმიტიული ჩანს" და მისთ.

   არქიმანდრიტი რაფაელი თავის წერილში სხვადასხვა რელიგიებსა და კონფესიებში გამოსყიდვის დოგმატისადმი დამოკიდებულების მოკლე შეფასებას იძლევა და არა მონოფიზიტობისა და ნესტორიანელობის სრულ საღვთისმეტყველო ანალიზს. რაც მთავარია, კრიტიკოსი ვერც ერთ სერიოზულ საღვთისმეტყველო შეცდომას ვერ გვითითებს, ყურადღებას მხოლოდ საკითხის გადმოცემის „პრიმიტიულობაზე" ამახვილებს. ეს კი არაჯანსაღ ოპონირებაზე, არქიმანდრიტ რაფაელის დისკრედიტაციის მცდელობაზე მიგვანიშნებს და არა სიყვარულით ნაკარნახევ ნაბიჯზე, გამოასწორებინოს მოყვასს შეცდომა (საკითხავი სწორედ ეგაა - არის კი შეცდომა?).

   ამდენად, მონოფიზიტურ და ნესტორიანულ ცრუ სწავლებათა განსაზღვრება, ციტატების სიუხვე კრიტიკის ადრესატს კი არა, თავად კრიტიკის ავტორს აგდებს უხერხულ მდგომარეობაში - „ცოდნის დემონსტრირება" სრულიად უადგილო და უდროოა მოცემულ ვითარებაში.

   ავტორსო ვამბობთ, მაგრამ ფაქტია: მასში უნდა ვიგულისხმოთ არა ერთი ადამიანი, არამედ გარკვეული მსოფლმხედველობის პიროვნებათა ჯგუფი. ჩვენ მათ მოდერნისტებს ვუწოდებთ. აშკარაა მათი მიზან-დანიშნულება. ეს გახლავთ ტრადიციული მართლმადიდებლური სწავლების მოდერნისტული მსოფლმხედველობით ჩანაცვლება. ამ ჯგუფს, რა თქმა უნდა, მარტო პატივცემული არქიმანდრიტისათვის სახელის გატეხა არა აქვს განზრახული, მეტის მიღწევა ამოძრავებს - შეფარული სურვილი აღნიშნულ კონფესიებთან ლოიალური დამოკიდებულებისა, მათთან ერთობისა. სწორედ ამ სურვილითაა გამსჭვალული წერილის მეორე ნაწილი, სადაც საუბარია „ბიზანტიურ - სომხურ საეკლესიო მოლაპარაკებებზე", „ეკლესიების გაერთიანების თაობაზე". სტატიის ავტორი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ განსხვავება ჩვენსა და მონოფიზიტებს შორის მხოლოდ„ქრისტოლოგიის", უფრო ზუსტად კი ტერმინის - „ბუნება" და „იპოსტასის" გაგებაშია და ა.შ.

   იმავე პათოსით საუბრობენ მოდერნისტები ნესტორიანელობაზე და ეძებენ კავშირს მასსა და აღმოსავლეთის ასურეთის კონფესიებს შორის; ციტირებენ მაგვაიდიდის (682) ტრაქტატს „ერთიანობის შესახებ". შემდეგ ამბობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გაერთიანების მიზნით ურთიერთობას განაგრძობს აღმოსავლეთის ასურელ ეკლესიასთან (ისევე როგორც ანტიქალკედონურ ეკლესიებთან), რომ ჯერ კიდევ გასარკვევია როგორ გვესმის ჩვენ და მათ ქრისტოლოგიური ტერმინების აზრი, რაც მომავალში ქრისტიანობის ერთობას მნიშვნელოვნად დაეხმარება; „ჩვენ მშვიდობასა და ერთობას ვეძებთ, რადგან მშვიდობისა და ერთობისკენ მოგვიწოდებს უფალი (იონ. 17, 2122)" - ამბობენ ისინი. აქ პატივცემულებმა ჩამოიხსნეს „ორთოდოქსის" ნიღაბი და აშკარად წარმოაჩინეს თავიანთი სახე.

   2. მართლმადიდებელმა ეკლესიამ IV მსოფლიო კრებაზე (ქალკედონი, 451) ექვსას ოცდაათი წმინდა მამის ბაგით ანათემას გადასცა მონოფიზიტობა. მონოფიზიტობის შიგნით მრავალი ცრუ ხედვა არსებობდა. ზოგი უკიდურესი მონოფიზიტობა იყო (ევტიქიანელობის სახით), ზოგიც - „ზომიერი" (დიოსკორეს, სევეროსის სახით). მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო სწავლება გააჩნია: ის (მონოფიზიტობა) უფალი ესო ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ ასწავლის, რომ მასში (ქრისტეში), როგორც სრულყოფილ ღმერთში, ღვთაებრიობამ დაჩრდილა და თავისთავში შთანთქა ადამიანური. ადამიანური ბუნება შეერწყა ღვთაებრივს (არსებითი მნიშვნელობა არა აქვს უკიდურესით უზომიერი სახით). სწორედ ამგვარად დარჩა ერთი, ღვთაებრივი - „მონოფიზის", აქედან - „მონოფიზიტობა" (დეკ. მ. პამაზანსკი). ეს სწავლება გახლდათ ერთგვარი რეაქცია წინამორბედ ნესტორის ერესზე, რომელიც იესო ქრისტეში ადამიანური ბუნებისკენ ძლიერ გადაიხარა და ქრისტეს საკუთარ თავში ღვთაებრიობის მატარებელად ამიანად წარმოაჩენდა. ამიტომაც VI მსოფლიო საეკლესიო კრების (ტრულის, სხვაგვარად V-VI) განსაზღვრებაში (1 კანონი) ქრისტოლოგიური დოგმატის დარღვევის ყველა სახის მხილებაა: „... ხოლო ნესტორის უგუნურ გაყოფას, როგორც საღვთო განგებულებისაგან განშორებულს, უარვყოფთ, რამეთუ ის ასწავლის, რომ ერთი ქრისტე არის ცალკე ღმერთი... მართლმადიდებლები ვაღიარებთ: ექვსას ოცდაათი ღვთივრჩეული მამის მიერ ჩამოყალიბებული რწმენის აღმსარებლობას, რომლითაც მთელ ქვეყნიერებას საზეიმოდ ეუწყა ერთი ქრისტე ძე ღვთისა, ორი ბუნებისაგან შემდგარი და ამ ორბუნებაში განდიდებული, ხოლო ამაოდ მბრძნობი ევტიქი, რომელიც ამბობდა, რომ „საცხოვრებელი განგებულებაჲ საიდუმლოებისაჲ" შედგა მოჩვენებითად, როგორც რაღაც საზარელი და როგორც ჭირი, ამ კრებამ ეკლესიის წმინდა ზღუდეთგან განთხია; მასთან ერთად ნესტორიცაა და დიოსკორეც, რომელთაგან ერთი ქრისტეში ბუნების გაყოფის დამცველი და ქომაგი იყო, მეორე კი პირიქით - ბუნებათა შერევის, და რომლებიც უსჯულოების ურთიერთსაწინააღმდეგო ქვეყნებიდან უღმერთოებისა და წარსაწყმედელის ერთ უფსკრულში შთავარდნენ".

   ორივე უკიდურესობა (მონოფიზიტობა და ნესტორიანელობა) ამახინჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის შესახებ. საქმეისაა, რომ ადამიანის დაცემის შემდეგ, ცოდვამ დაანგრია თავდაპირველი განგებულება - ადამიანის პირდაპირი და უშუალო აღმასვლა ღმერთთან. ვლ. ლოსკის თქმით, „კოსმოსში გაჩნდა კატასტროფული ნაპრალი, ამ ჭრილობას მკურნალობა ესაჭიროებოდა. ამიტომ კაცობრიობის გამოსყიდვა მხოლოდ ღმერთისგან კაცებით იყო შესაძლებელი, ვინაიდან საკუთარი თავის ხსნა ადამიანს არ შეუძლია. სწორედ ეს სწავლება გადმოგვცა მოლედ პატივცემულმა და ღვაწლმოსილმა არქიმანდრიტმა რაფაელმა.მოდერნისტები ცდილობენ სომხურ მონოფიზიტობასთან კავშირის არსებობაშიც დაგვარწმუნონ, სევეროსის მწვალებლობა უფრო რბილ ფორმებში წარმოაჩინონ. სევეროსის ერესის შესახებ იერუსალიმის წმინდა პატრიარქი სოფრონი მოწმობს: „თუ გინდ მონოფიზიტობის ინტერპრეტატორი სევეროს ანტიოქიელის სწავლება ავიღოთ - ერთიანი, ერთი ქრისტეს რთული ბუნების შესახებ. მას უდავოდ მივყავართ მარადიულ წარწყმედამდე. (Св. Софроний иерусалимский. Луч духовный. СПБ. 2001).

   რაც შეეხება სომეხ მონოფიზიტებს, პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი წერს: „ისინი კონტექსტიდან ამოგლეჯილად და არასწორად განმარტავენ წმ. კირილე ალექსანდრიელის ცნობილ გამონათქვამს (სიტყვის ერთი ბუნება, განხორციელებული), სწამთ, რომ IV მსოფლიო საეკლესიო კრებამ უარყო წმ. კირილეს სწავლება და წმ. ლეონ რომის პაპის ნესტორიანული სწავლება შემოიღო. ერთი რამ უდავო ფაქტია: სომხურმა მონოფიზიტობამ უარყო IV, V, VI, VII მსოფლიო კრებები. ეს დაადასტურა სომხეთში ვანკარშაპატში (491 წ) დადვინაში (527 წ) შემდგარმა ეპისკოპოსთა კრებებმა. სომხებს შორის იყვნენ ქალკედონის მსოფლიო კრებების მომხრენი, მაგალითად, კათოლიკოსი იოანე მანდაკუნი (478-490 წ.) შემდეგშიც იყვნენ ისეთები, რომლებიც უარყოფდნენ მონოფიზიტურ ერესს, მაგრამ საბოლოო ჯამში (სომხურმა) „ეკლესიამ" უარყო ქალკედონის დოგმატური განსაზღვრება".[1]

   აქვე უნდა გავიხსენოთ რუის-ურბნისის ძეგლისწერაც: „მათი ღვთისმგმობი მწვალებლობის ანათემირებაში, ვითარ „მომხდურნი" იწოდებიან: „რომელნიცა ღმრთის მავნებლობისა მის წვალებისაგან ხაზეთარცაისა, რომელ არიან სომეხნი, მართლისა დაუზაკველისა სარწმუნოებისა მოუხდებიან და წმინდა კათოლიკე ეკლესიასა შეერთებიან".[2]

მოდერნისტები მონოფიზიტობისა და ნესტორიანელობის განსაზღვრისას ყველანაირად ცდილობენ არ გამოიყენონ სიტყვა „ერესი", „მწვალებლობა". არადა „ერესი არ არის სალანძღავი სიტყვა, - ამბობს წმ. ათანასე დიდი, - ის საეკლესიო ტერმინია, რომელიც გულისხმობს დოგმატური სწავლების დამახინჯებას. ერესი - სიცრუეა ღმერთის შესახებ, ვინაიდან ღმერთი არის ჭეშმარიტება (იონ. 14. 6). ცხონება კი ღმერთთან ერთობას ნიშნავს. შედეგი: ერეტიკოსის ცხონება ისევე შეუძლებელია, როგორც სიცრუის შეერთება ჭეშმარიტებასთან".

   სწორედ სიცრუის ჭეშმარიტებასთან შეერთების მცდელობაა ზემო აღნიშნული წერილის აფრიალება საზოგადოებაში განსასჯელად. ესეც არახალია ეკლესიის ისტორიაში.

   3. მსოფლიო კრებების (IV, V, VI) მიერ ერთხმადაა მიღებული და დადასტურებული დოგმატური განსაზღვრებები - ოროსები. და მაინც, მართლმადიდებელ ეკლესიაში ეკუმენისტური მოძრაობის, სხვადასხვა კონფესიათა შერეული კომისიების მეშვეობით გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები ერეტიკოსებთან (მონოფიზიტები, ნესტორიანელები და სხვა) შერიგების მიზნით. ეს მოხდა დოგმატური მინიმალიზმის ან საერთო და დოგმატიზმის საფუძველზე. ამით უარყოფილია აღნიშნულ მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა გადაწყვეტილებები.

   საკითხის მიმართ მოდერნისტების დამოკიდებულება, მეთოდი ორნაირია:

   1) ქალკედონს არ გააჩნია სულიერი, დოგმატური მნიშვნელობა, არამედ მისტიკური თვალთახედვით უნდა განიხილებოდეს. ვლ. სოლოვიოვის ადამის მიმდევართა, ე.წ. „პარიზის სკოლის" წარმომადგენელთა სწავლებით, ქალკედონის დოგმატი ქრისტეში მთელი კაცობრიობის, მეტიც, მთელი მატერიის გაერთიანებას მოიაზრებს. ამგვარი მოდერნისტული დამუშავების შედეგად ოროსის დოგმატური მნიშვნელობა აბსოლუტურად აბსტრაქტული ხდება. დეკ. ს. ბულგაკოვი წერდა, რომქალკედონის დოგმატური შინაარსიდან უნდა გამოვიდეს „ახალი სიტყვა", ახალი განლაგება ქრისტიანული თემატიკისა". „პარიზის სკოლის" მომდევნო თაობის გამოჩენილი წარმომადგენელი დეკანოზ ი. მეინდორფი თავის სტატიაში „ქალკედონისტები და არაქალკედონისტები: ნაბიჯები გაერთიანებისკენ" შენიშნავს, რომ მართლმადიდებლები და მონოფიზიტები აღიარებენ ეკლესიის ბუნებრივ, ერთიან სარწმუნოებას. ფუნდამენტური ეკლესიურობა ერთი და იგივე გვაქვს".

   2) მონოფიზიტები თითქოს ყველაზე ახლოს არიან მართლმადიდებლებთან, რადგან მათ საერთო დოგმატური მემკვიდრეობა გააჩნიათ. პირველი ნაბიჯები ამ თვალსაზრისით „პარიზის სკოლის" წარმომადგენლებმა გადადგეს, რამაც მომდევნო ეპოქის მოდერნისტებს გზა გაუკვალა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური ცნობიერების ნგრევისკენ.

შედეგად, შეიქმნა ე.წ. შერეული კომისია (კომისიები) მართლმადიდებლებისა და მონოფიზიტებისა (თუ სხვა კონფესიებსა და რელიგიებს შორისაც).

   დამაგვირგვინებელი სიტყვა 1990 წ. შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებლებისთვის სამარცხვინო ხელშეკრულებით (უნია) ითქვა. განცხადებაში წერია: მართლმადიდებლები თანახმა არიან აღმოსავლეთის მართლმადიდებლებს (მონოფიზიტებს მართლმადიდებლები უწოდეს - ავტ.) ჰქონდეთ თავიანთი ტრადიციული, კირილესეული ტერმინოლოგია - „განხორციელებული სიტყვის ერთი ბუნება", ვინაიდან მასში იგულისხმება სრული ერთობა სიტყვასთან (ქრისტესთან), რასაც უარყოფდა ევტიქი. ასევე თანახმა ვართ მოვუხსნათ მათ ანათემები და ბრალდებები, მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამების მიერ მიღებული".[3] ფაქტობრივად, აი რა თქვეს მათ ამ განცხადებით: მხოლოდ ჩვენთვის და კიდევ რამდენიმე „ექსპერტისთვის" გაცხადდა ის, რაც არც წმიდა მამებს მსოფლიო კრებებზე (IV, VI), არც უდიდეს ღვთისმეტყველებსა და წმინდანებს, როგორებიც არიან წმ. სოფრონი იერუსალიმელი, ღირსი მაქსიმეა ღმსარებელი, ღირსი ანასტასი სინელი, ღირსი იოანე დამასკელი თუ სხვა წმინდანები, არ განუცხა და სულიწმიდამ. და ... აღმოჩნდა, რომ „ზომიერ" მონოფიზიტობასა და მართლმადიდებლობას შორის არსებული განსხვავება... არ არსებობს.

   ცხადია, ამ უმსგავსობას მოჰყვა უდიდესი პროტესტი მართლმადიდებელ სამყაროში. ყურადსაღებია ათონის წმინდა მთის კინოტის მემორანდუმი, სადაც დაიგმო შამბეზის შეთანხმების შედეგად მიღებული დადგენილებები.[4]

   4. და ვასკვნით: სრულიად უშედეგო და საზიანოც კი აღმოჩნდა დიალოგი მონოფიზიტებთან (ასევე სხვა კონფესიებთან), რომლებსაც „ანტიქალკედონელები", „აღმოსავლეთის ძველი ეკლესია", და ბოლოს „მართლმადიდებლებიც" კი უწოდეს. ამ დიალოგში ითქვა შეუწყნარებელი განცხადებები. მაგალითად: მონოფიზიტები დიოსკორე და სევეროსი თურმე არასაღვთისმეტყველო მიზეზებით იყვნენ ბრალდებულნი ერესში, რაც მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის ყოვლადმიუღებელია. კიდევ: მსგავსმა დიალოგებმა და ხელშეკრულებებმა ეჭვქვეშ დააყენა ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის არსებობა, რადგან მიღებულ იქნა მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა სწავლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. მართლმადიდებლური რწმენის თანახმად არა მხოლოდ ევტიქის უკიდურესი მონოფიზიტობა, არამედ სევეროსის და დიოსკორეს ზომიერი მონოფიზიტობაც ერესია.

   მოდერნისტულად მოაზროვნე თეოლოგებს შევახსენებთ:

   „მშვიდობა და ერთიანობა" ვერ განხორციელდება, ვერ მიიღწევა დოგმატური მინიმალიზმის, სარწმუნოებრივი კომპრომისისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებათა დაკნინების, შეურაცხყოფის ხარჯზე, ვინაიდან ყოველგვარი მშვიდობა და ერთიანობა არ არის ღვთისთვის სათნო.

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 



[1]Прот. Ф. Зисис. Являются ли Армяне Православными?

[2]რჯულისკანონი. თბ. 2004. რუის-ურბნისის კრება. გვ. 300

[3]Пагубное Единомыслие. Житомир 2003. стр. 90.

[4] Меморандум Священного собрания Святой Горы Афон. Относительно диалога между Православными и Монофизитами.


 


უკან დაბრუნება